Sunday, June 26, 2011

ბექა ქურხული - აჭარელი


მეოცე საუკუნის ოციან წლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, ხევსურები და ფშაველები არღუნის ხეობაში იყვნენ გადასულები მითხოველებთან შესარიგებლად.

ლაპარაკის დროს, ჯარეგის თემში, სოფელ ჭანეთის ზემოთ მინდორზე, ერთ მითხოველს თავისის შინშის-ბიძაშვილის ნაქონი, ნაქისტარი კარაბინი დაუნახავს სულხანაურთ გიგიას ხელში. ის მითხოველი ხევსურების ხელით იყო მოკლული. ქისტს უცვნია თავისი მკვდარი ბიძაშვილის ნაქონი კარაბინი.Dდა გაგიჟებულა.

ამტყდარა სროლა, ნაგანების ბაგა-ბუგი და ხანჯლის ტრიალი, ისე რომ ჩვენს მხარეს ოთხმოცამდე კაცი დასისხლულა, იქითაც დაღვრილა სისხლი. ქისტები ბევრნი იყვნენ. მთელი თემი იყო შეყრილი, თან თავის მიწაზე და ალბათ, ბოლო კაცამდე ამოწყვეტდნენ ჩვენებს, ქისტის მოლა რომ არ გადაჰფარებოდათ.

მაღალ, წითელ ინით წვერშეღებილ, ნაზამთრალი მგელივით გამხდარ და ავ ბებერს მუჭით მიწა მოუხვეტავს, მაღლა აუყრია და უყვირია - ”აი ამ მიწის ცოდვა ეზიდნოს, ვინც კიდევ სისხლი დაღვაროსო”.

გაჩერებულან.

ძალიან ცოდვიანი მიწაა ჩვენში.


წინუბნიდან წამოსულმა ალაუდინას კამეჩებმა ხალაწანს ქვემოთ გამოიარეს, ალაზანი გამოცურეს და დუისისკენ წამოვიდნენ.

პანკისის მთებიდან და ბაწარას ხევიდან წამოსულ ნიავს ალაზნის რბილი სიო მოსდევდა. აქ სუსხიანი სიცივე არ იცის. ჩაკეტილი, მთებით შემოზღუდული ხეობაა.

მზე ნელ-ნელა მიიწევდა დასავლეთისაკენ, აწითლებდა ჩეჩნეთისაკენ გადასასვლელ მთებს და ამ მთებზე მიკიდებულ ღრუბლებს. უცნაურად, ალისფრად ანათებდა ალაზნისპირას მიყოლებულ სოფელს.

ორღობეში ქისტის კერკეტა ბავშვები თამაშობდნენ. ორად იყვნენ გაყოფილები და ერთმანეთს ქვებს ესროდნენ. უფროსები, ცოტა მოშორებით, ჭიშკართან ვიყავით ჩამსხდრები და ვლაპარაკობდით.

წითური მუსა 1994 წლის დეკემბრის ბოლოს გროზნოს ცენტრში რუსული ტანკების ჩაწვის ამბავს ჰყვებოდა. რუსები მაშინ დაზვერვის გარეშე შეგრიხინდნენ ტანკებით ქალაქში, სადაც გემრიელად მოწყობილი ხაფანგი დაახვედრეს და მაგარი დროებაც გაატარებინეს.

მუსა დუისის მტვრიან ორღობეში ჯოხით ხაზავდა გროზნოს ცენტრს და ქართულად, დაწვრილებით ჰყვებოდა, როგორ დასცხეს მოულოდნელად მთავარ მოედანზე შეგროვილ, ერთად თავმოყრილ რუსულ ტანკებს, “ერ პე გე”-ს სისტემის “ყუმბარმტყორცნები”, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით და ბენზინით სავსე ბოთლებით. რომელი შენობის სარდაფებიდან და სახურავებიდან დაუშინეს ერთდროულად და რა მაგრად დააფათახეს რუსები. M მაგ საქმის შემდეგ შვიდი წელი იყო გასული, მაგრამ ქისტები ახლაც ისეთი ყურადღებითა და გაფაციცებით ადევნებდნენ ჯოხს თვალს, თითქოს, დღეს გეგმავდნენ ამ ოპერაციას.Uუცებ ერთმა მუსას მუხლზე ხელი გაჰკრა და მიახედა: მუსას ბავშვებში მოთამაშე, მამასავით წითური შვილისათვის თავი გაეტეხათ. ბიჭს თავზე ხელი წაევლო და თითებიდან სისხლი მოჟონავდა. ბიჭი თამაშიდან გამოვიდა და გასისხლიანებულ ხელის გულზე დაიხედა, ისევ გატეხილ ადგილზე დაიდო, რომ სისხლი ცოტათი მაინც შეეჩერებინა და სახლისაკენ წავიდა. თავზე შემოდებული ხელიდან სისხლი მაჯაში ჩასდიოდა და ჭრელ, ფშაურ ყაიდაზე მოქსოვილ ჯემპრის სახელოში ქრებოდა.

- აი, მარჯაიოთ, აი ბიორძ, აი ჯიგით,- დაცინვით გასძახა მუსამ თავის ბიჭს. ბიჭმა წყლისფერი ღია ცივი თვალებით გაავებულმა გამოჰხედა მამამისს, კბილებში ცუდად გამოსცრა რაღაცა და ფეხაუჩქარებლად გააგრძელა გზა. მუსას გვერდით მჯდომმა ცალთვალა ვისარგიმ რაღაც უთხრა და კბილები ააკრიალა.Yყველას გაეცინა.Mმუსა მტვრიანი ჯოხით დაემუქრა სახლისკენ მიმავალი შვილის ზურგს.

- რაც იმ დღეს ცენტრში ტანკები გადარჩნენ, ისე გაიქცნენ, რომ ჩვენები ჟიგულებით გამოეკდინენ, “ძევიატკებით” და “შესტებით” მისდევდნენ და ვეღარ ეწეოდნენ. ინშალაჰ, წინა პარპრიზები ჩაამტვრიეს და ისე ესროდნენ...

ვუსმენდი და ჩემთვის ჩუმად ვიბოღმებოდი. Mმაგრად ვღიზიანდებოდი. ხმას არ ვიღებდი. მშურდა, ამათ უფრო მაგრად რომ ჩაჩეხეს რუსები ვიდრე ჩვენ და მათი ვაინახური გმირობებისა და გამარჯვების ამბის მოსმენისას უჟმურივით ვდუმდი.

მზე ჩადიოდა. უკვე კარგად იყო შემგლისფერებული. ბავშვები ისევ ქვებს ესროდნენ ერთმანეთს.Uუცებ, ქართული გინება გაისმა. რომელიღაცას ნერვებმა უმტყუნა და გინება წამოსცდა. ჩეჩნებს, ჩვენი სვანებისა არ იყოს, გინება არა აქვთ და როცა ძალიან გაუჭირდებათ, ქისტები ქართული გინებით გადიან იოლას, ჩეჩნები რუსულით,Mმაგრამ საერთოდ ვერ ეწყობიან და ერიდებიან მაგ საქმეს.

გინება განმეორდა. ისევ ქართულად. ეტყობა, ვისაც შეაგინეს, იმან უპასუხა.

- ეე ჰაიეეთ! - ერთი დაბალი ქისტი ფეხზე წამოხტა და ბავშვებს უყვირა. დანარჩენებმაც ბავშვებისაკენ გაიხედეს. უხმოდ, მაგრამ, ძალიან მკაცრად შეხედეს აჩოჩქოლებულ ბიჭებს. - ჰაიეთ დაღუეელ, დავაქხ აიეთ!... - იყვირა ისევ იმან, ვინც პირველი წამოხტა და ალაზნისკენ აუქნიათ ხელი.

ბავშვები სიტყვისუთქმელად მიბრუნდნენ და მდინარის ნაპირისაკენ წავიდნენ საჩხუბრად.

ალაუდინას უფროსი ძმა ეელა კატანკა მავთულსა გრეხდა-საჩხრეკს აკეთებდა ღუმელისთვის.

“...პირველი ომი რომ დაიწყო, ჯოჰარასთან ხალხი მივიდა - ეხლა რაღა ვქნათ ჯოჰარ როგორ მოვიქცეთო. - არ იცით როგორც უნდა მოიქცეთ?Uუნდა იომოთო! - უთხრა ჯოჰარამ - იარაღი მაინც მოგვეცი, რო ვიომოთ, იარაღი დაგვირიგეთ და ვიომებთო - ხალხმა; აბა ბევრი ხალხი მივიდა მთავრობის სასახლესთან, მთელი მიტინგი, ხო უნდა იკითხონ ამბავი რო რა ქნან, უთხრან ჯოჰარას: -- ჯოჰარ, იარაღი მოგვეცი, იარაღი თუ არ გვექნება, რითი ვიომებთ, აბა როგორ ვიომოთო?! - რითიც გინდათ იმით იომეთო - ჯოჰარა ეჩხუბა ხალხს, გაბრაზდა - მე რა იარაღი უნდა მოგცეთო, რატომ თქვენ თითონ არა გაქვთ იარაღი, რატომ თვითონ არ იშოვეთ, მე რას შემომყურებთ, მე რა ვიცი თქვენ რითი უნდა იომოთ, გინდა თოფით იომეთ, გინდა ხანჯლით, ფიწლით, ცელით, კეტით, ეგ ჩემი საქმე არ არის, თუ არა და იშოვეთ, ვერ იშოვით და ცარიელი ხელით იომეთო. ერთი ახალგაზრდა ბიჭი მდგარა იქა ხალხში, მიტინგში წინა მდგარა, ჯოჰარასთან ახლოს და ახლა ის გაბრაზებულა ძალიან მაგრად: - ჰეე, ჯოჰარ, აბა რეებსა ლაპარაკობ, რა სიტყვაა ეგა, ხელით იომეთო, შენ აგე ოციათასიანი დუბლიონკა გაცვია და მე ცარიელი ხელით ვეომო რუსულ ტანკებსო?... გაიხადა მაშინ ჯოჰარამ თავისი დუბლიონკა იმ ბიჭს გადაუგდო და უთხრა: - აჰა, ჩაიცვი შენი იყოს და ნაგანი კიდევ ჯიბეში დევს, აბა შენ თუ მეომარი ხარო. იმ ბიჭმა ნაგანი იქვე მიტინგზე, ხალხში დაცალა, ჰაერში გაისროლა და ომში წავიდა იარაღის საშოვნელად. ხალხიც თან გაჰყვა”...

- ეე, გადაგვაგდო შენმა ემირმა, მოგვატყუა, არ არის ეგ მომსვლელი. - ეელა ეშმაკურად ირიმებოდა, ფაფახიან თავს გაურკვევლად მიქნევდა და ისევ კატანკა მავთულს ეწვალებოდა საჩხრეკისთვის.

პანკისის ხეობის ვაჰაბიტების ემირი დილით იყო ჩამოსული, თავის ვაჰაბიტებთან ერთად. თეთრი ნივით. სამი კაცი ახლდა. გრძელი ქერა თმა მხრებზე სცემდათ, წითური წვერი, ოქროს კბილები და უცნაურად თვინიერი სახეები ჰქონდათ. ხელში ახალთახალი “ა კა ეს უ”-ები ეჭირათ, ორმოცდახუთიანი მჭიდით. სამი უკან იჯდა და არც ერთი ხმას არ იღებდა. გადაღმელი ჩეჩნები ჩანდნენ, ოცი-ოცდაორი წლის ბიჭები. პანკისელ ემირს გვერდით თავისი ოთხი წლის თავგადახოტრილი ბიჭი მოესვა. ილაპარაკეს. საღამოს ჩამოვალ და აჭარელსაც ჩამოგიყვან, ან შენ აგიყვან, ზემოთ სახლი აქვს დაქირავებულიო.

დამშვიდობებისას ემირმა მანქანა დაქოქა და თავის პატარა ბიჭს რაღაცა უთხრა ქისტურად. ბიჭმა ხოტორა თავი გამოყო მანქანის ფანჯრიდან და სრულიად მოულოდნელად დასცხო”

“მე პატარა ქართველი ვარ

კავკასიის მთების შვილი,

და განცხრომით სხვაგან ყოფნას

მირჩევნია აქ სიკვდილი..."

მერე სასწრაფოდ უკან შერგო თავიდა და ფანჯარას აუწია. ემირმა მანქანა დაძრა, წავიდა და დაიკარგა. აღარ გამოჩენილა. მზე ჩადიოდა.

ეელა კატანკა მავთულსა გრეხდა და ეშმაკურად იღიმებოდა. აქ, ყველა ეშმაკურად იღიმება, თან სულ დადარაჯებულები გიყურებენ. გიღიმის, აკრიალებს წითური წვერიდან კბილებს და დაძაბული გათვალიერებს, ჭროღა მგელივით მოყვითალო, მოჭუტული გამუდმებული საფრთხის მოლოდინით გადაღლილი, გადათიშული თვალებით. თუ რამეა, ისე მოგკლავს, როგორც დაგიბარებია, თან სანამ სული ამოგივა მანამდე დაავიწყდები და აღარც გაახსენდები. თუ მოგკლა. თუ ვერა და იქით დაასწარი, არც თავის ამომავალ სულს არ გააყოლებს უფრო დიდხანს თვალს. კავკასია იმთავიდან ეგეთი ხიფათიანი ადგილია. ომი და ომი.

აქ ნებისმიერი ლაპარაკი ომით იწყება და ომით მთავრდება. ოდინდელი, უკვე ანდრეზებად ქცეული შეტაკებები ქისტებსა და ჩვენს ქართველ მთიელებს შორის, რომლებსაც ჩეჩნები დღემდე “ფხიას”, “ფხიეს”-ფხოველს ეძახიან. მე-19 საუკუნის რუსეთი, კავკასიის ომები, იმამ შამილი, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, საქართველოს სამოქალაქო ომები, ცხინვალი, აფხაზეთი... აფხაზეთის ხსენებაზე უხერხულად გრძნობენ თავს. - ძალიან ცუდი საქმე მოგვივიდაო. - ამბობენ. ზოგი ფულს აბრალებს, ზოგი რუსეთის უშიშროებას. - ტყუილა ჩაიხოცნენ ჩვენი ბიჭები, ჯერ ქართველები გადაგვკიდეს მტრად და მერე ჩვენც მოგვდგნენო. ჰყვებიან შატოიში ერთმა მოხუცმა ჩეჩენმა როგორ არ დამარხა აფხაზეთში მოკლული საკუთარი შვილი: - “არ წახვიდე ქართველებთან საომრად, თორემ, იცოდე, მოგკლავენ და არც დაგმარხავო”. მართლა მოკლეს ქართველებმა. რომ ჩამოსვენეს, მამამისი სახლიდან წავიდა, “მე მაგას ვუთხარი და ჩემი სიტყვა არ გაიგონა. ახლა ვინც გინდათ, იმან აუგეთ წესი. მე არც დავიტირებ, არც დავმარხავო”. - უფრო თავს იმართლებენ, “- შამილი ქართველმა ორბელიანმა დაიჭირა, სტალინმა ოცდაოთხ საათში საქონლის ვაგონებში შეგვრეკა და შუა აზიაში გადაგვასახლა, აგე ახლაც თქვენი ვაზიანიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავები ჩვენს სახლ-კარს აფეთქებენ, მაგრამ თქვენ ხომ არ გედავებითო...". თუმცა, ეგ მაინც თავის მართლება იყო. აფხაზეთის ომში ჩეჩნების ჩვენს წინააღდეგ გამოსვლამ დიდი ხნით ჩამოაგდო უნდობლობა და მტრობა. კავკასიაში სისხლს არ ივიწყებენ და არც პატიობენ. წელიწადნახევრით ადრე, 1999 წლის ბოლოს ქართველი პარტიზანების მეთაური რუხის ხიდთან ამბობდა “- მაგ ოხერ ჩეჩნებს ქართველების სისხლში რომ არ გაესვარათ ხელი, მივეშველებოდი მაგათ. აღარ გაიძლება ამათ ხელში. წავიდოდი, რუსების ჯავრს მაინც ამოვიყრიდი ბოლომდე, ტრაკიანი ხალხია მაგ გოთვერნები, ღირს მაგათთან ერთად ომიო..." შევარდნაძეზე და მის პოლიციაზე იყო გამწარებული, არც გვეხმარებიან და ხელსაც აქეთ გვიშლიან, 1998 წლის მაისის ამბებზე, გალის ბრძოლების მერე, იმ სროლაში და ცეცხლით წვაში, მთელი ღამე ზურგით ვზიდეთ ტყვია-წამალი მტერს რომ არ დარჩენოდა, დილით კი მოგვადგნენ და დაგვიჭირეს, იარაღი რატომ გადმოიტანეთ, აქ რა დესტაბილიზაციის კერას ქმნითო. იდგა ახლა რუხის ხიდთან ედიკასა და რუსების გინებით დაღლილი და დაბოღმილი გაჰყურებდა ენგურს იქით აფხაზეთს. თვენახევარში, 25 იანვარს, მაინც მიაცხრილა ზედ მაგ რუხის ხიდის ქვეშ გენადა აშხაცავა, ვანაჩა, მალიშა, ეს მალიშა დვაჟდი გეროი აფხაზიი იყო ქართველების ხოცვაში, და კიდევ ვიღაც მეოთხე, სახელი აღარ მახსოვს. ხიდის ქვეშ შეხვდნენ სალაპარაკოდ, ამან უცებ თავისი შავი “გრანდ ჩეროკის” უკანა კარი გამოაღო, კალაშნიკოვი გადმოიღო და “აი ეხლა დაითვალე შენგან დახოცილი ქართველები, შენი ბოზი დედაო..." მალიშას და მიუშვა ჯერი. მერე ოთხივე გადმოღმა გადმოიტანა, გამოასწრო. ქართველი პარტიზანები ქარდავა, ლაშხია და ანთია ტყვედ ჰყავდათ, დრანდის ციხეში ისხდნენ და მათ გამოსახსნელად სჭირდებოდა.Gგენადი აშხაცავა სასწაულად გადარჩა, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოპერაცია გაუკეთეს, მოუარეს - ახლაც მახსოვს მის საწოლზე წარწერა, ცალკე ოთახში ჰყავთ რეანიმაციაში - ”გენადი აშხაცავა ბაგრატის ძე, დაბადებული 1973 წელს, მცხოვრები გაგრაში, აკაკი წერეთლის 11...”.

მაინც არაფერი გამოვიდა, მარტო ქარდავაში და ლაშხიაში გადააცვლევინეს. ანთია მერეო. არ გამოვა მასე, ყველა ყველაზე უნდა გაიცვალოს, დაიტოვეთ აშხაცავა, ახლა მაგათი ნდობა არ შეიძლებაო. არა, “კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ”, “ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობასო” და დაღუპულთა ცხედრებთან ერთად ახლად გამოჯანმრთელებული აშხაცავაც გაუშვეს. აშხაცავამ აფხაზეთში გადასვლისთანავე პირველი რაც გააკეთა, დრანდის ციხეში მივიდა და ანთია მოკლა. თვითონ ის პარტიზანების მეთაური ახლა ციხეში ზის თბილისში.

იმავე წლის აგვისტოში ძველი მტრები ჰამზათ გილაევი და ემზარ კვიციანიც დაეშვნენ კოდორის ხეობიდან და წებელდელ სომხებს მისცეს ცეცხლი. მაგრამ მეტი ვერ მოასწრეს, შევარდნაძემ ისევ თავისი განთქმული ყოვნი გააკეთა და უკან მობრუნებამ მოუწიათ. სვანებთან ერთად მაგ რეიდის მონაწილე ქისტი ბიჭები მერე ხუმრობით ჰყვებოდნენ : “ისეთი მშივრები ვიყავით ხის ფოთლებს ვჭამდით, სულ ზეპირად ვისწავლეთ, რომელ ფოთოლს როგორი გემო აქვსო”. ამ ემირის ძმაც მაგ რეიდის დროს მოკლეს. არც მაგ საქმიდან გამოვიდა არაფერი. ჰაზმათ გილაევმა საქართველო-დაღესტნის საზღვარზე სიმურის ხეობის სათავეში თოვლის ზვავებში დაასრულა სიცოცხლე თავის რაზმის ნარჩენებთან ერთად, მეგზურმა ლეკმა გაყიდა. ემზარ კვიციანი, სამშობლოს მოღალატედ არის გამოცხადებული და გაქცეულია.

- გადაგვაგდო ემირმა. - გავიმეორე ისევ და სიგარეტს მოვუკიდე. - არა ჩანს ეგ აქ ჩამომსვლელი.

ორღობეში საქონელი გამოჩნდა. ძროხები თავ-თავის ეზოებისკენ უხვევდნენ და თავაღერილები შეზმუოდნენ ჭიშკარს. ქისტები ნელ-ნელა წამოიშალნენ და სახლებისაკენ დაიძრნენ. მხოლოდ ეელას ორი ბიძაშვილი და წითური მუსა დარჩა.

ეელა ადგა. ჭიშკრის კარი ჭრიალით შეაღო და - “ეი!” ცოლს დაუძახა. ეელას ცოლი ესმა სახლიდან გამოვიდა, ეელამ ღუმელის საჩხრეკი მიაწოდა და გამობრუნდა.

- წავიდეთ.

- სად?

- აჭარელთან. რაკი თვითონ არ ჩამოვიდა, ჩვენ ავიდეთ და ვნახოთ.

- იცი სად ცხოვრობს?

- როგორ არ ვიცი - თქვა ეელამ და თავის ორ ბიძაშვილს რაღაცა გადაულაპარაკა ჩეჩნურად. ის ორნი წინ წავიდნენ.

პანკისის ხეობაში დენთის სუნი ტრიალებდა. ამ ორი წლის განმავლობაში უკვე მეხუთედ შემოვედი ხეობაში. პანკისი ყოველთვის პანკისი იყო, მით უფრო ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, რაც ომები და არეულობა დაიწყო. მაგრამ, ასეთ ნაღმზე აქაურობა ჯერ არ ყოფილა. ჰამზათ გილაევი ახალი გადმოსული იყო საქართველოში და ახლა თავისი ცეცხლსა და წვაში გამოვლილი ათასხუთას კაციანი რაზმით პანკისში იყო დაბანაკებული. ხეობა მაგრად დაიძაბა. ქისტური სოფლები უცებ გადაიძეძგა შეიარაღებული ხალხით. ჩეჩნების გარდა არაბები, თურქები, ზანგები, ერთი იაპონელიცა ჰყავდათ და ერთი ქართველი. აჭარელი. სწორედ მაგ აჭარელის ნახვა მინდოდა. პანკისის ვაჰაბიტების ემირი შემპირდა, იმ დილას, შეგახვედრებო, მაგრამ ლექსი მითხრეს, წავიდნენ და გაქრნენ. არც გაემტყუნებოდათ. არ იმჩნევდნენ, მაგრამ ადგილობრივებიც მაგარ წკიპზე იყვნენ. ამდენი შეიარაღებული სტუმარი, ადგილობრივი კლანები-თაიპები, აუარებელი შემოყრილი ნარკოტიკი, ზედ თავისი პოლიციითა და უშიშროებით. მაგარი ორომტრიალი იდგა. ძალიან უცებ და ადვილად შეიძლებოდა თავი წაგეგო და თან ისე, რომ ვერასოდეს გაიგებდი საიდან, ვისგან, როდის და რატომ. შეიძლებოდა სულ შემთხვევითაც, როგორც სენტ ეგზიუპერის ხვრეტდნენ ბარსელონელი ანარქისტები, რკინიგზის ვაგზალზე. აფხაზეთისა და ჩეჩნეთის ომების მერე კიდევ უფრო იმატა არეულობამ და დაპირისპირებამ. თვითონ ჩეჩნეთშიც მაგრად აირია ყველაფერი, განსაკუთრებით ჯოჰარ დუდაევის სიკვდილის შემდეგ. ხო მოიგეს პირველი ომი, მაგრამ ეს გამარჯვება ძალიან ძვირი დაუჯდათ.Gგენერალ ტროშევის ინფორმაციით, რომელიც ომის შემდეგ რუსეთში, ვერტმფრენის ავიაკატასტროფის დროს ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, მარტო 1994 წლის ბოლოდან, 1995 წლის აპრილის დასაწყისამდე, ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობის რაზმებმა თორმეტი ათასი მებრძოლი დაკარგეს. ამას გარდა, ჯოჰარ დუდაევიც მოკლეს. ჩეჩნებისთვის, რომლებიც ძალიან ძნელად, ან უფრო სწორად, საერთოდ ვერ ეგუებიან ლიდერებს, დუდაევი უდავო ავტორიტეტი იყო, რომელიც მტკიცე ხელით მართავდა ქვეყანას და ადვილად ახერხებდა წესრიგის შენარჩუნებას, როგორც საველე მეთაურებს, ისე სხვადასხვა თაიპებს, გვარებს და უბრალოდ, მშვიდობიან მოსახლეობას შორის.Dდუდაევს ეგრე ადვილად, როგორც მოგვიანებით ზელიმხან იანდრბიევსა და ასლან მასხადოვს ვერ აუხტებოდი, განზე ვერ გაიწევდი და შენს ნებაზე ვერ გაუტევდი. შორს ვერ წახვიდოდი. მასზე დღემდე უამრავ ლეგენდას ჰყვებიან. კავკასიაში, როგორც ჩვენსკენ, ისე ჩრდილოეთში ძალიან უყვართ მახვილგონივრული, ჰეროიკული და გამორჩეული ამბები და ლეგენდები. მაგრამ დუდაევი თვითონაც უწყობდა ხელს ასეთი ლეგენდების წარმოშობას. 1994 წლის დეკემბერში, ომის პირველივე დღეს, როდესაც რუსულმა ავიაციამ გროზნო მიწასთან გაასწორა, რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს ტელეგრამა მისწერა: “ვულოცავ რუსულ ავიაციას კიდევ ერთ დიდ წარმატებას და გამარჯვებას გროზნოს ცაში. რუსეთის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორი ჯოჰარ დუდაევი”.Dდა იქვე “უახლოეს შეხვედრამდე ჩეჩნეთის მიწაზე. ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი”.

მისი სიკვდილის მერე და მით უმეტეს პირველ ომში გამრჯვების შემდეგ, საველე მეთაურები ეგრევე ერთმანეთს დაერივნენ. ბასაევი და სალმან რადუევი, გილაევი და არბი ბარაევი, ცალკე კადიროვები, სამკვდროდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. გუდერმესში თითქმის ერთკვირიანი გახურებული ომი იყო ცალკე რადუევსა და ცალკე იამადაევებსა და კადიროვებს შორის. უამრავი ხალხი დაიხოცა, სისხლი ჩამოვარდა. ძალიან ჩვენებური და კავკასიური ამბავია ეგა. ჩვენთანაც ეგრე იყო... ამასობაში ვაჰაბიტური მოძრაობაც დაიწყო, რომელთაც პირველად დაღესტანში საზღვრისპირა რაიონებში ბოთლიხსა და ანწუხში მოიკიდეს ფეხი. მათ მოძლიერებაში აქტიურად მონაწიეობდა, როგორც რუსული “გრუ”, ისე ბრიტანული, არაბული, თურქული უშიშროება, ბერეზოვსკი, ფული და ნავთობი. ახლომახლო ქვეყნების ყველა სპეცსამსახურს თავისი საქმე და ამოცანა ჰქონდა ჩრდილო კავკასიაში, საქართველოს უშიშროების გარდა.

დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოში, არხოტის, ასას ხეობის გავლით, პანკისში გილაევის რაზმის გადმოსვლის შემდეგ. შეფარული, შეუმჩნეველი დაპირისპირება შეიმჩნეოდა ქისტებსა და ჩეჩნებს შორისაც. ჩეჩნები ქისტებს გაქართველებულად მიიჩნევდნენ და “გურჯიიე”-ქართველებს ეძახდნენ. მართლაც, პანკისელი ქისტები, იგივე ჩეჩნები ასორმოცდაათი წლის განმავლობაში ქართულ სკოლებში სწავლობდნენ, ქართულ გვარებს ატარებდნენ, ქართულად ლაპარაკობდნენ, ქართულ გარემოში იზრდებოდნენ. რამდენიმე ჯოყოლოელი ბიჭი აფხაზეთშიც იბრძოდა.Aახლა კიAარაბ და თურქ ემისრების გამოჩენასთან ერთად ახალგაზრდობა მკვეთრად შემობრუნდა შარიათისკენ. ვაჰაბიზმსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, რასაც კავკასიურ ადათებზე გაზრდილი უფროსი თაობა მაინცადამაინც ვერ ეგუებოდა და არც საკუთარ სოფელში გამოჩენილი არაბები და თურქები მოსდიოდათ თვალში. თავის მხრივ გილაევი ჩეჩნეთის წინააღმდეგობის, თითქმის, ყველა ლიდერს დაუპირისპირდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ბამუტსა და კომსომოლსკოეში ალყაშემორტყმული თვეზე მეტ ხანს იგერიებდა რუსების შემოტევას. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამაოდ სთხოვდა დახმარებას სხვა საველე მეთაურებს. არ მიეშველნენ, რატომ, არ ვიცი.Dდახმარების იმედი რომ გადაეწურა, ერთ მშვენიერ და ბნელ ღამეს, ბრძოლით გამოარღვია ალყა, რომლის დროსაც უამრავი ხალხი ჩაეხოცა და ჯარიახის ხეობით მდინარე ასას გამოჰყვა და საქართველოში გადმოაღწია. ამბობენ, რომ რუსებმა სპეციალურად გამოატარესო. არც ეგ ვიცი. ერთი ნაღდია, რომ ამის შემდეგ, თითქმის წელიწადნახევარი, საქართველოში იყო. აფხაზეთის ცნობილ რეიდშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჩეჩნეთში აღარ ბრუნდებოდა საბრძოლველად. მისი ათასხუთას კაციანი რაზმის უმოქმედობა ჩეჩნეთის პარტიზანულ ომში დიდი დანაკლისი იყო, რასაც ასლან მასხადოვთან დაპირისპირება მოჰყვა. მასხადოვმა მას ემირისა და ბრიგადის გენერლის წოდებაც ჩამოართვა. ბოლოს, როცა დაბრუნდა და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ინგუშეთში, სოფელ გალაშკთან დააყარა რუსებს, წოდება უკან დაუბრუნა, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. საველე მეთაურები საბოლოოდ გადაემტერნენ ერთმანეთს. გილაევსა და არბი ბარაევს ერთმანეთის სისხლი მართებდათ. უკვე ნათლად ჩანდა, რომ ჩეჩნები მეორე ომს ვეღარ მოიგებდნენ. შეუძლებლის გაკეთება მხოლოდ ერთხელ შეიძლება, ორჯერ არა. ორჯერ ვეღარ გაუძლებ, ფიზიკურად ვერ გადარჩები.

სწორედ ჰამზათ გილაევის რაზმში იყო ქართველი, რომლესაც აჭარელს ეძახდნენ და ვის სანახავადაც მივდიოდით. ეელას წინ წასულ ორ ბიძაშვილს კიდევ რამდენიმე კაცი შეუერთდა. ჯვარედინაზე გველოდნენ. მარტის დასაწყისი იყო, კურტკების ქვეშ იარაღი უჩანდათ.Eეელა, როგორც უფროსი, წინ მიგვიძღვოდა კოჭლობით, ჩვენ უკან და გვერდით მოვყვებოდით. ყოველ ათ-ოც მეტრში თხუთმეტკაციანი შეიარაღებული ჯგუფები იდგა. მაღალ, გამხდარ, ფესკიან და უნდოდ მოჭუტულთვალებიან ჩეჩნებს შორის მკვეთრად გამოირჩეოდნენ დაბალი, ჩასუქებული, შოკოლადისფერი და მრგვალშავთვალებიანი არაბები. სხვა რამითაც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან - რამდენადაც ჩეჩნებს დაძაბული, გაფაციცებული იერი და გამოხედვა ჰქონდათ, იმდენად მშვიდი და, ლამის, ნეტარი სახეები ჰქონდთ არაბებს. მაგაზე ამბობდა ჰატაბი: “- არაბებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ბრძოლა, როცა მათ “იმან”-რწმენა აქვთ. ჩეჩნებს კი საომრად “იმან”-რწმენა არ სჭირდებათო”. დაძაბულობა ეელასაც ემჩნეოდა და ეელას ხალხსაც, მაგრამ არ იმჩნევდნენ. ყველა ჯგუფთან ვჩერდებოდით, სათითაოდ ვართმევდით ერთმანეთს ხელს. ახლობლები და ნათესავ-მეგობრები მხრით ეხებოდნენ ერთმანეთს, ჩვენი გადაკოცნის პონტში. არაბები გაკვირვებით და ალმაცერად აჰყურებდნენ ჩემს გულზე დაკიდებულ ჯვარს და ვერცხლის წმინდა გიორგის ხატს. ეელა ხუთი-ათი წუთით ილაპარაკებდა და ისევ გზას ვაგრძელებდით. რამდენჯერმე, საუბრისას ჩემსკენ გადმოიქნია თავი, შემომხედა და მოკლედ მოჭრა - “ვოშ” -ძმა არისო. თუ რომელიმე ქისტი თავის სახლთან იდგა, აუცილებლად გვპატიჟებდა, მაგრამ ეელა ისევ მოკლედ პასუხობდა - “ააჰა დოქხ ბარქლ” - არა, დიდი მადლობაო და ისევ წინ მიგვიძღვოდა.

აჭარელზე მაგარ ამბებს ყვებოდნენ ხეობაში.Mმაგარი გიჟი ჩანდა, ვიღაცა იყო. ჩამოვიდა თუ არა პანკისში, მაგარი ცხენი იყიდა, გრძელი ლეკური ხანჯლით დადის და არც ომში, ჩეჩნეთში და არც აქ ერთი წამით არ იშორებსო, ხანჯლით მაგრად იბრძვისო. სახლში საყოფაცხოვრებო ტექნიკას კი არა, სარკესაც არ აჩერებს, ძალიან ლამაზი ქისტის გოგო მოიყვანა, რომელიც დამწყვდეული ჰყავს, იმ გოგოს ოჯახი უკვე ბრაზობდა, ბავშვი გადაგვირიაო. საწოლიც კი არ ჰქონდა, ხალიჩები აქვს სახლში გაფენილიო.

ასე ისლამური რწმენის სიწმინდისა და შარიათის ზედმიწევნით დაცვის გამო იქცეოდა, მაგრამ თავად ქისტები და ჩეჩნებიც კი ზოგი იუმორით, ზოგი გაკვირვებით და აღშფოთებით უყურებდა. თან, თითქოს, ერიდებოდათ კიდევაც მისი. ყოველშემთხვევაში, აშკარად უფრთხოდნენ. მით უფრო, რომ აჭარელმა თავისი მიმდევრები გაიჩინა ხეობაში. ოცი-ოცდახუთი მოსწავლე-მიურიდი, რომელთაც რჯულს, ისლამს, ყურანს და შარიათს ასწავლიდა. ასწავლიდა ალლაჰისათვის თავდაუზოგავად ბრძოლას და სიკვდილს. Mმისი მიურიდებიც ერთგულად და გულდასმით უსმენდნენ, ხოლო საფრთხის შემთხვევაში მზად იყვნენ თავი გადაედოთ მისთვის და ბოლო წუთამდე დაეცვათ.

აჭარელის ბინას რომ მივადექით, უკვე კარგად ბნელოდა. კარი თვრამეტი-ოცი წლის კეხიანცხვირიანმა ბიჭმა გაგვიღო. ბავშვური სახე ჰქონდა, ბავშვური ეჭვით და გულდმოდგინებით შეგვათვალიერა. ეელამ რაღაცა უთხრა ქისტურად. ბიჭმა უფროსისადმი პატივისცემის ნიშნად, თავი ოდნავ დახარა, ეზოში შეგვატარა და ჭიშკარი ისევ ჩაკეტა. წითური მუსა და ერთი ბიძაშვილი კართან დარჩა. ეელა, მე და ეელას სამი ბიძაშვილი ეზოში შევედით. სიბნელეში, სახლის ფანჯრის რაფაზე შემოდგმული ნავთის ლამპის ათინათზე ათი-თხუტმეტი კაცი ილანდებოდა. უცებ, ეზოს სიღრმეში, უზარმაზარი თეთრი ფრინველივივით დატრიალდა რაღაც და წრეზე დაიწყო ფრიალი.

- მუერიდე პაწა მაგას თვარა მაგან რაფერი წიხლი იცის, იცი?... - გაისმა ეზოს შუაგულიდან ქართულად.

ეზოს ცენტრში მაღალი, ბრგე, თხელ ქისტებში მკვეთრად გამორჩეული, აჭარულად ჩაბალახწაკრული, გრძელხანჯლიანი ქართველი იდგა. ხელში თოკი ეჭირა და ულამაზეს, თეთრ, ქათქათა ღამის სიბნელეში უცნაურად მანათობელ კისერმოღერებულ ცხენს წრეზე არბენინებდა. ჩვენ მოშორებით ვიდექით და ველოდებოდით. ეელამ ღრმად ამოისუნთქა და მივხვდი, რომ ძალიან მაგარ შარში გავხვიე.

ცოტა ხანში აჭარელმა თოკი ერთ-ერთ ქისტს მიაწოდა და ჩვენსკენ წამოვიდა. ახლოდან კიდევ უფრო ბეხლეწი ჩანდა, მოხეული, უზარმაზარი, თან რაღაცნაირად შეკრული, დიდი ნადირივით. ეელას და მის ქისტებს რიგრიგობით მუსლიმურად მიესალმა: “სალამ ალეიქუმ” და მხრით შეეხო. ეს უფრო სტუმრებისადმი პატივისცემის გამოხატვა იყო, ვიდრე ახლობლობის ნიშანი.

- გამარჯვება შენი - მითხრა და ხელი ჩამომართვა. ჩემზე ცოტა მაღალი იყო და ოთხი ჩემხელა. ხელჩართული ბრძოლისას, თუ მართლა ხანჯლით ჩხუბობდა, აუარებელ საქმეს გააჩენდა, შორიდან უნდა გესროლა.

- გაგიმარჯოს - ვუპასუხე და უცებ წარმოვიდგინე, რომ ესროლო, ტყვიაგანარტყამი როგორ შეტორტმანდებოდა, ნელ-ნელა როგორ მოზვავდებოდა სპილოსავით, როგორ ჩაიკირფებოდა და როგორ მოკვდებოდა, როგორ გაიშლებოდა ამხელა.

- ლაპარაკი გდომებია ჩემთან. ნახვა გინდა თურმე, მითხრეს. მაგრამ არ მეცალა. ახლა შენით მომაკითხე. ერთს გეტყვი აპა მაშინ, თუ მოგზავნილი ხარ, იარაღით ხარ ან მიკროფონი თუ გიდევს, ახლავე მითხრა ჯობს და ინშალლაჰ ჩემს ეზოში ხელს არ გახლებ...

პირი გამიშრა. რა მიგზავნილი და მიკროფონი, იარაღზეც სუფთა ვიყავი, მაგრამ მაინც. “ჩემს ეზოში ხელს არ გახლებ” იმას ნიშნავდა, რომ ჭიშკარს გავცდებოდი თუ არა, ულაპარაკოდ გამაცხებინებდა სულს. მისი ქისტებიც ნელ-ნელა დაიძრნენ, ნახევარწრედ წამოვიდნენ, იმ ერთის გარდა, რომელსაც ცხენი თავლაში შეჰყავდა. მაგრამ, იმასაც ჩვენსკენ ეჭირა თვალი. ჩემებისკენ აღარ გამიხედავს, ვიცოდი, იქ იყვნენ. ბოლომდე იქ იქნებოდნენ.

- მისმინე - ვუთხარი მე რაც შემეძლო წყნარად, თან საკუთარ ხმას ვაყურადებდი, რომ არ ეღალატა. ხმა იყო ახლა ჩემი მთავარი იარაღი. - მისმინე - არც მოგზავნილი ვარ და არც მიკროფონი მიდევს. შენი ნახვა მაინტერესებდა და მოგძებნე.Mმე აქ პირველად არა ვარ, ხალხი მიცნობს, გაკითხვას მოასწრებდი. თუ გინდა ვილაპარაკოთ და თუ არა და როგორც მოვედი, ისე წავალ...

ეგ წასვლა იყო საქმე, აღარც აჭარელი მინდოდა, აღარც ლეჩხუმელი. ღობის იქით ორჯერ ზედიზედ ავტომატის “ზატვორის” ხმა გაისმა. უკან მოვიხედე, წითური მუსა და მეორე ღობეზე ამოიმართნენ და ლულები ამოაჩინეს. ეტყობა, ღობის წინ სკამზე შედგნენ.

-კაი აპა, მჯერა შენი ლაპარაკის, მარა ლოცვის დრო გვაქვს ჩვენ ახლა, ვილოცებთ და მერე ვისაუბროთ. - თქვა აჭარელმა, ღობისაკენ არც გაუხედავს.

სახლის კართან შეგროვდნენ და ფეხზე გახდა დაიწყეს. აჭარელი ბოლოს შევიდა, უცებ კარიდან შემობრუნდა.

- თუ გაინტერესებს რაფრათ ვლოცულობთ, შემოი შენც მარა ფეხზე უნდა დეიხადო... მითხრა და კარში შევიდა.

“მცდის”... გავიფიქრე და თითქოს ვინმემ ხელი მომკიდა და წამიყვანაო, ისე დავიძარი კარისკენ, “მცდის ეს თათარი, მოდი აბა ჰა ”... ყველაზე ძალიან ფეხსაცმელების გახდა ტეხავდა. რომ არ გადამეფიქრებინა, სასწრაფოდ ჩავჯექი და ბათინკის თასმების გახსნა დავიწყე. თან მახსოვს, მაგრად ავვარდი, დაძაბულობისა და რისკის შეგრძნებისაგან სული მიკაწკაწებდა - “წამო ჰა აბა ერთი რა გინდა, შაჰიდ ნა პუწი ალლაჰა, შენი მოგზავნილის... მოდი ტო, მოდი აბა ერთი, მოდი და ვილოცოთ რამდენიც გინდა..."

პატარა, ბნელ ოთახს მხოლოდ მხრჩოლავი ჭრაქი და ანთებული ღუმელის კარიდან გამოსული ათინათი ანათებდა. ავეჯი მართლა არ იდგა, მთელს იატაკზე მარტო ხალიჩა იყო გაფენილი. კუთხეში ბლომად ბალიშები და მუთაქები იყო აღმოსავლურად გაშლილი. იმ მუთაქებზე მოვირთხი ფეხი. აჭარელი და მისი ქისტები ოთახში შემოლაგდნენ.Pპატარა ოთახი უცებ გაივსო. აჭარელი წინ ჩაუდგათ. უცებ მივხვდი, რომ კარისაკენ გასასვლელი მოჭრილი მქონდა. ფანჯრისკენ გავიხედე. ეზოში ჩემი ხალხი ილანდებოდა, მაგრამ ფანჯარას მაჯისსიმსხო გისოსები ჰქონდა.

აჭარელმა ქარქაშიდან ხანჯალი ამოიღო და წინ დაიდო.Bბუნდმა ფოლადმა ჭრაქის შუქზე გამოანათა და ჩაქრა.Aარც მანამდე, არც მერე არ მინახავს, მუსულმანები ხანჯლით ლოცულობდნენ. მაგრად დავფეთდი. ისე ჩავჯექი ზამბარასავით შეკუმშული, რომ თუ რამეა კარისაკენ გავვარდნილიყავი. ჩემ ფეხებს გავასწრებდი, მაგრამ მაინც უნდა მეცადა. ჩემებიც შემოცვივდებოდნენ და აქ ხათქა-ხუთქი ატყდებოდა დიდი და საფუძვლიანი. ეს ნასკებში სიკვდილი რაღა უბედურება იყო, მაგრად არ მინდოდა.Mმახსოვს, წვივის კუნთები ისე დამეჭიმა დაძაბულობისაგან, თბილისში დაბუნების შემდეგაც კი ორი-სამი დღე ვკოჭლობდი.

სანამ მე მეშინოდა, ისლამის მეომრებმა ნამაზის შესრულება დაიწყეს. ფესკიანმა მოჯაჰედებმა ხელები ჯვარედინად დაიკრიფეს და აჩურჩულდნენ. სულ უკან მარჯვნივ მდგომს თვალები დაეხუჭა და ცერა და საჩვენებელი თითებით ყურანის სურებს ითვლიდა. წინ მდგომმა აჭარულად თავწაკრულმა ბრგე ქართველმა მოგუდულად დაიწყო “ალლაჰ ილლა ლა ალლაჰუ ა მუჰამედ ას რასულ!!! ალლაჰუ აქბარ! ალლაჰუ აქბარ! ალლაჰუ აქბარ!" ლოცვა გლოვას ჰგავდა. თითქოს, გოდებდნენ. წელში მოიხარნენ. მერე ყველა ერთად დაემხო ხალიჩაზე და ჩურჩულით განაგრძეს არაბულად ლოცვა. ლოცულობდნენ. ძალიან გულიანად ლოცულობდნენ. ფანჯარასთან ჩემების ხმა მესმოდა. “ფეხზე არ უნდა გამეხადა მეთქი”, იმას ვფიქრობდი. კიდევ კარგი ბნელოდა და ვერავინ მხედავდა, მიტკალივით რომ ვიყავი გათეთრებული.

არაფერი. ლოცვის მერე რომ გამოვედით, პირველი ბათინკებს ვეცი და თასმები რომ შევიკარი, უცნაური თვისუფლება ვიგრძენი. მივხვდი, რომ მშვიდად შემეძლო სიკვდილიც და სიცოცხლეც. უცებ მომეხსნა დაძაბულობა და ისეთი თავისუფლება ვიგრძენი, რომელიც მხოლოდ ჩავლილი საფრთხის შემდეგ დგება.

ახლაც შეიძლებოდა ყველაფერი მომხდარიყო, მაგრამ უკვე ფორმაში ვიყავი. არაფერი შიშს ისე ნაღდად და უეჭველად არ ანეიტრალებს, როგორც სულ ახლახანს გადავლილი კიდევ უფრო დიდი შიში.

არაფერი...

ლოცვის მერე რამდენიმე საათი ვილაპარაკეთ. იმას თავისი ჩეჩნები ჰყავდა გვერდით, მე - ჩემი. შუაღამემ გადაიარა. ჩვენს თავზე პანკისის ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თავის დილას ელოდებოდა. ცაზე ხელით გასროლილივით ეკიდა ნამგალა მთვარე. ვარსკვლავებს შორის წითლად მოციმციმე ოთხკუთხა რუსული ფოტო-რობოტი ჩანდა და გარსშემოხვეულ ქისტებში ორი ქართველი ვერაფრით ვრიგდებოდით. ის მუსულმანი იყო, მე-ქრისტიანი, მე ჩეჩნეთის ომისა და რუსეთთან ბრძოლის ამბები მაინტერესებდა, ბამუტის ალყა და ინგუშეთის რეიდი, ის ისლამზე და ალლაჰზე მელაპარაკებოდა. მაგარი კი იყო, ბევრი იცოდა, ზეპირად ახსოვდა და როგორც დასჭირდებოდა, ეგრევე მოჰყავდა ციტატები, ძველი აღთქმიდან, ყურანიდან, სახარებიდან. ყოველ არგუმენტზე მისი მიურიდები მოწონებით იქნევდნენ თავს. ჩემების საქმე კი ვერ იყო კარგად. აშკარად ვმარცხდებოდით. მაგრად მჭედავდა, მე მისი ნახევარიც არ ვიცოდი თეოლოგიაში. რაღაცეებს მივედ-მოვედებოდი, მით უფრო, რომ იმ დროს და იმ სიტუაციაში, ყველაზე ნაკლებად, ჭეშმარიტების, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის ძიება და მის არსში გარკვევა მაინტერესებდა. “ერთადერთი რისთვისაც ომი და ბრძოლა შეიძლება, ღმერთიზა ბრძოლაა, თვარა, აბა ისე რუსს რას ერჩი, ყველაი ადამის შვილები და ძმები ვართ ჩვენ”. “ღმერთიზა ბრძოლის გარდა ყველა ომი ადამიანის ამპარტავნებიზა და სიამაყიზა მოდის და პირდაპირ ჯოჯოხეთის გზაა მაი. ა, ამგენის ენაზეც მასეა. ჯოჯოხეთს აგენიც მასე ეძახიან, - “ჯუოჯოხეთ”-!.. საშინელი სამყოფელია ის...”

"არავიზე ნაკლები ქართველი არ ვარ მე. არავიზე ნაკლებ არ მიყვარს ჩემი ქვეყანა. ბევრი წიგნი წავიკითხე ბაღნობაში, და რო მეგონა, ქართველები ყველაზე კარგები და მაგრები, არ გამოვიდა მასთე. ბევრი გლახა დევნახე, ბევრი სილაჩრე და სიგლახე და დამწყდა გული, ვეღარ გევგე, რა მექნა და ისევ წიგნებს მივხედე. კითხვა ბაღნობიდან მიყვარდა და წმინდა წიგნების კითხვა დევიწყე. ჯერ იესო ქრისტეს სიტყვა ვნახე, ალლაჰის სალამი და მშვიდობა მას, გამიხარდა, კარგი ეწერა ყველაფერი იქ. მარა მერე დევნახე, რომ არ ასრულებენ ქრისტიანები იმას, კარგი ქრისტიანი ვერ ვნახე, კარგს იტყოდნენ, გლახას შობოდნენ, იტყუებოდნენ სულ. ისთევლე ბევრი სიგლახე დევნახე. მერე მუჰამედის, ალლაჰის სალამი და მშვიდობა მას, სიტყვა ვნახე, ყურანი წევიკითხე და მივიღე რჯული. გათათრდაო, ჩემზე ლაპარიკი დაიწყეს.Aახლაც ბევრჯერ გამაგონეს, აჭარელი თათარიაო. უმეცრებით და უცოდინრობით მოსდით მაგი და არ მომდის გულიMმე. თუ არი დროი, ვუსხნი, რომ არ ვარ თათარი მე, ქართველი აჭარელი ვარ და მუსლიმი. ბევრი კიცხვა გევგე და ვიცი მე, მარა ახლა ერთს გეტყვი და გლახათ არ მეისმინო, მაი ჯვარიც ტყვილა გკიდია შენც და ქრისტიანი ქართველების უმეტესობასაც, ყველაზე მაინც არ ვარგა ლაპარაკი. არც მაგ ჯვრისა და იესოს, ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას, არ გჯერათ, არც მის სიტყვას არ ასრულებთ თქვენ, ურწმუნოებაში და უღმერთობაში ხართ, იცოდე, ნამდვილად ქრისტეს სიტყვას ჩვენ, მუსლიმები უფრო ვასრულებთ, იესოს მიმდევრები ჩვენ უფრო ვართ. უფრო წმინდად ვინახავთ, რასაც ის იტყოდა. ქრისტეს მოციქულებიც კიდო ბევრს ცდებოდნენ, ასხვაფერებდნენ იესო ქრისტეს სიტყვებს, მის საქმეს ისლამი უფრო სწორედ ინახავს და კიდო იქით თათრებს გვეძახით..."

“- ეგ შენი მუსულმანები არ იყვნენ, მთელი ისტორიის განმავლობაში საქართველოს თავს რომ ესხმოდნენ, მაგათ არ დაგვაქციეს?... მუსულმანებისაგან თავდასახსნელად ვთხოვეთ რუსებსაც დახმარება, იმათ უარესი დაგვმართეს და ახლა ვეღარ მოგვიშორებია თავიდან”.

“- მაგენიც უღმერთოები იყვნენ და მიტო, ისინიც არღვევდნენ და გმობდნენ უფლის სიტყვას, თვარა ის ყურანში პირდაპირ წერია, რო ააფრით ძალის მიტანება გამუსულმანებაზე და სხვისი მიწისკენ და ქონებისკენ კი არა სხვის ხეხილზე გლახა თავლით გახედვა არ შეიძლება, თვარა ჯოჯოხეთი და ალაჰის რისხვაა შენი ბოლოო... მუჰამედი ამბობს, ალაჰის სალამი და მშიდობა მას. რწმენით და წესით მასთეა, თვარა დუნიაზე გლახა მუსულმანების მეტი რა იყო და რაა ეხლაც. დასაჯა მაგიზა ღმერთმა, მოუწიათ ცოდვამ ოსმალოსაც და ირანელსაც, მოუყვანა ე რუსი და ამერიკელი და თურქეთი სულ თლათ უღმერთოთ შეიქნა...".

“- ჩეჩნეთში შენ მუსულმან ძმებს ეშველები და აფხაზეთში რატო არ ომობდი, ქართველები შენი ძმები არ ვართ, რატო არ მოგვეხმარე?”

“- მიტო, რო გლახა ომი, უღმერთო ომი იყო ის, გლახა ხალხი ომობდა, ზურგში უშენდნენ ერთმანეთს ტყვიას”.

“- ეე, არ იყო ეგრე, მთლად ეგრე ადვილად არ იყო საქმე, ძალიან იოლად ამბობ..."

“- ადვილი ომი კი არა, არაფერი არაა ამ ქვეყანაზე, მაი მასეა...”

"- კიდევ რომ დაიწყოს ომი, შემოგვეშველები?”

“- ყველაფერი ღვთის ნებაა, რწმენის გარეშე ბრძოლაში გამარჯვება არ იქნება, მუსულმანებს თუ დაგვიძახებენ და გაგვიშობენ, რაფრათ არ წავალ. მაგრამ, კიდო გეტყვი, ომი რწმენით და ღმერთით უნდა, თვარა, ისე არ გამოვა ააფერი ისევლე დამარცხების, სირცხვილისა და უბედურობის მეტი და შენ გეტყვი ეგერ, საშიშ და სახიფათო გზაზე დადიხარ ძალიან ნამეტანი და დაანებე ამ გზაზე სიარულს თავი, თვარა ურწმუნოდ დადიხარ და ურწმუნო სიკვდილს რომ შეეყარო, ცოდვა ხარ. ჯოჯოხეთი გელის იცოდე და ჰოი, რა საშინელი სამყოფელია, ერთი დღე ორმოცდაათი ათასი წელი გრძელდება იქ..."

არაფერი. როგორც ჩანს, ამ ქვეყნად, მართლა არაფერი არ იცვლება. არც დრო. ვიდექით შუაღამისას სადღაც დუისში ჟღალწვერიანი ჩეჩნებით გარშემორტყმული ორი ქართველი, ერთმანეთში ვდაობდით და ერთ-ერთი ჩვენთაგანი აშკარად ცდებოდა.

ეზოდან გამოვედით. მაგრად ბნელოდა. აჭარელი ჭიშკართან იდგა და გვაცილებდა. ქვევით დავუყევით ორღობეს. ეელა წინ აღარ მიგვიძღვოდა, არეულად მოვდიოდით. ყველანი მაგარი დაღლილები ვიყავით.Dდა უცებ, არ ვიცი რა მეცა; მივბრუნდი, აჭარელი ისევ ჭიშკართან იდგა, არ ჩანდა, მარტო დიდად ილანდებოდა.

- შენა, თუ მოგზავნილი ვარ, ხო მაგარი მოგზავნილი ვარ, ჰა, ე?...

ახლაც არ ვიცი, რამ დამარტყა. მართლა არ ვიცი. ახლა ვეღარც ვიხსენებ. ალბათ, იმ ჭრაქიან ოთახში გამოვლილი შიშის აბაროტი ავიღე, მე არ ვიცი, რაცხა ბოღმა ვარ?... ადგილზე გაშეშდნენ. არაფერი. რეაქცია არ დამინახავს, რას დავინახავი იმ უკუნ სიბნელეში. ისევ ისე იდგა გაუნძრევლად და ჭიშკართან ილანდებოდა.

- არა, არა ვარ მოგზავნილი, მართლა სუფთა ვარ, ნუ გეშინია.

- ღმერთის გარდა, არავისი არ მეშინია მე - თქვა სიბნელეში აჭარელმა - აჭარაში თუ იცნობ ვინმეს? - მკითხა მერე.

-არა, მაგრამ თუ რამე გინდა და გჭირდება მითხარი, რაც შემეძლება, დაგეხმარები.

- თუ რამე გამიჭირდა, ღმერთი მიშველის.

- ღმერთი თითონ არ ჩამოვა ციდან, კაცს კაცის ხელით ეხმარება.

შეყოყმანდა. ვიდექით სიბნელეში და ერთმანეთს ვერ ვხედავდით. ცოტა ხანს იყოყმანა, მაგრამ არაფერი აღარ მითხრა. მაინც ვერ მენდო. ეგეთ დროს უცხო კაცის ნდობა ძნელია.

- ასე უპატივცემულოთ რაფრათ გიშვებთ...

- აქეთ მხარეს იზაბელა მაინც არ მოდის და ჩაის არ ვსვამ.

აჭარელმა ხმამაღლა გულიანად გაიცინა. ეზოში შებრუნდა და ჭიშკარი ჩაკეტა. თავლიდან მისი თეთრი ცხენის ფრთხვინვა გაისმა. მახსოვს მოვდიოდი და უცებ ვიგრძენი, როგორც მეცოდებოდა აჭარელი. არ ვიცი რატომ. არაფერი ჩემი შესაცოდი არ სჭირდა, მაგრამ, მაინც მაგრად შემეცოდა. ძალიან ახლო ნათესავს, შენ სისხლსა და ხორცს სადღაც უცხო მხარეში რომ ჩატოვებ ისე. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენსავით - ქრისტიანი ქართველებივით - ჯოჯოხეთი არ ელოდა, სადაც ერთი დღე ორმოცდაათი ათასი წელი გრძელდება.

მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა. არ ვიცი, ახლა სად არის ის აჭარელი, ცოცხალია თუ არა. სულ სამი წლით იყო ჩემზე უფროსი.

შევხვდები ოდესმე და იქ უკვე საბოლოოდ გავარკვევთ, ვინ იყო ჩვენს შორის მართალი, მაშინ, 2001 წლის მარტში, დუისის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, რომელზეც ოთხკუთხა წითელი ფოტო-რობოტი ციმციმებდა და ხელით გასროლილივით ეკიდა თეთრი ნამგალა მთვარე.

მანამდე ვინ რას გეტყვის.

© „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

მალხაზ ხარბედია - უილიამ ბატლერ იეიტსი - კელტური მიმწუხრი


AUDIO

გამომცემლობა "ინტელექტმა" ნობელიანტების სერიაში გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსის კრებული გამოსცა, სადაც მედეა ზაალიშვილის მიერ თარგმნილი იეიტსის ლექსები, პიესები და პროზაული ტექსტებია შესული.

ირლანდიელებზე ერთხელ ერთმა რუმინელმა თქვა ძალიან ზუსტად. უფრო სწორად, ერთ ირლანდიელ ემიგრანტზე თქვა ერთმა რუმინელმა ემიგრანტმა. ანუ ემილ მიშელ ჩორანმა - სემუელ ბეკეტზე თქვა: "ბეკეტი ირლანდიელია. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აბსოლუტურად არაარსებითი"-ო. კიდევ ერთი ასეთი დიდი ირლანდიელი შეიძლება გავიხსენოთ, ოღონდ მისი ირლანდიელობა უფრო არსებითი იყო და არა გადამწყვეტი, ანუ ჯეიმს ჯოისი, ვინაც ასევე უარი თქვა ირლანდიაზე, წლების მანძილზე არ დაბრუნებულა იქ და შემდგომი ცხოვრება დუბლინის ტექსტში, "ულისეში". ზემოთჩამოთვლილი მაგალითების გარდა კიდევ არსებობს ერთი, უმნიშვნელოვანესი მაგალითი, რომელიც ხშირად ამოდის ლიტერატურის მოყვარულის მეხსიერებაში, და იგი უილიამ ბატლერ იეიტსია, კელტური აღორძინების უმთავრესი წარმომადგენელი და ინგლისური მოდერნიზმის ერთ-ერთი სიმბოლო, ირლანდიური პოეტური კულტურის გვირგვინი და თანამედროვე მსოფლიო პოეზიის წინაპარი. სხვათა შორის, იეიტსს ეკუთვნის ერთი ძალიან საინტერესო გამონათქვამი მშობლიური ენის შესახებ. მან ირლანდიური ენის შესახებ თქვა ერთხელ, ირლანდიური ჩემი ნაციონალური ენაა, მაგრამ არა მშობლიურიო. ამ მხრივ მას ბევრი რამ აკავშირებდა ტავის ანტიპოდთან, ჯოისთან. ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილმაც იეიტსზე საუბარი სწორედ პოლუსების მონიშვნით დაიწყო, სადაც ერთ მხარეს იეიტსი აღმოჩნდა, მეორე მხარეს კი ჯოისი:

"იეიტსი მიეკუთვნება XIX საუკუნის დასასრულისა და XX-ის დასაწყისში აღმოცენებულ იმ მოძრაობას, რომელსაც უწოდებენ კელტურ ან ირლანდიურ აღორძინებას. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ვთქვათ, რომ იეიტსი და ჯოისი ირლანდიური კულტურის ორი პოლუსია. იეიტსი, რომელიც ცდილობდა ირლანდიური ფოლკლორისა და მითოსის აღორძინებას, ცხადია ინგლისურ ენაზე, და მეორე მხრივ ჯოისი, რომელმაც უარი თქვა ირლანდიაზე, შეგნებულად წავიდა ირლანდიიდან და ისე გარდაიცვალა, რომ არასოდეს დაბრუნებულა ამ ქვეყანაში".

იეიტსი კი ათწლეულების მანძილზე ირლანდიის სიმბოლოდ იქცა, იგი იყო უძველესი კელტური სამყაროს მთავარი მესიტყვე, მაგრამ ამავე დროს ინგლისურენოვანი პოეტი, რომელმაც მნიშვნელოვანწილად შეცვალა მისი თანამედროვე ენა და პოეტური კულტურა:

"უამრავი მისი პოეტური ფრაზა იქცა იდიომად. ისინი ინგლისური ენის ნაწილი გახდა და დღეს ბევრმა არც იცის, რომ რაღაც გამოთქმები სწორედ იეიტსს ეკუთვნის. მაგალითად, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, იწერებოდა სტატიები ასეთი სათაურებით - The Centre Cannot Hold, ანუ ცენტრი ვეღარ იკავებს, ეს სიტყვები კი იეიტსის "მეორედ მოსვლიდანაა". ან კიდევ, Thing Fall Apart, როცა ყველაფერი იფანტება. ან ფრაზა ლექსიდან "გაცურვა ბიზანტიისკენ", That is no country for old men, არ არის ადგილი მოხუცებისათვის, სიტყვები, რომელიც დღევანდელი საქართველოსვისაც ძალიან მნიშვნელოვანია".

ზაზა შათირიშვილი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ლიტერატურათმცოდნე, ორ პერიოდს გამოჰყოფს იეიტსის შემოქმედებაში:

"ორი პერიოდი გამოიყოფა მართლაც. პირველს ნამდვილად შეიძლება დავარქვათ სიმბოლისტური პერიოდი. სიმბოლისტური ამ სიტყვის ფრანგულ-ქართულ-რუსული გაგებით. ეს ის პერიოდია, როდესაც იეიტსის ტექსტი იქსოვება ემბლემებით, როგორც მას პოლ დე მანი უწოდებდა, ანუ ემბლემური ხატებისაგან. როცა კითხულობ მის ადრეულ კრებულებს, ხვდები, რომ ეს არის ძალიან გამჭვირვალე და მარტივი სიმბოლიზმი, როგორიც არის მაგალითად, ადრეული პაოლო და ტიციანი, ძალიან ადრეული ბლოკი... სადაც ეს ემბლემური ხატები ლექსიდან ლექსში გადადის. ასეთი ხატებია - ქარი, ირემი, ლერწამი, ვარდი... ვარდის ხატი, შეიძლება ითქვას, მთლიანად გასდევს იეიტსის შემოქმედებას."

მაგრამ 10-იანი წლებიდან მის ლექსებში გარდატეხა მოხდა:

"10-იანი წლებიდან იწყება გარდატეხა, და სხვათა შორის ეს რამდენადმე დაკავშირებული იყო ისეთ პოეტთან, როგორიც არის ეზრა პაუნდი, რომელიც მასზე გაცილებით უმცროსი იყო. 10-იან წლებში პაუნდი, შეიძლება ითქვას, თავს ახვევს იეიტსს და ხდება მისი მდივანი. ისინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თანაცხოვრობენ, სთოუნ კოტეჯში, იეიტსის ცნობილ კოშკში (სხვათა შორის, მის ერთ-ერთ ბოლო კრებულს ასეც ქვია), და აქედან იცვლება იეიტსის სტილი, ანუ 10-იანი წლების შუა პერიოდიდან ხდება გარდატეხა იეიტსის პოეზიაში. ოღონდ გარდატეხა არა ტექნიკურ-ფორმალისტური, არამედ თემატურ-შინაარსობრივ-მოტივური, იცვლება პოეტის ხატწერა. ადრეული, მარტივი ემბლემურ-სიმბოლური ხატწერა იცვლება უფრო ჰერმეტული და მრავალმნიშვნელოვანი ხატებით".

იეიტსის ამ პერიოდის ლირიკა, ისევე როგორც ადრეული ლექსები, ამ კრებულშიცაა წარმოდგენილი. მედეა ზაალიშვილის მრავალწლიანმა შრომამ მოიცვა ასევე იეიტსის უმნიშვნელოვანესი წიგნი "კელტური მიმწუხრი" სრულად, 5 პიესა და სხვ. საინტერესო მასალები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრებულში შევიდა იეიტსის ქრესტომათიული ლექსების ქართული თარგმანებიც. მაგალითად, "გაცურვა (ან მოგზაურობა) ბიზანტიისკენ". ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი ამ ლექსსაც შეეხო ჩვენთან საუბარში:

"იეიტსის ბიზანტიას არაფერი კავშირი არა აქვს იმ ბიზანტიასთან, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. იეიტსის ამ ლექსში ბიზანტია არის მარადიული სიბრძნისა და ახალგაზრდობის ეზოთერულ-უტოპიური მხარე. ლექსი, როგორც ვიცით, იწყება სიტყვებით, რომ თანამედროვე სამყაროში არ არის ადგილი მოხუცებისთვის... მაშ სად? სადაც არის მარადიული ახალგაზრდობა, განახლება, ანუ ბიზანტიაში. და ბოლოს პოეტი ხვეწნით მიმართავს, ოღონდ ვის, არ ჩანს, რომ თუკი მეორეჯერ დაბადება მიწერია, მინდა, რომ მოვიდე როგორც ოქროს ჩიტი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორსა და სეფექალებს გამოაღვიძებს სიმღერით იმის შესახებ, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება... ეს არის ქრესტომათიული ალუზია არამხოლოდ პარმენიდეზე, არამედ კალხასის, ცნობილი წინასწარმეტყველის ფრაზაზე ჰომეროსიდან, რომელმაც იცოდა რაც იყო, რაც არის და რაც იქნება..."

ცხადია ძნელია გაუძლო ცდუნებას და იეტსისა და ირლანდიის ურთიერთობის ისტორია საქართველოს არ დაუკავშირო. ამ ცდუნებას ვერც როსტომ ჩხეიძემ გაუძლო 80-იანი წლების დასაწყისში, როცა იეიტსზე დაწერა სტატია. ეს სტატია ამ კრებულს უძღვის წინ და იგი თავის დროზე იეიტსის შემოქმედების ერთგვარი შესავალიც იყო ქართველი მკითხველისთვის. ეს წერილი შესაძლოა ბევრს ახსოვს მასში მოთხრობილი იდუმალი ისტორიით იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო კოლაუ ნადირაძემ უცნობისგან საერთაშორისო ფოსტით გამოგზავნილი ამანათი, რომელშიც ქართველი პოეტისთვის აბსოლუტურად უცნობი პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსის მოზრდილი ტომი იდო.

ასე ჩამოაღწია თავის დროზე იეიტსმა საქართველოში, ახლა კი უკვე მედეა ზაალიშვილის თარგმანში უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ პოეტზე, რომლისთვისაც ირლანდიელობა არსებითიც იყო და გადამწყვეტიც.

© radiotavisupleba.ge

მალხაზ ხარბედია - ლელა სამნიაშვილის "ფრაქტალები"


AUDIO

გამომცემლობა"სიესტამ" ლელა სამნიაშვილი ახალი პოეტური კრებული, "ფრაქტალები" გამოსცა.გამომცემლობა

"ფრაქტალები" ლელა სამნიაშვილის რიგით მეოთხე კრებულია. 4 წლიანი პაუზის შემდეგ ბევრისთვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა პოეტმა კიდევ ერთხელ მოუყარა თავი ახალ ლექსებს. ზოგის აზრით ლელა შეიცვალა ამ ბოლო კრებულში, თუმცა არის რაღაცეები, რაც მუდმივად რჩება ლელაში - პირველ რიგში ეს არის ინტონაცია, შემდეგ ლექსის ვიზუალური მხარე და რა თქმა უნდა, მუდმივი თემები. ამაზე ღირს უფრო ჩაღრმავებით ვილაპარაკოთ, სხვა დროს, მანამდე კი ლელას 12 წლის წინანდელი ერთი პატარა ლექსი მინდა გავიხსენო, რომელმაც მის ბოლო კრებულში ახალი სიცოცხლე შეიძინა.

მაშინ ლელა ასე წერდა:

ვიდრე თვალები შეაშრება

მწვანე აკვარელს, -

თვლიდეს ადამი

დღისით - ვაშლებს,

ღამით - ვარსკვლავებს...

და უცაბედად მოგინდება

სურვილით, მწველით -

ედემში იყოს ორი პოეტი -

ევა და გველი.

გადავშლით მის ბოლო კრებულს და ვკითხულობთ პირველივე ლექსის სათაურს - "გაფრენა. ლილიტი", სადაც გაცილებით უფრო რთულადაა დამუშავებული ეს 12 წლის წინანდელი თემა. ასეთი დიქრონული ვარიანტები და თემატური გამეორებები სხვაც ბევრია კრებულში და ზოგმა შეიძლება ამასაც დაუკავშიროს წიგნის სახელწოდება, "ფრაქტალები". ყოველ შემთხვევაში, თავად ლელა სამნიაშვილი ასე განმარტავს სათაურს:

"ფრაქტალები არ არის მაინცდამაინც ჰუმანიტარული ტერმინი. ქაოსი სიმეტრიიდან... იგი უფრო გეომეტრიული ტერმინია და არის ისეთი ფიგურა, რომელიც თავის თავს იმეორებს სხვა მასშტაბით, უფრო მცირე, ან უფრო ფართო მასშტაბით. გააჩნია საიდავ ვიწყებთ ათვლის წერტილს და მიმართულებას. მე საერთოდ მაინტერესებს ფიზიკა, მათემატიკა და ფრაქტალების ცნებაც აქედან მოვიდა. მემგონი ზოგადად ფარდობითია ყველაფერი და ამ ცნების გადატანა შესაძლებელია პოეზიაშიც. იმიტომ, რომ სიტყვები, იდეები ისევე იმეორებენ ერთმანეთს და მოიცავენ ერთმანეთს ისევე, როგორც ეს გეომეტრიული ფიგურები".

კრებულში ბოლო რამდენიმე წლის ლექსებმა მოიყარა თავი:

"აქ არის შესული ბოლო სამი წლის პერიოდში დაწერილი ლექსები და ბევრი არც მირჩევია. ძირითადად თითქმის ყველა ლექსი შევიდა, რაც ბოლო წლებში დავწერე. ეს ლექსები ძირითადად ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, "ლიტერატურა - ცხელ შოკოლადში", "ჩვენს მწერლობაში", ლექსები ქვეყნდებოდა ლიტერატურულ საიტებზეც და ბოლოს ყველა ამ ლექსმა ერთ კრებულში მოიყარა თავი".

მანამდე კი თანამედროვე ქართული და უცხოური პოეზიის მკითხველს ლელას წიგნების გარდა მის თარგმანებსაც შევახსენებ. პირველ რიგში სილვია პლათის ლექსებს, რომელიც წიგნადაც გამოსცა და სულ ახლახანს გამოცემულ პლათის რომანსაც, "ზარხუფი", რომელმაც, სამწუხაროდ ცუდად მიაღწია მკითხველამდე. მახსოვს ლელას სულ პირველი პუბლიკაცია ჩვენთან, "არილში". ეს იყო ინგლისურენოვანი პოეტების მცირე ანთოლოგია, 1997 წლის იანვარში დაბეჭდილი, ემილი დიკინსონი, თომას ჰარდი და სხვები:

"ზოგადად, მგონია, რომ ყველა მავნე ჩვევა მოდის ბავშვობიდან, ისევე, როგორც კარგი ჩვევები. და პოეზიაც ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი მავნე ჩვევაა, შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ ბავშვობაშივე დავიწყე თხზვა, ჯერ ზეპირად, მერე წერილობით და მივეჩვიე წერას, გაყვა სკოლის პერიოდს, ხოლო სტუდენტობის პერიოდიდან უკვე "არილში" ვბეჭდავდი ჩემს ლექსებს. თან ჩემი ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი იყო, და ამასთანავე ვთარგმნიდი ამერიკულ და ბრიტანულ პოეზიას, ასევე პროზას. ჩემი პირველი კრებული 2000 წელს გამოქვეყნდა. გამომცემლობა "მერანმა" დაბეჭდა. კრებულს "ფოტოაბები" ერქვა, შემდეგ ამას მოჰყვა "კავკასიური სახლის" მიერ გამოშვებული "გველის წელიწადი" და "სიესტამ" გამოსცა 2006-ში "მუდმივი ტატუ" და ეს არის ჩემი მეოთხე კრებული"".

ამ ოთხივე კრებულის მანძილზე, რომელიც ლექსის თხზვის 10-ზე მეტ წელს მოიცავს, ლელა, შეიძლება ითქვას, ერთხელაც არ გადასცდენია თავის ძირითად გეზს, მას არასდროს გადაუხვევია არჩეული გზისთვის, პოეტური ქარაფშუტობა, ანუ მოდუნება მას არ ჩვევია. იგი ყოველთვის ზუსტია, მკაცრი და მოქნილი. მისი თანამედროვე პოეტები, თითქმის ყველა თაობის, სწორედ ამ სიზუსტეს მიიჩნევენ მის მთავარ თვისებად. ერთის აზრით, ლელასთან მხოლოდ ზუსტი და მართალი მეტაფორები გვხვდება, იგი "არ იპრანჭება", მასთან ვერ იპოვი თითიდან გამოწოვილ სახეებს და ფრაზებს. მისი ხმა არასდროს აგერევა სხვებისაში, ლელას შეუძლია იყოს ძალიან ბასრიც და ძალიან ფაქიზიც. ნაწილისთვის მთავარი ღირსება ისაა, რომ ლელას ლექსებში ხშირად აქვს პოზიცია, მკვეთრად გამოხატული პოზიცია. სხვებს ლელას ლექსები გარეგნულადაც მოსწონს, იტაცებს მისი ხაზოვანება, შეიძლება ითქვას გეომეტრიულობა, ტირეების პატარ-პატარა ხიდები (გავიხსენოთ თუნდაც ცვეტაევა). ზოგისთვის ლელა ზედმეტად ცივია, სხვებისთვის კი ეს ღირსებაა. იგი არ შიშვლდება სხვა პოეტებივით, მისი სახეები ახალია, არ გვხვდება კლიშეები და კლიშესაც მხოლოდ იმიტომ მიმართავს, რომ მისი დეკონსტრუქცია მოახდინოს. როგორც ერთმა მისმა კოლეგამ მომწერა ამასწინათ, "ლელას შენელელბული მოქმედების ბომბი აქვს ზოგ ლექსში. მშვიდად და დამაჯერებლად გიწყობს ამბოხს".

დაახლოებით ასეთია პოეტი ლელა სამნიაშვილი, ხშირად ძალიან ჰერმეტულიც, ძნელად გასაგები. როგორც ზემოთაც ვთქვით, იგი ზუსტია, მაგრამ ეს სიზუსტე სიცხადეს არ ემსახურება, არამედ სრულყოფილებას, უფრო სწორად, ამისკენ სწრაფვას.

სხვა საქმეა ლელას ლექსის ფორმალური მხარე, ბგერები, მუსიკალობა, რითმა. იგი ხშირად ძალიან რთულ გზას ირჩევს, ბეწვის ხიდზე გადის, რათა რიტმულ და რითმულ ბანალობებს თავი დააღწიოს. მაგალითად, მას ასეთი ლექსი აქვს, "მთვარეული":

მთვარე თმის სარჭია -

მაღლა წევს ღამის ცას -

ჩინური ქაღალდის ფარანი,

და რომც მოვაცილოთ

ცას დეკორაცია,

არ მოისაკლისებს არავინ.

რომელიც ქართული ლექსისთვის ძალზე იშვიათი ორი საზომის შეხამებითაა დაწერილი, ექვსმარცვლიანით და ცხრამარცვლიანით. ეს საზომები გურამიშვილიდან მოყოლებული ვიცით, ექვსმარცვლიანის ყველაზე ცნობილ ნიმუშს გალაკტიონის "ქებათა ქება ნიკორწმინდას" წარმოადგენს, ცხრამარცვლიანი კი კარგა ხანს უქმად იყო, მხოლოდ მთიბლურში გვხვდებოდა და ერთი-ორგან გალაკტიონთან, სანამ ლელამ არ მოარგო ექვსმარცვლიანს.

ლელას კიდევ ერთი თვისებაა ის, რომ იგი კარგი მკითხველია და არც თავისი თანამედროვეებისთვის იშურებს სიტყვებს:

"საბედნიეროდ, მგონი, დღეს უკვე ისეთი მომენტი დადგა ქართულ პოეზიაში, რომ გამიჯვნა ქალ ავტორებსა და მამაკაცებს შორის და სიხარული იმის გამო, რომ გამოჩნდა ასეთი საინტერესო ქალი-ავტორი, უკვე უადგილოა. ძალიან ბევრი კარგი ქალი ავტორია და ძალიან ბევრის დასახელება შეიძლება, წინა თაობიდან დაწყებული, სადაც ელა გოჩიაშვილია, რა თქმა უნდა, კიდევ უფროა ადრე ძალიან საინტერესო იყო ლია სტურუას შემოქმედება, დალილა ბედიანიძე, მოგვიანებით რუსუდან კაიშაური, მაია სარიშვილი, თეონა ბექიშვილი წერდა, თუმცა კარგა ხანია მისი აღარაფერი წამიკითხავს, ეკა ქევანიშვილი ჩემთვის ძალიან საინტერესო ავტორია... ბევრია, ძნელია ჩამოსათვლელადაც. ბოლო დროს კიდე დიანა ანფიმიადი გამოჩნდა, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ყველა თვალსაზრისით. თუმცა, ამის მიუხედავად, მე მაინც ვერ ვიტყოდი, რომ რამე განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი ან ადგილია მისაჩენი ქალი პოეტებისთვის. საბედნიეროდ".

სხვათა შორის, თავად ლელასაც არ აკლია ყურადღებიანი მკითხველი და შემთხვევითი არაა, რომ ყველაზე კარგად ლელას ლექსები სწორედ პოეტებს ესმით.

© radiotavisupleba.ge

მალხაზ ხარბედია - მალტე ლაურიდს ბრიგე – 100


AUDIO

წელს შესრულდა 100 წელი რაინერ მარია რილკეს ერთად-ერთი რომანის, “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერების” გამოცემიდან.

XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში პრაღამ ორი დიდი მწერალი აჩუქა მსოფლიოს, რილკე და კაფკა, ორი განდეგილი, რომელთა ლექსები და პროზა განმსაზღვრელი აღმოჩნდა არამხოლოდ სიტყვიერების, არამედ აზროვნების ისტორიისთვისაც. მათი ცხოვრება დღევანდელი გადმოსახედიდან მსოფლმხედველობრივ გმირობად მოჩანს, შემოქმედება კი ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა, რაშიც ბევრი დარწმუნდა წლების მანძილზე.

რილკეს ერთად-ერთი რომანის, “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერების” გამოსვლიდან წელს 100 წელი გავიდა, რომანი კი დღემდე არ კარგავს აქტუალობას და წესით ყველა თაობის ადამიანს უნდა აკითხებდეს თავს. უფრო მეტიც, იგი შეიძლება ახალი, ყველაზე თანამედროვე იმპულსების მომცემიც კი გახდეს. ეს მომავალში. მანამდე კი მოდით ვნახოთ, რა ადგილი უკავია “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერებს” გასული საუკუნის კონტექსტში. რომანის მთარგმნელის, ნაირა გელაშვილის აზრით, “ჩანაწერები” ბევრი რამისთვის აღმოჩნდა განმსაზღვრელი:

“ეს რომანი წინ უსწრებს ქრონოლოგიურად XX საუკუნის რომანს და ჩანასახობრივად მოიცავს ყველა არსებით ნიშანსა და შტრიხს, რაც შემდეგ ჩვენ უკვე ვნახეთ განვითარებული XX საუკუნის რომანების უზარმაზარ მასაში. რილკეს ეს რომანი სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს, რომელიც რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ტრადიციული რომანის მსხვრევა, რეალისტურ თხრობას ჩვენ აქ ვეღარ ვხედავთ და მთლიანად, თავისი სტრუქტურით, განწყობილებითა და პრობლემებით, ეს ნამდვილად XX საუკუნის რომანია და აქ წამოჭრილი პრობლემები გახდა შემდეგ ძირითადი, წამყვანი ფილოსოფიური მიმართულებების საფუძველი, როგორც მაგალითად, სიცოცხლის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი, ფენომენოლოგია და ა.შ. და საოცარი ეს რომანი სწორედ იმით არის, რომ რა პრობლემებიც შემდეგ უზარმაზარ ფუნდამენტურ ფილოსოფიურ ნაშრომებად და დიდ რომანებად გაიშალა, ამ შედარებით პატარა მოცულობის რომანშია წარმოდგენილი ძალიან კომპაქტურად”.

რილკეს ეს რომანი 90-იანი წლების დასაწყისში წავიკითხე. სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო, აფხაზეთის ომი კი ალბათ სულ ახალი დაწყებული. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ნაირა გელაშვილის მიერ თარგმნილი “მალტე” 1992 წელს გამოვიდა: არსებობდა ასეთი სერია, “საზღვარგარეთული რომანი”, პრიალა უსახური ყდები, ე.წ. “სკრეპებით” დაკერებული გვერდები, მოყვითალო ქაღალდი... რომანის გამოსვლა ჩვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს დაემთხვა, პერიოდს, როცა ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე გავლილი გვქონდა, ნახევარზე მეტი კი – გასავლელი. მახსოვს როგორ დავეწაფეთ მაშინ ახალ საკითხავებს, პირველად გამოიცა აკრძალული წიგნები, ქართველები, რუსები, უცხოელები, ჰაერში გაიელვებდნენ ხოლმე ფილოსოფიური მიმდინარეობები, სახელები, წიგნის სათაურები, ცნებები. ყველას პირზე ეკერა სიტყვა – “გაუცხოება”. რილკეს ეს რომანიც ამ გაუცხოების პიკზე გამოვიდა საქართველოში, რაც ნაირა გელაშვილის ძველ წინასიტყვაობაშიც ჩანს, თუმცა დღეს ამ გაუცხოების კიდევ ერთი სახე გამოვიდა წინა პლანზე:

“აი ასეთი შეკითხვა ისმება თვითონ რომანში: ნუთუ შესაძლებელია, რომ ადამიანის მთელი სულიერი მუშაობის, მთელი გამოცდილების, მთელი ცოდნისა თუ მიღწევების მიუხედავად, ის მაინც ზედაპირზე დარჩეს. აი ეს არის შესაძლებელი და ეს არის დაშვებული რომანში, რომ დიახ, ეს ასეა, და რომ საუკუნეები სასკოლო შესვენებასავით გაუშვეს ხელიდან, რომლის დროსაც ვაშლსა და ბუტერბროდს მიირთმევდნენ. ამით შეძრული იყო რილკე, და მასთან ერთად ყველა დიდი მოაზროვნე. ანუ ამდენი საუკუნე კაცობრიობამ იმისთვის იმუშავა, იღვაწა და იბრძოლა, რომ დღეს ასეთი ადამიანი მიგვეღო, როგორიც მივიღეთ? აი ეს არის რილკესთვის უდიდესი სასოწარკვეთის საფუძველი. იგი ამბობს, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. მან დაინახა XX საუკუნის დასაწყისში, რომ ადამიანი იმდენად დაშორდა თავის არსს და შესაბამისად სამყაროს და სამყაროს შემოქმედ ძალას, რომ შეუძლებელია ამან უბედურება არ მოიტანოს”.

ამ თვალსაზრისით რილკე ერთ-ერთი პირველი ეკო-რომანის ავტორიცაა, რომანი წინასწარმეტყველებისა, სადაც მსოფლიო ომების გარდა თანამედროვე ადამიანის დამანგრეველი ბუნებაცაა განჭვრეტილი.

რილკე რომანის წერას 1904 წელს შეუდგა რომში, მასზე 6 წლის მანძილზე იმუშავა და ამ დროის მანძილზე იმხელა ენერგია შეალია ამ ნაწარმოებს, რომ შემდგომმა რამდენიმე წელმა, შეიძლება ითქვას, დუმილში ჩაიარა:

“რომანის დაწერის შემდეგ 12 წლის მანძილზე ის იყო ნერვიული უმოქმედობისა და სიჩუმის მდგომარეობაში. არაფერი არ დაუწერია, მხოლოდ “მარიამის ცხოვრება” გამოაქვეყნა, ლექსების კრებული, მაგრამ ესეც იყო ძველი ლექსების გადამუშავება. ფაქტობრივად, 12 წელიწადი ეს იყო გარინდებული მდგომარეობა და საკუთარ თავში, საკუთარ სულში უკან მიქცევის, ანუ ძალიან ღრმა შინაგანი მუშაობის პერიოდი”.

ეს განდეგილობისა და “უკან მიქცევის” წლები ორი ძალიან მნიშვნელოვანი პოეტური ციკლით დაგვირგვინდა, რომელიც თითქმის ერთდროულად დაიწერა. “დუინური ელეგიები” და “სონეტები ორფევსისადმი”, შეიძლება ითქვას, “მალტე ლაურიდს ბრიგეს” ნაბახუსევზე შექმნილი შედევრებია, დასავლური პოეზიის გვირგვინი, მსოფლიო პოეტური აზროვნების მწვერვალი. და ეს ყველაფერი მოჰყვა რომანს, რომელმაც გაფრთხილებასავით გაიჟღერა თავის დროზე:

“ეს არის რომანი განგაში, ალარმისტული რომანი, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება და რომ უნდა მოხდეს ადამიანის სასწრაფოდ გარდაქმნა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უტოპიად დარჩა, იმიტომ, რომ რეალურად მართალია კი წარმოიშვა ახალი ღირებულებები და ძალიან დადებითი რამ ევროპაში, როგორიცაა ეკოლოგიური მოძრაობები, ბუნების დაცვითი მოძრაობები, იგივე ქალის უფლებების დაცვა, ბავშვის უფლებების დაცვა... სწორედ რილკე ამბობდა, რომ XX საუკუნე უნდა იქცეს ბავშვის უფლებებისთვის ბრძოლის საუკუნედო, რადგან ქალის უფლებები უკვე დადგა დღის წესრიგში, მაგრამ ბავშვზე არავინ ლაპარაკობსო. და რილკესთან სწორედ ამ ევროპას ვხედავთ, რომლის სულშიც იკვეთება ეს ღირებულებები და რომელიც იწყებს ბრძოლას სამართლიანობის ყველა ფორმისთვის”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რილკეს ამ რომანში, ყველაფრის ახლიდან დაწყებაა. უფრო სწორად, ეს დეტალი კი არა, თემაა, რომანის მთავარი თემა:

“ის ამბობს, რომ დღევანდელი ადამიანი არის ის, ვისაც ყველაფერი თავიდან აქვს სასწავლი. მან ყველაფერი მცდარად იცის: სიყვარული, თხრობა, ბუნებასთან მიმართება და ისეთი პროზაული რაღაცაც კი, როგორიცაა ძილი, ჭამა, დასვენება. ერთი სიტყვით, დღევანდელმა ადამიანმა არაფერი სწორად არ იცის”.

ასერომ, ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი ისევ თავიდან გვაქვს დასაწყები და დროზე დავიწყოთ, დავიწყოთ, თუნდაც რილკედან.

© radiotavisupleba.ge