Monday, July 20, 2009

ახალი წიგნები – 2008 – მაისი


„ცურვა შინისაკენ“
როლფ ლაპერტი
„Nach Hause schwimmen“
Rolf Lappert
544გვ, Hanser

ვილბურზე ვერავინ იტყვის, რომ ბედნიერ ვარსკვალვზე გაჩნდა: მისი ებრაელი დედა მშობიარობას გადაჰყვა, შვედი მამა დანაშაულის გამო იმალება, და ახალშობილიც სამშობიაროს ინკუბატორიდან პირდაპირ მარტოხელა ბავშვთა თავშესაფარში ხვდება. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიაკითხავს მას ბებია და ვილბურიც სამშობლოს, სახლის, მშობლიურის შეგრძნებას იძენს, თავს დაცულად გრძნობს. თუმცა, დიდხანს არც ეს ბედნიერება გრძელდება - ბებიას უბედური შემთხვევა იმსხვერპლავს. ვილბური მარტო რჩება საკუთარ თავთან და სამყაროსთან, სადაც მას სხვა უამრავ ბარიერთან ერთად წყლის გადაულახავი შიში აწუხებს. „ცურვა შინისაკენ“ შვეიცარიელი ავტორის, როლფ ლაპერტის ბოლო რომანია, სადაც მწერალი ტრაგიკულისა და კომიკურის თანაბარი შეზავებით მოზარდი ვილბურის ცხოვრებას აღწერს.

“ჩვენი ცხოვრების შეჯამება: მემუარები”
იზაბელ ალენდე
“The Sum of Our Days: A Memoir “
Isabel Allende
320გვ, Harper


ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს წიგნი ავტობიოგრაფიაა - დრამატულობის, ტრაგიზმის, ფანტასტიკისა და მძაფრი ცხოვრებისეული განცდების ასეთი დოზები ალბათ შეუძლებელია, ერთი ადამიანის ყოველდღიურობამ და შინაგანმა სამყარომ დაიტიოს. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი სწორედაც რომ იზაბელ ალენდეს პირადი ცხოვრებაა, და მისი მემუარებიც სინამდვილის მხატვრული ასახვაა. იზაბელ ალენდე თანამედროვე ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი ათზე მეტი რომანისა და მოთხრობების კრებულის ავტორია. დღემდე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი პირველი წიგნი - “სულების სახლი” (“La casa de los espíritus”).

“ნამწვავი”
უილ სელფი
The Butt
“Will Self”
355გვ, Bloomsbury


ტომ ბროძინსკის თითქოს სამყარო გაუწყრა - ვერაფერი მოუხერხებია თავისი ჭარბწონიანი, სულელურ გასართობებით გატაცებული, უსაქმური ბიჭისათვის და მოზარდი ქალიშვილის მომავალიც აღელვებს. ეჩვენება, რომ ყოველდღიურობამ აზრი დაკარგა, სამუშაოც მოსაწყენია, და გარშემო მყოფთაგან არავის არ სჭირდება იგი. ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასული, სადღაც ერაყსა და ავსტრალიას შორის, ტომი გადაწყვეტს, თავს დაუმტკიცოს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია, საინტერესო გახადოს საკუთარი ცხოვრება, და ამისთვის იგი უცნაურ გზას ირჩევს - სიგარეტის მოწევას თავს ანებებს. “ნამწვავი” ახალგაზრდა ბრიტანელი მწერლის, უილ სელფის მეშვიდე რომანია.

„ნელი ვალსი კუთათვის“
კატარინ პანკოლი
„La valse lente des tortues“
Katherine Pancol
700გვ, Albin Michel


ანტუანს კარგა ხანია დააგვიანა კენიიდან ჩამოსვლა, თუმცა, ეს დიდად არ ადარდებს ჟოზეფინას, მის მეუღლეს - ნიანგებსაც შეუჭამიათ ქმარი, ახლა მას სხვა საზრუნავი გაუჩნდა. ჟოზეფინას საკუთარი ბესტსელერისგან აღებული საკმაო რაოდენობის ჰონორარი აქვს, ასე რომ თავისუფლად შეუძლია, ახლობლების თვალის ასახვევად დეპრესირებულთა კლინიკაში ჩაეწეროს და თვითონ კი ახალი თავგადასავლების საძიებლად უცნობ კორპუსში იქირაოს ბინა. ასეც იქცევა. ჟოზეფინა სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ერთადერთი, რაც დისკომფირორტს უქმნის, ერთფეროვნებაა. თუმცა, მალევე ხვდება თავგადასავლების მაძიებელი, რომ ცხოვრება მხოლოდ სიურპრიზებს არ უმზადებს და ფათერაკებიც საკმაოდ ახლოსაა. კატარინ პანკოლის ახალი რომანი იუმორისტული, სახალისო და ოპტიმისტური ისტორიაა.

“როგორიც არის მსოფლიო”
პატრიკ ფრენჩი
“The World Is What It Is” (The Authorized Biography of VS Naipaul )Patrick French 400გვ, Picador


ნობელიანტი მწერლის, ვ.ს. ნაიპოლის ახალი ბიოგრაფია ამ ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნია. ავტორს, პატრიკ ფრენჩს, სრული უფლება მისცეს, გამოეყენებინა ყველა მასალა და დოკუმენტი, რაც კი მწერლის ირგვლივ არსებობდა. მათ შორის ნაიპოლის პირველი მეუღლის, პატრიცია ჰეილის დღიურებიც, რომელიც ტულუზას უნივერსიტეტში ინახება მას შემდეგ, რაც ნაიპოლმა თავისი არქივი 620 ათას ამერიკულ დოლარად გაყიდა. ვ.ს. ნაიპოლი ტრინიდადში დაბადებული ბრიტანელი მწერალია. 1971 წელს მან ბუკერის პრემია მიიღო წიგნისათვის “In a Free State”, ხოლო 2001-ში იგი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.


„აიზეკ როზენბერგი: ომის დიდი პოეტი“
ჯეინ მორკროფტ უილსონი
“Isaac Rosenberg: The Making of a Great War Poet “
Jean Moorcroft Wilson
512გვ, Weidenfeld & Nicolson


აიზეკ როზენბერგი ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მშობლები 1890 წელს ლიტვიდან ბრიტანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. აიზეკის ტყუპისცალი დაბადებისთანავე დაიღუპა, გადარჩენილ ახალშობილს კი სუსტი ფილტვები დაჰყვა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ 14 წლის ასაკში საკუთარი თავის სარჩენად გრავიურაზე დაეწყო მუშაობა. აიზეკის პირველი ლექსებიც ადრეულ ასაკს ეკუთვნის, თუმცა გამოკვეთილი და ინდივიდუალური ხელწერის პოეტად ის მოგვიანებით ჩამოყალიბდა, როცა პირველმა მსოფლიო ომმა მისი პოეზიის თემატიკა განსაზღვრა. როზენბერგი იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც “ომის პოეტებს” უწოდებენ. უილსონის წიგნში სწორედ მისი ბიოგრაფია, შემოქმედებითი გზაა აღწერილი.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: