Monday, February 21, 2011

შოთა იათაშვილი - მგოსანი პოლიტიკოსები


მეინსტრიმის შევსება და გადახალისება მუდამ მარგინალიებით ხდება. თუმცა არსებობს ისეთი მარგინალიები, მუდამ მარგინალიებად რომ რჩება და მეინსტრიმში არასოდეს გადადის. ასეთივე მიმართება უნდა იყოს, ცხადია, პოეტურ მეინსტრიმსა და პოეტურ მარგინალიებს შორისაც. არის რაღაც უცნაური ზონები, სადაც ასევე იწერება ლექსი, მაგრამ თავისი უკიდურესად არაადეკვატური კანონებით, სულ სხვა ნებითა და ზრახვით, და ეს ლექსიც რაღაც გაურკვეველ მოვლენას წარმოადგენს პოეტურ სამყაროში, წარმოადგენს და შესაძლოა, ასევე დარჩეს უკუნითი უკუნისამდე, თუ ის საბოლოო სუსტი კვალიც არ გაქრა, რაც მას თავის ძნელადმისაგნებ ალაგს უნარჩუნებდა ამ უკიდეგანო პოეტურ სივრცეში.
საერთოდ, ვინ არის პოეტი? ან უკეთესი იქნება, ასე დაისვას კითხვა: ვინ წერს ლექსს? პასუხი თითქოს მარტივია: ლექსი ვის არ დაუწერია, თუნდაც ერთი-ორი ბავშვობაში... კი, ეს გასაგებია, მაგრამ მხოლოდ ბავშვური მცდელობებით არ განისაზღვრება ლექსისმთხზველთა ფართო რიგები. ლექსისმთხზველი სრულიად მოულოდნელი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, „მგოსანთა” ერთ-ერთ ასეთ მოულოდნელ რაზმს პოლიტიკოსები წარმოადგენენ, და ხშირად სასტიკი, სისხლისმსმელი პოლიტიკოსები, დიქტატორები, ტირანები, კაცობრიობის დამაქცევარნი. ამ ნათქვამზე, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“ და სტალინის კიდევ რამდენიმე ლექსი გაახსენდება, მაგრამ პოლიტიკოსთა პოეტობა არც ისე იშვიათი რამაა, აუცილებლად რომ სტალინი გვახსენდებოდეს.
აქ საქმე უფრო ღრმად და რთულადაა. დავიწყოთ თუნდაც საბჭოთა პოლიტიკოსებით, თითქოს ყველაზე ნაკლებად პოეტურნი რომ უნდა ყოფილიყვნენ ამ სამყაროში. ვინ არ წერდა ლექსებს: აგერ ნიკოლაი ბუხარინი, ბალახზე და „ბალახის სამყაროზე“ რომ წერს: კალიებზე, მუხლუხოებზე, ხოჭოებზე, ფუტკრებზე, მათ „კომუნალურ“, საერთო, ჰარმონიულ თანაარსებობაზე; აგერ, ლეონიდ ბრეჟნევი, მაიაკოვსკის სტილში და მისეული შემართებით რომ დაუწერია ლექსი 1927 წელს, 21 წლის ასაკში; აგერ იური ანდროპოვი, ამ ცხოვრების წარმავალობაზე, სიკვდილის გარდაუვალობაზე და იმ წმინდა ლეთეზე რომ წერს, რომელიც მის შესახებ ხსოვნას წაშლის... აგერ პოსტსაბჭოთა რუსეთის პოლიტიკოსებიც: ევგენი პრიმაკოვი, ექიმს რომ ეუბნება, საქმე მედიცინაში კი არაა, არამედ იმაში, რომ ლურჯი თვალები გაქვსო და ეს ლურჯი თვალები რუხიცაა და ოდნავ მწვანეც, ფერების მთელი გამააო... და დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, კრეტინული პანეგირიკი რომ მიუძღვნია თავისი МГИМО-სთვის (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტისთვის), რომელმაც გამოზარდა და დიდ კაცად აქცია...
საინტერესო ფენომენია ანატოლი ლუკიანოვი, „პერესტროიკის” პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი, 1988-1991 წლებში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1991 წლის აგვისტოში, გადატრიალების შემდეგ მას შესთავაზეს, სათავეში ჩადგომოდა ГКЧП-ს, რაზეც მან უარი განაცხადა და დააპატიმრეს. მალე, სექტემბერში გაათავისუფლეს, თუმცა ეს პატარა მონაკვეთიც საკმარისი აღმოჩნდა პოეტური კრებულისათვის, სახელწოდებით „ლექსები ციხიდან”. საჭიროა აღინიშნოს, რომ მას ციხეში არ დაუწყია ლექსების წერა. ის ოსენევის ფსევდონიმით წერდა, პირველი კრებული მანამდე, 1990 წელს გამოსცა და „ციხის ლექსების” შემდგომაც არ შეუწყვეტია წერა. „პროტესტის სიმღერა” - აი, ასეთი ხმამაღალი, რევოლუციური სათაურის კრებულიც კი აქვს გამოშვებული. და რაც ყველაზე მთავარია, ის მართლა მთელი სულითა და ხორცით პოეზიით დაინტერესებული ადამიანია. პარტიული საქმიანობის პარალელურად, ლუკიანოვი 60-იანი წლებიდან მოყოლებული აგროვებდა რუსი პოეტების აუდიოჩანაწერებს: ლიტერატორთა ფონოტეკებიდან თუ ვინილის დისკებიდან, აკეთებდა საკუთარ აუდიოჩანაწერებსაც კი და მთელი ეს უნიკალური აუდიომასალა 2002 წელს ათ კომპაქტ-დისკად გამოსცა.
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, დარწმუნებული ვარ, ქართველები მაინც ვიტყვით, რუსებს მაგ საქმეში არ ჩამოვრჩებით და ბევრადაც ვჯობივართო: ისტორიულად, ჩვენი მეფეები ხომ სულ პოეტები იყვნენო (თუმცა მეფე, მაინც ვფიქრობ, მაინც არ იყო მაშინ იმ ტიპის პოლიტიკოსი, რა აზრსაც ჩვენ ახლა მასში ვდებთ, ის მაინც სხვა ფენომენი იყო); მერე სტალინი ხომ არის და არისო, აქეთ კიდევ, ჩვენი პირველი პრეზიდენტი, – პოეტი, მეიგავე, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, – ნუ, ერთი სიტყვით, სერიოზული ლიტერატორი იყო და არა ვინმე ლავროვის მსგავსი, თავისი ინსტიტუტისადმი მიძღვნილი ოდა რომ დაჯღაბნა ერთხელ შემთხვევითო... პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი მერაბ კოსტავაც ხომ პოეტი იყოო; აი, მეორე პრეზიდენტს რაც შეეხება, თავისი პოეტური შემოქმედება დღის სინათლეზე ჯერ არ გამოუტანია, მაგრამ ამას წინათ ზურაბ ქარუმიძემ მითხრა, ედუარდსაც აქვს ლექსები დაწერილი, უშუალოდ მისგანა მაქვს მოსმენილი, ერთხელ წაგვიკითხაო... მესამე პრეზიდენტისა კი რა გითხრათ, პოეზიასთან ძალიან შემომწყრალი ადამიანის შეხედულებას ტოვებს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ისიც ჯღაბნიდა ან ჯღაბნის რაღაცებს ჩუმ-ჩუმად, ან სულაც პრეზიდენტობის ტვირთს რომ მოიშორებს ან მოაშორებენ, მერე გაექცეს კალმისკენ ხელი?.. პრეზიდენტები პრეზიდენტებად და არ შეიძლება სოლიკო ხაბეიშვილიც არ გავიხსენოთ, მსგავსად ანატოლი ლუკიანოვისა, ციხეში რომ წერდა ლექსებს. გამომცემლობა „მერანმა“ 1991 წელს დაბეჭდა მისი კრებული სათაურით `ციხის რვეული~ და არის იქ ტკივილიანი, გულშიმოსახვედრი ლექსები...

მოდიან შველად და თვალებს მთხრიან,
მეფერებიან, თითქოს მახრჩობენ,
თითქოს მათბობენ და ტანზე მხდიან,
ნერვებზე ჩექმით დანავარდობენ.

ლამის ვიყვირო: მომცილდით, წადით,
არა მინდა რა თქვენი, ვერაგნო,
ან გუშინ შანთით გულს რატომ მწვავდით,
ან ახლა რისთვის ჯაჭვისპერანგობთ...

ერთი სიტყვით, ქართველებს ჩვენი პოლიტიკოსები გვყავს პარნასზე, როგორც რუსებს, ამერიკელებს, გერმანელებს, სხვებს...
მოდით ამერიკელების პრეზიდენტები ვნახოთ: ჯიმი კარტერი – თავის ლექსში ღატაკ, მშრომელ ლიბერიელებზე რომ წუხს, რომელთაც ოფლი ისე სდით, როგორც რეზინის ხეებს, და ამ რეზინის ხეების პლანტაციაში არ შენდება ეკლესიები, არ იდგმება ტუალეტები, საფლავებსაც კი არ თხრიან მათთვის, ვინც კოღოების ნაკბენებისგან კვდება... უმცროსი ჯორჯ ბუში, თითქოს ასეთი გულბოროტი და ადამიანური გრძნობებისაგან დაცლილი, ასე აქტუალური ამ ბოლო პერიოდის ქართულ პოლიტიკურ-პოეტურ კონტექსტში, მისი ქუჩა დიდი ამერიკელი პოეტის სახელით რომ უნდათ ჩაანაცვლონ, არადა თურმე არც ისაა ასე შორს პოეზიისაგან, მასაც უწერია ლექსები, ის კი არადა, თქვენ წარმოიდგინეთ, გაწბილებულ სიყვარულზე, რაღაცნაირად მტკივნეულიც...

„ვარდები უფრო წითელია, მე კი უფრო დარდიანი ვარ,
როდესაც ვხედავ, მომხიბვლელი ფრანგი ბიჭი თუ როგორ გკოცნის.“

ახალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კი თავის ლექსში მოხუცი ბიძის სევდიან პორტრეტს ხატავს.
გახსოვთ ერაყის ომის პერიოდის ამერიკის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი? შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკოსთა შორის ის შემდგარი პოეტია და მის პოეზიაზე რეცენზიებიც კი იწერება. აი, ციტატა მავანი კრიტიკოსის, ჰართ სილის ერთი რეცენზიიდან: „მისი პოეზია, მისთვის დამახასიათებელი სალაპარაკო ენის ტეხილი რიტმით, ყველაზე მეტად უილიამ კარლოს უილიამსის პოეზიას წააგავს, თუმცა ზოგიერთმა გამჭრიახმა მკითხველმა შეიძლება შენიშნოს, რომ რამსფელდის სწრაფვა მოულოდნელი ყოფითი წამოძახებებისადმი, სტილისტიკით მას პოეტ ფრენკ ო’ჰარასთან აახლოვებს“. ასე: არც მეტი და არც ნაკლები, უილიამ კარლოს უილიამსი და ფრენკ ო’ჰარა...
ახლა გერმანიაში გადავინაცვლოთ. ჰიტლერი რომ მხატვარი იყო, ყველამ იცის, მაგრამ თურმე ლექსებიც უწერია. სხვა რა უნდა დაეწერა, თუ არა ბუნდოვანი, მისტიციზმით (თუ ფსევდომისტიციზმით) გაჟღენთილი ლექსები:

„მთვარე თავისი მაგიური ჯადოქრობით საწმისებს ხატავს.
რაც ჭუჭყით იყო სავსე მთელი დღის განმავლობაში,
მაგიური ფორმულის წინ არარად იქცა.
აი, ასე გამოეყო ყალბი ჭეშმარიტს“

ლექსი მის მარჯვენა ხელს, გერინგსაც შეუთხზავს, ოღონდ ეს უკვე სატრფიალო პოეზიაა, ავტორს ღამის სიბნელეში აეროპლანის მიერ დატოვებული მწვანე შუქი მიჯნურის თვალებს რომ აგონებს... რაკი ფაშისტების პოეზიას შევეხეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ბენიტო მუსოლინი სონეტის ფორმას მიმართავდა და იტალიელისათვის ეს ალბათ ძალიან ბუნებრივი იყო.
როგორც შევატყვე, აღმოსავლეთში პოლიტიკოსების პოეზია გაცილებით ადეკვატურია ხოლმე მათი იდეოლოგიისა და, როგორც წესი, იდეოლოგიის უნიჭო დანამატს წარმოადგენს. ვთქვათ, თურქმენბაშის „დაე, იხაროს ჩემმა თურქმენმა ხალხმა!“, ან სადამ ჰუსეინის პოეტური მოწოდება „ერაყო, იყავ გულადი და იყავ მოწყალე!“ (სხვათაშორის, სადამს რომანიც კი აქვს დაწერილი, მის რუსულ თარგმანს ადრე „ლიტერატურულ კაფეშიც“ გადავაწყდი, მაგრამ დამენანა ფულის დახარჯვა, რაღაცნაირად ვერ ვიწამე სადამის ლიტერატორობისა, მერე ლაშა ბუღაძეს უყიდია თუ ათხოვეს, რაკი წიგნის მიმოხილვებს აკეთებდა ტელევიზიით. როგორც მახსოვს, მგონი ასე მითხრა, რაღაც სულელური პოლიტიკური ზღაპარი იყო, აღმოსავლურად ტკბილიო...); ანდა მაო ძე დუნის ლექსი ჩინელ მილიციელ გოგონებზე, აბრეშუმზე რომ უარს ამბობენ, უნიფორმა რომ აცვიათ, ხელში `ვინტოვკები~ რომ უჭირავთ და ასე ლამაზები რომ არიან პარადზე... ისე ამ იდეოლოგიის მიღმა ბებრული გარყვნილი ფანტაზიაც იკითხება, თუმცა კი იგივე მაო მთებზე რომ იწყებს ლექსების წერას (ჰიმალაი, ტიან-შანი...), პოლიტიკაც ავიწყდება და ეროტიული ზრახვებიც, და ნამდვილ სულით ამაღლებულ ჩინელს ემსგავსება!..
აიათოლა ჰომეინის ლექსები ქართველმა მკითხველმა კარგად იცის, ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ თარგმნილი მისი ლექსების კრებულიც კია გამოსული ქართულ ენაზე, და აიათოლა ჰომეინი ამ შემთხვევაში ნაკლებად ცდილობს პოეზია იდეოლოგიურ დანამატად გამოიყენოს. არა, მას აბსოლუტურად სხვა სწრაფვა ამოძრავებს, მას სურს დიდი სპარსული პოეზიის ღირსეული გამგრძელებელი იყოს, დიდი სპარსი პოეტების კოჰორტაში ჩაეწეროს... აი, ერთ-ერთი მისი ლექსი:

მერიქიფევ გაგვიხსენი ღვინის მარნის კარი,
ცრუ ასკეტურ ანა-ბანას უცებ ხელი ჰკარი.

ჩემს სავალ გზას დააფინე შენი ზილფის ჩრდილი,
მიხსენ რჯულის დოგმებისგან, გვედრებ, მუხლზე მდგარი.

თასის წკრიალს ანაცვალე დიდება და ტახტი,
ქვეყნის ოღრო-ჩოღროები, მართალი თუ მცდარი.

მე ყარიბი – ქააბას და ჰიჯაზს მაზიარე,
სატრფოს ახსენ პირბადე და დამიყენე დარი.

ეს ხელადა კვლავ ამივსე მაგ უწმინდეს ღვინით,
სატრფოსაკენ გამალებით ვლახო მთა და ბარი.

სატრფოსაგან განშორებულს და უსასოდ შთენილს
მიწყალობე ეგ ღვინო და გამაცოცხლე მკვდარი.
ერთი სიტყვით, ამ პატარა კალეიდოსკოპიდანაც კი ჩანს, რომ ლექსისმთხზველი პოლიტიკოსი არცთუ იშვიათი მოვლენაა და ღირს იმაზე დაფიქრება, თუ რა აწერინებდა ამ ხალხს ლექსს, ღირს დაფიქრება იმაზე, თუ საერთოდ რა ფენომენს წარმოადგენს მათ მიერ შექმნილი „პოეზია“, ანუ უნდა ვიხმაროთ აქ ბრჭყალები თუ ზოგ შემთხვევაში მაინც მოვხსნათ და მათი ტექსტები რეალურად აღვიქვათ პოეზიის ნაწილად?
თუ ხალხის, საზოგადოების ცნობიერებაზე ვილაპარაკებთ, აღმოსავლურ და ავტორიტარულ სახელმწიფოებში ეს პოეზია ნამდვილად არსებობს და აქტუალურიც კია. თუნდაც საქართველოში: დღემდე პატარა ბიჭებსა და გოგონებს სტალინის ლექსებს აზუთხვინებენ და ოჯახს სტუმარი რომ ეწვევა, დიდი სიამაყით აკითხებენ ხოლმე ბავშვებს ამ ლექსებს მის წინაშე. აი, „მუმლი მუხასაო“ რომ მეფის დაწერილი ტექსტია, ეს კი შეიძლება მათ დიდ ნაწილს არც მოეხსენებოდეს და ცხადია, ვერც ამითი იამაყებენ. დარწმუნებული ვარ, კოლექტიური მეხსიერების არანაკლებ შთამბეჭდავი გამოვლინებებია სადამ ჰუსეინის, აიათოლა ჰომეინის თუ თურქმენბაშის შემოქმედება შესაბამისი ქვეყნების მოსახლეობებისათვის.
რაკი სიტყვამ მოიტანა, ბარემ გავიხსენებ, რომ თურქმენბაშის პოეზიამ რამდენიმე წლის წინ რუსულ ლიტერატურულ სივრცეში დიდი სკანდალი გამოიწვია. კაი დიდი (თუ უზარმაზარი) ჰონორარის ფასად მისი „შედევრები“ ჟურნალ „ზნამიას“ მთავარი რედაქტორის, სერგეი ჩუპრინინის ხელმძღვანელობით რუსულ ენაზე თარგმნეს ცნობილმა პოეტებმა: ბროდსკის ძველმა მეგობარმა ევგენი რეინმა (სხვათაშორის, ძალიან მიყვარს მისი პოეზია, განსაკუთრებით პოემები), მიხეილ სინელნიკოვმა (მას ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი ქართველი პოეტი ყავს თარგმნილი და ამ საქმის უბადლო ოსტატია) და იგორ შკლიარევსკიმ (60-იანელების ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია). როგორც კი ეს იდეოლოგიური სწორხაზოვანი უნიჭობა ამ ნიჭიერი ხალხის მიერ ითარგმნა, მაშინვე გაჩნდა მწარე პასკვილები რუსულ ლიტერატურულ პრესაში. ერთ-ერთი ასეთი მწარე პასკვილის ავტორი იყო ცნობილი პოეტი ტატიანა ბეკი, რომელმაც ცოტა ხანში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. აგორდა ჭორი (ტყუილი, მართალი თუ ასე თუ ისე გაბერილი, ვერ გეტყვით), რომ მისი თვითმკვლელობა გამოიწვია იმან, რომ ამ პასკვილის დაწერის შემდეგ თურქმენბაშის მთარგმნელები ტატიანა ბეკს სახლში ურეკავდნენ, თათხავდნენ, ემუქრებოდნენ და ა. შ. ამან საშინელი რისხვა დაატეხა თავზე რეინს, სინელნიკოვს და შკლიარევსკის. თუ რა კონდიციას მიაღწია ამ ამბის გამო პოეტთა ურთიერთდაპირისპირებამ, მე ეს სამი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე საქართველოში გამართულ რუსულ-ქართულ პოეტურ ფესტივალზე, რომელზეც სინელნიკოვიც იყო მიწვეული (აქვე ვიტყვი, რომ მე იგი 2003 წელს გავიცანი პერედელკინოში და კარგი შთაბეჭდილებაც დამიტოვა). პირველივე დღეს სინელნიკოვის ფესტივალზე გამოჩენამ არეულობა გამოიწვია. პოეტურ ჟურნალ `არიონის~ მთავარი რედაქტორი, ალექსეი ალიოხინი და სინელნიკოვი ფიზიკურადაც კი გაიქაჩნენ ერთმანეთზე. ამ დროს ყველაზე ახლოს მე აღმოვჩნდი და მათ შორის ჩადგომამ და მათმა გაშველებამ მომიწია. ამის მერეც, მთელი ფესტივალის განმავლობაში მონაწილეთა ერთი ფრთა სინელნიკოვს პროტესტის ნიშნად ხმასაც კი არ სცემდა.
რატომ გავიხსენე ახლა მე მთელი ეს ისტორია? იმის საჩვენებლად, დიქტატორის ნამოღვაწარის თითქოსდა ყველაზე უწყინარ გამოვლინებასთან – მის პოეზიასთან – შეხებამაც კი, თუ როგორი კატაკლიზმები შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების არამარტო ფართო ფენებში, არამედ მის კულტურულ, ელიტარულ ნაწილშიც. პოლიტიკოსის მგოსნობა – ეს რაღაც ისეთი ფენომენია, რომელიც, კარგად თუ ჩავუკვირდებით, სულაც არაა არაადეკვატური პოლიტიკოსის სტატუსისა, მისი სიღრმისეული არსისა. ის დემონურობა, რომელიც პოლიტიკოსს საკუთარი პოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად სჭირდება, ის ჰიპერბოლურობითა და მეტაფორულობით ნაკვები ქარიზმატული მონაცემები ორატორობისა, რაც ამ ამბიციების რეალიზაციაში ხშირად ლომის წილს თამაშობს, ანუ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი `პოლიტიკის პოეტიკა~ თავის თავში გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკოსს აქვს პოტენციალი, წეროს ლექსი, ფლობდეს პოეტურ ფორმას, როგორც რაღაც მისეულს. სხვა საკითხია, რომ ეს `რაღაც მისეული~, როგორც წესი, სუროგატია, როგორც სტალინი იყო აკაკის სუროგატი, ბრეჟნევი – მაიაკოვსკის, ანდა რამსფელდი – უილიამ კარლოს უილიამსის თუ ფრენკ ო’ჰარასი. ეს სუროგატობა პოლიტიკოსს ხელს არ უშლის, ის მისთვის ერთ-ერთი შესანიშნავი მასალაა საკუთარი „პოლიტპოეტიკის“ ასაწყობად. ანუ ყოველივე ეს იდეოლოგიის შესათხზველაა საჭირო, რათა ამ შეთხზულ იდეოლოგიას ზემოქმედების მეტი ძალა ჰქონდეს.
თუკი „მგოსანი“ პოლიტიკოსების ქრონოლოგიური ნიშნით დიფერენცირებას მოვახდენთ, არიან ისეთნი, ლექსებით რომ დაიწყეს და პოლიტიკით დაამთავრეს, და არიან ისეთნიც, პოლიტიკოსობის ჟამს რომ გაეხსნათ ლექსის წერის „ნიჭი“. თუმცა კი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამას დიდი მნიშვნელობა არც უნდა ჰქონდეს. ადრე თუ გვიან, ნებისმიერ შემთხვევაში პოეზია საკუთარი პოლიტიკური ენის ფორმირებისთვის და მის დასახვეწად გამოიყენება.
თუმცა ალბათ მოცემული მოდელი აბსოლუტური მაინც არ არის და ზოგ შემთხვევაში შეიძლება უბრალო შემთხვევითობასთან გვქონდეს საქმე, მართლა დროებით გატაცებასთან, ან სულაც ყველაფერი ძალიან ბანალურად აიხსნას და ლექსის წერის სურვილი ბოროტებაში ჩაძირული სულის სასოწარკვეთილ გაბრძოლებად მოინათლოს. მაგრამ ეს ალბათ მაშინ, თუ პოეზია აპოლონურია, ჰარმონიულია, ანგელოზურია... მაგრამ თუ პოეზია დიონისურია? დისჰარმონიულია? დემონურია? „გალაკტიონში არის დემონი, ჩემში კი ალბათ ანგელოზია“. ეს ხომ არაა ახალი აზრი, რომ დიდი პოეზიის შექმნას რაღაც დემონური ან ანგელოზური სჭირდება.
ანუ არსებობს დემონური ძალა, რომელიც თავისი უკეთესი, „პოზიტიური“ ენერგეტიკით პოეზიას ქმნის, ხოლო უარესი, „ნეგატიური“ ენერგეტიკით – დიქტატურულ, ტოტალიტარულ, ავტორიტარულ პოლიტიკას. მაგრამ ორივე დემონური ძალაა და სწორედ ეს აახლოვებს პოლიტიკასა და პოეზიას ერთმანეთთან, ეს აწერინებს პოლიტიკოსებს ლექსებს, ეს რთავს დამღუპველ პოლიტიკურ ინსინუაციებში პოეტებს... ამიტომაა, რომ პოლიტიკოსები ყველაზე მეტად ცდილობენ პოეტები დაიყენონ გვერდით და თუ ეს არ გამოსდით, ყველაზე მეტად მათ ებრძვიან... ამიტომაა, ასეთ ქვეყნებში პოლიტიკოსი და პოეტი რომ არის ყველაზე მაღალი რანგის ტრიბუნი...
დაბოლოს: რითიც დავიწყეთ: იმითი, რომ პოლიტიკოსების პოეზია ეს პოეზიის ის მარგინალური სფეროა, რომელიც მეინსტრიმში ვერასოდეს გადავა. აქ მე ჭეშმარიტი პოეზიის მეინსტრიმი ვიგულისხმე. დიახ, ჭეშმარიტ პოეზიას თავისი ისტორია აქვს და საკუთარი წეს-კანონებით იწერება, ამ პოეზიაში პოლიტიკოსების ეს პოეზია ვერასოდეს შევა, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკის მეინსტრიმში მუდამ იქნება პოეზია, როგორც მისი გამართულად მუშაობის ქმედითი იარაღი...
© kalmasoba.com

თამთა მელაშვილი - “გათვლა”


დავით გაბუნია
როცა პირადი პოლიტიკურია და პირიქით
თამთა მელაშვილი, “გათვლა”, თბ. “დიოგენე”, 2010.
არის ასეთი ცნობილი რუსი ჟურნალისტი, სვეტლანა ალეკსეევიჩი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მთელი რუსეთი მოიარა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქალებთან ინტერვიუები ჩაწერა და სრულიად შესანიშნავი წიგნი გამოსცა: ”ომს ქალური სახე არა აქვს”. წიგნში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ეპიზოდი მოგვითხრობს ფრონტის ხაზზე მყოფი ქალების შესახებ, რომელთაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ წყალი და შესაბამისად, ვერც ჰიგიენურ პროცედურებს იტარებდნენ. ბოლოს გამწარებულმა ქალებმა მდინარეზე ჩასვლა გადაწყვიტეს, მდინარეს კი მტრის რაზმი აკონტროლებდა. მობანავე ქალებს ცეცხლი გაუხსნეს. ცოცხალი მხოლოდ ერთი გადარჩა. გადარჩა და სვეტლანა ალეკსეევიჩს ეს ისტორია უამბო.
გამომცემლობა ”დიოგენემ” 2010 წლის ბოლოს გამოსცა დებიუტანტი ავტორის, თამთა მელაშვილის მცირე რომანი ”გათვლა”. ავტორს ლიტერატურის მოყვარულები იცნობენ სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსებიდან (”წერო”, ”პენ-მარათონი”) და მოთხრობების კრებულებიდან თუ ცალკეული პუბლიკაციებიდან ლიტერატურულ პერიოდიკაში (”15 საუკეთესო” და სხვ.). მისი პირველი წიგნი, ”გათვლა” ომზე მოგვითხრობს, უფრო სწორად, გვიჩვენებს ომს ორი 13 წლის გოგონას თვალით. აქ ვერ ნახავთ საბრძოლო მოქმედებებს, სისხლისღვრას და ა.შ. თუმცა, ბლომადაა ის, რაც ომს შედეგად მოსდევს – დაუმარხავი, გახრწნილი გვამი, რომელიც ”ჩვენიანი არაა” და ამიტომაც არ უნდა დაიმარხოს; უკაცებოდ დარჩენილი სოფელი, სადაც ქალები გამეტებით იბრძვიან თავისა და სხვების გადასარჩენად და ელიან მამების, ძმების, ქმრების ომიდან დაბრუნებას. ხშირად – ამაოდ; მშიერი ჩვილი ბავშვი, რომლისთვისაც ხელოვნურ საკვებს ვეღარ შოულობენ; ნარკობიზნესში ჩართული სამხედროები და ა.შ.
თუმცა, ომი, როგორც ობიექტური, ადამიანებს გარეთ არსებული რეალობა თავისი სტატისტიკით, გეოგრაფიითა და ეკონომიკით, ამ შემთხვევაში ტექსტის მეორე პლანზე ინაცვლებს. ავტორი ერთხელაც კი არ ასახელებს არცერთ გეოგრაფიულ პუნტქს, არცერთ თარიღს, რაც ტექსტს გარკვეულ დროით ჩარჩოში მოაქცევდა და ა.შ. აქ არის მხოლოდ ორი გოგონას შემზარავი თავგადასავალი, მათი ნაადრევი ”ქალური ინიციაცია”. სიუჟეტს ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ სენტიმენტალურ, ცრემლიან თხრობაში გადაიზარდოს, მაგრამ თამთა მელაშვილის წიგნი პარადოქსულად დაცლილია ამგვარი ”მგრძნობელობისგან”. სტილის ერთგვარი სიმშრალე, თავშეკავებულობა, რომელიც ირიბი და პირდაპირი ნათქვამის ორიგინალური რეკომბინაციით იქმნება, ერთდროულად დოკუმენტურობის, აღწერილი მოვლენების ზედმიწევნით ავთენტურობის განცდას ბადებს და თან, თხრობის უჩვეულო ფორმის გამო, წაკითხულისგან დისტანცირების საშუალებასაც იძლევა. მცირე ნაწყვეტი ტექსტიდან:
”კაი, კაი, კვერნაძემ თქვა, დაგიტოვოთ სიგარეტი? მაიტა, მე ვუთხარი. აჰა, კოლოფი მომცა, ისევ ნინცოს შეხედა. ხვალ ხუთზე იქა ვარ. არ იქნები და... ნინცომ უთხრა, რაღაცნაირად გაუღიმა. უხ შენი, იმან თქვა, გაიცინა. მიდი, მიდი, გაიარე, მე ვუთხარი. კაი, იქა ვარ ხუთზე, ისევ ნინცოს უთხრა, თვალი ჩაუკრა. ნინცომ ისევ გაუღიმა. ფუჰ, რა ვირია, მე ვთქვი, თვალს რომ მოეფარა მერე. ნინცოს შევხედე, აღარ იღიმებოდა, ძარღვები ისევ ლურჯად აჯდა შუბლზე.”
გადაჭარბებულ შეფასებად რომ არ ჩამეთვალოს, ლინგვისტური თვალსაზრისით ასეთი საინტერესო მასალა, ალბათ, ბოლო წლის ქართულ ლიტერატურაში იშვიათია. მელაშვილის თხრობა არც დიალექტურ ფორმას ეფუძნება, არც მთლიანად რომელიმე კონკრეტული სლენგია და არც ”სალიტერატურო ქართული”. ეს ნეიტრალური ენა კიდევ ერთხელ იცავს ტექსტს, ჩემი აზრით, არასაჭირო კონკრეტიკისგან და მას უფრო ზოგად ჟღერადობას ანიჭებს. თითქოს სულერთია, სად ან რომელი კონფლიქტის ზონაში იცხოვრებდა ეს ორი ბავშვი, მათი პრობლემები უნივერსალურია და მე ვიტყოდი, უნივერსალურად ქალური. სწორედ ამ უკანასკნელს მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი: თამთა მელაშვილი ათასჯერ ნანახსა და წაკითხულს (რომ არაფერი ვთქვათ, რეალურად განცდილზე) ახლებურად წარმოაჩენს. ტრადიციულად მასკულინიზებული მილიტარისტული დისკურსი აქ მთლიანად ქალებს ეთმობა, უფრო ზუსტად კი, ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ ქალებს. წიგნი გულახდილად მოგვითხრობს პუბერტატის ასაკში მყოფი გოგონების ფანტაზიების და მათი მკაცრ რელობასთან შეჯახებით გამოწვეული ტკივილით სავსე ამბავს და ამ ყველაფერს თითქოს სასხვათაშორისოდ, შიგადაშიგ ”მოჰყვება” ეპიზოდური პერსონაჟების მიერ შემოტანილი ომის ამბები. ყველაფერი კი დანაღმული მინდვრებისა და ცაზე მოგუგუნე სამხედრო თვითმფრინავების ფონზე ხდება, როცა ყოველ წუთს ელოდები ტრაგიკულ დასასრულს, მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება. სწორედ ეს არის თამთა მელაშვილის წიგნის ერთ-ერთი მთავარი ღირსება: ომი გამუდმებით გახსენებს თავს ტექსტში, არის და თან – არ არის, მთავარი კი ორი პერსონაჟის პირადი ცხოვრება, მათი განცდები, გრძნობებია. თითქოს ავტორი ამით მეორე ტალღის ფემინიზმის ცნობილ დევიზს ეხმიანება – ”პირადი პოლიტიკურია”. იმ განსხვავებით, რომ აქ პირიქითაა – პოლიტიკური, საჯარო, ხდება პირადი და იმდენად, რომ მათი გაცალკევება შეუძლებელიცაა. ომის კატასტროფულობა პროეცირდება ორი პერსონაჟის ბედზე, ამ პატარა, მაგრამ ცხოვრებაში უკვე შეუფერებლად გამოცდილი გოგონას ბედი უზარმაზარ ტრაგედიას აირეკლავს. ეს კი ყოველგვარი ძალდატანების, სტილისტური პრანჭვებისა და სენტიმენტალიზმის გარეშე ხდება. წიგნის განსაკუთრებულობა ამაშიც მდგომარეობს: მისი სუბიექტები ქალები არიან, თავად გვიყვებიან ამბავს, მათი თვალით ვხედავთ ყველაფერს. ამბის უჩვეულობას თუ ეფექტურობას, ალბათ, ესეც განაპირობებს: განა ბევრი წიგნი წაგიკითხავთ ქართულ ენაზე და კონკრეტულად, ბოლო წლებში დაწერილი, რომელიც ომის მსხვერპლ ქალებზე გიამბობთ რამეს? ეს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი კი ერთბაშად გვიხელს თვალს: დიახ, მათი პირადი გამოცდილება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო მოქმედებების დეტალები; პირველი მენსტრუაცია, მკერდის ზომის გამო წუხილი, სექსუალური მომწიფების მტკივნეული ეტაპები... ეს ყველაფერი უჩვეულო პირდაპირობით, სითამამით და რაც მთავარია, ყოველგვარი სიყალბის გარეშე ერწყმის ორი მთავარი პერსონაჟის მიერ მოთხრობილ ამბებს. სწორედ ამიტომ არის ამ წიგნში დანახული ომი ერთდროულად ასეთი ადამიანური და სასტიკი. შეიძლება ითქვას, ”ომს ქალური სახე არა აქვს”.
დასაწყისში ნახსენები სვეტლანა ალეკსეევიჩი ისევ მინდა მოვიხმო – თუკი მისი უდიდესი დამსახურება წარმოუდგენლად მძიმე შრომა, ძალიან ვრცელი დოკუმენტური მასალის შეგროვება და გადამუშავებაა, თამთა მელაშვილი იმავე ეფექტს მცირე მოცულობის მხატვრული ტექსტით აღწევს. წიგნის კითხვისას ერთხელაც არ გიჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი ამბავი არ არის და ავტორმა უშუალოდ პერსონაჟის პროტოტიპისგან არ მოისმინა. მელაშვილი დებიუტანტი ავტორისთვის ერთობ მოულოდნელ გულწრფელობის ხარისხს აღწევს. და ეს ეფექტი იმდენად უჩვეულოდ ძლიერია, რომ ტექსტის სტრუქტურულ თუ სხვა ნაკლოვანებებზე ფიქრის დროს აღარ გიტოვებს.
როგორი გამოხმაურებაც არ უნდა მოჰყვეს ამ წიგნს, ერთი რამ უდავოა – ”გათვლა” არის ახალი ავტორის დაბადება ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში, შეიძლება ითქვას, ახალი, თვითმყოფადი ხმის, რომელიც შემზარავი რეალობის უზუსტეს და ძალიან ლაკონური პროზის ჩარჩოებში მოქცევას წარმატებით ახერხებს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

მალხაზ ხარბედია - უცნობი წიგნები ქართველებისთვის და უცხოელებისთვის



“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გიგი თევზაძის უცნაური წიგნი გამოსცა, სახელწოდებით “უცნობი წიგნები”, სადაც არარსებულ წიგნებზე დაწერილი რეცენზიებია შესული.

ჩვენ, შეიძლება ითქვას, რეზიუმირების ეპოქაში ვცხოვრობთ. დღესდღეობით ყოველი წიგნი, სტატია და ლექსიც კი რეზიუმირდება. რეზიუმირდება პოლიტიკოსების გამოსვლები. მაგალითად ქართულ სატელევიზიო მედიას და ბევრ საინფორმაციო სააგენტოს თავი იმით გააქვს, რომ ამათუიმ პოლიტიკოსის გამოსვლების რეზიუმირებას ახდენს. ანუ მოვლენის ანალიზის ნაცვლად სიტყვების რეზიუმირებაზეა ორიენტირებული, უკვე ინტერპრეტირებული ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემა ურჩევნია კვლევას.
ამგვარი ტოტალური რეზიუმეების დროში გიგი თევზაძის ეს წიგნი პაროდიული მნიშვნელობით ივსება, რადგან ესაა არარსებულ წიგნებზე დაწერილი რეცენზიების, ამ წიგნების მოკლე შინაარსების, გნებავთ რეზიუმეების კრებული, სადაც ავტორი თავადაც ერთობა და მკითხველსაც ახალისებს.
დღეს ყველაფერი გამარტივდა, ბევრის აზრით, მწერლებმა სტერილური ენით წერა დაიწყეს, რათა, ერთი მხრივ, მეტი მკითხველი მოიპოვონ და მეორე - უფრო ადვილად სათარგმნელნი გახდნენ. ისინი ხშირ შემთხვევაში ინტერნაციონალური ალუზიებით ავსებენ ხოლმე თავიანთ ნაწერს, რადგან კერძო შემთხვევები ბევრისთვის უცხოა და დისკომფორტს უქმნის რიგით მკითხველს. გიგი თევზაძის წიგნი ამის პაროდირებასაც ახდენს, გამოცემა ორი ტყუპი წიგნისგან შედგება, თითქმის იდენტური ტექსტებით, რომელთაგან ერთი უცხოელებისთვისაა, მეორე კი ქართველებისთვისა დააწერილი. გიგი თევზაძეს თავიდან სრულიად იდენტური ორი წიგნი სურდა გამოეცა:
“თავიდან მინდოდა, რომ ყოფილიყო აბსოლუტურად იდენტური ორი წიგნი და მხოლოდ ავტორების გვარები ყოფილიყო შეცვლილი. მერე, როცა გამომცემელთან, ანუ ბაკურთან დავიწყე ლაპარაკი, თანდათან მოვიდა იდეა, რომ პრინციპში უნდა განსხვავდებოდეს, იმიტომ, რომ ეს მკითხველები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც უცხო და გარე, რომ გამოვიყენოთ კლასიკური XX საუკუნის თეორიული განსხვავება ნაცნობსა და უცნობს, ანუ უცხოსა და ახლობელს შორის. ამიტომ, ეს წიგნები განსხვავდებიან ისე, როგორი წარმოდგენაც მე მაქვს უცხოელ მკითხველზე, იმიტომ, რომ ვკითხულობ სხვა ქვეყნებისა და სხვა ეროვნების ავტორების ლიტერატურას და ვიცნობ ასევე ქართველ მკითხველს, ანუ ამავე დროს ქართველი მკითხველიც ვარ”.
ეს წიგნი წიგნებიდან იშვა, იგი ლიტერატურული თამაშია, მისტიფიკაცია, ლიტერატურისა და კრიტიკის ალტერნატიული ისტორიის ნაწილი, ამიტომ მისი წინაპრები წარსულის ლიტერატურაში უნდა ვეძებოთ. თავად გიგი თევზაძის სიტყვით, წიგნი რამდენიმე ბრიტანელი და სამხრეთ-ამერიკელი მწერლის გავლენითაა დაწერილი, პირველ რიგში ესაა გილბერტ კიტ ჩესტერტონი, ხოლო სამხრეთ ამერიკაში, რა თქმა უნდა ხორხე ლუის ბორხესი და ადოლფო ბიოი კასარესი:
“იმპულსი ორია, ერთი, რომ დარწმუნებული ვარ, ლიტერატურა უნდა ყვებოდეს ამბებს, და ვერანაირი ცნობიერების ნაკადი და ახალი ტალღები ვერ გადამარწმუნებს ამაში და მეორე – ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისტორიები და ამბები, რომელიც მინდოდა რომ წამეკითხა. დაწერაც მინდოდა, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ეს შეუძლებელია, ამ ტექსტებს ვერ დავწერ და პრინციპში ვერც წავიკითხავ, იმიტომ, რომ არსად არ მინახავს ეს ამბები და ეს ისტორიები”.
ეს ჟანრი ახალი არაა, გამოგონილ წიგნებზე აქამდეც ბევრს დაუწერია, უბრალოდ ავტორი ფიქრობს, რომ დღევანდელ დღეს ამ ჟანრის მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ ასე შეიძლება ყველამ წეროს, მთავარია წერა იცოდეს და ამბავი ჰქონდეს მოსაყოლი. ანუ ეს იქნება ლიტერატურა როგორც თვითგამოხატვის ხერხი, რომელიც არ არის ექსკლუზიური:
“ეს არის ის ჟანრი, რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი ახალი იდეა და ხატი წარმოშვას, ლიტერატურა კი პირველ რიგში სწორედ წარმოდგენებია, წარმოსახვების სამყარო და ეს იძლევა საშუალებას, რომ ის წარმოდგენები, რომელიც არ მოსდის თავში პროფესიონალ მწერალს – მე ავტორი ვარ და არა მწერალი – გახდეს საყოველთაო. მოხდეს ამ იდეების სახალხოდ ქცევა, რომ საზოგადოებისთვის მისაწვდომი გახდეს. ამასწინათ წავიკითხე, კითხვა იყო დასმული, რა არის “TED”-ი? “TED” არის ადგილი, რომელიც უწყობს ხელს იდეების სექსს, ჰოდა იდეების სექსი მნიშვნელოვანია, ეს არის საშუალება, რითაც იდეების სექსი გახდება უფრო მრავალფეროვანი”.
წიგნში ერთ-ერთი გამოგონილი ავტორის ერთ დებულებას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომელშიც რამდენიმე რეალური ავტორის აზრებია თავმოყრილი და რომლის თანახმადაც სამყაროში სულ უფრო და უფრო ჩნდება ტექსტურობის ნიშნები და საბოლოო ჯამში “სამყარო ტექსტად ქცევა”, მეტაფორად, “რაც ნიშნავს რეალობის ქრონოლოგიური განვითარების ფორმიდან სიუჟეტური განვითარების ფორმაზე გადასვლას”.
წიგნი სავსეა ალუზიებით, ციტატებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ალუზიები ყველგან ძალზე ღიაა, გახსნილია, დემოკრატიულია. მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ ოთარ შამათავას New Grave World-ის მიღმა ოლდოს ჰაქსლი Brave New World დგას (ქართველებისთვის დაწერილ რეცენზიაში ამ წიგნის ავტორი სხვაა, ვინმე მილოშ არმიჩი), კოტე მარგველაშვილის წიგნს “ექსისტენციის დრო და სიუჟეტური სივრცე” რა თქმა უნდა, გივი მარგველაშვილის “სიუჟეტური დრო და ექსისტენციის დრო” უმაგრებს ზურგს. არგენტინელი კრიტიკოსის, ირანდო გარსია ლუსიენდეს სტატიით, Signs of Future ავტორმა 90-იან წლებში გამოცემული თავისი წიგნი, “მომავლის ნიშნები” შემოგვაპარა. ერთი წიგნის სიუჟეტი პოლ ოსტერის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმის, Smoke-ის ერთი ეპიზოდის გაშლა და ინტერპრეტაციაა. გაერთობით არარსებული ქართული გამომცემლობების სახელებზეც: “მერან-მეცნიერი”, “სამყაროს დასასრულის გამომცემლობა”, “სამი სახარების გამომცემლობა”, “გამომცემლობა საღი აზრი” და სხვ.
მოთხრობილ ისტორიებში ბევრ სახალისო და დამაფიქრებელ ამბავს ამოიკითხავთ. მაგალითად, ერთი მეფის განსაკურნავად სასახლის ჯადოქრები ლაკანის გამოძახებას აპირებენ, მაგრამ საბოლოოდ სლავოი ჟიჟეკს იძახებენ და ფსიქოანალიზის სეანსი კატასტროფით მთავრდება. სხვაგან აღმოჩნდება, რომ თბილისი-ბათუმის ღამის მატარებელში წიგნის მაღაზია ფუნქციონირებს, სადაც ფუკოს წიგნებსაც იპოვის კაცი. აქ გაეცნობით კონსტანტინე თავაძის თეორიას, რომელმაც კათარზისის შესაბამისი, საპირისპირო კონოტაციის მატარებელი სიტყვა შემოიტანა - ენესტოტასი. უცნაურია “ვეფხისტყაოსანის” გენიალობის ნიკოლოზ მარაძისეული ახსნა, რომელიც მის წიგნშია შესული - “ვეფხისტყაოსნის ნამდვილი ამბავი”.
აქ ზოგიერთ რეცენზიას ფარული შიდა კავშირებიც აქვს, პერსონაჟი ან ავტორი რეცენზიიდან რეცენზიაში გადადის, შესაბამისად წიგნში ჰიპერტექსტის ჩანასახებსაც ვხედავთ, რაც შემთხვევითი არ უნდა ამ ჟანრის ნაწარმოებისთვის.
ერთი სიტყვით, გიგი თევზაძის ამ წიგნში ზოგმა შეიძლება ჭკუის სავარჯიშო ნახოს, სხვებმა მსუბუქი გასართობი, ვიღაცამ კი მწვავე საპოლემიკო იდეებიც ამოიკითხოს.

© radiotavisupleba.ge

მალხაზ ხარბედია – ხოსე ლესამა-ლიმა – 100


ესრულდა 100 წელი დიდი კუბელი პოეტის, ხოსე ლესამა-ლიმას დაბადებიდან
საქართველოში სამხრეთ-ამერიკული ლიტერატურა ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენთან გაბმით კითხულობდნენ და ხანდახან თარგმნიდნენ კიდევაც მარკესს, კარპენტიერს, ფუენტესს, მარიო ვარგას ლიოსას, ხულიო კორტასარს, მოგვიანებით კი ხუან რულფოს, ბორხესსა და კასარესსაც. ლათინოამერიკულ პროზას ჩვენში ყოველთვის ჰყავდა მოყვარული და დამფასებელი, მაგრამ აი ლათინოამერიკულ პოეზიას კი ამ თვალსაზრისით არ გაუმართლა. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ საქართველოში ცუდად იცნობენ ხოსე მარტის, რუბენ დარიოს, პაბლო ნერუდას, ოქტავიო პასისა და სხვათა შემოქმედებას, არადა სამხრეთ-ამერიკული პოეზია პროზაზე არანაკლებ ღრმა და მრავალფეროვანი მოვლენაა და ზემოთჩამოთვლილი პოეტები თამამად შეგვიძლია დავაყენოთ XIX-XX საუკუნეების დიდი ევროპელი და ამერიკელი პოეტების გვერდით. დღევანდელი ჩემი გადაცემა სწორედ ერთ-ერთ ასეთ ავტორს შეეხება, XX საუკუნის დიდ კუბელ პოეტს, ხოსე ლესამა-ლიმას.
იგი 1910 წლის 19 დეკემბერს დაიბადა. 1937 წელს 27 წლის ახალგაზრდა პოეტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა - ჰავანაში ჩამოსულმა დიდმა ესპანელმა პოეტმა, ხუან რამონ ხიმენესმა პოეტური საღამო მოაწყო და ანთოლოგიაც გამოსცა: “კუბური პოეზია 1936 წელს”. გახსოვთ ალბათ, ამ წლებში ესპანეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, კუბაზე კი ესპანეთის უდიდესი პოეტი 60-ზე მეტი პოეტის ლექსებისგან შემდგარ ანთოლოგიას ადგენდა. წიგნში ლესამა-ლიმას ლექსებიც შევიდა, ახალგაზრდა პოეტისა, ვინც ხიმენესის მიერ გამართულ საღამოზეც დაამახსოვრა მსმენელებს თავი.
იმავე 1937 წელს დაიწყო ხოსე ლესამა-ლიმამ თავისი პირველი ჟურნალის გამოცემაც, ანუ იგი მოეკიდა საქმეს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა: ათწლეულების მანძილზე მან კიდევ არაერთ პერიოდულ გამოცემას ჩაუყარა საფუძველი, რომლებმაც კუბური ლიტერატურის ბედი განსაზღვრეს. პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჟურნალი “ორიხენეს” (ფესვები) უნდა ავღნიშნოთ, რომელიც თორმეტი წლის განმავლობაში გამოდიოდა და რომლის გარშემოც ჩამოყალიბდა ამავე სახელწოდების ლიტერატურული ჯგუფი.
რა თქმა უნდა, ლესამა-ლიმა პირველ რიგში პოეტია და მხოლოდ შემდეგ - პროზაიკოსი. პროზას ვუწოდებ მის ესეებსაც, ძალიან ღრმა, რთულ, ბაროკოს სტილიზაციებით გაჯერებულ Ars Poetica-ების ნაკრებს, ერთი შეხედვით საპროგრამო სათაურებით, რომლის ფსკერზეც სახეების, მეტაფორების, რემინისცენციებისა და მოგონებების მთელი შრეებია დალექილი.
შემთხვევითი არაა, რომ მსოფლიო დიდება მას პროზაულმა ნაწარმოებმა მოუტანა, საკმაოდ გვიან, 1966 წელს, როდესაც მისი გიგანტური რომანი, “სამოთხე” გამოვიდა. პოეტი მთელი ცხოვრება ემზადებოდა თავისი ამ Opus Magnum-ისთვის. რომანი მაშინათვე აიტაცეს თანამედროვეებმა, ფრანგმა პოსტსტრუქტურალისტებმა და დეკონსტრუქტივისტებმა იგი ძალიან დააფასეს. კუბური გამოცემის შემდეგ ერთდროულად გამოვიდა წიგნი მექსიკაში, არგენტინასა და პერუში, მალევე გამოიცა რომანი საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისში, აშშ-ში, ესპანეთსა და გერმანიაში. მაშინ ამ რომანზე ბევრი წერდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია აფრო-ჩინური წარმოშობის კუბელი ფრანგულენოვანი მწერალის, სევერო სარდუის შესანიშნავი ესე, სადაც იგი იმ მწერლებსაც ჩამოთვლის, რომელთაც ლესამა-ლიმას “სამოთხეში” შემოაღწიეს სხვადასხვა გზით: სერვანტესი და გარსილასო, კალდერონი და კოლუმბის დღიურები, ხოსე მარტი და წმ. ტერეზა, კევედო და გონგორა, მალარმე და პოლ ვალერი, სენ-ჟონ პერსი და კლოდელი, რილკე და მარკიზ დე სადი, ჟან ჟენე და ჟიულ ვერნი.
თითქოს წარმოუდგენელია ასეთი სინთეზი, ამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული დისკურსის შერწყმა და სწორედ ამ დროს საქმეში თავად კუბა ერთვება, ქვეყანა, რომელზეც ძალიან ბევრს წერდა ლესამა-ლიმა და ხშირად ლათინოამერიკული კულტურის სახედ წარმოიდგენდა მას. სევერო სარდუიმ ლესამა-ლიმას პროზაზე და ესეებზე დაყრდნობით თქვა: “კუბა სინთეზი არაა და არც სინკრეტული კულტურა, იგი შრეებისგან შედგება.”
ლათინურ ამერიკის კულტურას ლესამა-ლიმამ “ამერიკული გნოსტიკური სივრცე” უწოდა, კულტურული გარემო, რომელიც უკიდურესად ანტიდოგმატურია, ღიაა, გახსნილი სხვა კულტურების მიმართ, მრავალსახოვანი. ამიტომაც იყო, რომ მაგალითად, XVI-XVIII საუკუნეების კუბის კულტურული ისტორიის აღსადგენად იგი ფანტაზიას მოუხმობდა და ისტორიას პოეზიასთან აქორწინებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება გამოცემებს რედაქტორობდა და მუდამ კოლეგებთან ჰქონდა ურთიერთობა, იგი უაღრესად მარტოსული ადამიანი იყო. ერთ თავის ინტერვიუში ლესამა-ლიმა წერდა: “მე მარტოსული ადამიანი ვიყავი, და ამავდროულად ფანატიკურად ერთგული დიალოგის ხელოვნებისადმი. მე მწამს ურთიერთზიარი სუბსტანციისა, თუმცა მაინც ვერ დავთმობ მარტოობას. მჯერა ჭეშმარიტებისა და ქორალის, მაგრამ ბოლომდე მარტოსულად დავრჩები...”.
ასეთ მარტოობაში მან მთელი მსოფლიო გაითავისა, მისი ნაწერები სავსეა ალუზიებით, რემინისცენციებით, კულტურული დეტალებით, მან, შეიძლება ითქვას, კუბიდან გაუსვლელად მოიარა ქვეყნიერება, ეზიარა უზარმაზარ მემკვიდრეობას, რომელიც შემდეგ მთელს მის შემოქმედებაში გაიფანტა.
მარიო ვარგას ლიოსა წერდა თავის დროზე ჟურნალ “სიემპრეში”: “ძნელია იმის წარმოდგენაც კი, რომ ეს არაჩვეულებრივად კეთილმა და იშვიათი ცოდნის მატარებელმა ადამიანმა, შესანიშნავმა თანამოსაუბრემ – სანამ ასთმა მას საბოლოოდ არ წაართმევდა ხმას – საოცრად მხიარულმა და ხელგაშლილმა, მსოფლიო ლიტერატურისა და ისტორიის ბრწყინვალე მცოდნემ, ერთნაირი სიამოვნებითა და გატაცებით რომ საუბრობდა ბრეტონულ დესერტებზე, ვიქტორიანული ეპოქის ქალთა მოდაზე თუ ვენის არქიტექტურაზე, ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ დატოვა მშობლიური კუბა. ერთხელ, როცა მექსიკაში გაემგზავრა და მეორედ იამაიკაში (მისი ერთ-ერთი უმშვენიერესი ლექსი “რათა მივაღწიო მონტეგო-ბეიმდე” იამაიკაში მოგზაურობას აღწერს როგორც მითოლოგიურ გმირობას, რომელიც ზებუნებრიობითა და დიდებულებით არაფრით ჩამოუვარდება ოდისევსის ითაკაზე დაბრუნებას)”.
მას განსაკუთრებით ესპანური ბაროკო უყვარდა, კევედოს და გონგორას სახელებს ყოველ მის წერილში შეხვდებით და ლათინურამერიკული კულტურის დახასიათებისასაც მათ სახელებს მიმართავდა. ესეში “საკუთარი ენის პოვნა” მან სამხრეთ ამერიკის ლიტერატურული ნადიმი აღწერა, სადაც ყველაფერია თავმოყრილი, ევროპული პურიდან – აზიურ ყავამდე და სადაც მთელს ამ მრავალფეროვნებას ლათინოამერიკული თამბაქოს დახვეული ფურცლით აგვირგვინებს და სრულყოფილებამდე აჰყავს იგი:
“ევროპული ნადიმის დახვეწილობაში ლათინოამერიკელს სულ სხვა ნოტი შემოაქვს – ბუნების დახვეწილობა. იგი ნადიმს ბუნების გემოთი აგვირგვინებს, გვახსენებს კაცობრიობის პირველ ნაბიჯებს, მანამ, სანამ ცეცხლი სახეს იცვლიდა. ესაა ბუნების გემო, რომელიც კვამლს იმორჩილებს, რათა ამ სამსხვერპლო ძღვენით ხოტბა და არომატი აღავლინოს“.
© radiotavisupleba.ge

საუბრები ლიტერატურაზე - დიანა ანფიმიადი


თეონა დოლენჯაშვილი
პოეტური ენა ცოტათი მაკდონალდსის ჰამბურგერებს დაემსგავსა

- ერთგან წერდი იმაზე თუ როგორია შენი ენობრივი დღის განრიგი, რომ ენობრივი მოვლენები, ადამიანთა ფსიქოსოციალური ქცევა და ლიტერატურული პროცესები პარალელურად ვითარდება. როგორია შენი აზრით დღეს ეს მოვლენები და პროცესები? - ობიექტური მოვლენების შეფასებისასაც ძალიან სუბიექტური ვარ ხოლმე, უნდა ვაღიარო, ამიტომ დაახლოებით ასე გამოიყურება ჩემთვის ყველაფერი, ქაოტური, სპონტანური, ამორფული და ხშირად არალოგიკურიც კი :
“ვთქვი " გამარჯობა"
საყელური მოვარგე ყელზე,
ჯაჭვი შევაბი,
მწევარივით სუნზე დავგეშე.
დავიცდი,
ამ ჩემს " გამარჯობას" ვინმეს მივუქსევ,
რომ გაიმეტოს გალოკილი ძვალივით სიტყვა -
" გაგიმარჯოს".
რადგან სიტყვები მრავლდებიან როგორც ბოცვრები.
ყველა ბაგიდან
ბუნაგიდან
ყველა სოროდან
ბრმა და სლიპინა სიტყვა მოძვრება:
- რას შვრები
- კარგად
- როგორ ხარ
- არაფერს.
დღეს მისალმება კეთრზე უფრო გადამდებია
და ამ ფორმულებს
წვეთოვანს და ვირუს - ბაცილებს
შენი ყველაზე საყვარელი მაისურიდან
ვერანაირი სუპერფხვნილი ვეღარ აცილებს.
ვთქვი " გამარჯობა"
"გამარჯობა" ქალაქში დაძრწის
რომ გამარჯობა სახადივით ყველას გადასდოს,
კბილები ენას გვისერავენ -
რადგან ყოველთვის " ისე რა" ვართ.
"კარგად" - არასდროს.

– ყველაზე პუბლიცისტური ლექსია, რაც დამიწერია, დიდად არ მომწონს, როგორც ის გარემო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ – ამ ლექსივით მეტისმეტად პუბლიცისტური।
- რაც შეეხება პოეტურ რიტუალებს, გაქვს რამე მსგავსი? როგორ იწერება შენი ლექსები. რა გიყვარს ყველაზე მეტად ამ პროცესის დროს? რა უფრო გემრიელია შენს პოეტურ სამზარეულოში - მზადება თუ დაგემოვნება?
- რიტუალები ყველაფერში მაქვს, პოეზიის გარდა. დილის, ჩაის, მეგობრების, კითხვის, კერძის, ქმრის, სარკის, და რა ვიცი, ათასი რიტუალი. ლექსი კი ძალიან ჩვეულებრივად, ხშირად შემთხვევით, სრულიად ბანალურ ან თუნდაც რუტინულ გარემოში იწერება, ოღონდ ერთი ესაა, რომ რაღაცნაირად ლექსები თვითონ ირჩევენ, როდემდე მაწვალონ და არ დამთავრდნენ, შეიძლება ერთ დღეს ეწვალო , ეწვალო და ვერ დასვა წერტილი, მეორე დღეს კიდევ თავისით დამთავრდეს. ადრე ლექსის დაწყება მიჭირდა, ახლა დამთავრებას ვერ ვახერხებ, რომ ვფიქრობ, რისი ბრალია, ალბათ, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპმა – ოჯახის, შვილის, სიყვარულის პერიოდმა – უფრო სპონტანური და დაუმთავრებელი გამხადა.
მთავარი რიტუალი სიტყვების შერჩევაა, მერე დაწერილს ვკითხულობ, აუდიოვერსიას ვაკეთებ და ვისმენ ხოლმე, ლაფსუსებს ასე უფრო ვიჭერ. ძალიან მნიშვნელოვანია ბგერების მუსიკა ჩემთვის, ზოგჯერ შემთხვევითი მუსიკა. ხშირად ვამბობ ხოლმე, ზოგიერთი ორი სიტყვა ერთად – უკვე პოეზიაა, ზოგიერთ ორს კიდევ ერთმანეთის გვერდით ვერაფრით დააყენებ, მაგნიტის პლიუს და მინუს მხარის მსგავსად, ზუსტად ეს არის მაგია, სიტყვების ურთიერთკავშირების მაგია.
- რადგან სამზარეულოზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია შენი საოცრად პოეტური კულინარულ წერილები არ გავიხსენო. რა საერთო აქვს ლექსის წერის და კერძის მზადების პროცესს? შეგიძლია ერთი რომელიმე ლექსის და კერძის რეცეპტი დაგვიწერო?
- საერთო ბევრი აქვს: თუ გემრიელი საჭმელი არ გაგისინჯავს, ვერასდროს მოამზადებ გემრიელად, თუ კარგი მკითხველი არ ხარ, მნიშვნელოვანს ვერაფერს დაწერ, თუ მოცემულ რეცეპტს ზუსტად მიჰყევი, ვერაფერს ახალს და შენებურს ვერ მოამზადებ, პოეზიაშიც ასეა – წესები უნდა დაარღვიო. სანელებლების და სიტყვების თვალის ზომით ჩაყრას, კერძის და ლექსის გასინჯვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ ვალის მოსახდელად, ძალით და შთაგონების გარეშე მზარეულობ, საჭმელი მხოლოდ შიმშილის მოსაკლავი საშუალება იქნება, თუ გაბედულება გაკლია, თუ არ გარისკე – კულინარიული ექსპერიმენტი, ისევე როგორც პოეტური, ჩაგივარდება, როცა გიყვარს, კერძი გაცილებით გემრიელი გამოდის და კიდევ კულინარიას – გემრიელი ხელი სჭირდება, ინტუიცია, გემოების ზუსტი ცოდნა – ლექსსაც ეს უნდა, მეტი არაფერი. გურმანი უნდა იყო, ეს აუცილებელია.
რეცეპტი? აიღეთ რამდენიმე სახის ბოსტნეული, ფერადი, სურნელოვანი, გემრიელი - დააწყვეთ მაგიდაზე, დიდხანს უყურეთ და რაც თავში პირველად მოგივიდეთ, ის კერძი დაამზადეთ. ზუსტად ასევე დაწერეთ ლექსი. :)
- ასევე წერდი თანამედროვე ენის ეკონომიურობასა და ეგრეთ წოდებულ “სიცილაკთა” სემოიტიკაზე. რა მოსდის დღეს პოეტურ ენას? პოეტს? ისიც ამ ვირტუალურ და გამარტივებულ ენობრივ წესებს უნდა დაემორჩილოს?
- პირადად მე, სიტყვებზე, მუსიკაზე, ფერებზე, სანელებლებზე, შაქარსა და მარილზე ეკონომიას ვერასდროს გავაკეთებ, ამას მირჩევნია ელექტროენერგია ჩამიჭრან და ინტერნეტი გამითიშონ, მართლა . ვერბალურად – შემიძლია სულ ამოვიკერო პირი, ისეთი სიტყვაძუნწი გავხდე, წერის დროს – ვერაფრით, ვერანაირად, ვერავითარ შემთხვევაში. ამიტომ ყველა პოეტს თავისი არჩევანი აქვს, ან დაემორჩილოს მოცემულ ენობრივ წესებს ან თვითონ დაადგინოს წესები, რომელსაც მერე თვითონ დაარღვევს და ასე უსასრულოდ. ამიტომ არის ლიტერატურა თამაში, ზოგჯერ უსარგებლო, მაგრამ საშინლად აზარტული.
პოეტური ენა ცოტათი მაკდონალდსის ჰამბურგერებს დაემსგავსა, რომელისგანაც ზუსტად იცი რას მოელი და რას მიიღებ. მე კიდევ არ მიყვარს ნახევარფაბრიკატები.
-“ენა ქიმიაა, საიდანაც შეგვიძლია მივიღოთ ადამიანებისთვის სასიცოცხლო, ან პირიქით მომაკვდინებელი ნივთიერებები”. თუკი არსებობს სასიცოცხლო და მომაკვდინებელი სიტყვები, არსებობს ასეთი პოეზიაც და ლიტერატურაც..
-არსებობს, ნამდვილად, მეტიც, როგორც ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ყველა ხეს და წყაროს თავისი ღმერთი ჰყავს, ასევე ყველანაირ ტექსტს, თავისი უნიკალური დანიშნულება აკისრია. მხოლოდ სიტყვათა კიარა, ბგერათკომპლექსებსაც შეუძლიათ ადამიანი მოკლან ან გააცოცხლონ, არამხოლოდ ადამიანი – ეტყვი ქათამს – აქშა – და გარბის, ეტყვი კატას – ბრის – და მაშინვე გაუჩინარდება, ტექსტებს აქვთ ასეთი საოცარი უნარი. ვერაფრით დავბრუნდები ზოგიერთ ლექსთან და ავტორთან, იქიდან ისე თავპირისმტვრევით და უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
- პირველი წიგნი “შოკოლადი” და მეორე – “კონსპექტური მითოლოგია” რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის?
-მსგავსება მხოლოდ ავტორია, ანუ ყდაზე დაწერილი ჩემი სახელი და გვარი, ისე კი , როგორც დაწერის პერიოდი, ისე სტილისტიკა, სრულიად განსხვავებული აქვს. “ შოკოლადი” პირველი წიგნია, ამიტომ იქ სრულიად ქაოტურად შეტანილია დაახლოებით 10 წლის მანძილზე დაწერილი სხვადასხვანაირი, სხვადასხვა პერიოდის , სხვადასხვა სტილისტიკის ლექსები, სადებიუტო წიგნია, როცა მაქსიმალურად გინდა საკუთარი თავი გააცნო მკითხველს, პირველი პაემანივითაა, როცა ძალიან გინდა თავი მოაწონო სრულიად უცნობ ადამიანს, მეორე წიგნი კიდევ სხვანაირია, უკვე რომ იცი ვისთან მიდიხარ და შესაბამისად იმოსები, ისე.
“ კონსპექტური მითოლოგია” კონცეპტუალური კრებულია, ცალ-ცალკე ლექსებისაგან შემდგარი ერთიანობა, ერთი ამბავი, ერთი სათქმელი – ჩემი პირადი მითოლოგია. ზუსტად ერთ წელში დაიწერა და კრებულში ლექსების მიმდევრობაც კი მნიშვნელოვანია წიგნის გაგებისათვის.
- შენი პოეტურ-მითოლოგიურ სივრცე ძალიან გახსნილი და თავისუფალია, მაგრამ მაგრამ ალბათ მნიშვნელოვაანია ეს ფესვებიც, საიდანაც გაჩნდა სრულიად ახალი სახეები - “ანტიგონე”, “არიადნე”, “დანაე”, “ევრიდიკე”. რომ არ არსებულიყო ბერძნული მითოლოგია, როგორი იქნებოდა დიანა ანფიმიადის პოეზია?
-ძალიან მოკლედ შემიძლია ვთქვა, ვერაფრით წარმომიდგენია როგორი იქნებოდა ან იქნებოდა კი? ალბათ უფრო არა. ისევე როგორც სხვა მშობლების შვილად ჩემი თავი ვერაფრით წარმოვიდგინე, რამდენჯერაც ვცადე.
- რა ხდება შენს ახალ ლექსებში? გრძელდება ამ გზაზე სიარული, ეს მიმართულება? შეგიძლია დაგვიწერო ლექსი ან პატარა ფრაგმენტი რომელიმე ახალი ლექსიდან..
-ადრე ბევრს ვწერდი და ცოტას ვცხოვრობდი, ახლა ბევრს ვცხოვრობ და ცოტას ვწერ, თანდათან ალბათ ამ ყველაფრის დაბალანსებასაც ვისწავლი। მეც ბევრს ველოდები ამ ეტაპისგან – უამრავი ახალი ემოცია და სათქმელი მაქვს, ხოდა ჩემი შვილის ჭამასა და ძილს და ძილსა და ჭამას შორის, ძალიან ვცდილობ ამ ყველაფრის დაწერაც მოვახერხო. მითოლოგია ზუსტად ვიცი რომ დასრულდა, იცი რა ეტაპი მაქვს? პოლითეიზმიდან მონოთეიზმისკენ გადასვლის, ხოდა ვნახოთ.


დედის ლოცვა


პირში წყალი რომ ჩავიგუბო
მუცელში წყალი ჩაგუბდება?
იქ ოქროს თევზი, ოქროს ფარფლებით იცურებს?
ვწყვეტ ხმას, რომელიც აღარა მაქვს
ვწყვეტ ლექსს, რომელსაც ვეღარ დავწერ
ვწყვეტ რძეს, რომელსაც მკვახე მკერდიდან ვიწურავ.

და ვფიქრობ შენზე, გამუდმებით ვზივარ და ვფიქრობ
მიზნისთვის ლუპის დამიზნება – თვალის მიბჯენა
აღმოსავლეთზე - მზე ამოდის, სხივი გადატყდა
ვისმენ რძის სუნს და რომ ვერ ვამბობ რძის სუნს, ვმუნჯდები.
და ვფიქრობ შენზე გამუდმებით ვზივარ და ვფიქრობ
ეს ჰგავს მარსზე წყლის აღმოჩენას. მთვარის კრატერებს
წარმოსახვითი შაქრით ვავსებ – იქნებ ჩემსავით
გიყვარს ფერადი კარამელი – ვარსკვლავთა მტვერი.
ლოდინი : როცა მზე რვა წუთით არის გვიანი
ჩრდილში მზის ლაქებს ნაყოფებად ლეღვის ხე ისხამს,
გამოსავალი – მზე ერთ დღეს თუ სიკვდილს ინებებს
ვიპოვნით სხვა მზეს - ათასობით ბეტელჰეიზეს.

და მაგნიტური ქარიშხლები, ათასნაირი
ტყე და ცეცხლი. მაინც გაივლი.
ის, რაც ნამდვილად საშიშია, წვრილმანებია:
პური თესლში თუ ჩაიკეტა,
კვირტში ყვავილი.
ცაზე ვარსკვლავი გაიშალა – ცისკრის აგავა –
და ჩვენი ეზოს ყვავილების ნათებას ერთვის,
ნუ მომეჩვევი, სახლი არ ვარ,
მხოლოდ ბაგა ვარ.
შენთვის.

პირში წყალი რომ ჩავიგუბო
მუცელში წყალი ჩაგუბდება?
იქ ოქროს თევზი, ოქროს ფარფლებით იცურებს?
ვწყვეტ ხმას, რომელიც აღარა მაქვს
ვწყვეტ ლექსს, რომელსაც ვეღარ დავწერ
ვწყვეტ რძეს, რომელსაც მკვახე მკერდიდან ვიწურავ.
© Weekend

საუბრები ლიტერატურაზე - ზურაბ ქარუმიძე


თეონა დოლენჯაშვილი
ადამიანი ამბის მთხრობელი ცხოველია, ამბის მომსმენი ცხოველებით გარემოცული
თეონა დოლენჯაშვილი

- თქვენ ხართ რამდენიმე რომანის და მცირე პროზის ავტორი. მაგრამ მინდა საუბარი თქვენს 2000 წელს დაწერილი ძალიან საინტერესო რომანით დავიწყო. რომანი “ღვინომუქი ზღვა”, რომელსაც “რადიკალური ექსპერიმენტიც” კი უწოდეს. რადგან იქ თითქმის უარყოფილია ამბავი.. თავად რას იტყვით მასზე და უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ მსგავს “ექსპერიმენტებს” ზურაბ ქარუმიძისგან
– მთელი ცხოვრება კომპოზიტორებისა და დირიჟორების მშურდა, კომპოზიტორ-დირიჟორებისა ხომ საერთოდ... მაგრამ, მუსიკას მესამე კლასში დავანებე თავი _ იმ გამებს და სვარჯოშოებს გავექეცი _ და ჩემგან აბა რაღა კომპოზიტორი დადგებოდა... თუმცა ეს ფარული ლტოლვა მაინც ჩამრჩა და კიდევ დიდ ხანს მუშაობდა ჩემში: ლიტერატურული ტექსტის წერისას უფრო რაღაც შინაგან მელოდიას და აკორდულ წარმონაქმნებს მივდევდი, ვიდრე სიუჟეტსა და ამბის თხრობას. ასე დავწერე “ღვინომუქი ზღვა”, რომელიც უფრო “რომანი-სიმფონიაა,” “რომანი-მუსიკალური-რაფსოდიაა”... ამ რომანის გამოქვეყნების შემდეგ (ზაზა შათირიშვილთან საუბარში) გავიაზრე, რომ იქ კიდევ ერთი პრინციპი მუშაობს: ტროპის, მეტაფორის ლიტერალიზაცია – გადატანით ნათქვამის “გაპირდაპირება.” თანაც, რომანის მთავარი პერსონაჟი თავად წერაა, რომელსაც “ოპერის ფანტომი” განასახიერებს... მოკლედ, ასეთი მუსიკალურ-მეტაფორული ზღვა გამოვიდა... მსგავს ექსპერიმენტს ზურაბ ქარუმიძისგან ნუღარ ელოდებით, მორჩა! ეს ყოველივე ჩემი არასწორი ლიტერატურული აღზრდა-განათლების ბრალია – დონ კიხოტისა არ იყოს, მეც მავნე წიგნებმა ამირია ჭკუა-გონება: ჯონ დონი, ჯოისი, ჰაიდეგერი... დავბერდი და დავრწმუნდი, რომ ადამიანი ამბის მთხრობელი ცხოველია, ამბის მომსმენი ცხოველებით გარემოცული.
- ანუ მსოფლიო კულტურაზე ნოსტალგია დასრულდა? ჯოისივით ეგოისტი მწერალი დღეს ვერ იქნები?.. ის, რაც ლიტერატურას ქმნის, უკანა მხარეს ინაცვლებს და მთავარი მაინც ამბავი ხდება?
– თუ ლიტერატურის მომავალი გაინტერესებთ, გირჩევთ წაიკითხოთ იტალო კალვინოს შესანიშნავი სალექციო კურსი: “ექვსი სამახსოვრო შემდეგი ათასწლეულისათვის,” სადაც ყველაფერი დალაგებული აქვს: ჩემთვის ყველაზე საინტერესო ორი პრინციპია – “სიმსუბუქე” და “ენციკლოპედიურობა.” როცა მწერალი ახერხებს ამბის თხრობაში ამ ორი პრინციპის შეხამებას, ეს კარგია...
- თუკი “ღვინოქმუქი ზღვა” ერთგვარი ენობრივი იმპროვიზაცია იყო, თქვენი ბოლო წიგნი “ჯაზის ცხოვრება” უკვე იმპროვიზაციულ მუსიკას – ჯაზს ეხება. ამასთან ჩემი აზრით, ეს არის ნამდვილი ლიტერატურა ნამდვილ მუსიკაზე..
– სწორად მიანიშნეთ, „ჯაზის ცხოვრება“ უფრო ლიტერატურული ნაწარმოებია, ვიდრე ისტორიულ–მუსიკოლოგიური გამოკვლევა, ამგვარ „აკადემიზმზე“ კარგა ხანია აღარც მიფიქრია. ამ წიგნს მარცხენა ხელით ვწერდი, ანუ –– სიყვარულით. ძველ მედიცინაში მიაჩნდათ, რომ გულიდან სიყვარულის სისხლძარღვი გამოდის და მარცხენა ხელის გავლით უსახელო თითში სრულდება – იქ, სადაც საქორწინო ბეჭედს იკეთებენ...
- ისევ ლიტერატურის და სიყვარულის თემას გავაგრძელებ... ლიტერატურა და მუსიკა.. რომელი ვნება უფრო ძლიერია? ჯაზის მწერლობა და მწერლობის ჯაზი .. და საერთოდ, რა მოსდის ენას, როდესაც წერ? და როგორია მუსიკა, რომლის შექმნისა და მოსმენისას, აზროვნებ?
– ხელოვნების და, ასევე, ლიტერატურის არსი „თარგმანებითი თამაშია“ –– შინა თუ გარეგანი სამყაროს განმარტება თამაშის მეშვეობით. იმპროვიზაცია თამაშის უკიდურესი და უდახვეწილესი ფორმაა: ბახი გინდა, თელონიუს მონკი, თუ გურული კრიმანჭული... დიახ, მწერლობა ჯაზია – იგი იმპროვიზაციას და თამაშს ემყარება; მუსიკა ყველაზე სიღრმისეული სახელოვნებო შრეა... თქვენი შეკითხვაა: „რა მოსდის ენას, როდესაც წერ?“ ჰაიდეგერის უცნობილესი სენტენცია მახსენდება: „ენა ყოფიერების სახლია!“ აი, როდესაც წერ, ეს „ყოფიერების სახლი“ იქცევა „ყოფიერების ბალაგანად,“ სადაც სიტყვები კომბლებს ურახუნებენ თავში თავისივე მნიშვნელობებს და პირიქით; სადაც სემუელ ბეკეტი და რიხარდ ვაგნერი ნიუ–ორლეანურ კონტრაპუქტს უბერავენ... ხომ გახსოვთ ჰერმან ჰესეს “ტრამალის მგელი”: “დროის გარდასახვა სივრცედ, მუსიკის მეშვეობით!” წერისას მუსიკით გაჯერებული ენა ამგვარ “ალქიმიურ” თვისებებს იძენს და განსხვავებულებს ერთმანეთში გარდასახავს. ასეთი ტექსტია “ღვინომუქი ზღვა” – ამას ინტენსიური თხრობა ჰქვია, როდესაც სიუჟეტის განვითარება კი არ ხდება, არამედ სახე-სიმბოლოების დახვავება და განვითარება. ამისგან განსხვავებით, “ჯაზის ცხოვრება” ექსტენსიური, თხრობითი პროზაა – მუსიკის და მუსიკოსების ამბის გადმომცემი. თუმცა, აქაც მჭირდებოდა ინტენსიურ თხრობაზე გადასვლა – ამა თუ იმ ჯაზური კომპოზიციის მუსიკალური შინაარსი რომ განმესიტყვებინა. მუსიკალურ შინაარს თხრობით ვერ გადმოსცემ: - აქ ისეთი ხატოვანება გჭირდება, რომელიც მკითხველს ამ კომპოზიციის მსმენელად აქცევს.
- და როგორ იწერებოდა ჯაზის ცხოვრება? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თქვენ მთელი ცხოვრება ცხოვრობთ ჯაზით და ეს მუსიკა მკითხველზეც ისეთი გადამდებია..
– მელომანი ვარ, თანაც – ლიტერატორი, ხოლო ლიტერატურას მრავალი შთაბეჭდილების შექმნა შეუძლია; დიდია სიტყვის ძალა: ჯაზის თაობაზე კარგად და გამართულად ნათქვამმა სიტყვამ მავანს ჯაზი შეაყვარა. მე ეს მახარებს, ესე იგი წიგნი მთლად ურიგო არ გამომივიდა... როგორც ზემოთ გითხარით, „ჯაზის ცხოვრება“ იწერებოდა მარცხენა ხელით, ხოლო მარჯვენაში –– ხან სიგარეტი, ხანაც ღვინით, ჭაჭით ან ვისკით სავსე ჭიქა მეკავა... რაღა თქმა უნდა, ჯაზის შესახებ დაწერილი რამდენიმე ქრესტომათიული წიგნიც წავიკითხე (ფანქრით ხელში), ფილმებსაც ვუყურე, ხოლო მოსასმენი იმდენი ვისმინე, რომ ერთ ხანს ჯაზის გაგონებაც აღარ შემეძლო, იმ გინეკოლოგისა არ იყოს...
- ლიტერატურათმცოდნეც ხართ. ამიტომ არ შემიძლია არ გკითხოთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე... ტენდენციებზე... იქმნება დღეს ჭეშმარიტი სიახლე? უფრო რას ხედავთ - მისი განვითარების პერსპექტივასა თუ პირიქით, ჩიხს..
– თანამედროვე ქართული ლიტერატურის სრული სურათი არ მაქვს, ამდენი არ წამიკითხავს. ზოგადად, ქართული სოციო–კულტურული კონტექსტი ტოვებს უპერსპექტივობის, ჩიხის შთაბეჭდილებას. ამ ბოლო, „პოსტ–საბჭოთა“ დროს კარგი მწერლები გამოჩნდნენ, მაგრამ, არ ვიცი, 10 წლის შემდეგ, რამდენი ქართველი წაიკითხავს და გაიგებს, ვთქვათ, აკა მორჩილაძის ტექსტს (არადა ეს კაცი გადასარევად , გასაგებ ენაზე წერს)? რამდენი ისიამოვნებს ამ ტექსტით?... აქაც ხომ ევოლუციის კანონები მოქმედებს: რაღაცა სახეობა რომ გადარჩეს, საჭიროა გარკვეული პოპულაცია, ინდივიდების რაოდენობა. თუ დღევანდელი სოციო–კულტურული კონტექსტი შენარჩუნდა, ხვალ ლიტერატურის მკითხველი, როგორც სოციალური სახეობა, ჩვენში გადაშენების საფრთხის წინაშე დადგება, რბილად რომ ვთქვათ...
- ესსეში “პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტრმოდერნიზმი” წერდით “ლიტერატურის, პოეზიის ფიქციური სამყარო ონტოლოგიურად გაუტოლდა და შეერწყა რეალურს. პოლიტიკა, მითოლოგია და ესთეტიკა ისე გადაიხლართა, რომ ინდივიდუალური შემოქმედებისთვის ადგილიც აღარ დარჩა. ყოველივე ერთ რამე კოლექტიურ პერფორმანსს დაემსგავსა - ხმაურითა და მძვინვარებით აღსავსე პერფორმანსს...” ისევ ასეა? მე პირადად მეჩვენება, რომ ინდივიდუალური შემოქმედება დღესაც ცოტას სჭირდება და ჩვენი რეალობა უმეტესად სწორედ ასეთ კოლექტიურ პერფომანსებს მოითხოვს.
– პერფორმანსები 90-იან წლებში იყო: მიტინგები, დაჩოქებები, აქციები... მერე შედგა ყველაზე დიდი პერფორმანსი _ “ვარდების რევოლუცია”. ამის შემდეგ ჩვენს ყოფაში ახალი პრინციპი გაბატონდა, რომელსაც “სპინი” ეწოდება და თითქმის მთელს მსოფლიოშია მოდებული (მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან შპინ – “დატრიალება”). “სპინი” რეალობის გაყალბების პროპაგანდისტული, პიარ-ტექნოლოგიური ხერხია: “სპინის” მეშვეობით რაიმე მდარე ტექსტი შეიძლება შედევრად მოაჩვენო ხალხს ისევე, როგორც პოლიტიკური მარცხი ან შეცდომა _ გამარჯვებად და წინსვლად. ასე რომ, ინდივიდუალური ხელწერა ისევ ინდივიდებისთვის იქნება გასაგები, ხოლო მასები დღესაც იგივეს ითხოვენ, რასაც ოდითგანვე _ პურს და სანახაობას.
© Weekend

Friday, February 18, 2011

ნუგზარ ზაზანაშვილი -“მე მომავალში ვიცხოვრე უკვე”


“ყოველი ახლობელი ადამიანის დაკარგვისას გიმძიმდება ვალის ეგზისტენციური შეგრძნება, სადღაც არაცნობიერში რომ გაუდგამს ფესვი...”
ამ წერილის სათაურად გატანილი ტაეპი თამაზ ბაძაღუას ეკუთვნის - პოეტს, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, ოცდარვა წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან... ორი ოჯახი ბრმა, უსამართლო, ულმობელი შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა... მახსოვს, ვერავინ იკავებდა ცრემლს... მხოლოდ ერთი იმდროინდელი ჩვენი ამხანაგი ნეტარი გამომეტყველებით იდგა სოფლის სასაფლაოზე გათხრილ შემაძრწუნებლად ფართო საფლავთან... როგორც აგვისხნა: ოჯახთან ერთად იმ ქვეყნად წასვლა ლამის ღვთის მადლის მოფენის ტოლფასიაო... ამაზრზენია ფსევდოქრისტიანობა: ამ “წყალობით”, ღმერთმა უწყის, რამდენი ადამიანი დამწუხრდა, ხოლო ქართულმა ლიტერატურამ ბევრი დაკარგა - ის, რასაც თამაზ ბაძაღუა კიდევ შექმნიდა...
მიუხედავად ბედის სიმუხთლისა, შემოქმედმა მაინც დატოვა მისი ასაკისთვის განსაცვიფრებლად მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა: ლექსები, პიესები, მოთხრობა, ნათარგმნი... დღეს თამაზ ბაძაღუა 50-ს ცოტათი გადაცილებული იქნებოდა...

ამ წერილში მე მხოლოდ მის ორიგინალურ პოეზიას შევეხები, დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ გადავიკითხავ მას და ზოგიერთ სუბიექტურ მოსაზრებას შემოგთავაზებთ: ჭეშმარიტი პოეზიის აღქმა ხომ ყოველთვის სუბიექტურია და უამრავ სივრცეს ტოვებს მისი სხვა კუთხით, სხვა რაკურსით, სხვა დეტალურობით აღსაქმელად და ეს პროცესი ამოუწურავია. ამასთან, ამ წერილში მოყვანილი მოსაზრებები თუ ინტერპრეტაციები, ამა თუ იმ “განფენილობით”, ხშირად დაემთხვევა თუ შეეხმიანება თამაზ ვასაძის, ანდრო ბუაჩიძის, ივანე ამირხანაშვილის თამაზ ბაძაღუას შემოქმედებისადმი მიძღვნილ წერილებში გამოთქმულ შეხედულებებს და ეს არც არის გასაკვირი: ჩვენ ვმეგობრობდით თამაზთან...

* * *

რატომღაც ორი ეპიზოდი გამორჩეულად ჩამებეჭდა მეხსიერებაში... ვდგავართ ფანჯარასთან უნივერისტეტის პირველი კორპუსის მეორე სართულზე და ეზოს გავცქერით, ახალგაზრდა მწერალთა წრის სხდომის დაწყებას ვუცდით. ეზო ახლად მოასფალტებულია: ასფალტის ფენა გამსხვილდა, გაძლიერდა და ეზოს შუაგულში გახარებულ, მარტოხელა ხეს ყოველი მხრიდან მიეჯარა; მიწა, ნიადაგი აღარსად ჩანს - გეგონება, ხე თვით ასფალტიდანაა ამოზრდილი და ამიტომ უცნაურად გამოიყურება. ვეუბნები თამაზს: “შეხედე, რა უცნაური ხეა”; იმ წამსვე მპასუხობს: “ასფალტში ჩაჭედებული ხე”... ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მეტაფორებით “აზროვნებდა”... სამყაროს პირველყოფილი, პირველქმნილი თუ ბავშვური აღქმის მაგვარი რამ აშკარად თან სდევს მთელ მის პოეზიას და ამის სათავე შესაძლოა, კოლხური, ბზიან-სუროიანი, ხავსმოდებული, საუკუნოვანი ტყეების იდუმალებასთან შეხებისას მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებში ვეძებოთ: “ჩვენ წვიმა მოგვაქვს დავიწყებისთვის, / წვიმა, რომელმაც შეგვიყვარა, როგორც მცენარე, / წვიმა, რომელშიც გახსნილია მოთმინების უკვდავი შხამი, / რათა წაშალოს ჩვენი მწვანე ბედნიერება”; ან – “მწვანე სისხლივით მოჟონავს სურო ქვითკირის გასწვრივ / და ძველი საუკუნეების სიზმრებიდან / დაღონებულნი მოვაბიჯებთ, მოვიჩქარით”; ანდა - “დღეიდან ზღაპრებს ვერ მოგიყვები, / ჩემი ტყაშმაფა გაეხვია მწუხრის სველ თმებში, / თუთარჩელას თეთრ სიწყნარეში / და ოჩოკოჩსაც გზა აერია / და ქაჯ-ეშმაკნიც მეჩხერ ტყეებს დაუყვნენ დაღმა, / ჩვენი კეთილი მეზღაპრეც მოკვდა, / იმისი ხმა კი / ვარსკვლავების წკრიალს შეერთო”...
და პოეტი უმძაფრესად განიცდის “მწვანე ბედნიერების” დაკარგვას, ბუნების იდუმალი ერთიანობისაგან, თუ ჰარმონიისაგან, თავის და ზოგადად ადამიანის გამოყოფას, გაუცხოებას, განცალკევებას: “...რომ ამოსწიოს ჩვენს ძველ სისხლში ჩამარხული მძიმე ვარსვლავი, / ვინ დაგვიბრუნებს იმ უძველეს აღფრთოვანებას / და ბალახის უკვდავ სიხარულს”... და ეს განცდა - რომელსაც, უნებლიეთ, პირველყოფილი ცოდვის დისკურსშიც გადავყავართ - შესაძლოა, საფუძვლად უდევს პოეტის ღრმა რელიგიურ წიაღსვლებს (რასაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით შევეხებით)...
და პოეტი თითქოს ამ დანაკარგს აკომპენსირებს იმით, რომ ვერ ელევა “ვარსკვლავებს”, “მზეს”, “მთვარეს”, “ხეებს”, “ბალახს”, “მინდვრებს”, “ქარებს”, “წვიმებს”, “მდინარეებს” - თავისი პოეტური სამყაროს მუდმივ “მობინადრეებად” აქცევს მათ და ეს ყოველივე იმთავითვე განსაზღვრავს თამაზ ბაძაღუას მსოფლაღქმის ერთგვარ ჰიპერბოლურობას, რაც პოეტიკაზეც აისახება.

* * *

მაშინვე აშკარა იყო, რომ შემოქმედის ეს სასაფუძვლო, თანდაყოლილი სომბოლურ-მეტაფორული აზროვნების უნარი სხვა არაფერია, თუ არა გამოსახულება, ნიშანი მისი თვითმყოფადობისა, თვითმყოფადი ნიჭისა, მოულოდნელად რომ ებოძა სამეგრელოს ერთ, ძველ, პატარა სოფელში დაბადებულსა და გაზრდილ ახალგაზრდა კაცს... ჩანს, ეს გაცნობიერებულიცაა: თამაზ ბაძაღუას ლექსში, მიმანიშნებელი სათაურით “პოეტი ანუ დაბადება”, ვკითხულობთ: “... ჯერ მზე არ არის გაკეთებული, / ჯერ ბალახებსაც არ უცვნიათ თავისი თავი, (...) ჯერ მეტაფორა არ არსებობს / და არარსებულ ვარსკვლავების ქვეშ დაეძებს საყრდენს, / ჯერ თბილი სუნთქვით დღე და ღამე არ გაუყვია / და არაფრისგან ყველაფერს ელის”; ან ეს სტრიქონები წავიკითხოთ: “ჩემი ბალიში ასე მწარედ მაძინებს და მეჩურჩულება: / შენ იმ ბავშვს ჰგავხარ, / სიზმარში რომ იზრდება ვითომ, / ვითომ ცაში რომ დალივლივებს / და გაღვიძებულს / უკვირს თავისი უმწეო და სუსტი სხეული.”
ყველა ნიჭი თვითმყოფადი არ არის... თამაზი კი სწორედ თვითმყოფადი ნიჭით იყო გასხივოსნებული და იმავდროულად - დამძიმებული; დამძიმებული, რადგან ასეთი ნიჭი - ნიჭი საგნების, მიმართებების, კავშირების, მოვლენების თავიდან აღმოჩენისა, თავიდან ქმნისა - თუკი იგი გაცნობიერებულია, თანდათან “მწვავე დაავადების” გამოკვეთილ სიმპტომად იქცევა, მძიმე ტვირთად აწვება შემოქმედს და აიძულებს მის “მეს” უკიდურესად დაძაბულ, ლამის ნევროტულ რეჟიმში “იმუშაოს”, მუდმივად “უფსრულის პირას მოცეკვავედ” გრძნობდეს თავს: “თუმცა ხიფათი ჩემი ნაკვალევის სურნელია, / ასე ტკბილად რომ მასულელებს, / თავის მაცდურ ტალღებზე მხვეწავს / და მაცეკვებს უფსკრულის პირას.”
არა იმდენად ყბადაღებული კომპლექსების, არამედ უმთავრესად ამის გამოა, რომ ასეთი ნიჭით დაჯილდოებული პოეტი, მხატვარი, მუსიკოსი ტვირთის შემსუბუქებას ხანდახან გარეშე, გამარინდებელი საშუალებების გამოყენებით ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ აწყდება უკუეფექტს: დაავადება მეტად მწვავდება...
ძველი ფორმულა ასეც შეიძლება, იყოს ინტერპრეტირებული: შემოქმედი, რახან ის შემოქმედია - “ავადმყოფია”: “ჯანმრთელს” ხომ “ცოცხალი მეტაფორებით” აზროვნების, რიტმულად და/ან რითმიანად საუბრის, ან ასეთ საუბარზე საუბრის მოთხოვნილება არ გააჩნია; “ჯანმრთელი” კომუნიკაციისას მხოლოდ კლიშეებად ქცეულ, “მკვდარ” მეტაფორებს იყენებს ხოლმე, რასაც ვერც კი ამჩნევს; მაგრამ რახან შემოქმედი “ავადმყოფია” - მაინც ადამიანია და რახან ადამიანია - გრძნობს, რომ სულს ხანდახან დამშვიდებაც ესაჭიროება... ოღონდ, ჩვეულებრივი დასვენება თუ შესვენება პოეტს არ ეხერხება, უცხოა მისთვის და... თამაზ ბაძაღუას ლექსი ეკლესიასტესთან ალუზიებით მდიდრდება: “მე აქ ყოველთვის მახსენდება წმინდა მამები, / (...) / მათი ლოცვები - / არაფერს და არაფერს შორის გაჩენილი მყარი სითეთრე, / მათი სიტყვები - სივრცის გარეთ, / ალუბლის, ხიფათის და სიკვდილის გარეთ, / (...) / მე მახსენდება მათი თვალები - / ამაოების უფსკრულები, / რომლის კიდეზე / ნევროზით მთრთოლავ ჩემს გულს ვდებდი და ვამშვიდებდი.” (“მარტვილის მონასტერთან”)... მაგრამ მომდევნო ლექსის დასაწყისშივე: “ცვალებადი განწყობილება / ანადგურებს ჩემს ნათელ დილას”...

* * *

კიდევ ერთი რამ, რასაც თამაზ ბაძაღუას ამ სიმბოლურ-მეტაფორულ აზროვნებასთან დაკავშირებით დღეს ვაცნობიერებ არის ის, რომ მისი პოეზია ერთგვარად XX საუკუნის ჰერმეტული პოეზიის სხივებსაც ირეკლავს: ჰერმეტიზმი არა როგორც დროით განსაზღვრული პოეტური სტილი თუ მიმდინარეობა, არამედ როგორც მსოფლაღქმის “ელემენტი” იგრძნობა თამაზის ლექსებში... თუმცა ასეთ “ელემენტს”, უნებლიეთ, მაინც თან სდევს შესაბამისი გამომსახველობითი საშუალებები, როგორიცაა სიტყვის მრავალმნიშვნელოვნება, ტექსტის ერთგვარი შეკუმშული ექსპრესიულობა, ალუზიურობა, რთული ასოციაციურობა თუ “პერსონალური სიმბოლიზმი”, რაც ლექსის მყისიერ აღქმას გამორიცხავს: თამაზ ბაძაღუას ლექსი რთულია და მკითხველისაგან “ემოციურ-ინტელექტუალურ მომზადებასა” და დაკვირვებას მოითხოვს.
ლექსების უმრავლესობა მეტაფორითვე იწყება, რაც თავიდანვე “იდუმალების ეფექტს” ახდენს და თითქოს მიანიშნებს მკითხველს, რომ ის სხვა, რთული სამყაროს კარს აღებს: “მეც მომიძებნეს მკერდი ქორებმა, / ბასრი ჭანგებით გულზე მასხედან”; “ცრემლი კი როგორც მესამე თვალი / ბნელით ავსებულ ოთახს მინათებს”; “ვით აბრაამის ანგელოზი, ჩამძახის მჭახედ / შიში, რომელმაც მიმაბრუნა შენს ნათელ გულში”; “რატომ დაეძებს სექტემბერი / ჩემი ოთახის ჩარაზულ კარებს?” და სხვა მრავალი.
შესაბამისად, თამაზ ბაძაღუას პოეზიაში ვერ იპოვით მარტივ სახეებს - ტროპი, თითქმის ყოველთვის, რამდენიმე შრეს შეიცავს: შრეები ეხლართებიან ერთმანეთს და რთულად წარმოსასახავ ერთიან, შეკუმშულ სახეს ქმნიან. ამასთან, მრავალშრიანი თუ მრავალწევრიანი ტროპები იშვიათად მოიცავს ახლომდებარე ასოციაციური რიგების ერთეულებს: უმეტესად ერთეულები მოულოდნელად ებმიან ერთმანეთს, რაც ჩვეულ საგნებს, მოვლენებს, გრძნობებს თუ განცდებს უჩვეულო ჭრილში წარმოაჩენს, რისთვისაც ხშირად ჰიპერბოლური ბმულები და ახლებური, უჩვეულო სინტაგმები იქმნება: “ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსვლავით / გისმენ, ხეებით გესაუბრები / და ნისლით ვცდილობ გაღიმებას” და აქ არაფერია ხელოვნური, წინასწარგანზრახული - პოეტი ასე ხედავს სამყაროს, ანუ ასეთია პოეტის სამყარო, ის ამ სამყაროში ცხოვრობს, პოეტი ამ ენაზე მეტყველებს, პოეტმა სხვა ენა არ იცის... თამაზ ბაძაღუა აღმოთქვამს: “... ან ვინ შეჰყურებს / რა მდუღარე სისხლი მოწვეთავს / ჩემი სიტყვების გამსკდარ გულიდან” (ეს სტრიქონები ნაწილობრივ ალუზიურიცაა: პასტერნაკის სტრიქონები შეიძლება, გაგვახსენდეს პოეტური დებიუტის შესახებ). ამ ტროპის ჩონჩხია: სისხლი - სიტყვები; ანუ სიტყვები დაჭრილია, ნაჭრილობევია, სიტყვებს სისხლი სდის, რაც განცდის უკიდურეს, ზღვრამდე მისულ სიმძაფრეს გადმოსცემს; მაგრამ პოეტი კიდევ უფრო ამძაფრებს გამომსახველობას, დამატებით, მოულოდნელ განსაზღვრებით შრეებს მატებს მას: “მდუღარე სისხლი”, “სიტყვების გამსკდარი გული”; ან - “დრო ისე ნელა გადის სიბნელიდან - / მაგიდაზე საათიც იტანჯება, / ისე ნელა - / ავადმყოფს სისხლს რომ გამოუშვებენ, / და დაწყნარებულ ხელებს გულზე გადაისვენებს, / ამოისუნთქავს, / ჭირისუფლებს წყნარად შეჰღიმებს”; ანდა – “ახალი მთვარე გიქნევდა ხელებს, / როგორც ძმაკაცი, / როცა ლუდზე გეპატიჟება”; ესეც წავიკითხოთ: “სველ წვიმას კაცი მიყრდნობია, / მთვრალი, საყელოამოწეული”; ან ამ მეტაფორებს დავუკვირდეთ, სადაც საგნები სრულიად მოულოდნელი “რაკურსითაა” დანახული და ეს პოეტური ნიჭის ბრწინვალე გამოსახულებებია: “წამახული ლურსმნებივით გესობოდა ტანზე სიცილი”; “წინასწარ მღერის თავის ნაყოფს აპრილის ბაღი”; “ტოტმა წყალი ჩრდილს გადაასხა”; “მე ვიწყებ სიტყვებს და ფრინველებს / შენი მშვიდი ხელისგულიდან”; “ქვა აჩუხჩუხდა / შენს ძარღვებში ქვამ დაიწყო დნობა”; “შემომყეფა სევდამ ქუჩიდან, / გამომაგდო ძაღლივით გარეთ” და მრავალი სხვა...
და, ალბათ, შემთხვევითი არ არის ის, რომ თამაზ ბაძაღუამ სათარგმნელად, პეტრარკასა და მიქელანჯელოს შემდგომ (სხვათაშორის, მიქელანჯელოს პოეზიის ჰერმეტულობაზეც საუბრობენ ლიტერატურის მკვლევარები), უპირველესად, ჯაკომო ლეოპარდი და ეუჯენიო მონტალე აირჩია - ორი იმ სამთაგანი, რომელთაც ოქსფორდული ლიტერატურათმცოდნეობა გასული ორი საუკუნის ყველაზე გამორჩეულ იტალიელ პოეტებად აღიარებს (მესამე - ჯუზეპე უნგარეტია; მისი რამდენიმე ლექსიც თარგმნა თამაზმა), და რომლებიც, ჰერმეტული თუ ნეოჰერმეტული პოეზიის ბრწყინვალე დამამკვიდრებლებად მოგვევლინენ გასული საუკუნის ოცდაათიან-ორმოციან წლებში. იგივე ითქმის სალვატორე ქუაზიმოდოზეც, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა დასახელებულ სამ პოეტს და ნობელის პრემიის ლაურეატიც მონტალეზე თექვსმეტი წლით ადრე გახდა: თამაზს მისი ლექსებიც აქვს ნათარგმნი...Dამავე რიგში უნდა მოვიხსენიოთ უმბერტო საბა, ალფონსო გატო და სხვა შესანიშნავი პოეტები... ქართველი პოეტი უთუოდ სულიერ ნათესაობას გრძნობდა მათთან...
საინტერესოა ისიც, რომ იტალიური ჰერმეტული პოეზიის მკვლევართა უმრავლესობა (მათ შორის - ბროდსკი) ხაზს უსვამს იმას, რომ ჰერმეტიზმი ერთგვარი დაპირისპირებაც იყო ფაშიზმის პეირიოდში გაბატონებულ მაჟორულ თუ იდეოლოგიზებულ პოეტურ პროდუქციასთან, ერთგვარი გამოსავალი იყო: რეჟიმს მიაჩნდა, რომ “რთული პოეზია” მასებზე არ არის ორიენტირებული, ამდენად იტალიური ფაშიზმი მას მაინცდამაინც არ დევნიდა. თამაზ ბაძაღუა საბჭოთა იმპერიის არსებობის ბოლო ათწლეულში გამოდის ფართო ლიტერატურულ ასპარეზზე: ცენზურა ოდნავ შესუსტებულია, “რთული პოეზიის” გზა უკვე გაკვალულია, უპირველესად, ოთარ ჭილაძის და მისი პლეადის (ვგულისხმობ მის მომდევნო თაობასაც) სხვა ნოვატორების მიერ - საბჭოთა რეჟიმი მეტ-ნაკლებად შეგუებულია ამასთან; მაგრამ იმპერია ჯერ ისევ არსებობს და ფიქრობს, რომ ჯეროვნად აკონტროლებს ლიტერატურულ სივრცესაც... როგორც აღმოჩნდება - სულ ტყუილად: სწორედ XX საუკუნის ქართული ლექსის მეორე რეფორმამ, ლექსის “დემოკრატიზაციამ”, რასაც ოთარ ჭილაძის წინა თაობის ცნობილმა, ბრწყინვალე პოეტებმა ჩაუყარეს საფუძველი, პრესისა და ტელე-რადიო სივრცის ტოტალური იდეოლოგიურობის პირობებში, დიდი - შესაძლოა, გადამწყვეტიF- “განმათავისუფლებელი ზემოქმედება” იქონია მკითხველის ცნობიერებაზე; არადა, პოეზიას მაშინ ათასობით მკითხველი ჰყავდა (სხვა წერილში უფრო დაწვრილებით ვწერდით ამ რეფორმის მნიშვნელობაზე და ზოგიერთ თავისებურებაზე).
და თამაზ ბაძაღუაც ბუნებრივად, ორგანულად და იმავდროულად თავისებურად, ორიგინალურად აგრძელებს ამ გზას... თუ კიდევ უფრო დავაკონკრეტებთ: რიგი ნიშნებით (მაგალითად, ტროპის რთული აგებულებით, განცდის სიმწვავით, სიღრმისეული რელიგიურობით) თამაზ ბაძაღუას ლექსი ლია სტურუას ლექსს ენათესავება (თამაზი ლია სტურუას საგანგებოდ ლექსსაც უძღვნის თავის ერთ-ერთ პირველსავე პუბლიკაციაში); თუმცა პოეტური სამყაროები სხვადასხვაა, აშკარაა პოეტიკური განსხვავებებიც. ეს “თვითმყოფადი გაგრძელებაა”: ბაძაღუას სამყაროში სახე მეტად განყენებულია, მოუხელთებელია, მეტაფიზიკურია; რიტმი უფრო გამოზომილია, “მძიმეა”; ბაძაღუა უფრო გრაფიკოსია - ერთადერთი ინვარიანტული ფერი მის პოეზიაში წითელია, სისხლისფერია; “სისხლი” ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განმეორებადი “ფიგურაა”, რომელიც იმ მარადიულ გზნებასთან თუ “ემოციურ-ინტელექტუალურ გენთან” ასოცირებს, რაც ნაბოძები აქვს ადამიანს, ინდივიდს; “სისხლი” იმავდროულად ემოციის უკიდურესად გამამძაფრებლის “ფუნქსიასაც ასრულებს”: “უნდა გაექცე თოვლის რიჟრაჟს შუაღამისას / და სისხლს ფიქრები აუკრძალო”.
კიდევ ერთი პარალელი: მაგალითად, ეუჯენიო მონტალე ნამდვილი პესიმისტი იყო, რაც არაერთხელ აღუნიშნავთ მისი პოეზიის მკვლევარებს, და რასაც თავადაც არ უარყოფდა (მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ამასვე მიანიშნებს ნობელის პრემიის მინიჭებისას მისი სამადლობელი სიტყვის სათაურიც კი - “შესაძლოა კი - პოეზია ისევ არსებობდეს?”); თუმცა ამ ცერემონიაზევე აღინიშნა, რომ მონტალე მაინც პატარა სივრცეს უტოვებს იმედს. ჩემი აზრით, აბსოლუტურად იგივე შეიძლება ითქვას თამაზ ბაძაღუას პოეზიაზე.
ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაძაღუას ლექსი თვითმყოფადია, არ არის რომელსამე არსებულ, მათ შორის ჰერმეტიზმის, ყალიბზე ზუსტად ჩამოსხმული. მაგალითად, მისთვის უცხოა მონტალეს პოეზიისთვის დამახასიათებელი ლიტერატურული ენისა და ყოველდღიური სალაპარაკო ენის შერწყმა, ყოველდღიურობიდან “ამოზრდილი” დეტალურობა, ჰერმეტიზმისათვის ზოგადად დამახასიათებელი ბგერწერისა და რიტმის მიმართ გამახვილებული ყურადღება და სხვ.
XX საუკუნის ჰერმეტიზმს “აქ არ ყოფნის პოეზიასაც” ეძახიან, მაგრამ შინაარსი, რაც ამ ტერმინში ძევს განსხვავებულია თამაზ ბაძაღუასეული “აქ არ ყოფნისაგან”: ზემოთ მინიშნებული “დაავადების” კიდევ ერთი სიმპტომი გაორებაა – “სარკეში ვცდილობ საკუთარი თავის დამალვას”; ან – “რაღაც უძრავი გაყინულა / ჩემსა და ჩემს შორის”; ანდა - “ისიც ჩასწერე, (...) რომ დამავიწყდა ჩემი სიცოცხლე (...) რომ შუადღისას კარტოფილს ვიწვავ / და ორ კაცზე ვაწყობ მაგიდას”; ან კიდევ – “გვიან საღამოს, როცა კარზე მომიკაკუნებს / ჩემი თავი - როგორც სტუმარი, / დაღლილი და შეციებული”... თამაზ ბაძაღუას ალტერ ეგო (როგორც ადრე ვიტყოდით - მისი პოეზიის ლირიკული გმირი) გადის ყოველდღიურობიდან, დღევანდელობიდან. პოეტის სამყაროს სივრცე-დროის “აგებულებაში” აწმყო ილუზიაა, თითქოს არც არსებობს, პოეტი აქ არ არის, მუდამ სადღაც წინაა: “მე ფრინველი ვარ, საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი”; ან - “...და საკუთარმა ნაკვალევმაც გაგვისწრო თითქოს"; ანდა – “ჩემს დღეებზე და ღამეებზე / ერთი ცხოვრებით მეტი ვარ უკვე”; და კიდევ: “ჯერ მოუსვლელი წვიმები გაწვიმს, / ჯერ დაუმდგარი ზაფხული გთუთქავს”...

* * *

მეორე ეპიზოდი: სტუდენტობის ერთ-ერთ პერიოდში თამაზ ბაძაღუა სადღაც ზემო ვაკეში, თუ სწორად მახსოვს, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე (სახის ოვალით და თმის ვარცხნილობით კიდეც ჰგავდა ტიციანს), მიწის სართულზე ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა. სამაგიეროდ, ჰქონდა ძველი, მაგრამ “მოქმედი” საბეჭდი მანქანა (არ ვიცი - ათხოვა თუ აჩუქა ვინმემ, თორემ თავისი იმდროინდელი “შემოსავლებით” ამ “ძველმანსაც” კი ვერ შეიძენდა), რაც ჩვენ, “დამწყები პოეტების” უმრავლესობას, არ გაგვაჩნდა და, სიმართლე რომ ითქვას, არც გვჭირდებოდა - რა უნდა გვებეჭდა იმდენი...
სიტყვამ მოიტანა და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თამაზ ბაძაღუა პოეტად, მწერლად ადრე ჩამოყალიბდა (და ესეც მისი გამორჩეული ნიჭის ნიშანია), რაც იმ დროისთვისაც უჩვეულო იყო - ინფორმაციული ნაკადის სიჭარბე უკვე შეინიშნებოდა; ხოლო პოეტად ჩამოყალიბება ამ ჭარბი ინფორმაციის - უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ლიტერატურული ინფორმაციის – “ათვისებას” მოითხოვს, რაც ჩვეულებრივ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ჰოდა, პირველად ვაპირებდი ლექსების გამოქვეყნებას და თამაზს ვთხოვე რამდენიმე ლექსი იმ საბეჭდ მანქანაზე გადაებეჭდა. ავედით, მივეცი ხელნაწერი, დაიწყო ბეჭდვა, შეხვდა სიტყვა “სიყვარული” და მეუბნება: იცი, ეს სიტყვა თვალდახუჭულმაც კი შემიძლია, დავბეჭდოო... თამაზ ბაძაღუა სიყვარულის პოეტი იყო... მისთვის სიყვარული, გრძნობა კი არა, შეგრძნებაა, ყოვლისმომცველი შეგრძნება... მას სიკვდილიც კი უყვარდა... სიკვდილი და სიყვარული: აი, მისი პოეზიის ორი უმთავრესი და უცნაურად ურთიერთგადახლართული თემა, საგანი, სამიზნე, საშუალება, ფიგურა, სიმბოლო - ყველაფერი ერთად.
ზემოთ აღინიშნა, რომ თამაზ ბაძაღუა პესიმისტია და ეს არ არის რამ გამოგონილი, რამ სიყალბენარევი თუ ახალგაზრდული პოზა, ეს პოეტის მსოფლაღქმიდან გამომდინარე ბუნებრივი ელემენტია, ისევე როგორც - სიღრმისეული რელიგიურობა; და - ჩემი განცდით - ამ “ტონალობაში” თამაზ ბაძაღუას სამყარო სიორენ კიერკეგორის და XX საუკუნის რელიგიური ეგზისტენციალიზმის სამყაროს ენათესავება. ვენეციაში, პოეტებისათვის კარგად ცნობილ სან მარკოს მოედანზე თამაზ ბაძაღუას ეჩვენება – “... ჰაერივით ვიფანტებით ოთხივე მხარეს / და ჰაერივით არსად ვმთავრდებით.” მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა, მოჩვენებაა. სინამდვილე კი ის არის, რომ “მე მაქვს ხელები და შიში, / რომლებიც ვერასოდეს გაექცევიან / უხილავის გამყინავ მზერას” - ამ შემთხვევაში “უხილავი” არყოფნაა, სიკვდილია...
ჩემი აზრით, თამაზ ბაძაღუასავით მძაფრად, ღრმად, დრამატულად ქართულ პოეზიაში არავის “უკვლევია” “სიკვდილი” (ტერენტი გრანელსაც კი)... როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიკვდილი მისი პოეზიის მუდმივი “პერსონაჟია”, ის ხილულად თუ უხილავად, უშუალოდ თუ მისი სხვადასხვა გამოვლინების სახითა თუ ნიღბით ილანდება პოეტის თითქმის ყოველ ნაწარმოებში: პოეტმა ხომ “მომავალში უკვე იცხოვრა” და ეს გამოცდილება კარნახობს, რომ სიკვდილი, სასრულობის, ქმნადობისა და სწრაფწარმავლობის განცდა - როგორც ერთი ფილოსოფოსი იტყოდა - სათავეა ხელოვნებისა; სიკვდილი არსადაა, არაფერშია, უცხოა და იმავდროულად ყველგანაა, ყველაფერშია, შინაურია...
პოეტის შემოქმედებაში “სიკვდილი” ასოციაციურად თუ კონოტაციურად უკავშირდება “ცივს”, “მშვიდს”, “მთვარეს”, “სამყაროსაც” კი. “სამყაროს გული”, ადამიანის გულისაგან განსხვავებით, თითქოს მკვდარია, ამდენად “მეტაფიზიკური გარესამყარო” უცხოა ადამიანისთვის; რა შეიძლება, სამყაროს ასეთმა “გულმა” შვას - ცივი მთვარის და ცივი სიმშვიდის გარდა? “...და სამყაროს მკვდარი გულიდან / ამოვა მთვარე და სიმშვიდე...” საით შეიძლება, ასეთმა “გულმა” (რომელიც “ჩაშავებულ ღრუბლებადაც” ვლინდება) გაგიყოლიოს? - “ჩაშავებული ღრუბლების ნეში / სიკვდილის ცივი მინდვრებისკენ მიათრევს სხეულს...”
სიკვდილი, აღსასრულის განცდა თითქოს ა პრიორი გამორიცხავს ამ ქვეყნად დიდი ნუგეშის, დიდი სითბოს, დიდი სინათლის არსებობას: “რას დაგვპირდება განთიადი: აღსასრულის მოახლოებას / თუ მცირე ნუგეშს, მცირე სითბოს, მცირე სინათლეს.”
სწორედ სიკვდილი გაფიქრებს სიცოცხლის ამაოებაზე, ამწვავებს ეჭვს - საერთოდ საჭიროა კი “სიმღერა”, პოეზია? და თუ მაინც თავს ვერ ანებებ “სიმღერას”, მწარედ დაგაფიქრებს - როგორ უნდა გაუძლო “მომღერალმა” ამ გაუსაძლის მოლოდინს: “...როგორ გაუძლებ სიკვდილის სუნს მთელი სიცოცხლე, / რომ თან იმღერო, თან ნიჩაბი გეჭიროს ხელში...”
როგორ?... და პოეტი ცდილობს, წარმოსახვისა და განცდის უკიდურესი დაძაბვით, მიაკვლიოს ნუგეშს და ეს თამაზ ბაძაღუას პოეზიის სიღრმისეული რელიგიურობის მეორე წყაროდ იქცევა... ამ მტანჯველ ძიებას ცალკე ლექსებიც ეძღვნება (მათ შორისაა ბრწყინვალე “აღმოსავლეთის ვარსკვლავი”, სადაც, ჩემი აზრით, ცხადდება თამაზ ბაძაღუას მსოფლაღქმის უმთავრესი საყრდენი, რასაც ქვემოთ მივანიშნებთ). “მე მეშინია ჩემი სიფხიზლის - არაფრად ქცევის” - ამბობს პოეტი ლექსში “აღსარება ქრისტეს ჯვარცმასთან”, ბავშვივით გულწრფელად ამბობს: მხოლოდ სიფხიზლე, მხოლოდ აქ ყოფნა წარმოშობს “არაფრად ქცევის” შიშს; წარმოშობს კი არა, ეს შიში (თუ ძრძოლა - ეგზისტენციალიზმის ტერმინოლოგიით) მისი შემადგენელი, ორგანული ნაწილია, საბოლოო ჯამში – “ეს არის ის”... ეს ის ამოსავალი განცდაა, მტანჯველი განცდაა, რომელიც აიძულებს პოეტს, ეძებოს უალტერნატივო ნუგეში: “ჩვენ ჯერ არ გვითქვამს არცერთი ლოცვა ბოლომდე, / რადგან ჩვენი სიღრმიდან / ჯერ ჯვარი ვერ ამოვიტანეთ”.
პოეტის ერთ-ერთ უსათაურო ლექსში (“სადაც არასდროს არ ვიქნები, სწორედ იქ არის ბედნიერება”) იმ ეზოთერიკოსების თუ თეოსოფების სახელებიც კი ნახსენებია, რომლებიც თავისებურად ცდილობენ “სიცოცხლის შემდგომ სიცოცხლის” ინტერპრეტაციას, და რომელთა წიგნებსაც კითხულობს პოეტი - მარადიულ კითხვაზე პასუხის საპოვნელად; მაგრამ, აი, ამ ლექსის ბოლო სტრიქონები: “ჩემი ხელები არ არის ჯვარი, / ჩემი ხელები ნიჩბებია გაუქმებული. / ფრთხილად ვარსკვლავო, ჩემს სიბნელეს ნუ შეეხები, / მარტოობასაც აქვს თავისი კანონი და მოვალეობა. / მე ის მამშვიდებს, ვისაც ვერასდროს ვერ დავინახავ.” და მიუხედავად ტრაგიკული ინტონაციისა, ბოლო სტრიქონი ფარულ იმედსაც შეიცავს: ის შესაძლოა, ვერასოდეს დაინახო, მაგრამ ის მაინც შეიძლება, იყოს... და ამის დამადასტურებელია ზემოთ ციტირებული ერთ-ერთი ლექსის ბოლო ტაეპები: “მე აქ ყოველთვის მახსენდება წმინდა მამები, / თუმცა ისინი არასოდეს აქ არ მინახავს.” მართლა, შესაძლოა, გახსოვდეს ის, რაც არასოდეს გინახავს. ნებისმიერ ჩვენგანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ეუფლება ასეთი განცდა: განცდა იმისა, რომ რასაც ახლა, ამ წამს განიცდი, უკვე განგიცდია ოდესღაც; ესაა უხსოვარი განცდის განმეორების განცდა და თუკი ასეთ განცდებს უფრო ღრმად ჩავუკვირდებით, უთუოდ აღმოვაჩენთ რაღაც გაუგებარს, მიღმიერს, არსებულ არარსებულს... და აშკარაა, რომ თამაზ ბაძაღუას ადრე მოაკითხეს ასეთმა განცდებმა, მთელი თავისი სიმწვავით მოაკითხეს...
და მაინც რა შეიძლება დაუპირისპირდეს ტოტალურ უნუგეშობას?
"ჯერ უნდა გაოცდე, დაფიქრდე: ... ანდა რატომ ვარ მონაწილე ამ მოძრაობის, / სიკვდილის, მთვარის, შემოდგომის”? ან - “რა ვუპასუხო იმ მიხრწნილ და უხიაკ ბებერს, / მთელი სიცოცხლე რომ იცინის ჩემში მაცდურად / და (....) არავინ უყვარს, საკუთარი სიკვდილის გარდა”; ან რატომ ხდება ასე - “არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე”...
უნდა დაწყნარდე, მოუსმინო, მიუყურადო, თუნდაც ეს ასეთ ფასად დაგიჯდეს: “...და როცა სიკვდილს უსმენს, / მისი სიტყვები ვერ პოულობენ საკუთარ ტუჩებს.”
და ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად უნდა “დააგროვო” – “გროვდება ცრემლი - იმედის და სასოწარკვეთის / ასე, წვეთ-წვეთად, შენც ცრემლივით ჩემში გროვდები.”; უნდა “აღზარდო” – “მე დამეკარგა ჩემი სიკვდილი (...) / რომელსაც ვზრდიდი დაბადებიდან”; უნდა შეეჩვიო, მიეჩვიო, დააფასო - “...და ჩემი ქერქიც გაიჟღინთა სიკვდილის წყლებით”; ან - “...და ღვინოსავით ვეჩვევი სიკვდილს”...
და გაუდგე “ქარების გზას - დიდი სიმშვიდის / და დიდი, დიდი სიყვარულის საძებნელად”, რომელიც მიგიყვანს იმის გაცნობიერებამდე, რომ სიცოცხლე ტანჯვის, სიკვდილის გარეშე კარგავს ღირებულებას: “...ჩემი სიკვდილი მაცოცხლებს-თქო, / ჩემი ტანჯვა მახარებს-თქო – / ესეც ვუთხარი”... რომ სიცოცხლეში, არსებობაში არაფერია უტყუარი არარსებობის, სიკვდილის გარდა: “...მე ვიცი მხოლოდ ჩემი სიკვდილი”... მიგიყვანს იმის განცდამდე, რომ სიკვდილი რამ ჭეშმარიტია და მისი აბსოლუტური სიმშვიდე მიმზიდველია: “გარდაცვლილი მეგობარი მესიზმრა წუხელ: / მეფერებოდა, ხელს მიქნევდა, წამომყევიო / და მახარბებდა რაღაც მშვიდს და რაღაც ნამდვილს”; ანდა - “გაუთენარი დღეები გზაფრავს, / ვერ ამობობღდი ბინდის ხაროდან, / ჩაგძახი როგორც ჭერახდილ საფლავს, / სადაც ბავშვივით მოგიხაროდა.” როგორც წერდა XX საუკუნის კიდევ ერთი ცნობილი ფილოსოფოსი - სიკვდილი, სასრულობა კი არ აუფასურებს ადამიანის არსებობას, პირიქით - აზრს ანიჭებს მას; პოეტი საბოლოოდ უფრო შორს მიდის - არა მხოლოდ აზრს, არამედ - მშვენიერებასაც, სრულქმნილებასაც, სიკვდილი აბრწყინებს სიცოცხლეს: “...და საკუთარმა ნაკვალევმაც გაგვისწრო თითქოს, / საფრთხე ხვეწავს იმ ნაკვალევს, / საფრთხე ანიჭებს სრულქმნილებას...”; ანდა - “... მშვენიერი ყვავი გაფრინდა / სიცივეების წმინდა მხარეში, / ხოლო იმ წუხილს ვარსკვლავები მოგიყვებიან, / ოღონდ ახედე და იფიქრე გზის დასასრულზე”; ან ეს სტრიქონები წავიკითხოთ, რომლებიც, ჩემი აზრით, არასოდეს ამოიშლება ქართული პოეზიის საგანძურიდან:

ჩვენ სიყვარულზე ცოტა მეტი ვართ,
ჩვენ სიყვარულიც თურმე არ გვყოფნის,
ჩვენ არ ვტირივართ, თუკი გვეტკინა,
ჩვენს ყოფას შუქი ადგას არყოფნის.

* * *

“არყოფნის შუქი”... არყოფნაც ანათებს, არყოფნაც ნათელია... უნებლიეთ გაგახსენდება: “რაღაა იგი სინათლე”... და ასევე უნებლიეთ კიდევ ერთი სტუდენტობისდროინდელი (ანუ გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრის) ამბავი მაგონდება: რუსთაველის გამზირზე, სამხატვრო გალერეაში იმართება ირაკლი თოიძის გამოფენა (მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი სააგიტაციო პლაკატი იყოს - "Родина-мать зовет!" - სადაც ჭაღარაშერეული, ჭარმაგი, მუქ-წითელ კაბიანი ქალია გულწრფელი ექსპრესიულობით გამოსახული, რომელიც თითქოს მოუძღვება ხიშტების - ანუ საბჭოთა პატრიოტების - “ტყეს” და რომელსაც, წინა პლანზე, ხელში ფურცელი უჭირავს - სამხედრო ფიცი). კოტე ჯანდიერი, მე და, თუ სწორად მახსოვს, ჩვენი მეგობარი ნიკო შუშტაკაშვილი ვსხედვართ სამხატვრო გალერეის სიახლოვეს, ალექსანდრეს ბაღში და ველოდებით გამოფენის გახსნას. ჩვენს სკამზე უცნობი, ტანდაბალი, ხანშიშესული, სიმპათიური კაცი ჩამოჯდება და გაგვიბამს საუბარს. როგორც ირკვევა, ეს თავად ირაკლი თოიძეა. მას არ მოკლებია საბჭოთა რეგალიები, მაგრამ როგორც ყველა ნამდვილ მხატვარს, მაინც არ დაკარგვია კარგისა და ცუდის, ჭეშმარიტის და იდეოლოგიზირებულის გარჩევის უნარი: იგი გვირჩევს, გამოფენის ის ნაწილი დავათვალიეროთ, სადაც მისი ახალგაზრდობისდროინდელი, მოდერნისტული ნამუშევრებია განთავსებული. მერე სიტყვამ “ვეფხისტყაოსანი” მოიტანა (ირაკლი თოიძე ერთ-ერთი იმ ცნობილ მხატვართაგანია, ვინც “ვეფხისტყაოსნის” დასურათხატების საკუთარი ვერსია შექმნა) და აი, რა გვითხრა ოსტატმა: რუსთაველი არ იტყოდაო “რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია”, ეს რუსთაველის აზროვნების მასშტაბებს არ შეეფერება, გადამწერებმა დაამახინჯეს, უნდა იყოსო “რაღაა იგი სინათლე, რასაც არ ახლავს ბნელია”... ბატონ ირაკლის მაინც ეტყობოდა - საბჭოთა ფილოსოფიის მთავარი “იარაღის” - დიალექტიკური მატერიალიზმის გავლენა...
რუსთაველმა, რა თქნა უნდა, იცოდა, მათ შორის “დიალექტიკურადაც”, რომ შუქი ჩრდილის, ნათელი ბნელის გარეშე არ არსებობს, მაგრამ რუსთაველმა თქვა ის, რაც თქვა: უჩრდილო შუქის, უბნელო ნათელის, აბსოლუტური ნათელის, ყოვლისმომცველი ნათელის, ყოვლად დამამშვიდებელი ნათელის შეგრძნება - ეს არის ყოფნის ღირსეული, ჭეშმარიტი მეგა- თუ მეტამიზანი. უბნელო ნათელი, თუ მზიანი ღამე, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, მაინც ყოვლისმომცველ სიყვარულთან, ქრისტესთან ასოცირებს; ამასთან, რუსთაველის ასეთი ხედვა უთუოდ ნეოპლატონისტურიცაა (და ეს ყოველივე არაერთხელ აღუნიშნავთ რუსთველოლოგებს): ფილონ ალექსანდრიელი წერს - “ჭეშმარიტ გზაზე დგას ის, ვინც ღმერთს ღვთაებრივის მეშვეობით შეიმეცნებს, ხოლო ნათელს - ნათელის მეშვეობით”; იგრძნობა ძველი ინდუისტური, ბუდისტური და სუფისტური მსოფლაღქმის კვალიც (და ესეც აღნიშნულა რუსთაველოლოგიაში) და სხვ.
და, ალბათ, ამავე მეგაკონტექსტში ექცევა თამაზ ბაძაღუას “არყოფნის შუქიც”... ის კიდევ უფრო ახლოა დიონისე არეოპაგელის მიერ ღვთაებრივის აღქმასთან: “ღვთაებრივი ჭეშმარიტების მარტივი, აბსოლუტური და უცვლელი საიდუმლოებანი გადამალულია მდუმარების დამაბრმავებელ სიბნელეში, რომელთან შეხვედრისასაც გამოცანას აწყდები. ეს უღრმესი, ყოვლად შეუღწევადი სიბნელე ხომ გასხივოსნებულად ნათელია. და მიუხედავად იმისა, რომ მას ვერც დაინახავ და ვერც შეეხები, იგი ჩვენს გონებას ტრანსცენდენტური მშვენიერებით პირთამდე ავსებს”... ახლოა, მაგრამ იგივე არ არის: თამაზ ბაძაღუას “არყოფნის შუქი” არ არის მხოლოდ რამ ტრანსცენდენტური თუ მეტაფიზიკური, იგი “ყოფას ადგას”, იგი ეგზისტენციურიცაა, პოეტს სურს - დაინახოს ის, ხელით შეეხოს მას...
და სწორედ ეს არის პოეტისათვის იმედის საყრდენი: აღნიშნულა, რომ თამაზ ბაძაღუა თითქოს გრძნობდა, უხმობდა თუ წინასწარმეტყველებდა თავის აღსასრულს, მძაფრად გრძნობდა ბედისწერას... მაგრამ იმის მიუხედავად, რომ პოეტი წერს – “მე დამეკარგა ჩემი სიკვდილი - ოქროვანი და დიდებული” (“ავტოკატასტროფაში დაღუპული დეიდაშვილის ხსოვნას”); “... არ ვიცი, რამ მაიძულა / საკუთარ თავს რომ ვემუქრები განადგურებით”; ან – “მე გამოვედი ეკლესიიდან, / რომელშიც არ შევსულვარ / და უძრავი ზარების რეკვაში / ვუსმენდი ჩემს გარდაცვალებას / (...) / და მარმარილოს უტყვმა თვალებმა / მჭრელი სხივივით აირეკლეს ბავშვი, რომელიც / სიბერისგან გარდაიცვალა” (“ნიკოლოზ ბარათაშვილი”); ან კიდევ – “მე მეშინია მისი წკრიალის, / მისი ტკბილი მიმზიდველობის” - მე მაინც არა მგონია, რომ ეს სტრიქონები მოახლოებული სიკვდილის წინასწარმეტყველებაა, არა მგონია, რომ პოეტის “ნება სიკვდილისაკენ”, მართლა, სიკვდილს უხმობდა. ასე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ის არასოდეს შექმნიდა, ვერ შექმნიდა ახალშობილი ქალიშვილისადმი მიძღვილ უმძაფრეს, შესანიშნავ ლექსს – “მე ვარ მგელი...” პირიქით - მე მგონია, რომ პოეტი აბსოლუტურად გულწრფელია (ან რატომ უნდა დამაეჭვოს ამან), როდესაც ამბობს: “ზამთარი ჩემი გულია, / გული, რომელიც თეთრად სკდება, / რომელიც ჯერ არ დანებებია უიმედობას. / და თუ მოგვისწრო თოვლმა, / მე ვიტყვი, / რომ გადარჩენა არასოდეს არ არის გვიან, / რადგანაც როცა ვამბობ “თოვლი” - / მე ვგულისხმობ მუდამ სიყვარულს.” ანუ - “თოვლი, რომელიც “ცივის”, “ზამთრის”, “სიკვდილის” ასოციაციურ ველზე უნდა მდებარეობდეს, მაინც “სიყვარულიცაა”, მაგრამ სხვა სიყვარული... ამქვეყნიური სიყვარული თუ ბედნიერება ხომ პოეტს “არ ჰყოფნის” (“ბედნიერებაც ცოტაა ჩვენთვის, / რომ ბედნიერი ვიყოთ ბოლომდის.”) - მას სურს, სიცოცხლეში თუ სიცოცხლეშივე შეიგრძნოს სიკვდილის, “არყოფნის შუქიც”, ანუ სიკვდილის სიყვარულიც, რაც, ვფიქრობ, სიკვდილისაკენ სწრაფვას თუ მისი მოახლოების წინასწარმეტყველებას კი არ წარმოადგენს, არამედ ყოვლისმომცველ განცდას, რომელიც სულ სხვა “სიბრტყეზეა განლაგებული” - სიბრტყეზე, თუ ფსკერზე, რომელიც ეგზისტენციურიცაა, მაგრამ სიტყვით ვერ გამოითქმება, რადგან ის სიტყვის “არასიტყვიერი” საფუძველია.
“სიყვარულის საგანი არის რაღაც არარსებული: ის, რის წინაშეც ჩვენი სურვილი ინაბება არის ფარდა, რომლის მიღმა არარსებული რეალურად გვეჩვენება” - წერდა პოსტსტრუქტურალიზმის ერთ-ერთი ცნობილი თეორეტიკოსი... განსხვავება ისაა, რომ პოეტს არარსებული რეალურად კი არ “ეჩვენება”, არამედ ის ამ არარსებულს მთელი თავისი არსებით განიცდის, შეიგრძნობს:

თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.

შენ - განუწყვეტლივ მიბიძგებ - საით?
მარადიულო დღეო და ღამევ,
ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც
ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.
ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,
რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,
თუ მხოლოდ ეს ვარ - უტყვი ჭურჭელი,
რათა ბოლომდე ავივსო შენით.

* * *

ერთსაც დავამატებ: დღეს სულ უფრო მწვავედ გაისმის საყვედური პოეზიის მიმართ, რომელიც ზედმეტად ჰერმეტულია (ამ სიტყვის ფართო გაგებით), პოეტის შინაგან სამყაროზეა ფოკუსირებული და ავიწყდება საკაცობრიო თუ ეროვნული პრობლემები; მაგრამ ასეთი საყვედური, ვფიქრობ, მუდამ უნდა დაკონკრეტდეს, რადგან, ცნობილია, რომ რაც პოეზიაში უპირველესად ღირებული და საინტერესოა - ეს სწორედ პოეტის ორიგინალური შინაგანი სამყაროა; ასე რომ არ იყოს, პოეზია დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას, რადგან იგი მუდამ უტრიალებდა და უტრიალებს მარადიული “თემების” მცირე რაოდენობას. ცნობილია ფორმულა: ხელოვნებაში მთავარია არა “რა”, არამედ – “როგორ”... სხვანაირად რომ ვთქვათ: მიუხედავდ იმისა, რომ ხელოვნებაში “რა” და “"როგორ” ერთიანია, მაინც ამ ერთიანობაში ახალი, ორიგინალური, თვითმყოფადი “როგორ” თავის თავში შეიცავს ახალი ნიუნასებით გამდიდრებულ, ახალი თვალით დანახულ, ახლად დაბადებულ “რას”, რომელიც თავისი წარსული “ორეულისგან” ყოველთვის განსხვავებულია...
მეორე მხრივ, ჰერმეტულობა თუ ინტრავერტულობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოეტისთვის უცხოა “აქტუალური თემები”. თამაზ ბაძაღუა შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინტრავერტული ქართველი პოეტი იყოს, მაგრამ მისთვის უაღრესად მტკივნეულია, მტანჯველია საბჭოთა პოლიტიკურ რეჟიმთან შეხება, სამშობლოს “ვირტუალურობის” განცდა... და იგი, უპირველესად, შეგუების თუ განურჩევლობის დაძლევისკენ მოუხმობს საკუთარ თავს, თაობას, უხმობს თავის ენაზე, მწვავედ, მძაფრად: “და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამ / გამახსენოს ჩემი სიმხდალე - / უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ... / (...) / საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში / აღარავინ აღარ ლოცულობს!”; ან - “ვინ გამოგვიყვანს ეგვიპტიდან, / ვინ გვაშიმშილებს ორმოც დღე-ღამეს. / ჩვენ მოწუწუნე თაობა გვქვია, / ჩვენი კანონი არის შიში და გულგრილობა”; კიდევ უფრო მძაფრად – “მოწვეთავს ცრემლი - ვეღარ ტირიხარ, / დაგჭრეს და სისხლი მაინც არა გდის, / გადაგაწნავენ მათრახს ირიბად / და შენც მადლობას იხდი მარადის.” ანდა, ამაზე მეტად “პოლიტიკური” რა უნდა შეექმნა პოეტს (თუმცა, როგორც თამაზ ბაძაღუას სხვა ლექსები, ეს ლექსიც ერთმნიშვნელოვანი არ არის, სხვა დისკურსის შინაარსებსაც იტევს და სხვაგვარადაც შეიძლება, იქნეს ინტერპრეტირებული):
მკვდრები ყვიროდნენ:
აი, ჩვენი სისხლი და ძვლები,
ჩვენი ხელები - ბნელი ნესტით ამწვანებული,
ჩვენი თვალები - ღია და მუნჯი,
მკვდრები ყვიროდნენ, -
აი, ჩვენი დროშების შუქი,
ჩვენი ძახილის თამამი ექო,
დაუძლეველი სისხლის ჩუხჩუხი,
მდინარეებად და ღრუბლებად აღმა წასული,
მკვდრები ყვიროდნენ
მაშინ
როცა ცოცხლები სდუმდნენ.

* * *
აი, ასეთ სივრცეებს იტევდა ოცდარვა წლის ბიჭის სული, ბიჭის, რომლის ბედისწერად, სიკვდილი კი არა, პოეზია იქცა... როგორ განვითარდებოდა მისი ლექსი? იქნებ - გოეთეს ცნობილი ფორმულის მიხედვით, პოეტური სიტყვის თუ სტილის დროში ცვლილებას რომ გამოხატავს... თუმცა, ასეთი კითხვის დასმაც და სავარუდო პასუხების ძებნაც ფუჭი საქმეა: თამაზ ბაძაღუამ დაგვიტოვა ის, რაც დაგვიტოვა - დაგვიტოვა ჩვენ და დაუტოვა ქართული ლექსის მომავალ მკითხველს...
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ნინო ტეფნაძე - პაატა შამუგიას ,,უპირატესობის” შესახებ


პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე, “- ეს სიტყვები ,,ნატვრის ხიდანაა” და ალბათ, თავის დროზე მათ სანუგეშებლად შეიქმნა, ვისაც პოეტობა უნდოდა და არ გამოუვიდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. პოეტები აღარც ქაღალდზე წერენ, არც მაინცდამაინც რითმებით ლაპარაკობენ და მით უმეტეს, დიდი ოცნებით გასხივოსნებულნი აღარ დააბიჯებენ დედამიწაზე.
ასე მაგალითად, პაატა შამუგიას მე დედამიწაზე უფრო ხშირად სოციალურ ქსელში ვხვდები. კამათისას ყოველთვის მზად აქვს ხოლმე სათანადო ირონია და მოწინააღმდეგის მხარზე დასაცემად საჭირო ციტატები. რაც მთავარია, მის სტატუსებსა და კომენტარებს თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ ის არაა პოეტი ლეონიძისეული გაგებით. არც ქაღალდზე წერს, არც ტრადიციულ რითმებს წყალობს და საერთოდაც, კარგად ესმის, რომ პოეზია უსაქმურობის ხელოვნებაა და ღმერთთან მას ხელი არ აქვს.
მიუხედავად ამისა, რელიგიური მოტივები მის ლექსებში მაინც უხვადაა. პრინციპში, ამას უკვე რელიგიური მოტივებიც აღარ ჰქვია, ეს რაღაც ფამილარული დამოკიდებულებაა ღმერთთან. როცა შეგიძლია, მას ზურგზე ხელი დაუტყაპუნო და ნახევრად (!) ხუმრობით უთხრა: ,,მოდი, როლები გავცვალოთ, ღმერთო, შენ იყავი პაატა შამუგია, მე ვიქნები ღმერთი”. ვიღაცისთვის ასეთი მიდგომა იაფფასიანი ტრიუკია, ვიღაცისთვის - ეპატაჟი. ჩემთვის საქმე გაცილებით მარტივადაა. პაატა მორწმუნე არაა, რის გამოც თავს უფლებას აძლევს, ყოველგვარი მოწიწებისა და ტაბუების გარეშე იმეგობროს ღმერთთან. ან სულაც ითანამშრომლოს. კრებულ ,,უპირატესობაში” პაატა შამუგია, უფალი და საბჭოთა კავშირი მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და თითოეული მათგანის ,,უპირატესობა” მხოლოდ პირობითია.
ასეთივე ფამილარული დამოკიდებულება აქვს ავტორს ენასთანაც. სიტყვებთან ურთიერთობისას ის თავდაჯერებულია, როგორც ფილოლოგს ეკადრება და თავხედი, როგორც პოეტს მოეთხოვება. პაატას ლექსებში ხშირად წააწყდებით კონტექსტში სავსებით ლოგიკურად ჩამჯდარ ნეოლოგიზმებსა და სიტყვების ეკლექტურ სიმრავლეებს (,,კონიუნქტურული ,,დედაენა” უცხოელი ტურისტისათვის”, ,,მომხდართა ლოცვა”, ,,მეთერთმეტე მცნება”), მელოდიურ ალიტერაციებსა და გონებამახვილურ შედარებებს.. და ამ ყველაფერს შემთხვევითობის სასიამოვნო კვალი ატყვია. თითქოს, ლექსის წერის დროს წინ ეწყოს სიტყვებით სავსე ტომრები და მათგან ამოღებულ სიტყვებს ანგარიშმიუცემლად არგებდეს ერთმანეთს. მიუხედავად ასეთი ,,დაუდევრობისა”, ყოველი შედარება ბუნებრივი გამოდის: ,,სიყვარული ისეთი სახიფათოა, როგორც კონტრაბანდა/
და ღიმილი პირდაპირი, როგორც ვარდნა”, ყოველი მეტაფორა კი - ემოციურად ზუსტი:
,,მიწაში საიმედოდ ჩათესილმა მკვდრებმა გაიხარონ,
ყლორტები გამოიღონ,
ხელებზე ხილ(ებ)ი გამოებათ და ვიხილოთ ხილი”.
ვფიქრობ, ემოციური სიზუსტე იმით მიიღწევა, რომ პაატა პოეტი-ცენზორია. დაუნდობლად ცხრილავს ხოლმე საკუთარ ლექსებს, გადარჩენილი ლექსებიდან- მონაკვეთებს, გადარჩენილი მონაკვეთებიდან კი - სიტყვებს. შედეგად კი 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 თხელი კრებული მიიღება. სამაგიეროდ, ის, რაც წიგნში ხვდება, საუკეთესოა.
წიგნში ლექსებთან ერთად პოემაა შესული, ,,უპირატესობა”. ის ათი თავისგან შედგება და თითოეულ მათგანში სხვადასხვა კუთხით შლის მთავარ თემას - საბჭოთა კავშირს. ასოციაციები ერთი შეხედვით, ბანალურია: სიკვდილი, დუმილი, წითელი ფერი, გადასახლება. სამაგიეროდ, ამ ასოციაციების გამოხატვის ფორმაა განსხვავებული. ასე მაგალითად, იღებს პოეტი წინადადებას ,,ამხანაგ მამას ასახლებენ მიუდგომელ სიცივეში” და სამი სერიის თერთმეტ მწკრივში აუღლებს. ამ ექსპერიმენტის შედეგად კი საინტერესო პოეტური პარადიგმა იბადება. გარდა ამისა, უხვადაა საბჭოთა რეჟიმის აღმწერი ახალი სიმბოლოები: შიშის დესანტები, წითელი მგლები, ანონიმური რეალობა.. აქ ვერსად ნახავთ ნამგლებსა და უროებს. საბჭოთა მიმართებები პაატა შამუგიასთან არაპროგნოზირებადია, როგორც მომავალი წლის ამინდი.
ჰო, აი წერას უკვე ვასრულებდი და გამახსენდა, რაც აქამდეც უნდა მეთქვა. პაატა მხოლოდ სოციალურ ქსელში არაა ირონიული. ის ირონიას ლექსებშიც იყენებს და ალბათ, სწორედ ამით გაურბის პოეტურ ტრადიციად ქცეულ სენტიმენტებს. როგორც წესი, მისი ირონია არ ტოვებს წმინდა, ხელშეუხებელ თემებს, რაც სულაც არაა გასაკვირი. აკი თვითონ პაატაც ამბობს, რომ პოეზია მხოლოდ საგნებისთვის ადგილის შეცვლაა. ადგილის შეცვლას კი ღმერთიც ისე ექვემდებარება, როგორც ნებისმიერი მოკვდავი.
პ.ს. ჩემთვის სწორედ ეს - ღმერთსა და ადამიანს შორის წაშლილი ზღვარია პაატას პოეზიის მთავარი ,,უპირატესობა”.
© kalmasoba.com

ზაზა თვარაძე - გამოუქვეყნებელი ლექსები


ციკლიდან „აბრაკადაბრები“
აბრაკადაბრა

სასამართლოს ეზოში ქალები ზილარიან,
ქალებს სურთ მოითხოვონ მართალი სამართალი!
მათ გვერდს უმშვენებს ვიღაც ყაზილარი -
თავპირმოქცეული და სახეუმართავი.
ცაზე თვითმფრინავი ხაზავს კალამბურებს,
ქარში იფანტება ცის ლურჯი ნაგლეჯები,
ყაზილარს უჭირავს ლერწმის სალამური,
სონატებს ასრულებს თვალებდაბნედილი.
სასამართლოს დარბაზიდან მოისმის გალობა -
ბრალდებულს მხნედ მიყავს მთავარი არია,
მსაჯულთა სამეული ცრიატებს სიზმარივით:
გულწარმტაცად გალობს, მოგეცა წყალობა!
იქვე ციბრუტივით ტრიალებს ადვოკატი,
მისი სიკისკასე ვერავინ შეაჩერა,
ადვოკატს კედლიდან დასცქერის პლაკატი -
ამ პლაკატს დასთამაშებს მისი ლაღი მზერა,
პლაკატზე სათნოდ იღიმება პროკურორი,
მეტყველ თვალებში ეტყობა გაოცება,
პროკურორს თვალები შუბლზე აუცოცდა:
ბრალდებულის გალობამ მოახდინა ფურორი!
გალობს ბრალდებული, ქუხს მოწმეთა ქორო,
ბრალდებულს გულს უკლავს ტყუილი ბრალდება,
მცირე ინტერმეცოსავით გაირბენს დარბაზს ჭორი:
ბრალდებულს თვით თემიდა უდგება თავდებად!
ადვოკატი ცეკვავს მკლავებგადაშლილი,
ავ თვალს არ ენახვება მისი ჩაუქი ლეკური...
სადღაც კი მოკლული წევს, ვით კამფეტი გალოკილი
და უფსკრულს ჩაჰხარხარებს ყორნების კრებული.
ფოთლებში სისხლივით წითელი ვაშლი ელავს:
ადვოკატი იწყებს ლაიტმოტივს ვაშლის,
ხან გაშლის, ხან შეკუმშავს, ხან გველივით წელავს,
ბოლოს სულაც აქრობს, დალოცვილი, ამ სოფლიდან წაშლის,
ადვოკატის ილეთი დარბაზს გვრის აღტაცებას,
ფლეიტებს ჩაბერავენ ხელმარჯვე ბაცაცები,

ადვოკატი ვაშლის ნაშთებს კურკიანად ყლაპავს
და მიწამდე თავს უკრავს ღირსეულ არეოპაგს.
იქვე, გასასვლელში, ყრუ დარაჯი ხვრინავს,
ძინავს უღვიძებლად, ბნელ სიზმარში წასულს,
ხედავს - ქვესკნელებში მისდევს ვიღაც ავსულს
და ერთი გასროლით ხვრიტავს ქვას და რკინას,
პროკურორს შემოაქვს ალესილი ნაჯახები,
მაგიდაზე დაახეთქებს კბილებმოღრაჭუნე,
უეცრად პროთეზი ძვრება, ის დასამტვრევი...
დარბაზი მხიარულად დაფდაფებს აგუგუნებს.
დარბაისელ მოწმეს უპყრია ტრომბონი,
დგას და ყრუ ხმებს წელავს, წელავს გატაცებით:
«დაწყევლოს გამჩენმა ნაჯახის მომგონი:
ბრალდებულს ხომ გუგული ქვია, იცნობდეთ!
იცნობდე, პროკურორო, ჩემო პროკურორო!
შენა ხარ ამ დარბაზში კაპიტნის თანაშემწე,
ხომალდს ნუ უღალატებ, ჩემი ხომ გეყურება,
თუნდ ზღვაში დაინთქას და მეხიც ზედ დაეცეს!
თუნდ მეხიც დაეცეს, ეს ოხერი, მუდრეგი,
შენ მაინც უდრეკად გაშალე იალქანი,
აღმართე გროტ-ანძა, დატვირთე კუბრიგი
და სასტიკ ურაგნებში ხომალდი გააქანე!»
პროკურორს თვალებზე ცრემლი მოადგება,
დარბაზში გუგუნებს ზღვის მგლების ძველი მარში,
ბრალდების მოწმეები სმენაზე დგებიან
და მამაც პროკურორს უდგებიან მხარში,
ბრალდებული იწყებს მეფისტოს არიას,
მკლავებს წინ გაიწვდის და ბოხი ხმით გალობს -
მისმა ხმამ ლამის დარბაზი გადარია:
«ვინ მომცა მე ფიშტო, ან ნაჯახი მე საბრალოს!»
უეცრად გაისმის პროკურორის კრიმანჭული,
შიგ ჩაუქსოვია მთელი სული, გული,
რაკრაკებს მისი კრინი, ზრდილი და მეფური:
«ვინ მიცა მკვლელს ნაჯახი, მოკლულს ჭკვა, მე - ფული!
მკვლელის უმწიკვლობა ხომ, ცხადია, სახეზეა!
მე მხოლოდ მოკლულისთვის მოვითხოვ პატიმრობას!
არ ვიტყვი, სასჯელის უმაღლეს ზომას-მეთქი,
არ მსურს იმ უბედურის ცოლ-შვილის ატირება!

ახლა კი, ბატონებო, ის დროა, დავამთავროთ,
ქუდი დავიხუროთ და გავიხუროთ კარი,
კანონმა იკანონა - ესაა უმთავრესი,
უმთავრესი, ვფიცავ ჩემს პროთეზსა და პარიკს!»
დარბაზი ჰიმნს სჭექავს, კივიან სოპრანონი,
პროკურორის ფა-დიეზი შეატოკებს ჭაღებს,
საყვირთა დაყვირებით ცხადდება განაჩენი,
მკვლელი ნაჯახებით როკვას გააჩაღებს,
ბოლო ნოტს ბუკზე ჩაბერავს მოსამართლე,
ბუკის ყრუ ბუბუნი მთელ დარბაზს მოედება:
პროცესი დამთავრდა, იწყება ბანკეტი,
მხიარულ ხმებს ერთვის დარაჯის შმაგი ბოდვა...
ეზოში ბედნიერი ქალები ზილარიან,
ბაყვებზე გაუშლიათ ტყემალი, ხაჭაპური -
ქალები, ყაზილრები - ყველანი ტკბილ არიან,
მწყაზარად დამსხდარა ერი საზეპურო,
უბრალო ბრალდებული ეთხოვება დარბაზს,
გრძნობამორეული წარმოთქვამს სადღეგრძელოს...
ცაზე კი თვითმფრინავი კალამბურებს ხაზავს
და ცის ლურჯ სიღრმეებში, ვით სირი, ყურყუმელობს।


აბრაკადაბრა
ანუ ხის სპირტზე დამზადებული შხამიანი არაყი
"Yo-ho-ho and a bottle of rum!
Death and the devil had done for the rest,
Yo-ho-ho and a bottle of rum!
Fifteen man on a dead-mans chest".

(მკვდრის სკივრს თხუთმეტნი შემოვრჩით მხოლოდ,
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
სხვებს სმამ და ეშმამ მოუღო ბოლო,
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!)
მეკობრეების ძველი სიმღერა
R.L.S.

რატომ ემსგავსებიან ვაჟები დედებს?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
რატომ ემსგავსებიან ვაჟები დედებს?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
მათ, ვინც მამა-პაპათა სასახელოდ
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
შვილებს უყოყმანოდ გაიმეტებს?

რატომ არ ცხოვრობენ შვილები თავიანთი შრომით?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ამიტომ სურს ყველას ყველასთან და თითოეულს ერთმანეთთან ომი?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
თუ ვეფხვი ძუ ლომია და ლომი ხვადი ვეფხვი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
რატომ არ არსებობს ქვეყანაზე ზოლიანი ლომი?

რატომ არის ჩვენი ქალაქები გიჟური და უდაბური?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
რატომ ენატრებათ ჩვენს შვილებს რძე და პური?
ო-ჰო-ჰო და სხვა...

რატომ არის ეს ჩვენი ბუნება ასეთი ხვადაგური?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
პირსახე გაბადრული და გონება დადაგული?

რატომ ემსგავსებიან ვაჟები დედებს?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ან ამ ჩვენს კოლხ დედებს ნეტა რა აყბედებს?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
იქნებ ჩვენს ვაჟებში ჭარბობს ტენდენცია ქალური?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ან იქნებ გრძნობენ, რომ დედებში მეტია რაღაც მამლური?

ბნელში ერთმანეთს ეკვეთებიან ანიმა და ანიმუსი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
იდს უფრთხის სუპერეგო - წყნარი, სანიმუშო,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ბნელში ანიმა ბელავს კახამბალს, ბჟოლას
ო-ჰო-ჰო და სხვა...
და ზეცა იწყებს მსხვილი კალიბრის ხოშკაკლის სროლას,
ო-ჰო-ჰო და სხვა...

კუნაპეტ ცაზე კიაფობს ვარსკვლავთა ასხმა,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ყოველდღე ისევ იწყება კოშმართა თავსხმა,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
წუხს სუპერეგო, რატომ არ თავდება ეს უსაშველო სასმელის დასხმა
ო-ჰო-ჰო და სხვა...
და რატომ იწვის ჩვენი ცოდვით ხმელეთი და ზღვა.
იო-ჰო-ჰო და სხვა...

რატომ ემსგავსებიან ბავშვები იდიოტ მშობლებს?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ან მოზრდილები რატომ მღერიან მხიარულ მრჩობლედს:
ო-ჰო-ჰო და სხვა...

«დიდება ჩვენს ძირძველ მოდგმას, დიდება, ბარაქალა»!
იო-ჰო-ჰო და სხვა...
ეჰეი, ბოთლი რომი და ბოთლი კონიაკი თავზე გადასდის ამ ჩვენს დაღლილ ქალაქს
იო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რახი!

მამი, მომე კოვზი, დანა, ჩანგალი! დედი, მომიწიე ჯამი!
ო-ჰო-ჰო და სხვა...
დაო, გამიშალე სუფრა, ძმაო, ამაცალე სკამი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
პაპი, მორჩი ეგ გიჟური ზღაპარი, ბები, შეწყვიტე საქსოვის ქსოვა,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ახადეთ თავი ძველისძველ სკივრებს, გაქექეთ წარსულის გროვა!
ო-ჰო-ჰო და სხვა...

ეგებ გავიგოთ, რატომ ემსგავსება ვაჟი დედას და ქალიშვილი მამას,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ბაბუ, შეეშვი ცხვირის ჩიჩქნას და უკბილო ღრძილებით ჭამას,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
დედი და ძალო, მორჩით ერთმანეთის წყევლა და ერთმანეთზე კივილი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
თორემ უმცროსი და საცაა გასხლტება კარებში ხვლიკივით
ო-ჰო-ჰო-ჰო და ერთი ბოთლი ამარეტო!

რატომ ემსგავსებიან მეთქი ვაჟები დედებს და
რატომ ბოგინობს მათს სულებში დედის კომპლექსი?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
იქნებ სადღაც ტრანსპერსონალურ სიზმრებში იბადება
მსგავსი ნონსენსი?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ერიხ ფრომი!
იქნებ ეს ვარიანტი ერთადერთია ადამიანის ფსიქიკის მბრუნავ ბორბლებში?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
იქნებ ყველაფერი უკვე ცხადია, და სამკალიც აღარ დარჩა ამდენ მომკლებში?
ო-ჰო-ჰო და სხვა...

ეჰეი, დედი, მამი, ahoy, daddy, mummy,
Yo-ho-ho and a bottle of rum!
მაშინ ხომ მთელი ქვეყანა უნდა გადედდეს და მამად დაუჯდეს წინ იმამი,
Yo-ho-ho and a bottle of rum!
მაშინ ხომ ყველა და ყველაფერი უნდა დაიყვანებოდეს პარადიგმულ ერთზე,
Yo-ho-ho and a bottle of rum!
მაშინ ხომ ღმერთი უნდა გავცვალოთ ბორის მჟავაზე
და ძია ბორისი ვალაპარაკოთ ღმერთზე...
Yo-ho-ho and a bottle of rum!
ეჰეი, სერ ბორის, შე ძველო, შენს პირს შაქარი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
მოდის, მოღელავს, იკბინება ჩვენი ძირძველი ლაშქარი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ბები, შეეშვი ყაისნაღით ყურების ჩიჩქნას და
ბაბუ, შენც მორჩი ეგ გიჟური ხარხარი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
და დღე იყოს კრული, უბადრუკი,
ჩვენ ყველანი - ერთად დასაღუპი
და წამოვიდეს სეტყვა ჩქარჩქარი.
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ოღონდ ეს პატრუქი და მატრუქი
და ეს უბადრუკი პეტრუქი
არ იყოს ასე ამტყდარი.
ო-ჰო-ჰო-ჰო და ერთი ბოთლი საასენიზაციო ხსნარი!


და აი! თქვენ შეხედეთ: ბებიას ბიას აბია ბია!
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
ეჰეი! ბებიას ბიას აბია ბია!
ო-ჰო-ჰო-ჰო და გობით ცომი!
ხოლო ბაბუას ბიას აბია ბუა!
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
და ბებიას ბიას აბია ბაბუა!
ო-ჰო-ჰო-ჰო და ხის სპირტზე დამზადებული შხამიანი არაყი!

ეჰეი-მეთქი! რატომ ემსგავსებიან ვაჟები დედებს?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
ან ეს დედები რატომ ამყარებენ დაცენტრილ ვაჟებზე ამხელა იმედებს?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
ან ყველა ყველას და თითოეული ერთმანეთს დასაკლავად რატომ იმეტებს?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
და რა ეშველება ნისლით მოცული მომავლის ამდენ მოიმედეს?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!

და ბოთლი რომი, ბოთლი რომი,
მოპოვებული ჩვენი შრომით!
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი!
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
1992।


მშობლიური აბრაკადაბრა
(პატარა ბალადა)
საღამოა, ძვრას ვერ უზამს მიძნაძორო მერეს,
ბულბულები დაჰკივიან ჩვენს გორებს და სერებს,
მთვარე ჩადის, მთვარე ჩადის, როგორც ძველი სკივრი,
როგორც ყველი, როგორც მჭადი, და ქინძით და ნივრით
შეზავებულ შეჭამადში ყრია კაცის ძვლები,
სუფრას მისხდომიან მგლები, მადიანად სვლეპენ,
ხვრეპენ, ილოკავენ ტუჩებს, ქონით ნაპოხ ლაშებს,
თევზის მუცელივით რბილი ლეში ცურავს ზღვაში.
ცად კი აღმართულა წვიმა, როგორც კატაფალკი...
ასე არის - როგორც წინათ, ხომ ცხოვრობდა ხალხი!
იყვნენ, სწამდათ, სჭამდნენ, სჭამდათ, სვამდნენ ნათელ ღვინოს,
მერე მათაც დაუღამდათ, მიწვნენ, მიიძინეს,
მისდეს თავი ღრმა ბალიშზე, მოატყუეს თვალი,
მოატყუეს ახლობლები: მული, ქვისლი, რძალი,
მოატყუეს მეზობლები - ეგროს, კახოს, ჰაოს,
მიიძინეს, შეუერთდნენ პირველყოფილ ქაოსს
და იქ სიზმრად ნახეს მხარე ავსებული მადლით,
სურათებით, სიხარულით და ბალღური ნაღვლით,
- ყრმაო! - უთხრა ანგელოზმა - გაახილე თვალი,
გაახილე, მოიხილე მხარე წარუვალი!
და თუ თვალსაც ვეღარ ახელ, მაშინ მიგდე ყური!
მიგდე, მოგდე, სწრაფად მითხარ: ვისი სული გსურის?
აირჩიე შენი ხვედრი, აირჩიე, აი,
მთლად შენია, შენ გეკუთვნის აი შავი ზღვაი!...
მანაც მედგრად უპასუხა: - ანგელოზო, ვიცი!
ვიცი რასაც მიწყალობებ, არ მჭირდება ფიცი!
მაგრამ ვაგლახ! აფსუს! მახლას! როგორ ვენდო სიზმარს,
კარგი ცხადმა რა მიყო და სიზმარი რას მიზამს?!
არა, არა! მიჯობს ისევ ძველ გზას გავყვე ფეხით,
კვალში ხვნეშით მომყვებოდეს მამაჩემი - გლეხი,
რომ ჭაპანი მედგას ქედზე, თავს დამქუხდეს მეხი,
და ჩვენებურ ტალახებში მეფლობოდეს ფეხი!
არ მჭირდება შენი ვალი, კრედიტი და სესხი,
მხოლოდ ერთს გთხოვ: კვლავ მამღერე ძველებური ეშხით,
და თუ ნახავ ჩემს სამშობლოს, უდარებელ მხარეს,
მოიხილე ჩემი სახლი, ჩემი ნაფუძარი,
გადაეცი ჩემს ახლობლებს, ნუ მტირიან, ნურა!
მე შავეთის გზებს მივაპობ მამაცურად, მგლურად,
სადაც ვნახავ ეულ ბატკანს, მსურს დავტაცო ხელი..
მომიგონონ! მე სხვას მათგან აღარაფერს ველი!
მივალ - მოჩანს, მოვალ - მიჩანს საიდუმლო ველი,
ქარი გორებს ეფერება, მოდის წვიმა ნელი,
ეგზომ ჩუმი, უსუსური, ეგზომ საშინელი,
პლანეტები - გასუსული, მთვარე - პირყვითელი,
ცა - ვარსკვლავებით ჭედილი, ცა - კამეჩის თვალი,
დიდგორივით ჩახერგილი, ღრმა, თვალშეუვალი,
ცაში მოჩანს ბედი ჩემი, ეგზომ საქებური,
მამიჩემი, დედიჩემი, და მზაკვარი მდგმური...
მახლას! მიხლას! მუხლას! მოხლას! დამანებე თავი!
აწ დედ-მამის ნაცვლად მახლავს შუაღამე შავი...
- მერე და რა?! შუაღამე! რა განცდაა, იცი?!
მოსდევს ღრუბელს უამრავი ნაბდისფერ კვიცი!
შეხტი, შეაგელვე სერებს, როგორც არაგველი,
აჩიგვარას, მიუსერას მიუსიე მგელი!
გაიღვიძე.. გულზე გადევს რაც არაფერს არ გავს,
უმადური მეზობელი გულზე გაყრის ნაგავს,
გულზე დაგხვევია დარდი, გულზე გველი წივის,
გულზე შავი თოვლი ბარდნის - ცივი, ცივზე ცივი,
და ბიბინებს შენი გული, ქათქათებენ ძვლები,
ბალახებში გაფანტული თეთრი ნატვრისთვლები,
ჰე, მამაცო! გაიღვიძე! დაარისხე ზარი,
დაარისხე, მიდი, მისცხე, გადალახე ზღვარი!
კვლავ ნათელი გახდეს ზეცა, ელვარებდეს მთები,
კვლავ ვარსკვლავებს ჰგავდეს დედის მარგალიტის თმები,
კვლავ ზღვასა და ხმელეთს შუა იცრებოდეს ქარვა,
ხელმანდილი გაიტაცოს მოგუგუნე ქარმა,
კვლავ დარახტე შენი რაში, ზედ შეაგდე ქალი,
გადიხადე სახაშეში დარჩენილი ვალი,
თორემ ბნელა, თორემ ცივა, ღამე ახრჩობს ქალაქს,
ზეცას ბღუჯად თმები სცვივა, უშიშვლდება ქალა,
თორემ ზარით დაკრეჭს კბილებს ვარსკვლავების ველი,
თორემ ქალაქს დაეხვევა სისხლიანი გველი,
თორემ ვერა, ვერ გაუძლებს დედამიწა ტკივილს,
აფეთქდება ყველა კვირტი ტანჯვით და კივილით,
თორემ მინდვრებს გადაფარავს შხამიანი თოვლი,
ხორცდალეშილ ფარეხებში გულს ამოჭამს მყოვლი,
მიწას ჭვარტლი ამოგლისავს, ცას - სპილენძის მური,
და სიკვდილის ანგელოზი - ჩვენი, შინაური,
დაიწივლებს და ხარხარით დაეცემა ტყეებს,
დედაწულნი დაიწყვეტენ ჯავრით საკინძეებს,
გასრულდება ჩვენი მოდგმა და ძირძველი ჯიში,
საფლავს ფითრი მოედება, სუროს შეჭამს შიში,
ჩაიწვება ჩირაღდანი, დაყრუვდება ნიში,
ჩაიდანი, ჩიბურდანი, ქიში! ქიში! ქიში!...
მაშ გამხნევდი, წამოდექი, დაუბრუნდი ქალაქს:
შენ სამშობლო არ მოგაკლებს თავის მადლს და ძალას,
დაერიე ხარაჩოებს, კვლავ აღმართე თაღი,
კვლავ სიამით აამღერე ჩვენი ტურფა ბაღი,
და თუ ღვინო მოგერია, ნუ ინაღვლებ მასზე -
მთავარია, ადრე დილას გაეშურო ხაშზე!
ხაში, მწნილი, ჩალაღაჯი, არყით სავსე სირჩა,
დილის მზე, აღჯანაბადი, გარეგინა, ხირჩლა...
გულის ძილით სძინავს ქალაქს, მზე დაჰნათის თავზე,
დინჯი მტკვარი ნელად ღელავს, კუდს გაიქნევს თევზი...
...და იღვიძებს ჯარისკაცი - ლირიკული გმირი,
იგი დგება, სუნთქავს, დადის, ნათელი აქვს პირი,
წარსულს წაყვა, სიზმრად დარჩა წყევლა საშინელი,
სადღაც შუა ხიდზე გარჩა კაცი ბლისკინელი,
ისლის სახლი და ჟალტამი გადაბუგა მზემა,
შეწყდა სისხლი, შეწყდა ომი, ერთმანეთის სვრემა,
ისევ წყნარი ამინდია, მოსჩქეფს წმინდა წყარო,
სდევს ხარირემს კვლავ მინდია, შუბლზე მზით და მთვარით,
ამირანსაც შეუხსნია ის წყეული ჯაჭვი,
ახლა აგერ, ბაგა-ბაღში დასტრიალებს ბავშვებს,
თავს ევლება ბადრის, უსუპს, ეთერს, აბესალომს,
არ სწუნობენ ნორჩები სუპს, არ ზარობენ სალამს,
არამზადა შვარცენეგერს დაანებეს თავი,
არ უცქერენ ტელევიზორს, დუმს რადიო ავი,
თამაშობენ რიკ-ტაფელას, მღერენ ხართა ლალას,
დაემსგავსა კვლავ ტფილისი მზის და ვარდის ქალაქს,
გაქრა შავი ბედისწერა, ჭირი, დარდუბალა!..
აი ასე დაიწერა ეს პატარა ბალა...
© kalmasoba.com