Monday, July 20, 2009

სემუელ ბეკეტი – თამაში


სემუელ ბეკეტი

თამაში

მოქმედი პირები: I ქალი, II ქალი, კაცი.

ცენტრში, რამპასთან, ერთმანეთის მიყოლებით, დაახლოებით იარდის (91 სმ) სიმაღლის სამი ერთნაირი ნაცრისფერი ურნა დგას[1]. თითოეულიდან თავია ამოყოფილი, კისერი კი ურნის ყელში მჭიდროდაა მოთავსებული. მაყურებელთა დარბაზიდან ცქერისას მარცხნიდან მარჯვნივ II ქალს, კაცსა და I ქალს ვხედავთ. ისინი პიესის მსვლელობისას მხოლოდ წინ იყურებიან, თავებს არ ატრიალებენ. მათ სახეებზე გამომეტყველება და ასაკის ნიშნები იმდენად წაშლილია, რომ თავები ურნების ნაწილებს მიუგავთ. თუმცა ნიღბების გამოყენება დაუშვებელია.
ლაპარაკს მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა პროჟექტორის შუქი სახეზე ხვდებათ[2].
შუქი სახიდან სახეზე სწრაფად გადადის. დაბნელება, ანუ პროლოგის სრულ სიბნელეში დაბრუნება, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა, არ ხდება. შუქზე რეაქცია იმავე წამს არ წარმოიქმნება – ყოველი რეპლიკის წინ წამიერი პაუზა უნდა იქნას დაცული, თუკი უფრო ხანგრძლივი პაუზა სპეციალურად არ არის აღნიშნული.
სახეები უმეტყველოა, ხმები – მონოტონური, გარდა ადგილებისა, სადაც გამოთქმა სპეციალურად არის მითითებული.
საუბრის ტემპი თავიდან ბოლომდე აჩქარებულია.

ფარდა ზემოთ ადის. სცენა თითქმის სრულ სიბნელეშია, თუმცა ურნების გარჩევა მაინც შეიძლება. 5 წამი. სუსტი სინათლე ერთდროულად სამივე სახეზე. 3 წამი.
ლაპარაკობენ ერთდროულად. ხმები – ჩუმი, მეტყველება – გაურკვეველი.


I ქალი
უცნაურია, დიახ, წყვდიადი უკეთესია, რაც უფრო ბნელა, მით უარესია, სიჩუმე და უკუნეთი, განსაზღვრულ დრომდე კარგია, მაგრამ ეს განსაზღვრული დრო უკვე დგება, აი ისიც, თვითონ გაიგებ, წადი აქედან, ნუ მაწუხებ, მხოლოდ სიჩუმე, მხოლოდ წყვდიადი, ყველაფერმა გაიარა, ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი აღმოიფხვრა...

II ქალი
იქნებ, დიახ, ჩრდილი წავიდა, მგონი, იტყვიან ასე, საწყალი ქალი, ჩრდილი წავიდა, უბრალოდ ჩრდილი, თავში... (იცინის.) ჰა-ჰა-ჰა, უბრალოდ ჩრდილი, ეჭვი მეპარება, ეჭვი მეპარება, ბოლომდე არა, როგორც შემიძლია, რაც შემიძლია...

კაცი
დიახ, სულში სიმშვიდეა, და თითქოს ყველაფერი მომცილდა, მთელი ნაღველი, თითქოს არც კი ყოფილა, მაგრამ დადგება... (ასლოკინებს.) პარდონ, აზრი არა აქვს, მე კი ვიცი, მიუხედავად ამისა სულში სიმშვიდეა, უბრალოდ კი არ გაიარა ყველაფერმა, თითქოს არც კი ყოფილა...

სინათლე ქრება. დაბნელება 5 წამი. ძლიერი სინათლე ერთდროულად სამივე სახეზე. 3 წამი. ხმები ნორმალური სიძლიერით.

I ქალი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ვთხოვე, მიატოვე-მეთქი...
II ქალი: . . . . . . . . (ერთად) . . . . . . . . . . . ერთ დილას, როცა ფანჯარასთან...
კაცი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩვენ ერთად სულაც არ...

სინათლე ქრება. დაბნელება 5 წამი. სინათლე პირველ ქალზე.

I ქალი
ვთხოვე, მიატოვე-მეთქი. დავაფიცე...

II ქალი
ერთ დილას, როცა ფანჯარასთან ვიჯექი და ვკერავდი, მისი ცოლი შემომივარდა. ჩემ ქმარს თავი დაანებეო, გაკიოდა. ფოტოებზე აშკარად უკეთესად გამოიყურება. მაშინ ვნახე პირველად, სინამდვილეში რაც არის. გასაგებია, რომ მისმა ქმარმა მე მარჩია.

კაცი
ჩვენ ერთად დიდხანს სულაც არ ვყოფილვართ, მან კი ყველაფერი იყნოსა. მიატოვე ეგ ბოზი, მითხრა, ან ყელს გამოვიჭრიო... (ასლოკინებს.) პარდონ, ღმერთი მიშველის. ვიცოდი, არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ ჰქონდა და ვუთხარი, რომ არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს.

II ქალი
რაზე მელაპარაკებით, ვეკითხები, თან კერვას ვაგრძელებ. თავი დავანებო – ვის? სუნით ვხვდები, რომ ჩემი ქმარი ბოზთან დადისო, მიკივლა.

I ქალი
მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ქმარს კარგი მეთვალყურე მივუჩინე, არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ ჩნდებოდა. იმის უარყოფაც არ შეიძლებოდა, რომ საწოლში ის ისეთივე... გულმოდგინე იყო, როგორიც ადრე. ამ მიზეზის გამო და იმიტომაც, რომ ვიცოდი, როგორ ვერ იტანს სუფთა პლატონიზმს, ხანდახან ვფიქრობდი, ტყუილად ხომ არ ვადანაშაულებ-მეთქი. დიახ.

კაცი
რა გაქვს საწუწუნო, ვკითხე. მე რა, შენ უგულებელგყოფ? როგორ შევძლებდით ერთად ყოფნას მე და შენ, როგორც ახლა, კიდევ ვიღაც რომ მყავდეს-მეთქი? მართლა ძალიან მიყვარდა და ცხადია, მებრალებოდა.

II ქალი
შემეშინდა, რომ ძალას იხმარდა და მეზობელს დავუძახე, რომელსაც შეუძლია დამემოწმოს, თუ ჯერ კიდევ დასეირნობს დედამიწის ზურგზე, როგორ დამემუქრა ალქაჯი წასვლისას, რომ ყოფას მიტირებს. არ დავმალავ, მე მაშინ ამან ძალიან შემაშფოთა.

კაცი
არ დამიჯერა. ეს მოსალოდნელიც იყო. მე მას სუნით ვგრძნობო, იმეორებდა. ძნელი იყო ასეთ რამეს შეპასუხებოდი. ამიტომ მოვეხვიე და ვუთხარი, რომ არ შემიძლია უიმისოდ ცხოვრება. უფრო მეტიც, ამაში საკუთარი თავიც დავარწმუნე. მას არ მოვუცილებივარ.

I ქალი
თავად განსაჯეთ, როგორ გავოცდი, როცა ერთ დილას ჩემი ქმარი საპირფარეშოში შემომეჭრა, მუხლებზე დაეშვა, სახე ჩემ კალთაში ჩარგო და... ყველაფერი აღიარა.

კაცი
ვიღაც იდიოტს ჩემი თვალთვალი დაავალა, მაგრამ მე ამ ვაჟბატონს ვუთხარი – ზედმეტი გასამრჯელო არ გაწყენს-მეთქი.

II ქალი
რატომ არ მიდიხარ სახლიდან, ვეკითხებოდი, როცა ის თავის აუტანელ ოჯახურ ცხოვრებაზე იწყებდა წუწუნს. შენ და შენ ცოლს შორის ხომ აღარაფერია? თუ არის?

I ქალი
ვაღიარებ, პირველი ჩემი გრძნობა განცვიფრება იყო. აი მამაკაცი!

სინათლე მამაკაცზე. ის პირს გააღებს, რომ რაღაც თქვას, მაგრამ სინათლე მე-2 ქალზე გადადის.

II ქალი
გულახდილად თქვი, ვინ გგონივარ – მექანიკური ხელსაწყო? მკითხა. აბა რატომ არ მიდიხარ-მეთქი? ხანდახან ვფიქრობდი, რომ ცოლთან ფულის გამოა.

კაცი
მერე მათ შორის სცენა მოხდა. არ შემიძლია, ვიღაც შემომივარდეს და დამემუქროსო, მითხრა. შემატყო, დიდი ყურადღებით არ ვუსმენდი. თუ ჩემი არ გჯერა, მეზობელს ჰკითხეო. ჩემი ცოლი იმუქრება, რომ თავს მოიკლავს-მეთქი. შენ არ მოგკლავსო? მკითხა. არა, მე არა-მეთქი. ამაზე ბევრი ვიცინეთ.

I ქალი
მერე მაინც ვაპატიე. სადამდე არ დაგამცირებს სიყვარული! შევთავაზე, რომ ჩვენი შერიგება სადმე მთაში ან ზღვაზე აღგვენიშნა. გაფითრებული იყო. ლოყებჩაცვივნული. სწორედ ახლა არის ეს შეუძლებელიო. საქმეების გამო.

II ქალი
მისი ცოლი ისევ მოვიდა. გზად შემოიარა. სულ თაფლად იღვრებოდა. საწყალი. მე ფანჯარასთან ვიჯექი და მანიკიურს ვიკეთებდი. მან ყველაფერი მიამბოო, გამომიცხადა. ვინ “მან,” – ვუპასუხე, თან ქლიბი ხელიდან არ გამიშვია, - და რა არის ეს “ყველაფერი?” მე მესმის, რა მტკივნეულია ეს თქვენთვისო. უბრალოდ შემოვიარე, რომ მეცნობებინა – გულში არაფერი ჩამიდიაო. მე მეზობელს დავუძახე.

კაცი
მერე შემეშინდა და ყველაფერი ვუამბე. სახეზე ფერი აღარ ედო. მოღალატეებო, მხედველობაში მიიღეთ, არ შეიძლება ადიულტერში გამოტყდომა.

I ქალი
როცა დავწყნარდი, და მეგონა ყველაფერი დასრულდა, ვიფიქრე ნიშნს მოვუგებდი. ჩვეულებრივი ბოზი. რა ნახა მასში, როცა მე ვყავდი...

II ქალი
როცა ჩემი კაცი ისევ მოვიდა, ყველაფერს შუქი მოვფინეთ. მე მკვდარივით ვიყავი. ის სულ მიხსნიდა, რატომ იყო საჭირო ცოლს გამოსტყდომოდა. მეტისმეტად სახიფათოაო და სხვა მისთანები. ეს იმას ნიშნავდა, რომ კვლავ ცოლთანაა. მასთან დაბრუნდა!

I ქალი
სქელი, მრგვალი სახე, ფერიმჭამელები, გადმობრუნებული ტუჩები, კისერი არა აქვს, მკერდი, როგორც...

II ქალი
ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. ისმოდა, როგორ გააქვთ ნაგავი. მე ის გავაჩერე და ვუთხარი, როგორიც არ უნდა იყოს-მეთქი ჩემი გრძნობები, არც იმის სურვილი მაქვს, სულელურ მუქარებს მივმართო და არც იმისა, რომ შენი ცოლის ნასუფრალით ვიკვებო-მეთქი. ჩაფიქრდა.

I ქალი
ფეხები, როგორც... გალიფე.

კაცი
როცა მე ის კვლავ ვნახე, საშინლად... (ასლოკინებს.) გამოიყურებოდა. პარდონ. მენაგვეებს ნაგავი გაჰქონდათ. ხმაური, სუნი. მთავარი იყო დამერწმუნებინა, რომ არავითარი... განახლება ინტიმურობისა არ მოხდებოდა. არაფრის თავი აღარ მქონდა. ეს მოსალოდნელი იყო. მაშინ მე მას მოვეხვიე და ვუთხარი, რომ არ შემიძლია უიმისოდ ცხოვრება. მგონი, მართლა არ შემეძლო.

II ქალი
ერთადერთი გამოსავალი გამგზავრება იყო. შემპირდა, რომ ასეც მოვიქცევით, მაგრამ არა იმაზე ადრე, ვიდრე ის თავის საქმეებს მოაგვარებს. მანამდე კი ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩეს. შეძლებისდაგვარად.

I ქალი
ამრიგად, ის კვლავ ჩემი იყო. მთლიანად. მე ბედნიერი ვიყავი. დავდიოდი და ვმღეროდი. სიმშვიდე...

კაცი
შინ – სიამტკბილობა, ახალი ფურცელი. როგორც ამბობენ, ვინც ძველი ახსენოსო... იმასთან შევიარე... შენს ბოზთან, მითხრა ერთხელ ღამით საწოლში. კარგია, რომ თავი დაანებეო. საკმაოდ უაზრო საქციელია, გავიფიქრე. აბა რა, ძვირფასო-მეთქი, აბა რა. მაგარი პარაზიტები არიან ეს ქალები. გმადლობ, ანგელოზო-მეთქი.

I ქალი
მერე მე კვლავ ვიგრძენი იმ ქალის არსებობა. დიახ.

II ქალი
როცა ჩემმა საყვარელმა ჩემთან სიარული შეწყვიტა, მე ამისათვის მზად ვიყავი. მეტად თუ ნაკლებად.

კაცი
ბოლოს უკვე აუტანელი გახდა. უბრალოდ, აღარ შემეძლო მეტი...

I ქალი
სანამ რამის გაკეთებას მოვასწრებდი, ჩემი ქმარი გაქრა. ესე იგი იმან გაიმარჯვა. იმ ბოზმა! ვერ ვიჯერებდი. სრულიად დამტვრეული ვეგდე მთელი დღეების განმავლობაში. შემდეგ მასთან წავედი. სახლი დაკეტილი დამხვდა, ფანჯრები აფიცრული. გზად შინისაკენ, მოლიპულ დაღმართზე...

კაცი
უბრალოდ, მეტი აღარ შემეძლო...

II ქალი
მოვაგროვე მისი ნივთები და დავწვი. ნოემბერი იყო, კოცონი დიდხანს იწვოდა. მთელი ღამე მცემდა დამწვრის სუნი.

დაბნელება 5 წამი. სინათლე ერთდროულად სამივე სახეზე, მაგრამ ორჯერ უფრო სუსტად. 3 წამი. ხმებიც, შესაბამისად, ჩუმად.

I ქალი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შემიბრალე, შემიბრალე...
II ქალი: . . . . . . . . (ერთად) . . . . . . . . იმის თქმა, რომ...
კაცი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თავიდან, როცა ყველაფერი...

სინათლე ქრება. დაბნელება 5 წამი. სინათლე მამაკაცზე.

კაცი
თავიდან, როცა ყველაფერი შეიცვალა, ღმერთს მადლობა მოვახსენე. ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, ყველაფერმა გაიარა...

I ქალი
შემიბრალე, შემიბრალე, ენა კვლავ ითხოვს შებრალებას. შენ შემიბრალებ. ყველაფერს გაიგებ და შემიბრალებ.

II ქალი
იმის თქმა, რომ იმედი არ გამცრუებია, ნამდვილად არ შემიძლია. მეტს ველოდი. მეტ სიმშვიდეს.

I ქალი
ან ჩემგან დაიქანცები. წადი აქედან.

კაცი
ქვემოთ და ქვემოთ, წყვდიადში, სულში სიმშვიდე დაისადგურებს, ვფიქრობდი, ესეც ასე, როგორც იქნა, სწორი ვიყავი, ესეც ასე, მადლობა ღმერთს, თავიდან, როცა ყველაფერი შეიცვალა.

II ქალი
ნაკლები ბუნდოვანება. ნაკლები აბდაუბდა. ამასთან ერთად, ახლა უკეთესია, ვიდრე... მაშინ. აშკარად. დროდადრო გასაძლებიც კია.

კაცი
ვფიქრობდი მე.

II ქალი
როცა შენ ქრები, მე გამორთული ვარ. ოდესმე მოგწყინდები და წახვალ... სამუდამოდ.

I ქალი
ჯოჯოხეთური ბინდბუნდი.

კაცი
დიახ, სიმშვიდე, და თითქოს ყველაფერი მომცილდა, მთელი ნაღველი, თითქოს არც კი ყოფილა.

II ქალი
მომშორდი, არ გამოგივიდა. წადი და სხვებს ეცი. თუმცა...

I ქალი
წადი აქედან! (მძვინვარედ) წადი აქედან!

კაცი
მაგრამ მშვიდობა დაისადგურებს. იმას, რაც იყო, მომავალი არ ჰქონდა.

II ქალი
თუმცა ყველაფერი კიდევ უფრო უარესი შეიძლება გახდეს, არის ამის საშიშროება.

კაცი
რა თქმა უნდა, მე კი ვიცი...

I ქალი
შეიძლება სიმართლეს არ ვამბობ, შეიძლება ოდესმე ვიტყვი და მერე ამ სიმართლის გამო სინათლე აღარ იქნება?

II ქალი
შეძლებდი ჩემზე გაბრაზებას იმის გამო, რომ მწუხარებისაგან გონება ამერია? შეძლებდი?

კაცი
ახლა კი ვიცი, რომ ის თამაში იყო. მაგრამ ეს? ეს როდის გახდება...

I ქალი
შესაძლებელია?

II ქალი
შეძლებდი?

კაცი
ეს როდის გახდება... უბრალოდ თამაში?

I ქალი
არაფრის გაკეთება არ შემიძლია... არავისთვის... მეტი... მადლობა ღმერთს. ესე იგი რაღაცის თქმაა საჭირო. რა დუნედ მუშაობს ტვინი!

II ქალი
საეჭვოა. ეს არ არის შენს სტილში. მაგრამ უნდა იცოდე, რომ მე თვითონაც ვცდილობ, როგორც შემიძლია. თუ არ იცი?

კაცი
შესაძლოა ისინი დამეგობრდნენ. შესაძლოა მწუხარებამ...

I ქალი
მაგრამ მე ყველაფერი ვთქვი, ყველაფერი, რის თქმაც მაცალეს. ყველაფერი, რაც...

კაცი
შესაძლოა მწუხარებამ ისინი გააერთიანა.

II ქალი
ეჭვი არ არის, მე იმავე შეცდომას ჩავდივარ, რასაც მზის შუქზეც ჩავდიოდი. ვეძებ აზრს იქ, სადაც შესაძლოა არავითარი აზრი არ არის.

კაცი
შეიძლება ისინი ერთმანეთს ხვდებიან და იმ მწვანე ჩაის მიირთმევენ, რომელიც ორივეს ასე უყვარდა, უშაქროდ, ურძეოდ, ლიმონის ნაჭრის გარეშე...

II ქალი
გესმის ჩემი? ვინმეს ესმის? ვინმე მიყურებს? ესაქმება ვინმეს ჩემთან რამე?

კაცი
ლიმონის ნაჭრის გარეშეც კი...

I ქალი
იქნებ დავიმანჭო და არა მხოლოდ ვილუღლუღო? ავტირდე?

II ქალი
აკრძალული მაქვს, თუ რა? საფრთხემ უკვე გაიარა. საწყალი ქალი, ახლაც ჩამესმის იმ საცოდავის ხმა...

I ქალი
ენა ამოვიგლიჯო და ჩავყლაპო? გადმოვაფურთხო? შენ გულს ამით მოვიგებ? რა დუნედ მუშაობს ტვინი!

კაცი
ხვდებიან ერთმანეთს, ხან ერთთან სხედან, ხან მეორესთან და ადარებენ... (ასლოკინებს.) პარდონ. ბედნიერ მოგონებებს.

I ქალი
ფიქრი მაინც შემეძლოს! აზრი არც ამას არა აქვს... არავითარი. არ შემიძლია.

II ქალი
იმ საცოდავს, შენ შეცდენას რომ ცდილობდა, რა დაემართა, როგორ გგონია? ახლაც ჩამესმის მისი ხმა. საწყალი.

კაცი
პირადად მე ყოველთვის “ლიპტონს” ვარჩევდი.

I ქალი
ყველაფერი ინგრევა, ყველაფერი განადგურდა, ძირფესვიანად, ცარიელ ადგილას. არავითარი კითხვები. მე არავინ არაფერს არ მეკითხება.

II ქალი
მათ, შესაძლოა, შევბრალებოდი კიდეც, ჩემი რომ გაეგოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ისე, როგორც მე ისინი.

I ქალი
არ შემიძლია.

II ქალი
მათი ვნებიანი კოცნაობა.

კაცი
ყოველ შემთხვევაში, მე ისინი მებრალებიან, დიახ, ვადარებ ჩემს ბედს მათ ბედნიერ...

I ქალი
არ შემიძლია. გონება არ უშვებს. დაე, ასე წავიდეს. დიახ.

კაცი
მებრალებიან.

II ქალი
რას აკეთებ, როცა მიდიხარ? იფანტები?

კაცი
ვმალავ რამეს? დავკარგე?..

I ქალი
იმ ქალს, რასაკვირველია, ჰქონდა სახსრები, თუმცა ღორივით კი ცხოვრობდა.

II ქალი
თითქოს ნაგავი გაგაქვს პაპანაქება სიცხეში. თავს ძალას ატან... წარმოიქმნება ინერცია...

სინათლე ქრება. დაბნელება 3 წამი. სინათლე მე-2 ქალზე.

II ქალი
ქრება და კვლავ ძალას ატან...

კაცი
წამერთვა?.. რა გინდოდა? რატომ მიდიხარ? რატომ...

II ქალი
ალბათ შენც გეცოდები. ფიქრობ – საწყალი, მას სიმშვიდე სჭირდება.

I ქალი
მან ჩემი ქმარი ალბათ სადმე... მცხუნვარე მზის ქვეშ საცხოვრებლად წაიყვანა.

კაცი
რატომ ქრები? რატომ არ...

II ქალი
არ ვიცი.

I ქალი
ზის ალბათ სადმე ღია სარკმელთან, მუხლებზე ხელებდაწყობილი, და პალმებს მიღმა იყურება...

კაცი
რატომ არ მიყურებ განუწყვეტლივ? შესაძლოა ბოდვა დამეწყო და... (ასლოკინებს.) ყველაფერი დამეფქვა. პარ...

II ქალი
არა.

კაცი
პარდონ.

I ქალი
იყურება პალმებს მიღმა, ზღვისაკენ. ფიქრობს, რას შეეძლო მისი შეფერხება. სცივა. ჩრდილი ყველაფერს ფარავს. მიცოცავს. დიახ.

კაცი
წარმოგიდგენიათ, არასოდეს ვყოფილვართ ყველანი ერთად.

II ქალი
იქნებ მე უკვე ცოტათი შევიშალე?

I ქალი
საწყალი. საწყალი ქალი.

კაცი
არასოდეს გაგვიღვიძია ერთად, მაისის დილას, პირველი ვინც გაიღვიძებს, დანარჩენებს აღვიძებს. შემდეგ დიდი ნავით...

I ქალი
სინანული, დიახ. უარეს შემთხვევაში, შერიგება. უკვე შეურიგდა, მაგრამ რისთვის?

II ქალი
მისმინე, იქნებ მე უკვე ცოტათი შევიშალე? (იმედით) სულ ცოტათი მაინც, ა? (პაუზა.) ეჭვი მეპარება.

კაცი
დიდი ნავით...

I ქალი
სიჩუმე და უკუნეთი – აი ყველაფერი, რაც მინდოდა. და რა, ერთსაც და მეორესაც ცოტ-ცოტას ვღებულობ. ერთად. ალბათ ცოდვაა უფრო მეტის მოთხოვნა.

კაცი
დიდი ნავით, მდინარეზე, მე ნიჩბებთან, ისინი გასაბერ ბალიშებზე... იალქნები. მივექანებით. ასეთი ოცნებები.

I ქალი
ჯოჯოხეთური ბინდბუნდი.

II ქალი
ჩრდილი წავიდა. თავში. უბრალოდ, ჩრდილი. ეჭვი მეპარება.

კაცი
ჩვენ არაცივილიზებულები ვართ.

I ქალი
მოკვდე, რათა უკუნეთში მოხვდე, და რაც უფრო ბნელა, მით უარესია. უცნაურია.

კაცი
ასეთი ოცნებები. მაშინ. ახლა კი...

II ქალი
მე ეჭვი მეპარება.

პაუზა. მე-2 ქალს ყრუ ხითხითი აუტყდება, რასაც პირველ ქალზე სინათლის გადანაცვლება შეწყვეტს.

I ქალი
დიახ და ყველაფერი ეს აქ, ყველაფერი აქ, სახეში გიყურებს. შენ გაიგებ. წადი აქედან. თორემ დაიღლები.

კაცი
ახლა კი, როცა შენ... მხოლოდ თვალი ხარ. უბრალოდ მიყურებ. სახეში. ერთიც და – არაფერი.

I ქალი
ჩემთან თამაშით დაიღლები. წადი აქედან. დიახ.

კაცი
რაღაცას ეძებ სახეში. სიმართლეს. თვალებში. ან სულაც...

სინათლე მამაკაციდან მე-2 ქალზე გადადის. სიცილი, როგორც ადრე. მე-2 ქალს კვლავ აწყვეტინებს მამაკაცზე სინათლის გადასვლა.

კაცი
მხოლოდ თვალი. მაგრამ არა გონება. იხილება და იხუჭება. განა მე...

სინათლე ქრება. დაბნელება 3 წამი. სინათლე მამაკაცზე.

კაცი
განა მე... ასე ვჩანვარ?

სინათლე ქრება. დაბნელება 5 წამი. სუსტი სინათლე ერთდროულად სამივე სახეზე. 3 წამი. ხმები ჩუმი, მეტყველება – გაურკვეველი.

ყველაფერი თავიდან იწყება და ზუსტად მეორდება.




ინგლისურიდან თარგმნა კახა ბარამიძემ


[1] იმისათვის, რომ ურნები სიმაღლეში იარდს არ აღემატებოდეს, ლიუკების გაკეთებაა საჭირო, რაც მსახიობებს სცენის დონეზე დაბლა დადგომის საშუალებას მისცემს. სხვა შემთხვევაში მათ მთელი სპექტაკლის განმავლობაში მუხლმოყრილებს მოუწევთ ყოფნა.
თუ სცენაზე ლიუკები არ არის, ხოლო მსახიობებისათვის მუხლებზე დგომა მოუხერხებელია, მაშინ მათ ფეხზე შეუძლიათ დადგნენ, ოღონდ ურნები უნდა გადიდდეს და სიღრმეში გადავიდეს. ურნების ზომები ყველაზე მაღალი და მსუქანი მსახიობის მიხედვით უნდა იქნას შერჩეული.
დამჯდარი მდგომარეობა ურნების ფორმას სრულიად მიუღებელს გახდის, ამიტომ ამგვარი შესაძლებლობა არც კი უნდა განიხილებოდეს. (ავტორის შენიშვნა.)

[2] სინათლის წყარო მხოლოდ ერთი უნდა იყოს. მისი ოპტიმალური ადგილი რამპის ცენტრშია, საიდანაც მსხვერპლთა სახეები ახლოდან და ქვედა წერტილიდან განათდება.
როდესაც სამივე სახის ერთდროულად განათების აუცილებლობა გაჩნდება, საჭიროა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს სინათლის ერთი სხივი სამად გაიხლიჩა.
მითითებული ეპიზოდების გარდა მხოლოდ ერთი მოძრავი სინათლე უნდა იქნას გამოყენებული. ის მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადადიოდეს სახიდან სახეზე.
სრულიად მიუღებელია, ყოველ სახეს თავისი სინათლის წყარო ჰქონდეს მიმაგრებული – ასეთ დროს ერთადერთი შემკითხველის არსებობა გაცილებით ნაკლებად იგრძნობა, ვიდრე ეს მოძრავი პროჟექტორის დახმარებითაა შესაძლებელი. (ავტორის შენიშვნა.)

No comments: