Saturday, May 30, 2009

მალხაზ ხარბედია - ანას ხანა

ქართულ პოეზიაში სულ რამდენიმე სახელია, პოეტების რიცხვი, ვისაც მხოლოდ სახელით უხმობდნენ, მცირე იყო. ყველას გვახსოვს გალაკტიონის ფორმულაც, შოთას, ილიას, აკაკისა და ვაჟას რიგში საკუთარი თავიც რომ იგულისხმა, გვახსოვს სიის შევსების სხვა მცდელობებიც, წარმატებული და წარუმატებელი. ბესიკიც გვახსოვს, ტატოც, გოგლაც, სხვებიც. ყველა ეპოქას თავისი ჰყავდა, იყო ეპოქები, როცა რამდენიმე ეს “სახელი” ერთად ბობოქრობდა. თუმცა ჩვენს ხანას ერთი ჰყავდა ასეთი სახელი, ანა.
გალაკტიონმა 1907 წელს დიდი ეპოქის დასასრული უწოდა, ეპოქა დასრულდა 1959-შიც, თავად გალაკტიონის სიკვდილით და კიდევ ერთი 50 წლიანი ციკლის დასასრულ, 2008-ში უკანასკნელი ხანა დასრულდა (ვინ იცის, შესაძლოა მეტი ვეღარც ვერანაირ ხანას ვეღირსოთ, ანუ ყველანაირი “ეპოქები” წარსულს ჩაბარდა?!). სულ რაღაც ორი კვირის წინ, ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ გვყავს ანა, რომ საბედნიეროდ ჯერ კიდევ მისი ხანა დგას და რომ ყველანი მის ხანაში ვცხოვრობთ (თუმცა რატომღაც იშვიათად ვამბობდით ამას, ან ცალყბად აღვნიშნავდით, ან საერთოდ არაფერს ვიტყოდით რამეს). ახლა უკვე გვიანია, ახლა მხოლოდ უნდა გავიხსენოთ როგორი იყო ეს დროება, აღვიდგინოთ ის პერიოდი ჩვენი ცხოვრების, როცა ანა არსებობდა, ჩვენ კი ვერ ვხედავდით მის არსებობას, ვერ ვამჩნევდით მის დუმილს, აქტუალური არ იყო მისი სისუფთავე. პირველ რიგში საკუთარ თავს ვსაყვედურობ ამას. ეს მეც მეხება, ყველას გვეხება.
ქართულმა ტელევიზიებმა ერთმანეთზე უხერხული სიუჟეტები მიუძღვნეს ანა კალანდაძეს. ჟურნალისტებს მაგალითი საქართველოს პრეზიდენტმა მისცა 11 მარტის შუადღის გამოშვებებში (საღამოს საინფორმაციოებში ეს სიტყვები ამოჭრილი იყო). მან, სამძიმრის შემდეგ გალაკტიონის ლექსი წაიკითხა, როგორც ანა კალანდაძისა: “ატმის რტოო, დაღალულო რტოო...” და მხოლოდ შემდეგ გაახსენდა “თუთა”. რუსთავი 2-მა გამოაცხადა, რომ ანა კალანდაძე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. ტელეკომპანია “მზის” კულტურის მიმომხილველმა დანანებით აღნიშნა: “ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთი ცნობილი სახე გამოაკლდა”, თითქოს საუბარი ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდამჭერ რომელიმე ძველ “ინტელიგენტზე”, ექიმზე, ან უბრალოდ კაი ბიჭზე იყო.
ანა კალანდაძის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ორმა ფრაგმენტმა შემახსენა თავი, ამეკვიატა. ეს იყო არა ძველი, კლასიკური სტრიქონები, არამედ სიტყვები უკანასკნელი ლექსებიდან: “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება”, “სიზმარში, სიზმარში გიხილე, ადგილსა მას ყვავილოვანსა”. ვიჯექი და ვიმეორებდი ჩუმად, “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება”, “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება” და მივდევდი ბოლო წლების მანძილზე ჩემთვის უკვე გაუცხოებულ ამ პოეტურ ნათელს, სტრიქონებს, რომელიც მომავალში ახლიდან უნდა ვიპოვო, ხელახლა წავიკითხო, სინანულით სავსე გაგებით გავიგო. ამ გაუცხოებას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი განიცდის ახლა და სწორედ ეს უხერხულობა მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ანა კალანდაძეს ჩვენ კიდევ არაერთხელ აღმოვაჩენთ ახლიდან. რა ვიცი... მემგონი აღმოვაჩენთ...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ანდრო ბუაჩიძე - გამოთხოვება ანა კალანდაძესთან

ანდრო ბუაჩიძე

სახსოვარი
გამოთხოვება ანა კალანდაძესთან


ანა კალანდაძემ მართლაც სასწაულებრივი რამ შეძლო: მან სამშობლოს სიყვარული, საქართველოსადმი აღძრული გრძნობა ყველაზე ღრმად პიროვნულ, ყველაზე ფაქიზ, ინტიმურ გრძნობად აქცია. ეს ხომ მანამდეც უიშვიათესი იყო ქართულ პოეზიაში. მისი სამშობლოზე დაწერილი ლექსები არც თემატური ნიშნით არის აღბეჭდილი და არც აპოლოგეტური პათეტიკით.
რთულია ისეთ თემაზე წერა, რომელიც უკვე ტრივიალურად არის ქცეული. ხშირად თვითონ თემა ირგებს ტრივიალურობის სამოსელს და აღარც უნდა მისგან განძარცვა. მაგრამ მოდის პოეტი და წერს ასეთ ლექსს:

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა...
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო,
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო...

თუ აქამდე სამშობლოზე დაწერილი ლექსები ხმამაღლა ითქმებოდა, ახლა არათუ ხმადაბლა, არამედ ჩურჩულით წარმოითქმის.
ეს მხოლოდ ლექსი არ არის, ლოცვაა, ფსალმუნია, რომელიც ცისკენ თავაღერილმა უნდა წარმოთქვა. ასეთ სათქმელს მოწამეობრივი მუზა კარნახობს ადამიანს.
ანა კალანდაძემ საქართველო - სიყვარულის საყოველთაო საგანი, თავის სისხლხორცეულ, პიროვნულ, თითქოს ჯერ ხელუხლებელ უინტიმურეს საგნად აქცია. ასეთი რამ კი მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა ნაუცბათევად, ბუნებრივი თავისთავადობით იღვიძებს შემოქმედებაში. ხშირად სამშობლოზე ფიქრი სხვა გრძნობებთანაა შერწყმული. პოეტმა საქართველო მარადისობის ფონზე დაინახა და ამიტომაც ახლავს ამ ხატს ცის პეიზაჟი:

მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია...
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ
მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები...
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი... მიდიან...

ამ ლექსში თითქოს სასხვათაშორისოდ არის ნახსენები "ქართული მინდვრები", არადა, უმთავრესი ხომ პოეტისათვის ქვეყნიერების ის წერტილია, საიდანაც უმზერს მარადისობას. ანა კალანდაძის მუზას საქართველოს ხნიერი ფესვების შეგრძნება ახალისებს, მის წარმოდგენაში სამშობლო მარადისობის თანამდევია. პოეტი გამუდმებით ეძებს ათასწლეულთა იმ ნიშას, რომელშიც კულტურულ სიძველეთა კვალია შენახული. ეს არის იყალთო, დავით გარეჯი, შიომღვიმე, ზედაზენი. ოღონდ აქ ყველაფერი საუკუნეთა საბურველშია გახვეული. ეს არის არა პირქუში, არამედ სხივთა მომფენელი, სიცოცხლის ცხოველი ნიშნით აღბეჭდილი ხანიერება:

ზედაზნის ტყეებზე
ციმციმებს ვენერა,
ციმციმებს ვენერა,
ლურჯ სხივთა მფენელად,
ნაზ სხივთა მფენელად,
მკრთალ სხივთა მფენელად....

მარადიულობიდან გამოღწეული იდუმალების გარეშე ანა კალანდაძის პოეზია არც არსებობს. მისი ლექსები წამიერების ჩრდილში შეყოვნებული მარადიულობაა. და ასე გრძელდება მუდმივად - აწმყოს მოხელთება, მარადიულობის შეჩერება წამიერების ჩრდილქვეშ:

რკინის აივანს, მყუდრო აივანს
იშვიათად თუ ეწვევა კაცი...
სამაგიეროდ ნუშის და ცაცხვის
აქ ფოთოლცვენა ისე ხშირია....
ნუთუ ამ ფოთლებს ამ მღვიმეების,
ამ მარტოობის არ ეშინიათ?

XX საუკუნის ოციან, ოცდაათიან, ორმოციან წლებში ჯერ კიდევ არსებობდნენ ევროპაში ლირიკოსები, რომელთა ცნობიერებაში სამყაროს ჰარმონიული ხატი იყო შენარჩუნებული. მაგრამ მათ ლირიკულ სუნთქვას უკვე ეტყობოდა ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული ფორიაქი. ისინი თითქოს შეგნებულად გაურბოდნენ დიდი ქალაქების ხმაურიან ქუჩებს და ბუნების ნირვანას აფარებდნენ თავს. ეს იყო არა სინამდვილიდან გაქცევა, არამედ შინაგანი წონასწორობის აღდგენის ცდა. მათ სურდათ შეენარჩუნებინათ მუდმივი ფიქრი მარადიულზე და წარუვალზე. პიროვნების, ამ შემთხვევაში პოეტის, ლირიკული წყობა თავის თავდაპირველი მნიშვნელობით სწორედ მარადიულის ფონზე ფიქრს გულისხმობდა. დუინოს სასახლის სიახლოვეს მოსიარულე რაინერ მარია რილკეც ამ საფიქრალით იყო გარემოცული.
ვფიქრობ, გალაკტიონთან ერთად ანა კალანდაძეც ამგვარ ლირიკოსთა ძველი მოდგმის ნაშიერია. ეკოლოგიური კატასტროფების და ტექნიკური გაუცხოების ხანაში ის მომეტებული თავდავიწყებით ესწრაფვოდა ცის და მიწის პირველქმნილებას და ზოგადად ადამიანურ პირველსაწყისებს. ანა კალანდაძეს სურდა ყველაზე უფრო სასტიკ და სისხლიან საუკუნეში ადამიანის ყველაზე უფრო სათუთი, ფაქიზი გრძნობები გადაერჩინა. ის წერდა ლექსს იაზე:

ია სავსეა ფშავის ტყეებში
ხატისხევაზე...

ანას პოეზიის გეოგრაფია საქართველოთია გარშემოწერილი და, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანია, რადგან ყველა კუთხეს მოიცავს - გურია, ქართლი, ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი... მაგრამ პოეტის წარმოდგენაში საქართველოს, ამავე დროს, თავისი კუთვნილი უღრმესი და დაუსაბამო ცა ჰქონდა. ეს ცა ანასთვის ისეთივე მეტყველია და ცხოველმყოფელი, როგორც მიწა, მიწიერი სითბო.

ჩამოშვებულ
კლდეებზე მაღლა
ვინ დადგა სახლი?
ნისლმა? ღრუბლებმა?
წვიმამ? ქარებმა?
იდუმალებამ!
იდუმალებამ!

ასეთი იდუმალთმეტყველება მთელი ის პოეზიაა, რომელიც ანამ გვისახსოვრა.
ეს სახსოვარი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს მერკანტილურ საუკუნეში ზოგჯერ დაუსაბამო სიმაღლესაც უნდა ავაპყროთ თვალი.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე - “დ/დ”.

ბოდვაში გამჟღავნებული L’art Poetique

დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე, “დ/დ”. თბ. “სიესტა” 2007.

კოკა ჯიქია


ამასწინათ წიგნის მაღაზიიდან გამოსულს გზაში უმცროსი მეგობარი გადამეყარა, წერა-კითხვის მოყვარული პატარა, თმაგაწეწილი ლამაზი გოგო. უყურადღებოდ არ დარჩენია მავანი მაღაზიის ლოგო წიგნებით სავსე პარკზე და ქუჩაშივე სათითაოდ დაფურცლა ჩემი ახალი შენაძენები. გამიკვირდა, როცა ქართული თუ უცხოური ლიტერატურული პროდუქტების არცთუ ისე მწირ არჩევანში მაინცდამაინც დათო ბარბაქაძისა და დავით ჩიხლაძის მიმოწერა ატრიალა ყველაზე დიდხანს ხელში, მერე კი არც მეტი, არც ნაკლები, წიგნი გულზე მიიხუტა და ხომ მათხოვებ გადასაქსეროქსებლადო, თხოვნა-სიხარულიანი თვალები შემომაჭყიტა. ერთი კვირით დამითმე, პატარა საქმისთვის მჭირდება და მერე შენი იყოს წიგნი-მეთქი, - დავემშვიდობე გახარებულს და გზა გავაგრძელე. საკუთარი თავი გამახსენდა პირველ კურსზე, როცა მასობრივი კომუნიკაციების საფუძვლებს ვსწავლობდით და მარშალ მაკლუენის ერთადერთ წიგნს გულზე ახუტებულს დავათრევდით აქეთ-იქით, “ვაქსეროქსებდით”, კონსპექტებს ვიწერდით და ლამის ვიზეპირებდით - მერე რა, თუ დიდად არ გვესმოდა კომუნიკაციის მისეული თეორიები, ავტორიტეტი გვჭირდებოდა, რომელსაც დავუჯერებდით, კერპი, რომელსაც ვეთაყვანებოდით, და ახლა ვხვდები, რამდენადაც უფრო მიუწვდომელი და პირდაპირ რომ ვთქვათ, გაუგებარი იყო ჩვენთვის მაკლუენი, იმდენად უფრო ძლიერი იყო მისით აღფრთოვანების ილუზია.
თუ მაშინ პრობლემა ჩვენში იყო, სკოლის მერხს ახლადმოშორებულ უწიგნურებში, დათო ბარბაქაძისა და დავით ჩიხლაძის მიმოწერის შემთხვევაში მკითხველის მსგავსი აღფრთოვანება ავტორების თვითმიზანს უფრო ჰგავს, თვითაღიარების დაუოკებელ სურვილს, რისი საშუალებაც ამჯერად რამდენიმე წლის წინანდელი პირადი წერილები აღმოჩნდა. წიგნის ჟანრი თავად ავტორებს ასე განუსაზღვრავთ: “პიესა ლექსად”. ლექსის ლირიკული გმირების მოძებნა კი არ გაგვიჭირდება, მით უმეტეს, რომ მომოწერის ფორმა ლიტერატურის რაობა-როგორობაზე მეტად მის ვინაობაზე სვამს აქცენტებს. ასე რომ, მივყვეთ თანმიმდევრულად: დავით ჩიხლაძე - პოეტი, პერფორმანსარტისტი, ლიტერატურისა და ხელოვნების კრიტიკოსი. დათო ბარბაქაძე - პოეტი, ესსეისტი და მთარგმნელი. ადგილმდებარეობა - პერფორმანსარტისტისა - ნიუ-იორკი (ნიშანდობლივია), მთარგმნელ-ესსეისტისა - მიუნსტერი. დროში განფენილობა - 2003 წლის თებერვალი-ივლისი. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ მიმოწერა შემდეგი სენტენციით იწყება: “მაღაზიებში ერთი წიგნიც ვერ მიყიდია! უკვე მეორედ მოხდა. სტერილური მეჩვენება ეს ყველაფერი: დერიდაც, კრისტევაც, და მრავალი სხვა. კინაღამ ბოდრიარის წიგნი Imposible Exchange გადავაგდე (რა ბედიც ეწია ცოტა ხნის წინ კრისტევას, რობერტ ანტონ ვილსონს, კროვლეის, ჰაკიმ ბეის),” - ეს დავით ჩიხლაძის ადრინდელი წერილია, რომელსაც მიმოწერის დასაწყისში მისი მიუნსტერელი მეგობარი იხსენებს.
წიგნის ავტორები თავს შექმნილი კონტექსტის მიღმა გრძნობენ, სრულიად სხვა პლასტზე, რომლის გადმოსახედიდანაც უკვე ესთეტიკურ ტკბობას ნაკლებად ანიჭებთ ხსენებული ტექსტები და რახან გასხივოსნებამდე არც ისე დიდი ნაბიჯია, მაშინ რაღა უდგას წინ იმას, რომ თავად შექმნან ტექსტი, რომელიც ფორმა-შინაარსობრივ სრულყოფილებას მიაღწევს... როგორც უკვე ვთქვი, აქ საქმე სრულიად სხვა პლასტებთან და განზომილებებთან გვაქვს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბარბაქაძე და ჩიხლაძე გასხივოსნების, სრულყოფილების გზად ყბედობას მიიჩნევენ და მერეც არჩეული გზის ბოლომდე ერთგულნი რჩებიან. “მნიშვნელობისგან გათავისუფლება, თუნდაც მისი (მათი) გაძლიერების გზით, ალბათ მართლა ერთადერთი (შესაბამისად განიხილე ერთადერთის მნიშვნელობა) ანტიკური გამოსავალია. ანუ როდესაც ყბედობა მხოლოდ ხელოვნებაა ან აქამდე მიდის. შეიძლება ასეთი წმინდა ყბედობა მიიჩნეოდეს ღმერთთან მიახლოების უტყუარ ფორმად ინფორმაციული ეპოქის ანთროპოლოგიისათვის”, - სწერს დავითი დათოს. “ერთადერთის” მნიშვნელობის ძიებაზე ჩვენ ნუ მოვცდებით, წინ გაცილებით უფრო საინტერესო რამ გველოდება: თუ თავიდან ეჭვი გეპარებოდათ, რომ ყბედობა პირდაპირი რეისი იყო გასხივოსნებისაკენ, წიგნის შუაში, როცა უკვე ღვთისკენ მიმავალი ნახევარი გზა გავლილია (უფრო სწორად, ნაყბედია), ყბედობა კიდევ უფრო ამაღლებული ფორმით გვევლინება და საქმე უკვე პროსოდიულ ბოდვასთან გვაქვს. “წმინდა ბოდვა ადამიანს არ ამძიმებს იმდენად, რამდენადაც იგი უფრო არაცნობიერია და მეტყველების სილამაზეს წარმოაჩენს; მაშინ რიდესაც წმინდა წყლის ბოდვა უფრო გონებრივი ან მნიშვნელობით არეულის სინონიმია, და რაციონალური, დაგეგმილი მეტყველების ბორძიკი და სიმძიმე ახასიათებს”, - განმარტავენ ავტორები. მიმოწერის წიგნად გამოცემა კი უკვე ის საფეხურია, როცა საკუთარი გენიალურობითა და ნათელშემოსილობით ტკბობა ვეღარ აკმაყოფილებს ავტორებს და სრული ნეტარებისათვის თანაგანცდა სჭირდებათ, მკითხველი, ვინც, მართალია, ვერასდროს შესწვდება ხსენებულ პლასტებს, თუმცა კი ყოველთვის სიხარულით “გადააქსეროქსებს” გზას ყბედობიდან ბოდვამდე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, “დ/დ” - ეს არის ორმაგი წყურვილის მოკვლა პერფორმანსარტისტისა და ესსეისტისა: უწინარეს ყოვლისა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, მათ წერილების სახით გაამჟღავნეს თავიანთი L’art Poetique, და გარდა ამისა, თანადროული ქართული კულტურის ჩვენება გააცხადეს ინტერნაციონალური ბოდვის ფორმებში.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Friday, May 22, 2009

ჰაროლდ ბლუმი - ტოლსტოი და გმირობა


წიგნიდან "დასავლური კანონი"


ტოლსტოი ყველაზე კარგად მაქსიმ გორკის "მოგონებებმა" გამაცნო, სადაც ავტორი სამოცდათორმეტი წლის მწერალთან სტუმრობის შესახებ გვიამბობს. 1901 წლის დასაწყისში ავადმყოფი და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისაგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამდგარი ტოლსტოი ყირიმში ცხოვრობდა. გორკი პირდაპირ გადმოგვცემს ორაზროვნებას, რაც მან ტოლსტოისთან ურთიერთობაში შენიშნა და რაც ტოლსტოის იდუმალებას კიდევ უფრო აძლიერებდა:
"დღიურში, რომელიც მან წასაკითხად გადმომცა, უცნაურ აფორიზმს წავაწყდი: "ღმერთი ჩემი მისწრაფებაა". დღეს რვეულის დაბრუნებისას ვკითხე, რას ნიშნავდა ეს სიტყვები.
"აზრი არაა დასრულებული...", - თქვა მან, გვერდს გადახედა და თვალები მოჭუტა, - "შეიძლება მინდოდა მეთქვა, რომ ღმერთი თავად ღმერთის შემეცნებისკენ მისწრაფებაა, ჩემი მისწრაფება... შესაძლოა ვცდები..." მან სიცილი დაიწყო, რვეული დაახვია და პერანგის ფართო ჯიბეში ჩაიდო. მას ღმერთთან უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ხანდახან ისინი "ერთ ბუნაგში ორი დათვის ურთიერთობას" მაგონებდნენ".
გორკის მიერ ანდაზების გონებამახვილური ციტირებისას ჩანს ტოლსტოის ნიჰილიზმის დაფარული სიმართლე და მისივე უუნარობა, შეეგუოს ნიჰილიზმს. წინასწარმეტყველი მწერლის ფიქრებში ღმერთი უკვდავების სურვილთანაა გაიგივებული. უსაზღვროდ გამბედავი ტოლსტოი იმდენად სიკვდილის ბანალური შიშით არ მოქმედებდა, რამდენადაც არაჩვეულებრივი სიცოცხლისუნარიანობით, რომელიც შეუთავსებელია არსებობის შეწყვეტასთან. გორკი ამასაც შესანიშნავად გვიამბობს:
"მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მას სძულდა სიკვდილი და ეშინოდა მისი, მისი სული "არზამასულ ძრწოლას" მოეცვა – ნუთუ იგი, ტოლსტოი, უნდა მოკვდეს? მთელი სამყარო, დედამიწის თითოეული მცხოვრები მას შეჰყურებს, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ამერიკიდან, ყველა მხრიდან, მათ შორის მთრთოლავი ძაფებია გაბმული. მისი სული ყველასთვის და ყოველთვის არსებობს. რატომ არ უნდა დაუშვას გამონაკლისი ბუნებამ თავის კანონში, რომ ერთ კაცს სხეულებრივი უკვდავება მიანიჭოს?"
ტოლსტოის მისწრაფებას, ალბათ, აპოკალიპსურ სევდას უფრო დავარქმევთ, ვიდრე რელიგიურ სურვილს. დედამიწაზე კიდევ არსებობს რამდენიმე ტოლსტოელი, მაგრამ მათი გამორჩევა სულიერი რაციონალიზმის სხვა უამრავი სახეობიდან უკვე ძნელია. ტოლსტოის, როგორც თვითონ ამბობდა, უყვარდა ღმერთი ცივი გრძნობით, უფრო ღარიბი, ვიდრე ბრწყინვალე. მისი ქრისტე მხოლოდ მთიდან მქადაგებელია და, შესაძლოა, უფრო ნაკლებადაა ღმერთი, ვიდრე თავად ტოლსტოი. რელიგიური თვალსაზრისით ტოლსტოის კითხვისას შეხვდებით მკაცრ, ხანდახან სასტიკ მორალისტს, რომელიც არაფერს მოგცემს, თუკი განდის მსგავსად შემწყნარებლობას არ აყენებ ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა. ტოლსტოი ცამეტი შვილის მამა იყო, მაგრამ მისი შეხედულება ქორწინებასა და ოჯახზე არაჯანსაღია, ხოლო მისი დამოკიდებულება ადამიანის სექსუალობაზე ქალთმოძულეობას ემყარება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მართალია, თუ საუბარია დისკურსიულ ტოლსტოისა და არა მწერალ ტოლსტოიზე, თუნდაც მის გვიანდელ რომან "აღდგომასა" და მოთხრობებზე - "ეშმაკსა" და გახმაურებულ "კრეიცერის სონატაზე". ტოლსტოის თხრობის ნიჭი ძლიერი და მტკიცეა, მისი მქადაგებლური გადახვევები მის თხზულებებს არ ამახინჯებს და არც ტენდენციურს ხდის.
რუსმა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს, რომ მისი რომანები და მოთხრობები ნაცნობ თემას ისე უცნაურად გადმოსცემს, ყველაფერი ახალ აზრს იძენს. ჩვენს მიერ დანახულ კოსმოსს, რასაც ნიცშე "კაცობრიობის პირველქმნილ ლექსს" უწოდებდა, ტოლსტოი სხვაგვარად აღიქვამს. ტოლსტოის კითხვისას ყველაფერ იმას ვერ დაინახავთ, რასაც ის ხედავს, და მიხვდებით, როგორი უსაფუძვლოა თქვენი ხედვა. მისი სამყარო თქვენსაზე მდიდარია, რადგან ის როგორღაც ახერხებს, შთაგვაგონოს, რომ რასაც ხედავს, ერთდროულად ბუნებრივიცაა და უცნაურიც. დრო სჭირდება იმის გარკვევას, რამდენად მეტაფორულია ბუნების მისეული ცნება, რადგან ტოლსტოის მოჩვენებითი სიმარტივე რიტორიკული ტრიუმფია. მისი ყველაზე ცხადი ანალოგი ინგლისურენოვან ლიტერატურაში "ტინტერნის სააბატომდე" შექმნილი ვორდსვორთის ადრეული ლექსებია - "დანაშაული და მწუხარება", "დანგრეული კოტეჯი" და "კამბერლენდელი მოხუცი მათხოვარი". მათში ვორდსვორთი არ მიმართავს მეხსიერების მითს ან ადამიანის გონებისა და ბუნების თანაზიარობის კოლრიჯისეულ გაგებას. ნამდვილი მამაკაცისა და ქალის დარდის გათავისებით ვორდსვორთის პირველი მნიშვნელოვანი ლექსები ტოლსტოიმდე გახდა ტოლსტოური, მაგრამ იგი ისე ოსტატურად იყო გამარტივებული, რომ ეს ოსტატობა თითქმის არ შეიმჩნეოდა. ჯორჯ ელიოტი ყველაზე მეტად ვორდსვორთულ ნაწარმოებში "ადამ ბიდი" უჩვეულოდ ტოლსტოური ჩანს, რასაც ტოლსტოის ამ რომანით აღტაცებაც ამტკიცებს.
ვორდსვორთის მინიშნება იმაზე, რასაც იგი უკვდავებას უწოდებდა, მისი ადრეული ბავშვობის მოგონებებიდან მომდინარეობს, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა გაფერმკრთალებულიყო, მაგრამ ბუნებრივი სიწმინდე მაინც შეინარჩუნა. ტოლსტოის მსგავსი მინიშნებები არ გააჩნდა, ის ბუნებრივი სიწმინდის ეკვივალენტს რუს გლეხში ეძებდა. რაც უნდა ეპოვა, ის მაინც არ იქნებოდა, რასაც ეძებდა. ის იმდენად მტკიცე რაციონალისტი იყო, რომ ხალხის რწმენას არ იზიარებდა, და ამის მიუხედავად, მაინც ისწრაფოდა, ხალხისთვის ღმერთის სიყვარული ჩაენერგა. უარყოფდა ყოველგვარ სასწაულს, და ამიტომ საკმაოდ ძნელია იმის განსაზღვრა, რას შეიძლება ნიშნავდეს მისთვის მოყვარული ღმერთი. გორკი წერდა: "ტოლსტოი ამბობდა ხოლმე, რომ სიმართლე ყველასთვის ერთია – ღმერთის სიყვარული. მაგრამ ამ საკითხზე ის გულგრილად და მოსაწყენად ლაპარაკობდა". სხვა დროს ტოლსტოიმ გორკის უთხრა, რომ რწმენა და სიყვარული სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვს, რაც ახლოსაა ტოლსტოურ ეთოსთან. თუ ღმერთის სიყვარული თავისთავად გამბედაობაა, ვინ უშველის მშიშარას?.. ის, რაც ტოლსტოიში დიდ აღტაცებას იწვევს, მისი ორიგინალობა და უცნაური ტემპერამენტია. მისი მოტივები იშვიათად გვიახლოვდება ჩვენ. სიმამაცე და გამბედაობა ეპიკური ღირსება და ტოლსტოის რელიგია (ასე დავარქვათ) მისვე ხელოვნების იმ თვისებას იძენს, რომელსაც ყოველმხრივ ეპიკური ტენდენცია აქვს. როცა ტოლსტოი თავის თავს ჰომეროსს ადარებს, ის ისე გვარწმუნებს, რომ ვერცერთი ჰომეროსის შემდგომი პოეტი ვერ შეძლებდა ჩვენს დარწმუნებას. როგორც წინასწარმეტყველი და მორალისტი, ტოლსტოი ეპიკური ფიგურაცაა და ეპოსის შემქმნელიც.
აქვს ტოლსტოის მრწამსს - მორალს, რელიგიას, ესთეტიკას მნიშვნელობა? თუ კითხვა რწმენას შეეხება, პასუხი დადებითი იქნებოდა წარსულში, როცა უამრავი ტოლსტოელი არსებობდა, მაგრამ არა ახლა, როცა ის ჰომეროსთან, დანტესა და შექსპირთან ერთად უნდა წავიკითხოთ, როგორც ერთადერთი მწერალი რენესანსის შემდეგ, რომელიც მათთან გაჯიბრებას შეძლებს. რამდენად უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო იგი თავისი ბედისწერით, რომ საკუთარი თავი უფრო წინასწარმეტყველად მიეჩნია, ვიდრე ამბის მთხრობელად. თუმცა მისთვის, როგორც მწერალისათვის, "ილიადა" და "დაბადება" უფრო მისაღები იქნებოდა, ხოლო დანტესა და შექსპირს კვლავ დასცინებდა. ის განსაკუთრებით ბრაზობდა "მეფე ლირზე", თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მან უნებლიედ ითამაშა ლირის როლი, როცა თავისუფლებისაკენ თავგანწირული სწრაფვის გამო სახლიდან გაიქცა. მას უსაზღვროდ სურდა მოწამეობრიობა, რასაც მეფის მთავრობა გამუდმებით ჭკვიანურად უშლიდა ხელს: მის მომხრეებს დევნიდა, მაგრამ არასდროს ეხებოდა მსოფლიოში ცნობილ ბრძენ და დიდებულ მწერალს, რომელიც თავიდანვე პუშკინის ნამდვილ მემკვიდრედ, იდეების განმახორციელებლად და რუსეთის უდიდეს მწერლად აღიარეს, და რომლის დიდებაც, როგორც ჩანს, არასოდეს გაქრებოდა. იგი მუდამ ისწრაფვოდა, გათანაბრებოდა და ეჯობნა კიდეც ჰომეროსისა და ბიბლიისათვის, თუმცა მისი ძლიერი მხარე პოლემიკაში ლიტერატურის უნდობლობასა და ფასეულობის ესთეტიკური სფეროს უარყოფით გამოიხატა.
ნაწარმოებს "რა არის ხელოვნება?" (1886), რომელიც ბერძნული ტრაგედიის, დანტეს, მიქელანჯელოსა და ბეთჰოვენის კრიტიკაა, გასაოცარი "ჰაჯი-მურატი" უპირისპირდება, პატარა რომანი, რომელიც ტოლსტოიმ 1896-1904 წლებში დაწერა, მაგრამ მის სიკვდილამდე არ გამოქვეყნებულა. მართალია, ტოლსტოი ხანდახან აკრიტიკებდა კიდეც "ჰაჯი-მურატს", როგორც საკუთარ კაპრიზს, მაგრამ ის მაინც წერდა მოთხრობის უამრავ ვარიანტს და ძალიან კარგად იცოდა, რომ ის ხელოვნების ნიმუში იყო, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგებოდა მისი ქრისტიანული ხელოვნების მორალურ პრინციპებს. ზოგიერთს ჰაჯი-მურატი არ მიაჩნია ყველაზე დიდ მიღწევად ტოლსტოის პატარა რომანებს - ისეთ ბრწყინვალე ნაწარმოებებს შორის, როგორებიცაა "ივან ილიჩის სიკვდილი", "ოსტატი და კაცი", "ეშმაკი", "კაზაკები", "კრეიცერის სონატა" და "მამა სერგი". მე კი "ჰაჯი-მურატმა" პირველ ორ თხზულებაზე მეტად მომხიბლა, როცა ის ორმოცზე მეტი წლის წინ პირველად წავიკითხე. ეს თხზულება ჩემი პირადი კრიტერიუმია პროზის გრანდიოზულობის შესაფასებლად, ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესო მოთხრობაა, ალბათ, ყველაზე კარგი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.
მე ვამტკიცებდი, რომ ორიგინალობა და თავისებურება ყველაზე მეტად კანონიკურს ხდის ნაწარმოებს. ტოლსტოის თავისებურება თავისთავად უცნაურია, რადგან, ერთი შეხედვით, ის პარადოქსულად ჩვეულებრივი გვეჩვენება. ყოველთვის გესმის ტოლსტოის ხმა, როგორც მთხრობელისა და ეს ხმა პირდაპირი, რაციონალური, დამაჯერებელი და გულწრფელია. თანამედროვე რუსი კრიტიკოსი ვიქტორ შკლოვსკი აღნიშნავდა, რომ "ტოლსტოის ჩვეული სტრატეგია ობიექტის შეცნობის უარყოფა და ისე დახასიათებაა, თითქოს ის პირველად იხილა". უცნაურობის ასეთი ტექნიკა, შერწყმული ტოლსტოის ტონალობასთან, მკითხველს არწმუნებს, რომ ტოლსტოი შესაძლებლობას აძლევს მას, დაინახოს ყველაფერი ისე, თითქოს პირველად ხედავდეს და ამავე დროს ჩაუნერგოს გრძნობა, რომ ყველაფერი უკვე ნანახი აქვს. თითქოს უჩვეულოა, ერთდროულად თავი იგრძნო სახლში და სახლიდან შორს, მაგრამ ესაა ტოლსტოის თითქმის უნიკალური ატმოსფერო.
როგორ შეიძლება მხატვრული თხზულება ერთდოულად იყოს ამოუცნობი და ბუნებრივი? ვფიქრობ, რომ ამის დასტურია უდიდესი ნაწარმოებები - "ღვთაებრივი კომედია", "ჰამლეტი", "მეფე ლირი", "დონ კიხოტი", "დაკარგული სამოთხე", "ფაუსტი" (ნაწილი მეორე), "პერ გიუნტი", "ომი და მშვიდობა", "დაკარგული დროის ძიებაში" - სადაც ერთმანეთში არეულია ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშან-თვისებები. ისინი უამრავ პერსპექტივას უსახავენ საკუთარ თავს, ალბათ, ქმნიან კიდეც ამ პერსპექტივებს. მაგრამ ცოტა მოთხრობა თუ არსებობს, სადაც უცნაური პარადოქსების თანაარსებობაა შესაძლებელი. "ჰაჯი-მურატი" "ოდისევსივით" უცხოა და ჰემინგუეისავით ახლობელი. ტოლსტოის მოთხრობის დასასრულის კითხვისას, როცა ჰაჯი-მურატი და მისი ერთი მუჭა ერთგული მომხრეები უკანასკნელ გმირულ ბრძოლაში ურიცხვ მტერს უპირისპირდებიან, ჩვენ გვახსენდება, ჩემი აზრით, ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი რომანიდან "ვის უხმობს ზარი" - ელ სორდოსა და პარტიზანების უკანასკნელი შებრძოლება უფრო კარგად შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან ფაშისტებთან. ჰემინგუეი, ტოლსტოის სწავლას მოწყურებული მოწაფე, ბრწყინვალედ ბაძავს დიდებულ ორიგინალს. ჰაჯი-მურატი ცხოვრობს და კვდება, როგორც არქაული გმირი, იგი თავის თავში აერთიანებს ოდისევსის, აქილევსისა და ენეასის ყველა ღირსებასა და ნაკლს.
ლუდვიგ ვიტგეშტაინსა და ისააკ ბაბელს, შეიძლება ითქვას, საერთო მხოლოდ ებრაული წარმოშობა აქვთ, მაგრამ ძალიან მომწონს, რომ ორივე პატივს სცემს "ჰაჯი-მურატს". ვიტგეშტაინმა თხზულების ეგზემპლარი თავის მოწაფეს, ნორმან მალკოლმს მისცა სამხედრო სამსახურში წასაღებად და თან უთხრა, რომ ამ წიგნში ბევრი რამ იყო, რაც გამოადგებოდა. ბაბელმა 1937 წელს, ცხოვრების მძიმე პერიოდში ხელმეორედ გადაიკითხა წიგნი და მაღალფარდოვნად წარმოთქვა: "ელექტრული მუხტი წამოვიდა დედამიწიდან, ხელებიდან გადავიდა ფურცელზე, ყოველგვარი იზოლაციის გარეშე, და ზედაპირი დაუნდობლად გააშიშვლა სიმართლით".
წიგნი, რომელმაც სტიმული მისცა ბაბელსა და ვიტგეშტეინს თავიანთი ვალი მოეხადათ, საყოველთაო გახდა, რისკენაც ტოლსტოი ყოველთვის ისწრაფვოდა. ჰენრი ჯეიმსი, რომელსაც ტურგენევი ტოლსტოიზე მეტად მოსწონდა, ჰაჯი-მურატს "ომი და მშვიდობის" უცნაურ მიმოხილვაში მოიხსენიებდა, როგორც "ფართხუნა სამოსიან მონსტრს". ამ ნაწარმოების ახლოს გაცნობა ცხადყოფს, რომ ეს ისაა, რაც ტოლსტოის ყველაზე კანონიკურს ხდის მეცხრამეტე საუკუნის მწერლებში, იგი თითქმის განმარტოებული ფიგურაა დემოკრატიული ხელოვნების უმდიდრეს ეპოქაში.

* * *
"ჰაჯი-მურატი", უპირველეს ყოვლისა, ისტორიაა, თუმცა უცნაური იქნება, თუ მას ისევე მივიჩნევთ ისტორიულ ნაწარმოებად, როგორც "ომსა და მშვიდობას". "ჰაჯი-მურატი" არაა ისტორიის გააზრება, ის უბრალოდ ამბის თხრობაა. რაც წიგნში ხდება, ნათლად რომ ვთქვათ, ტოლსტოის არ გამოუგონია, ყოველ შემთხვევაში, მისი ძირითადი ამბავი. ჯ. ფ. ბედლის "რუსების მიერ სამხრეთ კავკასიის დაპყრობასთან" (1908) ერთად ამ მოთხრობის წაკითხვისას პარადოქსის წინაშე აღმოვჩნდი, რადგან ტოლსტოი თითქოს ერთდროულად ფაქტებსაც მიყვება და ბუნებასაც, მისი "ჰაჯი-მურატი" იდუმალებითაა მოცული, ის მითიურ ეპოსს მიეკუთვნება და არა ქრონიკას. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერია გამუდმებით იბრძოდა კავკასიის მთებისა და ტყეების ბინადარ მუსლიმანთა დასამორჩილებლად. რუსების წინააღმდეგ წმინდა ომში გაერთიანებულ კავკასიელებს ბოლოს იმამი შამილი მეთაურობდა, მისი ყველაზე აქტიური სამხედრო თანაშემწე იყო ჰაჯი-მურატი, რომელიც სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე გახდა ლეგენდარული გმირი. 1851 წლის დეკემბერში შამილთან უთანხმოების შემდეგ ჰაჯი-მურატი რუსების მხარეს გადავიდა. ოთხი თვის შემდეგ, 1852 წლის აპრილში მან გამოქცევა სცადა, რუსები დაედევნენ და მათთან უკანასკნელ თავგანწირულ შეტაკებაში დაიღუპა.
ელმერ მუდი, ტოლსტოის ბიოგრაფი და მთარგმნელი, ამ მოთხრობის დასაბამს 1851 წლის 23 დეკემბრით დათარიღებულ წერილში პოულობს, სანამ ტოლსტოი შამილის წინააღმდეგ ომში არტილერიის ოფიცრად დაიწყებდა სამსახურს:
"თუ გსურს, კავკასიის ცოდნით თავი მოიწონო, შეგიძლია თქვა, რომ ვინმე ჰაჯი-მურატი – შამილის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი პირი, ამ დღეებში რუსეთის მთავრობას ჩაბარდა. ის იყო მთელს ჩერქეზეთში სახელგანთქმული, თავზეხელაღებული და "მამაცი" მეომარი, რომელიც იქამდე მიიყვანეს, რომ უსინდისოდ მოიქცა".
ნახევარი საუკუნის შემდეგ ტოლსტოი არც კი ახსენებს, რომ ჰაჯი-მურატის ქმედება უსინდისოა, ან შეიძლებოდა უსინდისო ყოფილიყო. მოთხრობაში ნებისმიერ სხვა პერსონაჟთან, განსაკუთრებით, მის მეტოქე ლიდერებთან, შამილსა და მეფე ნიკოლოზ I-თან შედარებით, ჰაჯი-მურატი ნამდვილი გმირია. მიუხედავად იმისა, რომ ტოლსტოის ჰომეროსის მიმართ არასოდეს გამოუთქვამს უკმაყოფილება, ჰაჯი-მურატი ჰომეროსის გმირების მძლავრი კრიტიკაა. ის საუკეთესო თვისებები, რომლებსაც ჰომეროსი აქილევსსა და ჰექტორს შორის ანაწილებს, ტოლსტოის გმირში ერთიანდება, მაგრამ მას არც აქილევსის მძვინვარება და არც ჰექტორის სიკვდილისადმი პასიური მორჩილება არ ახასიათებს.
აქილევსის მსგავსად ჰაჯი-მურატი გასაოცარი, სრულყოფილი ძალის პატრონია, იგი ძლიერია, და არა სასტიკი. აქილევსზე ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე ჰაჯი-მურატი ოდისევსს მოხერხებითა და დიპლომატიით უტოლდება. ოდისევსის მსგავსად ისიც შინისაკენ, ცოლ-შვილისაკენ ისწრაფვის. ოდისევსისაგან განსხვავებით ის მიზანს ვერ აღწევს, მაგრამ ტოლსტოი გმირის აპოთეოზს აღწერს და არა მარცხის გამო გლოვას. ტოლსტოის არც ერთი ცენტრალური პერსონაჟი არ იმსახურებს იმდენ სიყვარულს, რამდენსაც ჰაჯი-მურატი და მჯერა, რომ დასავლეთის ლიტერატურაში მისი მსგავსი ველური ხალხის მეთაური არ არსებობს. სხვა რომელმა მწერალმა დახატა ბუნების შვილი, როგორც ძლევამოსილი პროტაგონისტი, რომელშიც შერწყმულია მსგავსი სიმამაცე და ვერაგობა? კონრადის ნოსტრომო, ხალხის შვილი, მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ჰაჯი-მურატზე ნაკლებად შთამბეჭდავია. ტოლსტოის თავზეხელაღებული გმირი ისეთივე გამჭრიახია, როგორც თავად ტოლსტოი. იგი ღირსეულად კვდება და მისი სიკვდილი ისეთივე დიდებულია, როგორი ირონიულიც - ნოსტრომოსი.
არ იქნება უადგილო იმის აღნიშვნა, რომ 1902 წლის დასაწყისში ტოლსტოი სიკვდილის პირას იყო. იგი აპრილისთვის გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა "ჰაჯი-მურატის" გადასინჯვას. მისი გამოჯანმრთელება პროტაგონისტის სიკვდილში აისახა - ჰაჯი-მურატი ავტორის ნაცვლად კვდება. ალბათ, მწერალს მიაჩნდა, რომ გარკვეულწილად თვითონაც ჰაჯი-მურატი იყო, ან სულაც ეს პერსონაჟი ტოლსტოის შექსპირისეული ვარიანტია, რაც დრამატურგის ირონიული ტრიუმფია მწერალზე, რომელსაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა.
"ჰაჯი-მურატი" ტოლსტოის მართლაც ყველაზე შექსპირული მოთხრობაა მდიდარი ხასიათების გალერიის, დრამატული ერთგულების არაორდინალური დიაპაზონისა და ყველაზე მეტად ცენტრალური პროტაგონისტის ცვლილების მხრივ. შექსპირის მსგავსად ტოლსტოი ჰაჯი-მურატის ამბავს უყვება ერთდროულად ყველას და არავის, ვისაც აინტრესებს ან არ აინტერესებს, ემოციურად და ამავე დროს თავშეკავებულად. ტოლსტოიმ შექსპირისაგან რადიკალურად განსხვავებული სცენების შეთავსების ხელოვნება ისწავლა (თუმცა ამას ალბათ უარყოფდა), მარტივის ნაცვლად მოვლენების უფრო რთული თანამიმდევრობა რომ დაეხატა. ჰაჯი-მურატს მწერლისთვის უცნობ კონტექსტში ვხვდებით და ძალიან მოგვწონს სიტუაციებისა და პიროვნებების შექმნის ხელოვნება.
ტოლსტოი აბსურდულად აკრიტიკებდა შექსპირს, თითქოს მან ვერ შეძლო თავისი პერსონაჟები ინდივიდუალურად აემეტყველებინა, რაც იმის განცხადებას ჰგავს, თითქოს ბახმა ვერ შეძლო, შეექმნა ფუგა. ინგლისურის უკეთესად ცოდნა ამ მხრივ ტოლსტოის ბევრს ვერაფერს შემატებდა. შექსპირის მიმართ მისი რისხვა თავდაცვითი იყო, თუმცა ალბათ ამას ვერ ხვდებოდა. ტოლსტოის მხოლოდ ფალსტაფი მოსწონდა, ლირის სიძულვილს კი გაცოფებამდე მიჰყავდა. არასასიამოვნოა ტოლსტოის შეზღუდულობაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს მხოლოდ შექსპირთან მიმართებაში იგრძნობა. მის უძლიერეს პერსონაჟს, ანა კარენინას, მკვეთრად ამჩნევია შექსპირის გმირების ხასიათის ნიშან-თვისებები, რასაც საკუთარ გმირზე შეყვარებული ტოლსტოი შექსპირს ვერ აპატიებს. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ტოლსტოის ნამდვილად სძულდა შექსპირი, მხოლოდ ის უნდა დავამატოთ, რომ მას ეშინოდა კიდეც შექსპირის. თომას მანი ფიქრობდა, რომ ტოლსტოი შექსპირს ფარულად აიგივებდა ბუნებასთან, საკუთარ თავს კი - სულთან. მორალიზმი ჩვენს სამეცნიერო წრეებში ისევ მოდაშია და ჩვენ ისევ ვიწონებთ ტოლსტოის არჩევანს, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს რომ აყენებდა შექსპირზე წინ. ტოლსტოის მსგავსად ახალი ისტორიციზმის წარმომადგენლებს, ფემინისტებსა და მარქსისტებს "ბიძია თომას ქოხი" ურჩევნიათ "მეფე ლირს".
"ჰაჯი-მურატი" ტოლსტოის გვიანდელ შემოქმედებაში უდიდესი გამონაკლისია, რადგან აქ მოხუცი შამანი შექსპირს უწევს მეტოქეობას. შექსპირის არაჩვეულებრივი უნარი, ყველაზე პატარა პერსონაჟსაც კი მიანიჭოს სისხლსავსე სიცოცხლე, შეაჯახოს ცხოვრებასთან, მოხერხებულად შეითვისა ტოლსტოიმ. "ჰაჯი-მურატში" ყველა პერსონაჟი აშკარად ინდივიდუალურია: შამილი, მეფე ნიკოლოზი, ბრძოლაში დაღუპული უიღბლო რუსი ჯარისკაცი ავდეევი, თავადი ვორონცოვი, ვისაც ჩაბარდა ჰაჯი-მურატი, ასეულის მეთაური პოლტორაცკი, ჰაჯი-მურატის მომხრეთა მცირე ჯგუფი: ელდარი, გამზალო, ხან-მაჰომა და ხანეფი. პერსონაჟთა გალერეა, ისევე როგორც შექსპირის მნიშვნელოვან პიესებში, აქაც უსასრულოდ გვეჩვენება. აქ არის რუსეთის ჯარის მეთაური მოხუცი ვორონცოვი, მისი ადიუტანტი ლორის-მელიქოვი, რომელიც ჰაჯი-მურატს მეთვალყურეობდა, ასევე ბუტლერი, გმირული სულის მქონე ოფიცერი, რომელმაც შეძლო ჰაჯი მრატში გმირის ღირსებები დაეფასებინა. ასევე დამაჯერებლად ბრწყინავს ორი ქალი, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ მოთხრობაში: ახალგაზრდა ვორონცოვის მეუღლე მარია ვასილევნა და მაიორის საყვარელი მარია დმიტრიევნა.
ეს თხუთმეტი და სხვა მრავალი უმნიშვნელო პერსონაჟი შექსპირისეული სიზუსტითა და გემოვნებითაა გამოჭრილი. ისინი ჰაჯი-მურატის ხასიათს ისე აძლიერებენ, რომ იგი ისეთივე ნაცნობი ხდება ჩვენთვის, როგორც შექსპირის დიდი მეომრები: ოტელო, ანტონიუსი, კორიოლანუსი, "მეფე ჯონის" უკანონო შვილი ფალკონბრიჯი. ჩვენ ჰაჯი-მურატს უფრო სრულყოფილად ვეცნობით, ვიდრე ანა კარენინას, რომელიც ტოლსტოის გულთან ძალიან ახლოსაა. ამჯერად, შექსპირის მსგავსად ტოლსტოიც არ მეტყველებს თავისი ხმით და ასრულებს ჰაჯი-მურატის, როგორც ეპიკური გმირის, უდიდეს როლს.
ისტორიული ჰაჯი-მურატი არის და არც არის ტოლსტოის პერსონაჟი. ჯ.ფ. ბედლის აზრით, ადგილობრივი გმირი გაბედული და მამაცია, მაგრამ საშინლად ულმობელი. მთიელი ხალხის, დაღესტნის ავარიის შვილი ჰაჯი-მურატი თავდაპირველად მურიდების - მუსლიმანური მისტიკური აღორძინების მასობრივი მოძრაობის წინააღმდეგ იბრძოდა, იმ მოძრაობის წინააღმდეგ, რომელიც რუსებსა და ავარიელებს შორის ომის დაწყების მიზეზი გახდა. ბედლის მიერ აღწერილი ჰაჯი-მურატის ცხოვრების ქრონიკა, მართალია, ფაქტებზეა დაფუძნებული, მაგრამ ფანტასტიკური ნაწარმოებივით იკითხება. მურიდების ლიდერის, იმამ გამზათის, მოკვლის მერე გმირი რუსების მხარეზე გადავიდა. შემდეგ ჰაჯი-მურატს ავარიელების ზედამხედველმა უღალატა და ცილი დასწამა, თითქოს ის ახალი იმამის, შამილის, მომხრე იყო. ჰაჯი-მურატი ღრმა ხრამში გადახტომით რუსებს გამოექცა, მურიდებს მიემხრო და თავისი სიმარჯვის წყალობით მალე შამილის მთავარი თანაშემწე გახდა. შამილს დროთა განმავლობაში შური აღუძრა ჰაჯი-მურატის მიერ სასტიკ ბრძოლებში მოხვეჭილმა დიდებამ და მემკვიდრეობითი უფლებების დასაცავად მან თავისი საუკეთესო ჯარისკაცის მოკვლა განიზრახა. სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა, ჰაჯი-მურატი ისევ რუსებისაკენ გადავიდა - სწორედ ასე იწყება ტოლსტოის რომანი. ტოლსტოი ცდილობდა, ფაქტობრივი სიზუსტე დაეცვა, ჰაჯი-მურატის ამბიცია და სისასტიკე არ დაუფარავს და ეს თვისებები მის ბრწყინვალებასთან შეათავსა.
ტოლსტოის რომანი მოკლე პრელუდიით იწყება, სეირნობიდან დაბრუნებული მწერალი დიდი გაჭირვებით წყვეტს "მშვენიერ ჟოლოსფერ ბირკავას, რომელსაც ჩვენში "შავნარას" ეძახიან". ბირკავა ჰაჯი-მურატის შეფარული სიმბოლოა: "მაინც რა ენერგია და შეუპოვრობაა, რა თავგანწირვით იბრძოდა და რა ძვირად დათმო სიცოცხლე". რამდენჯერაც ვკითხულობ ამ პრელუდიას, მიკვირს, რომ ბირკავას უცხადესი სიმბოლო ესთეტიკურ ნაკლად არ მეჩვენება. მაგრამ ვფიქრობ, რომ "ჰაჯი-მურატში" ყველაფერი ძალიან ცხადია. მოთხრობაში არსად არ არის სიურპრიზი და მოულოდნელი ცვლილება. მართლაც, ტოლსტოი ხშირად გვაძლევს საშუალებას, წინასწარ ვიცოდეთ, რა უნდა მოხდეს. ეს ტექნიკა ნარატიული სუბვერსიის მწვერვალს აღწევს, როცა მწერალი ჯერ ჰაჯი-მურატის მოჭრილ თავს გვიჩვენებს და შემდეგ მოთხრობას გმირის უკანასკნელი ბრძოლის დეტალური აღწერით ამთავრებს. ტოლსტოი თითქოს ვარაუდობს, რომ ჩვენ უკვე ვიცით ისტორია, რომანი ამბის მნიშვნელობაზე არ გვაფიქრებს, არ არის მოყვანილი არც მორალი და არც პოლემიკაა გამართული. მნიშვნელობა არა აქვს არც მოქმედებას და არც პათოსს, მნიშვნელოვანია მხოლოდ გმირის ეთოსი, ჰაჯი-მურატის ხასიათის გახსნა.
სიმამაცისა და ჭკუის მიუხედავად ორ ბოროტ დესპოტს – შამილსა და მეფე ნიკოლოზს შორის მოქცეული გმირი დასაწყისიდანვე განწირულია. მისი საბოლოო ბედისწერა წინასწარ განსაზღვრულია, რუსები მას საკმარისად არ ენდობიან, შამილის წინააღმდეგ ამბოხების ხელმძღვანელობის უფლება რომ მისცენ. მან იმამის ტყვეობაში მყოფი ოჯახის გამოხსნა უნდა სცადოს. ასე რომ, ჰაჯი-მურატმა ტოლსტოისა და მკითხველის მსგავსად იცის, როგორ უნდა დასრულდეს მისი ამბავი, როგორ უნდა დასრულდეს ყველა ამბავი, თუ ის გმირის საბოლოო ბედისწერას ეხება. მაგრამ ჰაჯი-მურატი არ არის დანტეს ულისე “ღვთაებრივი კომედიიდან” და არც მოძველებულ მორალურ სამყაროში ჩაკეტილი რომელიმე ეპიკური გმირი. ის შექსპირისეული პროტაგონისტია, რომლის ღრმა ეთოსი შინაგანი ცვლილებების უნარია, გაძლიერებული იმის წინააღმდეგ ბრძოლით, რამაც უნდა გაანადგუროს, ისევე როგორც ანტონიუსი გაადამიანურდა ღმერთი ჰერკულესის მიტოვების შემდეგ. ჰაჯი-მურატის ამბის თხრობისას ტოლსტოის ისე იტაცებს მთხრობელის ხელოვნება, რომ თავს ითავისუფლებს ტოლსტოული დოქტრინისაგან და მის ნაცვლად ხელოვნების სიწმინდესა და დადგენილ წესებს მიჰყვება.
ნოემბრის ცივ საღამოს ყაბალახსა და ნაბადში გახვეული ჰაჯი-მურატი თავისი მურიდის, ელდარის თანხლებით რუსების ბრძოლის ხაზიდან თხუთმეტიოდე მილით დაშორებულ თათრულ სოფელში შევიდა. რუსებისაგან ცნობას ელოდებოდა, მიიღებდნენ თუ არა მას თავიანთ მხარეზე. ჰაჯი-მურატს უთანხმოება ჰქონდა შამილთან, იმამთან, რომელიც, ბედლის მიხედვით, ყველგან ნაჯახმომარჯვებული ჯალათის თანხლებით დადიოდა. ტოლსტოის მოთხრობის პირველივე პარაგრაფში შექმნილი ატმოსფერო გვარწმუნებს, რომ ვიტგენშტაინს "ჰაჯი-მურატში" ყველაზე მეტად ტრაგიკული გმირი აღაფრთოვანებს, რომელიც ერთდროულად კიდეც აღძრავს და კიდეც ანელებს ჩვენს სკეპტიციზმს ტრაგედიის ჭეშმარიტების მიმართ.
ლორა ქუინი თავის შესანიშნავ გამოკვლევაში "ჭეშმარიტების სისასტიკე" ჯონსონისა და შელის მიმართ სიცოცხლის ტრაგიკულ აღქმაზე ვიტგენშტაინის დიალექტიკურ დამოკიდებულებას იყენებს. ვიტგენშტაინი აღფრთოვანებული იყო ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ტოლსტოითა და დოსტოევსკით, იგი, როგორც ჩანს, ორივე მათგანში ტრაგედიის მიმართ ორაზროვან დამოკიდებულებას ხედავდა. ვიტგენშტეინს არ მოსწონდა შექსპირი, მას ისევე ეშინოდა "მეფე ლირისა" და "ჰამლეტის" შემქმნელი დრამატურგის, როგორც ტოლსტოის. თუ სკეპტიკურად ხარ განწყობილი ტრაგედიის მიმართ, თუმცა კი მისკენ ისწრაფვი, როგორც ტოლსტოი და ვიტგენშტაინი, შექსპირი შენი უდიდესი პრობლემა იქნება, რადგან შეგაშფოთებს ის ფაქტი, რომ ტრაგედიაც ისე აქვს გათავისებული მას, როგორც კომედია და რომანტიკული ამბავი. ტოლსტოიმ განსაკუთრებით ვერ დაივიწყა, რა მოხდა "მეფე ლირში" და ალბათ "ჰაჯი-მურატი" თავისი გაუცნობიერებელი შექსპირიანიზმით შექსპირის იმ მხატვრული ხერხის კრიტიკაა, როცა ტრაგიკული გმირი ადამიანისთვის შეუცნობელ ძალას ფლობს. ჰაჯი-მურატს, უმამაცეს გმირს, არ შეუძლია საკუთარი თავის შველა, მაგრამ იგი არ ებრძვის და არც იხმობს დემონურ ძალებს. იგი ტრაგიკულია მხოლოდ იმიტომ, რომ გმირული სულის მატარებელია და უდიდეს სირთულეებს უნდა გაუმკლავდეს. აქ გორკი მაგონდება, რადგან მისი და ტოლსტოის საუბრის მერე გაოცებული ვარ, როგორ შეეძლო ტოლსტოის სწორედ იმ დროს ემუშავა "ჰაჯი-მურატის" დასრულებაზე:
"მე ვუთხარი, რომ ყველა მწერალი რამდენადმე გამომგონებელია, ისინი ისეთ ადამიანებს ქმნიან, როგორებიც უნდათ იხილონ ცხოვრებაში. ასევე ვუთხარი, რომ მომწონდა აქტიური ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ბოროტებას ყველანაირი ხერხით უპირისპირდებიან, ძალადობითაც კი.
"ძალადობა მთავარი ბოროტებაა", - წამოიძახა მან და მკლავში ხელი ჩამავლო, - "როგორ უნდა დააღწიო თავი ამ წინააღმდეგობას, გამომგონებელო? შენი "ბატონი თანამგზავრი" არ არის გამოგონილი – არ ვარგა, რადგან გამოგონილი არ არის. თქვენ ფიქრობთ, რაინდებს ქმნით და ისინი ყველა ამადისები არიან”.
ტოლსტოის მოხეტიალე რაინდი, მისი ამადის გალელი, რა თქმა უნდა, საუცხოო და უსასტიკესი (როდესაც საჭიროა) ჰაჯი-მურატია, გმირი, რომელიც გამოგონილიც არის და არც არის. თათართა ლიდერზე თხრობისას ძალადობის წინააღმდეგ მქადაგებელ ტოლსტოის სიმკაცრე აკლია. სად უფრო მართალია ტოლსტოი, როგორც "ჰაჯი-მურატის" მთხრობელი, თუ როგორც "აღსარებისა" და "რა არის ხელოვნების" მორალზე მეოცნებე? შეიძლება ვინმემ განაცხადოს, რომ არსებობს ორი ტოლსტოი, და რომ ერთი მეორის ანტითეზაა. როგორ შეიძლება შემდეგი ნაწყვეტის შემქმნელი ტოლსტოი არ იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კანონიკური ტოლსტოი?
"ამ ორი ადამიანის თვალები პირისპირ შეხვედრისას ერთმანეთს ბევრს ეუბნებოდნენ, რაც სიტყვებით არ გამოითქმებდა და სრულებით არ შეესაბამებოდა თარჯიმნის ნათქვამს. ისინი პირდაპირ უსიტყვოდ ეუბნებოდნენ ერთმანეთს მთელ სიმართლეს: ვორონცოვის თვალები ამბობდნენ, რომ მას ჰაჯი-მურატის ერთი სიტყვისაც არ სჯერა, რომ ის ყოველგვარი რუსულის მტერია, ყოველთვის ასეთად დარჩება, ახლა მხოლოდ იმიტომ დამორჩილდა, რომ ასე სჭირდება. ჰაჯი-მურატსაც სჯეროდა ეს, მაგრამ მაინც არწმუნებდა მას თავის ერთგულებაში. ჰაჯი-მურატის თვალები კი ამბობდნენ, რომ ამ მოხუცს ომზე კი არა, სიკვდილზე უნდა ეფიქრა, რომ ის, მართალია, მოხუცია, მაგრამ ძალიან ეშმაკია და მასთან ფრთხილად უნდა იყოს. ვორონცოვს ესმოდა ეს და მაინც ეუბნებოდა ჰაჯი-მურატს იმას, რასაც ომის წარმატებისათვის აუცილებლად თვლიდა".
ტოლსტოი მოხუცი კაცია, რომელიც საკუთარ სიკვდილზე ფიქრს გაურბის და სანაცვლოდ ომზე ფიქრობს. ჰომეროსის მსგავსად ომს არც ადიდებს და არც გმობს. ორივე მათგანისათვის ომი ცხოვრების ძირითადი კანონია. ზოგიერთი ინტერესდება საკითხით - ტოლსტოი და შემწყნარებლობა, მაგრამ რა ესაქმება შემწყნარებლობას ვორონცოვის კავკასიასა და ჰაჯი-მურატთან? ომი შვებაა "ჰაჯი-მურატში", ერთადერთი გზა იმ სამყაროდან თავის დასაღწევად, რომელიც შამილისა და რუსეთის მეფის ღალატს შორის მერყეობს. აშკარაა, "ჰაჯი-მურატის" დაწერა შვება და მოხუცი ტოლსტოის კაპრიზების საუკეთესო ასრულება იყო. ამის მიუხედავად იგი გორკის ეუბნება: "გმირები - ეს ტყუილი და გამონაგონია; აქ უბრალოდ ხალხია, ხალხი და სხვა არაფერი".
მაშ ვინ არის ჰაჯი-მურატი, თუ არა გმირი? ნაწილობრივ, ალბათ, ტოლსტოის დიდი ხნის წინ დაკარგული ახალგაზრდობის სუროგატია, მაგრამ მარტო ამით არ აიხსნება თათარი მეომრის გამორჩეულობა. მასთან შედარებით ტოლსტოის ძირითადი რომანების პროტაგონისტები ნაკლებად სიცოცხლით სავსენი და სასიამოვნონი არიან. თითოეული მკითხველი ეძებს მხატვრულ ხასიათს, რომელიც ისეა შეთავსებული თავის სამყაროსთან, როგორც ჰაჯი-მურატი. შექსპირის შემდეგ არც ერთ მწერალს არ ჰქონია ისეთი ნიჭი, დაეხატა შეურიგებელ სამყაროში ძალაუფლებისათვის ბრძოლა, როგორც ტოლსტოის, ჰაჯი-მურატი ნამდვილად იმსახურებს კონრადის ნოსტრომოსთან ან ანტონიუსთან შედარებას "ანტონიუსსა და კლეოპატრაში". შექსპირის მსგავსად ტოლსტოიც ერთსა და იმავე დროს გულგრილიცაა თავის გმირის მიმართ და ძლიერ თანაგრძნობასაც გამოხატავს მისი მოსალოდნელი ბედისწერის გამო.
ტოლსტოის ჰაჯი-მურატთან ურთიერთობას კიდევ ერთი ნიშანი ემატება, რაღაც საოცრად პიროვნული, მიმართული ნამდვილი იდენტიფიკაციისაკენ. გარემოებებმა ჰაჯი-მურატი დევნილი, მაგრამ ღირსეული და პატივცემული დევნილი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ გმირი ბრწყინვალედაა მორგებული კონტექსტს, მან იცის, რომ ეს კონტექსტი იშლება და ერთი მუჭა ერთგული ადამიანების ამარა რჩება. დასასრულის შეგრძნება მთელ მოთხრობას ისევე გასდევს, როგორც "ანტონიუსსა და კლეოპატრაში" გმირის ყოველ გამოჩენას. მეფესა და შამილს შორის მოქცეულ ჰაჯი-მურატისათვის საბოლოო თავისუფლება მხოლოდ ვაჟკაცურ სიკვდილშია, რაც მის პიროვნებას ზიანს კი არ აყენებს, პირიქით, ავსებს.
შემთხვევითი არ არის, რომ ორი ლიტერატურული პერსონაჟი, რომლებთანაც ტოლსტოი ყველაზე მეტ მსგავსებას პოულობდა, იეჰოვა და შექსპირის ლირი იყო, მაგრამ მას ერჩია, დამსგავსებოდა ჰაჯი-მურატს, მოხერხებულ და მამაც მეომარს და არა ფიცხ მეფე-ღმერთს. თომას მანი უცნაურ ესსეში "გოეთე და ტოლსტოი" თავისდა უნებურად ადასტურებს ამ აზრს:
"ჩვენ ტოლსტოიში ცხოველური სულის სიჭარბე შევნიშნეთ, მართლაც მიიჩნევდნენ, რომ სიბერემდე მას აკლდა ღირსება, დიდებულება, გოეთეს გვიანდელი პერიოდის ფორმალური დარბაისლობა, რაც არავისთვის ახალი არ არის. ჩვენში ეჭვს არ იწვევს, რომ გოეთე უფრო პატიოსნად, მუყაითად, სანიმუშოდ ცხოვრობდა, ვიდრე სლავი ბებერი. გოეთეს კულტურული საქმიანობა უფრო გულწრფელ თვითაუარყოფას, თავდაჭერილობას და დისციპლინას გულისხმობს, ვიდრე ტოლსტოის სრულიად არაეფექტური სპირიტუალიზაციის მცდელობა, რომელიც ფანტასტიკურ აბსურდს განეკუთვნება. ტოლსტოის არისტოკრატიული შარმი, გორკის მიხედვით, ისეთივეა, როგორც კეთილშობილი ცხოველისა. მან ვერასდროს მოახერხა, ამაღლებულიყო ცივილიზებული ადამიანის ღირსებამდე, რომელმაც ახირებულობაზე გაიმარჯვა".
ამაზე სარწმუნო პასუხი ჯონ ბეილიმ გასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ გოეთე და ტოლსტოი უდიდესი ეგოისტები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულები: "თუკი გოეთე საკუთარი თავის გარდა არაფერზე ზრუნავდა, ტოლსტოი არაფერი იყო საკუთარი თავის გარდა. ტოლსტოის მოსაზრება, თუ რა ელოდებოდა ცხოვრებაში და რას ნიშნავდა მისთვის ცხოვრება, შესაბამისად უფრო პირადული და ამაღელვებელია".
ტოლსტოი თავისი ჰაჯი-მურატის მსგავსად სხვა არაფერი იყო, თუ არა თვითონ. მანს, ალბათ, ჰაჯი-მურატი კიდევ ერთ კეთილშობილ ცხოველად მიაჩნდა, რომელიც ცივილიზებულ ღირსებას უარყოფდა, რამდენად უცნაურიც უნდა იყოს ეს. როგორც უდიდესი ირონიული მწერალი, მანი ყველაფერს ეწინააღმდეგება, რაც მის მხატვრულ ძალას არ შეესაბამება. ჰაჯი-მურატში ყველაზე მნიშვნელოვანი ესთეტიკური ღირსებაა, რომელიც ყველა თვისებას აღემატება, რასაც მანის პერსონაჟებში ვხედავთ. ესთეტიკური ღირსების პრობლემას ჰაჯი-მურატის უკანასკნელ ბრძოლამდე და სიკვდილამდე მივყავართ, რომელიც, შესაძლოა, ტოლსტოის მხატვრული ქმნილებებში ყველაზე დახვეწილი ეპიზოდია.
ერთი განსხვავება, რაც ტოლსტოისა და ჰაჯი-მურატს შორის არსებობს, ისაა, რომ ჩეჩენ გმირს უყვარდა თავისი ცოლი და ვაჟი და შამილის შურისძიებისაგან მათი დახსნის თავგანწირულ მცდელობას შეეწირა. საკითხავია, უყვარდა თუ არა ტოლსტოის ვინმე, თუნდაც საკუთარი შვილები. არც ვორდსვორთი ან მილტონი, დანტეც კი ვერ შეედრება ტოლსტოის, როგორც დიდ სოლიფსისტს. ტოლსტოის რელიგიური და მორალური ნაწარმოებები სხვა არაფერია, თუ არა მისი სოლიფსიზმის აღიარება, თუმცა რას ისურვებდა "ომი და მშვიდობისა" და "ჰაჯი-მურატის" მკითხველი, თუ არა იმას, რომ ტოლსტოი ნაკლებად ყოფილიყო ამ იდეებით შეპყრობილი? არაფერი ხდება უმიზეზოდ და ვერც ერთი კარგი მწერალი (როგორც ქალი, ისე კაცი) სოლიფსიზმის გარეშე ესთეტიკური ბრწყინვალებას ვერ მიაღწევს. შექსპირი, რამდენადაც შეიძლება ითქვას, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სოლიფსისტი მწერალია. ამ თვალსაზრისით ჩოსერი შექსპირის მეტოქეა. ზოგჯერ სალონური თამაშის ცდუნებას ავყვები, რომლის დროსაც მნიშვნელოვან მწერლებს სოლიფსიზმის ხარისხის საფუძველზე ჰყოფენ. სინამდვილეში აქვს ამას მნიშვნელობა? სრულიად არა, თუ საქმე მათ მიერ დაპყრობილ სიმაღლეებს ეხება. ჯოისი უდიდესი სოლიფსისტია, მაშინ როცა ბეკეტი ადამიანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეგოისტია. კონტრასტი "ფინეგანის ქელეხსა" და ბეკეტის ტრილოგიას "მოლოის", "მელოუნი კვდებას", "უსახელოს" შორის ერთის მხრივ ბეკეტის მიერ თავისი წინამორბედების გავლენისაგან თავის დაღწევასთანაა დაკავშირებული, უფრო მეტად კი – მათ მიერ "სხვა მეს" საოცრად განსხვავებულ შეგრძნებასთან.
ტოლსტოის სხვა მამრი პროტაგონისტებისაგან განსხვავებით, ჰაჯი-მურატი არაბუნებრივად შეიგრძნობდა "სხვა მეს" რეალობას. ამის გარეშე უფრო ადრე დაიღუპებოდა. ბატლერისადმი მწერლის გულთბილი დამოკიდებულება გვიჩვენებს, რომ მისი ცოდნა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სიფრთხილე. ამ ოფიცრის რომანტიკული შეხედულებანი და აზარტული თამაშისადმი სწრაფვა კავკასიაში ახალგაზრდა ტოლსტოის სამხედრო სამსახურის გამოძახილია. თუ რაღაც თვალსაზრისით ჰაჯი-მურატის ტრაგიკული იზოლაცია ტოლსტოის დილემას ავლენს, ჩეჩენი მეომრის სულგრძელობა იმ თვისებას წარმოაჩენს, რომელიც, მწერლის აზრით, თვითონ აკლია. უეჭველია, გმირის სამხედრო ვაჟკაცობა იყო ის, რასაც ტოლსტოი საკუთარ თავში ეძიებდა. ჯონ ბეილი ტოლსტოის ჯარში სამსახურს ხატავს, როგორც "ამბების თხრობისა და შეთხზვის მცდელობას, კურდღლებსა და ხოხბებზე ნადირობას, კაზაკ ქალებთან სასიყვარულო ურთიერთობებსა და ადგილობრივი წყაროებით გონორეის მკურნალობას". ბეილი განაგრძობს, რომ ეს გამოცდილება ჰემინგუეის სამხედრო გმირობის მსგავსია, რომლის მთლიანი შემოქმედება ტოლსტოისთან გააზრებული კონფლიქტია. ორივე მწერლის მიერ საკუთარი თავის კერპად ქცევა მათი ხელოვნების სიღრმეებშიც იგრძნობა - საგნების ბუნებაში საკუთარი მეს ჩანერგვის საშუალებით. ასე შევიდნენ ისინი სამყაროში, რომელსაც ფროიდმა "რეალობის გამოცდა" უწოდა, თუმცა სიკვდილის აუცილებლობასთან დამეგობრების ფროიდული სიბრძნის გარეშე.
ჰაჯი-მურატი, რომელიც უკანასკნელ ბრძოლაში ისეთივე ბრწყინვალეა, როგორიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ისეთ სიბრძნეს ავლენს, მხოლოდ შექსპირის ტრაგიკულ გმირებს რომ ახასიათებთ - იბრძოლონ ბოლომდე და მოკვდნენ დემონსტრაციულად, მაგრამ დიდებულად. უკანასკნელ დილას, როცა ინათა, მაგრამ მზე ჯერ არ ამოსულიყო, მან მოუხმო თავის ცხენს და ერთგული მეგობრებისა და ხუთი კაზაკი მცველის თანხლებით სოფლიდან გავიდა. კაზაკებზე თავდასხმისა და დახოცვის შემდეგ მან და მისმა მეგობრებმა ვერ შეძლეს, გამკლავებოდნენ სხვა კაზაკების გარშემორტყმულ ჯგუფსა და რუსებთან მომსახურე თათართა მილიციას. სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჰაჯი-მურატის დასასრულიც დგება:
"ჰაჯი-მურატს კიდევ მოხვდა ტყვია მარცხენა მხარზე. იგი თხრილში ჩაწვა, ჩოხიდან ბამბა ამოაძრო და ჭრილობაში ჩაიტენა. ჭრილობა გვერდში სასიკვდილო იყო და გრძნობდა, რომ კვდებოდა. მოგონებები და სახეები გასაოცარი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს მის წარმოდგენაში. ხან ღონიერი აბუნუნცალ-ხანი დაუდგებოდა წინ, ცალი ხელით ჩამოთლილი ლოყა რომ ეჭირა და მეორით მტერს ხანჯლით ებრძოდა. ხან უძლურ, სისხლნაკლულ მოხუც ვორონცოვს ხედავდა ეშმაკური თეთრი სახით და ესმოდა მისი რბილი ხმა, ხან თავისი ვაჟი იუსუფი წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ, ხან ცოლი სოფიათი, ხანაც ფერმკრთალი, წითურწვერიანი, თვალებმოჭუტული მტერი შამილი.
ყველა ამ მოგონებამ ისე გაირბინა მის გონებაში, რომ არავითარი გრძნობა არ გამოუწვევია – არც სიბრალული, არც სიბრაზე და არც რაიმე სურვილი. ყველაფერი ეს არარაობად ჩანდა იმასთან შედარებით, რაც იწყებოდა და რაც უკვე დაიწყო მისთვის. ამასთანავე მისი ძლიერი სხეული დაწყებულ საქმეს განაგრძობდა. მან მოიკრიბა უკანასკნელი ძალა, წამოდგა საფარიდან, მისკენ წამოსულ კაცს დამბაჩა ესროლა, მოარტყა და კაცი დაეცა, შემდეგ მთლიანად ამოძვრა ორმოდან და ხანჯალამოწვდილი კოჭლობით პირდაპირ მტრისკენ წავიდა. გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა, იგი შეტორტმანდა და დაეცა. რამდენიმე მილიციელი გამარჯვების ყიჟინით მივარდა დაცემულ სხეულს. მაგრამ უცებ სხეული, მკვდარი რომ ეგონათ, შეინძრა. ჯერ სისხლიანი, უფაფახო, გაპარსული თავი წამოიწია, შემდეგ ტანიც წამოიმართა, ხეს ჩაეჭიდა და მთლიანად წამოდგა. ისეთი საშინელი სანახავი იყო, რომ თავდამსხმელები შეჩერდნენ. მაგრამ უეცრად ის შებარბაცდა, ხეს მოშორდა და მთელი ტანით პირქვე დაეცა მოთიბულ ბირკასავით და აღარ განძრეულა.
ის აღარ ინძრეოდა, მაგრამ გრძნობა ისევ ჰქონდა.
როცა მასთან პირველად ჰაჯი-აღამ მიირბინა და ხანჯალი დაჰკრა, ჰაჯი-მურატს მოეჩვენა, რომ მას თავში ჩაქუჩს ურტყამდნენ, მაგრამ ვინ და რატომ, ვერ ხვდებოდა. ეს იყო მისი ცნობიერების უკანასკნელი კავშირი სხეულთან. შემდეგ ვერაფერს ვეღარ გრძნობდა, მტრები თელავდნენ და ჭრიდნენ იმას, რასაც მასთან საერთო უკვე აღარაფერი ჰქონდა".
ამ ნაწყვეტის ობიექტური, გრძნობისაგან დაცლილი ძალის გარდა ჩვენ იმითაც ვართ გაოცებულები, რომ ტოლსტოი თავის გმირთან იდენტიფიკაციის მიუხედევად, თავს იკავებს შოკისგან, სევდიანი სინანულისა და მეტაფიზიკური შიშის გამოხატვისაგან, როცა ჰაჯი-მურატი ცნობიერებას კარგავს. სხეულს "არავითარი საერთო აღარ ჰქონდა მასთან" და ჩვენ გვახსენდება ნატაშას წამოძახილი "ომსა და მშვიდობაში“, როცა იგი თავადი ანდრეის სიკვდილის ამბავს გაიგებს: "სად არის და ვინ არის ის ახლა?" მე სიტყვასიტყვით მომყავს ჯონ ბეილის ვერსია, როცა იგი ტოლსტოის პიროვნული ძალის გათვალისწინებით შესანიშნავ კომენტარს აკეთებს: "სოლიფსიზმი უკვდავების მაჩვენებელია".
ჰაჯი-მურატის სიკვდილი, რაც სოლიფსიზმისაგან მოხუცი ტოლსტოის თავის დაღწევის მცდელობა იყო, არ წარმოშობს ნატაშას ტკივილით სავსე, ორმაგი კითხვის მსგავს შეკითხვას. ამის ნაცვლად ტოლსტოი წერს: "ბრძოლის დროს ხმაგაკნედილმა ბულბულებმა კვლავ დაიწყეს სტვენა, ჯერ ერთმა - საკმაოდ ახლოს, შემდეგ სხვებმა - მოშორებით".
ჩვენ ვრჩებით გადახნულ მინდორზე გათელილ ბირკავასთან ბულბულების სამგლოვიარო გალობის თანხლებით. ტოლსტოის თხრობის შეფარული ძალა, ჰომერული ატმოსფეროთი, შექსპირული პერსონაჟებით, უპირველეს ყოვლისა, გმირობითაა კომპენსირებული. ჰაჯი-მურატი საუკეთესოა მის სამყაროში – არა აქვს მნიშვნელობა, კავკასიელი იქნება თუ რუსი – ყველა თვისებით – გამბედაობით, მხედრული ნიჭით, გამჭრიახობით, ლიდერობით, რეალობის ხედვით. ეპოსის ან საგის სხვა გმირი, ძველი იქნება თუ თანამედროვე, მას ვერ უტოლდება, მისი მსგავსიც კი არ არის. როცა ჰაჯი-მურატი კვდება, ის დაცლილია სიბრალულის, ბრაზისა და სურვილისაგან. ასეა ტოლსტოი და ასე ვართ ჩვენც. ტოლსტოიმ ყველა სხვა მწერალზე უკეთესად შეძლო, საკუთარი გარდაცვალების შიშის მსგავსად და ამავე დროს მისგანვე განსხვავებულად წარმოედგინა სიკვდილი, რაც ესთეტიკური ღირსების მოულოდნელი და დამაიმედებელი ტრიუმფის გამოვლინებაა. ის, რაც ჩვენ კანონიკურად მიგვაჩნია, ჰაჯი-მურატს დემოკრატიული ეპოქის ცენტრში აქცევს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ერეკლე დეისაძე - მამა

მამაჩემი ყოველდღე უთენია დგება, ძველ რადიომიმღებს რთავს, ღია ფანჯრიდან ნისლიან ქუჩას აკვირდება და ფინჯან ჩაის სულმოუთქმელად ხვრეპს.
"ამჯერად ხელისუფლება დათმობაზე მიდის, ოპოზიცია კი უკან დახევას არ აპირებს" - ღრიალებს რადიომიმღები.
მამას ეღიმება, თითქოს მოცარტის მეორმოცე სიმფონიას უსმენს და ესთეტიკური ორგაზმის ტყვეა.
მაგიდაზე წინა დღის შავი პური და რამდენიმე ნაჭერი ყველი დევს.
- არ გშია? - მეკითხება ახალგაღვიძებულს.
- არა, - ვპასუხობ გულგრილად და თბილ საბანში ბოლომდე ვიმალები.
საწოლის თავზე დედა შავ-თეთრი ფოტოდან მიღიმის.
დაორთქლილ ფანჯარასთან, სადღაც ახლოს, შეციებული მტრედი ღუღუნებს.
"სპეცრაზმი ისევ მობილიზებულია, მოსახლეობა კი პანიკაშია... მათი რაოდენობა თანდათან მატულობს".
მამა პურის ნატეხს ფშხვნის და მტრედებს აივნის ღია კარიდან მშვიდი იერით აპურებს.
"მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ნატო-ში შედის, დღევანდელი ვითარება სრულიად წარმოუდგენელია", - არ ცხრება რადიომიმღები.
- ნატოში არა, ნაწყლში შევალთ, – ამბობს მამა და თავისთვის ხითხითებს.
90-ანებში მხედრიონელი იყო მამა...
ზვიადი... კიტოვანი... იოსელიანი... ზვიადს რო უღალატეს... მიტინგი დახვრიტეს და ა.შ. ეს ამბები არასდროს მაინტერესებდა; რაც ვიცი, ისიც მამაჩემისგან. სიმთვრალეში ყოველთვის იხსენებს მაშინდელ ისტორიებს და პატრიოტიზმს თავისებური ჟესტებით გამოხატავს.
"სნაიპერის ნასროლ ტყვიას დღემდე ხერხემლით დავატარებ და ეგ იმიტომ, რომ ჩემი სამშობლო ასე ძალიან მიყვარს," - იტყვის და ხელებს განზე შლის, შუბლს ოდნავ შეკრავს და "საქართველო ლამაზოს" ბოლო ხმაზე ღნავის.
მამას სამხედრო ფორმა და ომისდროინდელი “ბათინკები” აცვია, ამინდის მიუხედავად, თავზე ყოველთვის ბერეტი ხურავს, ცხვირზე კი შავი "რეი-ბანები" დაუკოსებია.
გარეგნულად გარეწარის შთაბეჭდილებას ტოვებს, შინაგანად ორმაგად გარეწარია.

* * *
ერთ დღეს დამიძახა და მკითხა: "როგორ გგონია, ცოდვა ყოველთვის ბოროტებიდან გამომდინარეობს?" ჯერ კაიფში მეგონა, მაგრამ, სახეზე რომ დავაკვირდი, მივხვდი, სერიოზულად მეკითხებოდა.
- არ ვიცი-მეთქი.
გაბრაზდა. სირი ხარო, მითხრა. შენხელა რო ვიყავი, უამრავ რამეზე ვფიქრობდი, შენ და შენი თაობა კი სექსს და ნარკოტიკებს ვერ გაცდითო...
მერე დამშვიდდა...
იცოდა ხოლმე გაფრენები, ყველას და ყველაფერს აგინებდა, შემდეგ ხელისგულებს თავზე დაიწყობდა და მონოლოგის კითხვას იწყებდა:
"ღმერთი მარკეტინგულად შეფუთული წმინდა სახის პროდუქტია, რომლითაც იმართება მასა, რომლის ცნობიერება სავსეა ნალექით. დღეს სნობიზმით გაჟღენთილი საზოგადოება მზადაა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს გაუთვიცნობიერებელი პროდუქტის გადასარჩენად.
ერესი ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გონებრივი ერექცია განვიცადოთ, შევიყვაროთ ისეთი ღმერთი, როგორიც ბიბლიაშია, და არა ისეთი, სასულიერო პირები რომ ცდილობენ თავზე მოგვახვიონ და თვითონ გაბატონდნენ ჩვენზე, დღევანდელ ეპოქაში რელიგიამ უხეში ევოლუცია განიცადა, რის შედეგადაც მივიღეთ აგრესიული ორთოდოქსების ფრთა, რომლებმაც ჯვარი საბრძოლო იარაღად აქციეს, ყალბ პათეტიკაზე გაზრდილებს უჭირთ ამ წმინდა აქსიომასთან შეგუება, იგი უარყოფს ყოველგვარ სექტას და რეალურად გვიჩვენებს გზას მარადისობამდე...
რაც შეეხება ცოდვას, ის შეიძლება არა მარტო ბოროტებამ, არამედ სიკეთისა და ბოროტების ჭიდილმაც გამოიწვიოს".
მაგალითად წმინდა გიორგის ხატს ასახელებდა, რომელზეც ამბობდა, ამ ხატის დანიშნულება და ძალა ჩემთვის მიუწვდომელიაო.
რატომ-მეთქი, ვკითხე. გაეხარდა ჩემი დაინტერესება. მარტივად აგიხსნიო, დამაიმედა. ჯერ "გიყვარდეს მტერი შენიო" მითხრა, შემდეგ ხატზე მიმითითა, აქ მტერი კი არ უყვარს, სძულს და შუბით კლავსო, ამიტომ ეს ხატი და ქრისტეს სიტყვები ურთიერთგამომრიცხავიაო.
ვერაფერი ვუპასუხე.
მისი აზრებისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ბოლომდე იგივე პოზიციაზე დავრჩი...

* * *
თოთხმეტის ვიყავი, დედა რომ დავმარხეთ.
მამა ჯერ გალოთდა, მერე წამალზე შეჯდა. ეგ და რაფიკა დოზას დოზაზე ამატებდნენ, მთელი ქალაქის ძაღლობა ამათ დასდევდა.
უბანში მამას ყველა პატივს ცემდა, თითქოს მათ გვერდით ყოფილი მხედრიონელი კი არა, ცით მოვლენილი სასწაული იდგა, შეიძლება შიშის ამბავიც იყო, იმიტომ, რომ თუ გადაეკეტებოდა, ყველაფერი ეკიდა.
ერთხელ სამოქალაქო ომის დროს ბიჭებმა გაიჩხირეს. მერე ქაშუეთის ეკლესიასთან მღვდელი დაინახეს. აუშარდნენ, ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და შენ რა პონტში დადიხარო, მღვდელმა თოვლის ბაბუა კი არა, მამა ვარო, მამა ბასილი. ბიჭებმა მაგრად ჩასცინეს, შენ ბოროტი თოვლის ბაბუა ხარ და შავი წვერიც ამიტომ გაქვსო. მამაოს პირჯვრის გადაწერის შემდეგ მუხლებზე დამდგარს დაუწყია ლოცვა, მამამ კი საჩუქრების ხურჯინი ითხოვა და მღვდელს თავი გადაპარსა.
კაიფიდან გამოსულებს გზად მომიტინგეები გადააწყდნენ, ჩვეულებრივი მოსახლეობა, უმეტესად მოხუცები და ბავშვები. "ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი!" - გაჰყვიროდნენ ერთხმად. მამას ჯერ გინება დაუწყია, შემდეგ ეროვნული დროშებით აღჭურვილებისთვის ავტომატის ჯერი გადაუტარებია და მანქანით ათესილა.

* * *
სავარძელში ზის მამა...
სიგარეტს ღერი ღერზე ეწევა, ღრმა ფიქრებშია წასული.
ერთი საათის წინ გაიგო რაფიკას ამბავი. არავინ არაფერს ამბობს, ყველამ იცის, რომ გაიპარა.
დაბოღმილია მამა.
პირდაპირ კედელზე წმინდა გიორგის ხატს უყურებს, ესეც ომისდროინდელია, საკმაოდ ძვირფასი და ოქროსფრად მოჩუქურთმებული.
- ეჰ, რაფიკ, შე ბოზო, – ოხრავს მამა. მზერა ჩემკენ გადმოაქვს,
ერთხანს დაჟინებით მაშტერდება, მერე ისევ ახალ ღერს უკიდებს და ნამწვებით
სავსე საფერფლეს ადგილს უნაცვლებს.
- ისე, რას შვები, ახალი რა არის? - მეკითხება.
მხრებს ვიჩეჩავ. ვგულისხმობ, რომ ახალი არაფერია, ყველაფერი ძველებურადაა. ვატყობ, უხმო ჟესტი არ აკმაყოფილებს.
- სკოლაში რა ხდება?
- არაფერი.
- როგორ “არაფერი”, ტყუილად დადიხარ?
- უფრო სწორად, ყველაფერი ძველებურად მიდის, – ვცდილობ, არ გავაღიზიანო.
- ძველებურად რო მიდის, იმიტო გენძრევათ, ელასტიკიანი ბიჭების თაობა, ბალერონები ბლიად!
მგონი ნასვამია.
- თქვენი სკოლები ინკუბატორებია, ზომბებად გზრდიან, და, ჩვენი არ იყოს, თქვენც ვერაფერს ხვდებით.
- რას უნდა მივხვდეთ?
- სკოლებში არარსებულ პატრიოტიზმს და არარსებულ სიყვარულს ქადაგებენ, ჩემი თაობა დააყლევეს, ერთ იდეოლოგიაზე გაზარდეს, წითელი ყელსახვევებით დანომრეს... ერთ დღეს კი ყველაფერს თვითონ მივხვდით და ის ყელსახვევები სირზე შემოვიხვიეთ, აი ყოველივე ამან მიგვიყვანა სამოქალაქო ომამდე, ბოროტებამდე და დედისტყვნამდე...
- ჩვენ რა შუაში ვართ?
- თქვენც იგივე გელით, გაიზრდებით და უფრო ნათლად დაინახავთ ყველაფერს.
მისი რჩევა-დარიგებები ხშირად ბოდვაში გადადიოდა... ამჯერად ხატთან გააგრძელა საუბარი და გავიგონე, როგორ შეიგინა.
ქურთუკი ჩავიცვი და კარი გავიხურე.
ქალაქი შიშველი იყო, გრილოდა...

* * *

საღამოს მეზობლებმა მამაჩემის გვამი ხატის წინ იპოვეს. შუბი თვალში ქონდა გარჭობილი. გამომძიებელმა ორჯერ დამკითხა. ყველაფერს გულახდილად ვპასუხობდი. არც ის დამიმალავს, რომ მამაჩემის სიკვდილს დიდად არ განვიცდიდი.
"შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ვერავითარი სამხილი ვერ აღმოაჩინა, საქმე პარანორმალურ მოვლენასთან უნდა გვქონდეს, რის საფუძველსაც გარდაცვლილის ოთახში არსებული წმ. გიორგის ხატი იძლევა, საიდანაც ნახევარი სიუჟეტი გაქრა. ნახატზე მხოლოდ გველეშაპი ჩანს..."

* * *
ღამით, როცა ქალაქს ეძინა, ფანჯრიდან დავინახე, მხედარი როგორ მიაჩაკჩაკებდა თავის თეთრ ცხენს ცარიელ ქუჩაში...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

კოტე ჭრელაშვილი - წოვა-თუშური ენა


"თვის ენის გადამრჩენელი"


თამარ სუხიშვილი


კოტე ჭრელაშვილი. წოვა-თუშური ენა. რედაქტორი თამაზ გამყრელიძე. თბ. "თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა", 2002.


თავისი დაბადების 100 წლის თავზე აკაკი შანიძე კორესპონდენტის შეკითხვაზე – რას ინატრებდითო, გულნაკლულად იმასაც აღნიშნავს, რომ "წოვათუშური ენის ტექსტები მრჩება გამოუქვეყნებელი"-ო.
მხცოვანი მეცნიერის ეს დაჩივლება თავისთავად ადასტურებს წოვათუშური ენის ტექსტების პუბლიკაციის მნიშვნელობას და აუცილებლობას ჩვენი ისტორიული და ფილოლოგიური მეცნიერებისათვის.
თუშეთის მოსახლეობა ენობრივად განსხვავებულ ორ ჯგუფად იყოფა: ჩაღმათუშებად და წოვათუშებად. ჩაღმათუშები მეტყველებენ ქართული ენის თუშურ დიალექტზე, წოვათუშები ორენოვანნი არიან, მათი საშინაო სალაპარაკო ენა წოვათუშურია, სხვაგვარად – ბაცბური, რომელიც გენეტურად მთის კავკასიურ ენათა ნახურ ჯგუფში ერთიანდება; გარეთ წოვათუშები ქართულად მეტყველებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მთის კავკასიური ენებიდან პირველი მეცნიერული გრამატიკა წოვათუშურის შესახებ დაიწერა - 1854 წელს "მოკლე დახასიათება თუშური ენისა" და 1856 წელს "ცდა თუშური ენის შესახებ ანუ ქისტური ენის შესახებ თუშეთში" (ორივე ნაშრომის ავტორია ორიენტალისტი ანტონ შიფნერი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი – წარმოშობით გერმანელი). მიუხედავად იმისა, რომ ამ პატარა უმწერლობო ენას მკვლევართა ყურადღება არც ამის მერე მოჰკლებია, ბევრი რამ კვლავაც შესასწავლია და მოსაწესრიგებელი, ისე როგორც ნებისმიერ ენაში, განსაკუთრებით – უმწერლობოში. ასეთია თუნდაც ტერმინთა (თუში, წოვა, ბაცბი...) ეტიმოლოგიისა და მათი ისტორიული და დღევანდელი შინაარსის საკითხი.
თუშეთის შესახებ ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევის - "თუშეთი" ავტორი სერგი მაკალათია 1933 წელს წერდა: "თუშეთის ისტორია ჯერ კიდევ გამოურკვეველია და ბურუსითაა მოცული." მას შემდეგ ბევრი რამ გაირკვა, მაგრამ არა – ყველაფერი.
უმწერლობო ენის შესახებ ნებისმიერი სამეცნიერო შრომა არა მარტო სპეციალისტების, არამედ ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე. პროფესორ კოტე ჭრელაშვილის მონოგრაფია "წოვა-თუშური ენა" ქართველური და კავკასიური ენათმეცნიერებისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია.
კოტე ჭრელაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, მისი ძირითადი ნაშრომებია: "ნახური ენების თანხმოვანთა სისტემა" (1975 წ.), "წოვა-თუშური და ქართული ენის ლექსიკისა და მორფოლოგიის ზოგიერთი საკითხი" (1979 წ.), "ლინგვისტურ მოძღვრებათა ისტორია" (1990 წ. I გამოცემა, 2001 წ. II გამოცემა) და სხვა.
წიგნის სტრუქტურა ასეთია: კვლევით ნაწილს წინ უძღვის ვრცელი წინასიტყვაობა, სადაც საუბარია წოვათუშების განსახლებაზე, წოვათუშური ენის შესწავლის ისტორიაზე, საკმაოდ ვრცლად არის მიმოხილული ამ ენის პირველშემსწავლელთა და შემდეგი თაობის მკვლევართა (ა. შიფნერი, მ. ბროსე, ი. ცისკარიშვილი, ნ. მარი, ა. შანიძე, ი. დეშერიევი, რ. გაგუა, თ. უთურგაიძე და სხვ.) თვალსაზრისები წოვათუშებისა და წოვათუშური ენის შესახებ, წარმოდგენილია ინფორმაცია ამ მკვლევართა შესახებ და სათანადოდ არის დაფასებული მათი ღვაწლი. მთის კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორიის თვალსაზრისით საყურადღებოა მღვდელ იობ ცისკარიშვილის სამი წერილი მარი ბროსესადმი. ეს წერილები წინასიტყვაობის ბოლოსაა განთავსებული. აი, მცირე ამონარიდი ერთ-ერთი წერილიდან:
"თქვენო აღმატებულებავ, ამა წლის 20 აპრილს გამოგიგზავნეთ გრამატიკის მეოთხე თავი, წერილითვე, ჩემი ძმის ხელით, მაგრამ დღემდის იმასვე ჰქონია. ვერ შეძლო მიეტანა კანცელარიაში. მე კი მეგონა, რომ მეოთხე ნაწილი გრამატიკისა წერილთან ერთად თქვენ მიღებული გექნებოდათ და ველოდებოდი თქვენგან ზაფხულში პასუხს..." (მარი ბროსეს დავალებით და კონსულტაციებით იობ ცისკარიშვილიმა შეადგინა მოკლე წოვათუშური ენის გრამატიკა – ხელნაწერი ინახება პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. ჩვენგან უდროოდ წასულმა მკვლევარმა ი. ჯოლბორდმა შეისწავლა ეს გრამატიკა და კვლევის შედეგები 1978 წ. გამოაქვეყნა კრებულში "ზოგადი და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საკითხები").
წინასიტყვაობის ტექსტში ჩართულია რამდენიმე უნიკალური ფოტოსურათიც.
ნაშრომის კვლევითი ნაწილი ფონეტიკური მიმოხილვით, კერძოდ, წოვათუშური ენის თანხმოვანთა პარადიგმატული სისტემის აღწერით იწყება. თანხმოვანთა ფიზიოლოგიურ-აკუსტიკურ დახასიათებასთან ერთად, გარკვეულია მათი ფონოლოგიური სტატუსიც. წოვათუშურში, ისევე როგორც ქართულში, ხშულთა სამეულებრივი სისტემები გვაქვს, ოღონდ დენტალური და პოსტველარული სამეულების ყრუ წევრებს ინტენსიური კორელატებიც მოეპოვებათ. ქართულისგან განსხვავებით, აქ სპირანტთა სამეულებრივი სისტემაც დასტურდება. წოვათუშური ენის ბგერათა ფონოლოგიური სტატუსის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს ნახურ-დაღესტნურ ენათა წინარე ენის ფონოლოგიური სისტემის რეკონსტრუქციისათვის.
მორფოლოგია მეტყველების ნაწილთა განხილვით იწყება. აქაც, ახალი ქართულის მსგავსად, 10 მეტყველების ნაწილი გამოიყოფა. დაწვრილებითი ანალიზია წარმოდგენილი სახელთა რიცხვის, ბრუნებისა და გრამატიკული კლასების შესახებ მაგ.: მკვლევარი სინქრონულ ჭრილში განიხილავს არსებითი სახელის მრავლობითობის კატეგორიას და უჩვენებს, რომ აფიქსთა სიმრავლე ამ კატეგორიის გამოხატვისას აშკარად მეორეულია და გარკვეულ ფონეტიკურ ცვლილებათა შედეგია. ასევე: წოვათუშურის ბრუნვათა სისტემაში განსხვავებული რაოდენობის ბრუნვები გამოიყოფოდა (22-მდე), მკვლევარმა 10 მარტივი ბრუნვა გამოყო. ასეა განხილული სხვა მეტყველების ნაწილებიც. კავკასიურ ენებში (ისევე როგორც ქართველურში) განსაკუთრებით რთულია ზმნის კატეგორია. ნაშრომის ავტორმა ჩამოაყალიბა წოვათუშური ენის ზმნის უღვლილების მწყობრი სისტემა. სინქრონულ ჭრილში დააფიქსირა განვითარების დინამიკა – გამოყო უღლების არქაული და ინოვაციური ფენები.
ნაშრომში ნაჩვენებია წოვათუშურის ერთპირიანი (მონოპერსონალური) ზმნების მრავალპირიანად (პოლიპერსონალურად) ქცევის ტენდენცია, რაც ფასეული დაკვირვებაა კავკასიურ ენათა ზმნის ბუნების შესწავლისათვის. ტრადიციული გაგებისგან განსხვავებით, ახლებურადაა დანახული ზოგიერთი ზმნური კატეგორია (კაუზატივი, ასპექტი...)
წოვათუშურის ამ მთლიან მიმოხილვას მოსდევს მეცნიერის სტატიები წოვათუშური ენის ცალკეული გრამატიკული კატეგორიებისა და ამ კატეგორიათა მიმართების შესახებ ქართველური ენებისა (ტიპოლოგიური თვალსაზრისით) და ნახური ენების (გენეტური თვალსაზრისით) სათანადო კატეგორიებთან, კონკრეტული მასალიდან ამოსვლით განხილულია ენობრივი კონტაქტებისა და ინტერფერენციის საკითხები.
თემატიკის თვალსაზრისით გამოცალკევებით დგას სტატია, რომელიც მხატვრული ტექსტის ლინგვისტური ანალიზის პრინციპებს განიხილავს. სტატიაში განხილულია პრინციპული საკითხი, როგორი ანალიზი უნდა მიეცეს მხატვრული ტექსტის უჩვეულო მოვლენებს, რომლებმაც სალიტერატურო ენის ნორმების ფარგლებში ვერ თავსდება, ლინგვისტური თვალსაზრისით; მაგ.: დ. გურამიშვილის "ვითა დავღამდი, ისე გავსთენდი" – სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით დავღამდი, გავსთენდი არასწორი ფორმებია, რადგან ეს ზმნები პირნაკლი ზმნებია; ანდა: გალაკტიონის "მგლოვიარე ბინდებით, იბურება ყვარელი", ნორმის თვალსაზრისით – ბინდები – დარღვევაა, რადგან ამ არსებით სახელს მრავლობითი არა აქვს. მკვლევარი მხატვრული ენის მოვლენების ლინგვისტური ანალიზის დროს ენის სისტემურობის ცნებას ემყარება და ენაში გამოყოფს ორ სისტემას – ბაზისურსა და კონკრეტულს. ენის ბაზისური სისტემა აბსტრაქციაა და თეორიულად ყველა შესაძლებელ ვარიანტს მოიცავს, ის სიმეტრიულია, კონკრეტული სისტემა კი გარკვეულ დროში მოქმედებს და ასიმეტრიულია, ის ბაზისურ სისტემას ეფუძნება. დავღამდი, გავსთენდი, ბინდები ბაზისური სისტემით დასაშვები ფორმებია, რომელთაც ამ სისტემიდან შემოქმედის მხატვრული ალღო გამოიხმობს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხატვრული მოვლენის ლინგვისტური ინტერპრეტაციისათვის სხვა საშუალებებიც არსებობს.
დაბოლოს, ნაშრომს ერთვის წოვა თუშური ენის ტექსტები – პროზაულიც და პოეტურიც – სათანადო ქართული თარგმანებით და ამ ტექსტების ლექსიკონით. ტექსტების ნაწილი მწერალსა და ფოლკლორისტს ივანე ბუქურაულს (1869-1943) ეკუთვნის. სამწუხაროა, რომ ეს ტექსტები ცოტაა.
ერთ-ერთ წოვათუშურ ლექსში, რომლის ავტორი დავით არინდაულია, გამოთქმულია წუხილი საკუთარი ენის ბედზე, წოვათუშურის გულშემატკივარი კაცი თავისი კუთხის ხალხში "თვის ენის გადამრჩენელს" ეძებს:
"ნეტავი კაცი მაჩვენა
ამ ჩემი გულის გამგები.
რომ არ დავკარგოთ ეს ენა,
ჩემსავით გული სტკიოდეს.
ვინა ხართ ყურის დამგდები."
ვფიქრობთ, რომ ასეთი "ყურის დამგდები" და "გადამრჩენელი" მონოგრაფიაში ჩამოთვლილი წოვათუშურის მკვლევარები და თავად "წოვა-თუშური ენის" ავტორიცაა.


© “წიგნები – 24 საათი”

ლევან თითმერია ქუჩაში გამოდის და ყველას "პარნასში" ეპატიჟება

ნანა კობაიძე

გამომცემელს, რომელსაც დღეს შეგახვედრებთ, ბოლო დროს მასმედიის ყურადღება ნამდვილად არ აკლია. მიზეზი - ერთი თვის წინათ გახსნილი მაღაზია "პარნასია," რომელიც უკვე თბილისელ ბიბლიოფილთა საყვარელ ადგილად იქცა. "ლევანმა ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი გამოცემლობა, ახლა კი პირველია, ვინც კერძო წიგნის მაღაზია გახსნა" - გვითხრა "პარნასის" პრეზენტაციაზე ზურაბ კიკნაძემ.
კომუნისტების შემდეგ თბილისის წიგნის მაღაზიებში რიგი აღარ ყოფილა. უამრავ მიზეზთა შორის ერთ-ერთი და ალბათ, უმთავრესი ისიც იყო, რომ ისინი ფიზიკურად აღარ არსებობდა. ზოგი - დაიხურა, ზოგი - გაიყიდა, რაც გადარჩა, წიგნები ერთ დახლზე მიკუჭეს და გულითაც რომ გდომოდა, სასურველ გამოცემას ვერ მოძებნიდი. თუმცა, ლევან თითმერია მიიჩნევს, რომ იმ რთულ პერიოდში წიგნის გადარჩენა გარკვეულწილად ამ ადამიანთა დამსახურებაცაა. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, მოვედით იმ დღემდე, როცა თბილისში წიგნის მაღაზია გაჩნდა და ევროსაბჭოს ექსპერტების მოხსენებაში პუნქტი, რომელიც გვამცნობს, რომ საქართველოში არ არსებობს თანამედროვე სატანდარტების არცერთი წიგნის მაღაზია - გარკვეულწილად გაბათილდა. გარკვეულწილად, რადგან ჭეშმარიტად თანამედროვე სტანდარტებამდე ჯერ ბევრი გვიკლია და ამას კარგად ხვდება ჩვენი დღევანდელი სტუმარიც.
ლევან თითმერიასთვის საგამომცემლი საქმიანობა დღესდღეობით წარმატებულია, თუმცა, აქამდე მოსასვლელად უამრავი სირთულის გადალახვა მოუხდა. გამომცემლობა "საარი," რომელსაც იგი დღეს ხელმძღვანელობს, ისევე, როგორც მთლიანად საგამომცემლო საქმიანობა, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. თუმცა, 1996 წელთან შედარებით, როდსაც სულ პირველად მოჰკიდა ხელი ამ საქმეს, წინსვლა საგრძნობია. "იმ პერიოდში ყოველგვარი საქმიანობის წამოწყება ძალზე სარისკო იყო. არ იშოვებოდა მასალა, არ ასებობდა საკანონმდებლი ბაზა, ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა" - იხსენებს ლევან თითმერია.
ლევანმა სტამბა თავდაპირველად პოლიგრაფიული მიზნებისთვის გახსნა. "ჩემი ოჯახიდან და სამეგობრო წრიდან გამომდინარე, საგამომცემლო საქმიანობა თავიდანვე "იდო" გეგმაში, თუმცა ამ კუთხით მუშაობის საშუალება წარმატებულმა პოლიგრაფიულმა საქმიანობამ მომცა" - თქვა მან. პირველად მეგობრის, გაგა ნახუცრიშვილის ლექსების კრებული გამოსცა. "მახსოვს, როგორ გამიკვირდა, ეს წიგნი რომ დავინახე - მანამდე მეგონა, წიგნი თავისით გამოდიოდა" - იხსენებს ლევანი. დღევანდელი გადასახედიდან კრებული პოლიგრაფიულად არაფრად ვარგა, მაგრამ ლევანს იგი ძალიან უყვარს, რადგან პირველია. წიგნი მეგობრებში გავრცელდა - გაყიდვა არც უფიქრიათ, რადგან იმ დროს წიგნები არ გამოდიოდა და შესაბამისად - არც იყიდებოდა. ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა დგება კალაპოტში, თუმცა დღესაც ძალზე ბევრი ხელისშემშლელი მიზეზია. ლევან თითმერიას ძალზე აწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენს რეალობაში ყველაფერი თბილისით შემოიფარგლება - დანარჩენი საქართველო თითქოს არ არსებობს. კი ბატონო, თბილისში გაიხსნა წიგნის მაღაზია და ეს ძალიან კარგია, მაგრამ სხვაგან? საბედნიეროდ, ბოლო დროს ამ საკითხით რეგიონებშიც ინტერესდებიან. ლევან თითმერიას რამდენიმე ადამიანმა მიაკთხა - მათ შორის საგარეჯოსა და ოზურგეთის გამგებლებმა, რომელთაც ამ რაიონებში წიგნის მაღაზიის გახსნის სურვილი გამოთქვეს. თავად ის ფაქტი, რომ წიგნზე მოთხოვნილება გაჩნდა, უკვე ბევრს ნიშნავს. ლევანმა ასეთი ფაქტი გაიხსენა: ცოტა ხნის წინათ "პარნასში" ახალგაზრდა კაცი მისულა, რომელსაც მეგობრისთვის საჩუქრად წიგნის ყიდვა უნდოდა. როგორც ჩანს, თავად ლიტერატურაში ვერ ერკვეოდა და მაღაზიის კონსულტანტებს სთხოვა დახმარება. ეს ყველაფერი რეკორდით დასრულდა - ამ ახალგაზრდამ 400 ლარის წიგნები შეიძინა. სხვათა შორის, არა ძვირფასი ალბომები, არამედ მხატვრული ლიტერატურა - თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებები. სხვათა შორის, თანამედროვე ქართველ მწერლებზე დღეს დიდი მოთხოვნილებაა. ლევან თითმერიას აზრით, ეს ძალიან კარგია, რადგან თავად ავტორებსაც აძლევს წერის სტიმულს, თუმცა, არის ერთი ფაქტორი, რაც მას ცოტა არ იყოს, აშინებს - ამ ფონზე არ დაიჩრდილონ კლასიკოსები.
ბოლო დროს ზოგიერთი ქართველი გამომცემელი ინტერესდება "ძველი" ავტორების ხელახალი გამოცემით, მაგრამ საქმეს მხოლოდ ეს არ უშველის. "დღეს მაღაზიებში ვერ ნახავთ ვაჟას, ილიას, აკაკის. სამარცხვინოა, მაგრამ კომუნისტების შემდეგ "ვეფხისტყაოსანი" აღარ გამოცემულა. გია დარსალიამ ("პარნასის" მეორე მეპატრონემ - ნ.კ.) "ვეფხიტყაოსანი" სახლიდან მოიტანა და ვიტრინაზე დადო - ასე მაინც იდოს, ვინმემ რომ იკითხოსო" - გვითხრა გამომცემელმა. მისი თქმით, "საარი" სერიოზულად აპირებს ხელი მოჰკიდოს ამ სფეროს. სულ მალე გამოვა ანა კალანდაძის ლექსების კრებული, სხვათა შორის, საკმაოდ ორიგინალური ფორმით - ლექსები თავად ავტორის კალიგრაფიით დაიბეჭდება. გამოვა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, უკვე გამოიცა გურამ რჩეულიშვილის ხუთტომეულის ორი ტომი.
"საარი" სერიოზულ მუშაობას აპირებს თარგმანის მიმართულებითაც. ეს არის სფერო, რომელსაც დღეს ნაკლები ყურადღება ექცევა. "ხშირად საუბრობენ, რა საჭიროა თარგმნა, როცა შეიძლება ესა თუ ის ნაწარმოები რუსულად წაიკითხო. ჩემი აზრით, რუსულად მხოლოდ რუსი ავტორების კითხვაა კარგი, დანარჩენი - უნდა ითარგმნოს" - ამბობს გამომცემელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც "საარი" განახორციელებს, ქართველი მწერლების საზღვარგარეთ პოპულარიზაციაა. არის თუ არა დაინტერესება იმათგან? ჯერჯერობით - არა და არც იქნება, თუ არ გავაცანით. რამდენიმე ხნის წინათ ქართველი გამომცემლები რუსეთის ელჩს შეხვდნენ და ამ საკითხზეც ისაუბრეს. სამომავლოდ დაგეგმილია გამომცემლებს შორის ურთიერთობის გაღრმავება - რუსი გამომცემლების ჩამოყვანა, ერთობლივი სემინარების გამართვა და ა.შ. ერთი სიტყვით, დროა, ჩვენი ნაჭუჭიდან გამოვძვრეთ და სხვებსაც დავანახოთ - ვინ ვართ და რა შეგვიძლია. ჯერჯერობით ქართველმა გამომცემლებმა გვიჩვენეს, რომ მათ უკეთ შეუძლიათ თანამედროვე სტანდარტებით წიგნის გამოცემა - ზოგს მეტად, ზოგს - ნაკლებად. სამომავლოდ საგამომცემლო საქმე კიდევ უფრო დაიხვეწება, თუმცა, ლევან თითმერიას აზრით, წიგნის გამოცემა მხოლოდ საქმის ნახევარია. ასევე მნიშვნელოვანია მისი მკითხველამდე მიტანა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, დღესდღეობით ასეთი ადგილი "პარნასია." "ჩვეულებრივ პრეზენტაციებზე მხოლოდ ავტორისა და გამომცემლის ნაცნობ-მეგობრები იკრიბებიან, ჩვენ კი ქუჩაში გამოვდივართ და ყველას ვეპატიჟებით" - თქვა მან. ეს რამდენიმე კვირის წინათ გამომცემლობა "დიოგენესთან" ერთად გამართულმა "ავტოგრაფის" აქციამაც დაადასტურა. ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანების კრებულის - "აღმოსავლურ-დასავლური დივანის" შესაძენად და ავტორის ავტოგრაფზე მონადირე მკითხველ-მყიდველთა რიგი მაღაზიის ტერიტორიას საკაოდ სცდებოდა. მის მოსაწესრიგებლად დაცვის სამსახურის გამოყენებაც კი გახდა საჭირო. ამხელა რიგში კომუნისტების დროსაც არ ვმდგარვართო - ხუმრობდა ხალხი. სამაგიეროდ, რა ბედნიერი იყო ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელიც ამდენ თაყვანისმცემელს, განსაკუთრებით, ახალგაზდრებს, არ ელოდა! როგორც ჩანს, ხალხს მოენატრა ლიტერატურა, პოეზია და ასეთი აქციებიო - ამბობდა ავტოგრაფების დარიგებით დაქანცული ავტორი და მხოლოდ იმაზე დარდობდა, ფართის სიმცირის გამო თავის თაყვანისმცემლებს ლიტერატურაზე რომ ვერ ესაუბრა.
ამ აქციით ლევან თითმერია ძალზე კმაყოფილია და სამომავლოდ მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებას აპირებს. ცოტა ხანში "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან" ერთად აკა მორჩილაძის ახალი რომანის "ძორს სიმინდის რესპუბლიკა" - პრეზენტაციას აპირებენ, შემდეგ კი რატი ამაღლობელს შეხვდებიან. "სულ ვამბობდი და კიდევ ვიმეორებ, ეს მაღაზია არ არის მხოლოდ ჩემი, მისი კარი ღიაა ყველა გამომცემლისთვის, ვისაც სურს საკუთარი პროდუქცია მკითხველამდე მიიტანოს" - ამბობს იგი და თანამშრომლობის მსურველებს "პარნასში" ეპატიჟება. გამომცემელს აქციების კიდევ ერთი - ძალზე მნიშვნელოვანი "სერია" აქვს გეგმაში - საბავშვო აქციები, რომელთა "პრეზენტაცია" ორიოდე კვირის წინათ უკვე გაიმართა. ერთ-ერთი გერმანული სკოლის, "ანი-ცეტის" მოსწავლეებმა მაღაზიის წინ, ღია ცის ქვეშ წარმოადგინეს გერმანული ზღაპარი "დუდელდაი და თოვლის პაპა," მაღაზიაში კი მსურველებს ამ წიგნის შეძენა შეეძლოთ. ლევან თითმერია ამ აქციით ძალზე კმაყოფილია, თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ ხარვეზებს. თუმცა, ტექნიკური ხარვეზები ვერ შეედრება იმ ბედნიერებას, რაც იმ დღეს ბავშვებმა წიგნებთან უშუალო კონტაქტით განიცადეს. სკოლის დირექტორის თქმით, ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელიც წიგნს სათოფეზე არ ეკარებოდა, იმ დღის შემდეგ კითხვა დაიწყო. დამეთანხმებით, ეს აქცია თუნდაც ამად ღირდა.
და ბოლოს, საკითხი, რომელიც, არ ვიცი, ჩვენდა სასიხარულოდ თუ სამწუხაროდ, ბოლო დროს მომრავლებული წიგნების პრეზენტაციებმა "ააგორა." გახსოვთ, ალბათ, ის პერიოდი, რელიგიურობა რომ შემოვიდა მოდაში - სწამდათ თუ არა, უნდოდათ თუ არა, ყველა ეკლესიას მიაწყდა. დღეს ასეთივე ბუმია წიგნის სფეროში - წიგნის ყიდვა, განსაკუთრებით, "პარნასში," მოდურად იქცა. ძალიან მინდა დავიჯერო, მაგრამ მეეჭვება, რომ ყველა, ვინც წიგნს ყიდულობს, მათი მკითხველია. მავანი იტყვის - დალოცვილო, არ ვყიდულობდით და გვიკიჟინებდით, რატომ არ ყიდულობთო; ვყიდულობთ და ახლა იმას ამბობთ - ნეტავ, რისთვის ყიდულობთო. არის ამ სიტყვებში ლოგიკა. ალბათ, მაინც, სჯობს, იყიდონ, თავად თუ არა, მათი შვილები, მეგობრები, მეზობლები წაიკითხავენ და ჩვენ ვიქნებით ბევრნი, ძალიან ბევრნი, ხალხი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან გვიყვარს.

© “წიგნები – 24 საათი”

Wednesday, May 20, 2009

ზაზა შათირიშვილი – პოეტი და პოეზია ევროპულ კულტურაში


ანტიკური კულტურის არქაულ პერიოდში პოეზია ხსოვნის, მოხსენიების, დამახსოვრებისა და მეხსიერების აქტუალურ ფორმას წარმოდგენს. სწორედ ასე უნდა გავიგოთ ჰომეროსის პოეზიის “ორალური ხასიათი” - ერთი მხრივ, იმახსოვრებენ თვითონ პოეტურ ნაწარმოებს, ხოლო მეორე მხრივ, პოეზიისა და პოეტური ნაწარმოების მეშვეობით ახსოვთ გმირის უკვდავი სახელი და დიდება. მაშასადამე, სახელი და დიდება ევროპული პოეზიის სათავეებიდანვე განსაზღვრავს პოეტური ენის (ენების) მთელ შემდგომ ისტორიასა და ტრადიციას (ტრადიციებს).
ილიადას ერთ-ერთი მთავარი თემა - ესაა kleos apthiton - უჭკნობი, უკვდავი სახელი (დიდება), რომლისთვისაც იბრძვის აქილევსი. აქილევსი რამდენჯერმე მიუთითებს, რომ მისი მიზანი უკვდავი სახელის მოპოვებაა, რომლის გარანტია სწორედ “ეს პოემა” იქნება, რომ სწორედ ილიადას მეშვეობით დაიმახსოვრებენ მის სახელს. ჰომეროსის ამ პოემის თემა მოკლედ ასე შიძლება გადმოიცეს: “სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა” (რუსთაველი).
ჰომეროსის პოემას (პოემებს), ფაქტობრივად, რიტუალური დანიშნულება აქვს. რიტუალური ინიციაცაციის გავლის შემდეგ მცირეაზიელი მეფე სარპედონი (ზევსის შვილი), ტროას ომში იღებს მონაწილეობას. გმირული სიკვდილის შემდეგ ნიმფებს მისი სხეული მშობლიურ ქალაქში გადააქვთ, სადაც ის “ღმერთი ხდება”, რის შემდეგაც აწესებენ მის კულტს (როგორც გვიჩვენებს ამას ამერიკელი კლასიკოსი ფილოლოგი გრეგორი ნადი თავის ერთ გამოკვლევაში).
აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტროას ომი რიტუალური ინიციაციაა, ხოლო გმირული სიკვდილი - ღმერთად გახდომის პირობა (რიტუალური ინიციაციის გავლა ხომ სიმბოლურად სიკვდილსა და ახალ დაბადებას - უკვდავებას, “განღმრთობას” ნიშნავს). ამ აზრით, ილიადა ყველაფერთან ერთად გმირის უკვდავების გარანტია და მისი უკვდავი სახელის “მოსახსენიებელია”, როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა, “ხსოვნის მანქანაა”.
უკვე პლატონს სრულიად აღარ ესმის ილიადას ეს სიღრმისეული დანიშნულება. მისი აზრით, ჰომეროსმა ღმერთებზე ბევრი უმართებულო რამ თქვა და უფრო მეტიც - ჰომეროსი (და, საზოგადოდ, პოეტი) “ჩრდილების შემოქმედია” - ის ჭეშმარიტ რეალობას კი არ გვიჩვენებს, არამედ - ოდენ ბაძავს მას - “მეორე რეალობას” - და “ჩრდილის ჩრდილსა” და “ანარეკლის ანარეკლს” ქმნის. სწორედ ესაა, ე.წ. პლატონური “მიმესისის” მნიშვნელობა.
აქ ჩვენ ჭეშმარიტი რეალობის პლატონისეულ მნიშვნელობაზე არ შევჩერდებით. შევნიშნავთ, რომ ამ რეალობას ჭვრეტენ ღმერთები და ადამიანის უკვდავი სული (განხორცილებამდე და სიკვდილის შემდეგ). ხოლო ფილოსოფოსის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილისთვის მზადება - მზადება იმისათვის, რომ სიკვდილის შემდეგ უჭვრიტოს ჭეშმარიტ რეალობას - იმას, რაც თავისთავად არსებობს - ღმერთს. ამ აზრით, ფილოსოფიას პლატონი რიტუალურ ფუნქციას აკისრებს - სიკვდილის გზით “განღმრთობა” ფილოსოფოსის მოვალეობაა. სწორედ ამიტომ, ჰომეროსიცა და პოეზიაც, საზოგადოდ, “მიმესისია” - “ჭეშმარიტი რეალობის (ყოფნის) ანარეკლია”. პოეზია წინასწარმეტყველების მსგავსი მოვლენაა, პოეტის შთაგონება წინასწამეტყველის - მისანის (პითიას) “მანიას” - უგონობას ჰგავს, მაგრამ პოეზიაა არაა სიკვდილისთვის მზადება და თავად ჭეშმარიტი რეალობის ჭვრეტა.
ვერგილიუსისთვისაც უცნობია ჰომეროსის პოემის დანიშნულება - მისი რიტუალური ხასიათი. ენეასი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის რომის დამფუძნებელია. ამდენად, “მარადიული რომი” და რომის უკვდავი სახელია ვერგილიუსის პოემის მთავარი თემაცა და გმირიც. ავგუსტუსის ხანის პოეტებისათვის, პოეტი წინასწარმეტყველია (vates). სწორედ ამგვარად ესმით პოეტის დანიშნულება ჰორაციუსსა და ოვიდიუსს.
დაბოლოს, დანტე კომედიაში აგრძელებს ამ ტრადიციას - ის თავის თავს წარმოგვიდგენს როგორც პოეტსა და წინასწარმეტყველს, ოღონდ დანტესთან რომაულ vates-ს ბიბლიური წინასწარმეტყველის ფიგურა ანაცვლებს.
ამ მცირე ექსკურსის შემდეგ დავსვათ ამგვარი კითხვა: ვისთვის იწერება ლექსი XIX-XX საუკუნეებში? განსხვავებით წინა ისტორიული პერიოდებისაგან, პოეზია იწერება და იქმნება “წარმოსახვითი მკითხველისათვის”, ვისაც გენიალური ოსიპ მანდელშტამი “შორეულ თანამოსაუბრეს” (“дальний собеседник”) უწოდებდა.
აქ უნდა გამოვიყენო თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსის ალენ ბადიუს კონცეპტი - “პოეტთა საუკუნე” (l' âge des poètes). ბადიუ გულისხმობს პოეზიისა და ფილოსოფიის განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც, მისი აზრით, 1860-1960 წწ.-ებში არსებობდა - არტურ რემბოდან პაულ ცელანამდე. ცხადია, ბადიუ არ საუბრობს “პოეტი-წინასწარმეტყველის” ხატზე, არამედ იმ განსაკუთრებულ “მეტაფიზიკურ სტატუსს” მონიშნავს, რომელიც პოეზიამ (და, გარკვეულწილად, საზოგადოდ, ლიტერატურამაც) XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიძინა.
ბადიუსაგან განსხვავებით, მე მიმაჩნია, რომ პოეზიამ (და ლიტერატურამ, განსაკუთრებით - რომანმა) “ექსისტენციალური” მეგზურის “კომპენსატორული” როლი იტვირთა, რაც ქრისტიანული ცივილიზაციის “დასასრულმა” გამოიწვია. აქვე შევნიშნავ, რომ XX საუკუნის დიდი ინგლისელი თეოლოგისა და ქრისტიანი მწერლის სი ეს ლუისის კვალდაკვალ, მეც მგონია, რომ “ქრისტიანული ცივილიზაციის დასასრული” ნიშნავს სოციალურ ცხოვრებაზე ქრისტიანობის გავლენის შესუსტებას და არა - ქრისტიანობისა თუ ეკლესიის კრიზისს.
სწორედ მაშინ, როცა ავტონომიურ ევროპულ კულტურას ქრისტიანული საფუძველი გამოეცალა, პოეზია ექსისტენციალური მეგზური და ნამდვილი “ნუგეშინის-მცემელი” გახდა. ადამიანებმა მასობრივად მიმართეს პოეზიას (და, საზოგადოდ, ლიტერატურას) იმგვარად, როგორც მანამდე რელიგიას მიმართავდნენ ხოლმე - დაიწყო ერთგვარი “პოეტური პილიგრიმობა”: ჩნდება შექსპირის კულტი, ტოლსტოის კულტი, დოსტოევსკის კულტი; ჰოლდერლინს, ვალერისა თუ რილკეს ისეთივე “ექსისტენციალური გატაცებით” კითხულობენ, როგორც ქრისტიანულ ლათინურ საშუალო საუკუნეების მიწურულს თომა კემპიელის სახელით ცნობილ ტრაქტატს De imitatione Christi-ს (ქრისტეს მიბაძვისათვის). პოეზიაში ეძებენ ცხოვრების საზრისსა და მეტაფიზიკურ გზამკვლევს.
სწორედ ეს “პოეტთა საუკუნე” დასრულდა XX საუკუნის 60-ანი წლებში. ნელ-ნელა დაიწყო ნაციონალურ კანონთა ფრაგმენტაცია და, ამასთანავე, შესუსტდა ლიტერატურის საგანმანათლებლო ფუნქცია. XXI საუკუნის დასაწყისისათვის ლიტერატურის “მეტფიზიკური” როლი საბოლოოდ ამოიწურა - დასავლური საზოგადოების ფრაგმენტაციამ “პოეტური პილიგრიმობის” საერთო ცენტრ(ებ)ისათვის ადგილი აღარ დატოვა. დადგა “სერვისის ადამიანის” - სოციოლოგთა და მენეჯერთა - დრო. “პოეტთა საუკუნე” დამთავრდა.
XX საუკუნის 60-ანი წლებიდან მოყოლებული პოეზია, ფაქტობრივად, უადრესატო ხდება - ლექსი იწერება “ენისათვის და ენის შესასხმელად” - იოსიფ ბროდსკის მოსაზრება, რომ პოეზია ენის ავტოკომუნიკაციაა, რომ ენაა პოეზიის ჭეშმარიტი ადრესანტი (შემოქმედი) და ადრესატი (მსმენელი-მკითხველი) არსებითად და ზუსტად გამოხატავს დღევანდელ მდგომარეობას.
ცხადია, ყოველივე ამის ერთი-ერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ დასავლური განათლების სისტემის ცენტრს ლათინური ენა და, აქედან გამომდინარე, ლათინური პოეზია აღარ წამოდგენს - ევროპული სკოლისა და ტრადიციის უწყვეტობას ხომ ისიც განაპირობებდა, რომ IV საუკუნის პოეტი ავსონიუსიც, დანტეც, ბოდლერიცა და ელიოტიც სკოლაში ერთსა და იმავე მთავარ პოეტებს - ვერგილიუსს, ჰორაციუსს, ოვიდიუსს... - სწავლობდნენ და იზეპირებდნენ. ეს სიტუაცია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული რადიკალურად იცვლება - დღეს კლასიკურმა ენებმა და კლასიკურმა პოეზიამ ევროპულ სკოლაში პოზიციები საბოლოოდ დათმო.
აქ საჭიროა კიდევ ერთი რამის დამატება: განსხვავებით პოსტმოდერნისტული პროზისაგან, რომელიც “დაბალი Fჟანრების” (დეტექტივი, ტრილერი, ეროტიკა, ფანტასტიკა/ფენტეზი და ა.შ.) ათვისებით ფართო მკითხველს “თავს აკითხებს” და კომერციულადაც, გარკვეულწილად, წარმატებულია (მაგალითად, უმბერტო ეკო, პამუკი, პერეს-რევერტე, პიტერ აკროიდი, უელბეკი, პოლ ოსტერი, აკუნინი, პელევინი, აკა მორჩილაძე და ა.შ. - არ დაგვავიწყდეს “ორმაგი კოდირებაც”, როცა ერთსა და იმავე ნაწარმოებს “უბრალო” მკითხველი აღიქვამს როგორც “ჩვეულებრივ” დეტექტივს, ხოლო “დახვეწილი მკითხველი” - როგორც მეტაფიქციურ - საკუთარი თავის ინტერპრეტაციის შემძლე პალიმფსესტს; აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე პროზის აქტუალობას დიდწილად ჰოლივუდი განსაზღვრავს) - განსხვავებით ლექსის მკითხველი თუ მსმენელი აუდიტორია ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი: ერთი - “გათითოკაცებული” (“ელიტური”) - ნაწილი, ალბათ მაინც ინერციით, პოეზიას კვლავ “ექსისტენციალურ მეგზურად” აღიქვამს (აქედან - ჩუვაში ეროვნების შესანიშნავი რუსულენოვანი პოეტის აწ განსვენებული გენადი აიგის ცელანისმსგავსი ცნობადობა თანამედროვე ევროპაში), ხოლო, მეორე მხრივ, - ჩვენს წინაშეა, მაგალითისათვის, რეპის მომხმარებელთა უზარმაზარი აუდიტორია. ამ ორ აუდიტორიას შორის კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
დღეს თანამედროვე პოეტის წინაშე სამი ალტერნატივაა: პირველი - გახდეს ახალი რაფსოდი და შეუერთდეს თუფაქ შაკურისა თუ ემინემის დასს; მეორე - შექმნას ლექსები პროფესიონალთათვის როგორც პროფესიონალმა - თანამედროვე მხატვრის მსგავსად, რომელიც თავის ინსტალაციას ქმნის არა მნახველისა თუ შემფასებლისთვის (მოყვარულთათვის), არამედ - უშუალოდ დამკვეთისათვის - მუზეუმისა თუ გალერეისთვის, გალერეის კურატორისათვის, ასევე, დღევანდელი პროფესიონალი პოეტიც წერს არა მკითხველისათვის (მოყვარულთათვის), არამედ - უნივერსიტეტების პროფესორთა და აკადემიურ მკვლევართათვის; უფრო მეტიც - ხშირ შემთხვევაში თავად პოეტიც უნივერსიტეტის პროფესორია - ჯონ ეშბერი, მარკ სტრენდი, იოსიფ ბროდსკი, შეიმას ჰინი, ლევ ლოსევი, ტომას ვენცლოვა ამის თვალსაჩინო მაგალითები იყვნენ და არიან.
მაგრამ არსებობს მესამე ალტერნატივაც. პოეტს მუდამ შეუძლია დაუბრუნდეს იმ ინსტიტუციურ საწყისს, საიდანაც წარმოიშვა ევროპული ლირიკა - ლოცვით-მედიტაციურ პრაქტიკასა და ჟანრს. როგორც ცნობილია, ევროპული ლირიკა XVI-XVII საუკუნეებში სწორედ ამგვარად იწყება ინგლისში, ინგლისური ნაციონალური ეკლესიის (ანგლიკანობის) წიაღში, სადაც ინგლისური ენის სივრცეში ხდება ლათინურენოვანი ლოცვით-მედიტაციური ჟანრისა და პრაქტიკის გადანერგვა - ჯონ დონი არა მხოლოდ სენ-პოლის წინამძღვარია, არამედ - ინგლისური მეტაფიზიკური პოეზიისა და ევროპული ლირიკული პოეზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის ლირიკული მედიტაციების საფუძველი წმ. ეგნატე ლოიოლას სულიერი ვაÒჯიშები - მედიტაციებია (იხ. ამის შესახებ: ინგლისელი ფილოლოგის, ლუის მარტცის გამოკვლევები).
სწორედ ინგლისური ლირიკული პოეზიიდან იწყება თანამედროვე ლირიკული პოეზია, რომელიც ვრცელდება ჯერ საფრანგეთსა და გერმანიაში, ხოლო შემდეგ - სხვა ევროპულ ქვეყნებსა და რუსეთში. ამ გავრცელებისას ის ნელ-ნელა “ივიწყებს” თავის გენეალოგიას - წყდება ლოცვით პრაქტიკას როგორც თემეტურად, ისე - ინსტიტუციურად. თუმცა, დროდადრო “ჟანრული მეხსიერება” მაინც თავს გვახსენებს, ოღონდ ამჯერად უკვე, ძირითადად, კათოლიკე პოეტებთან და აღმოსავლური ქრისტიანობის სივრცეში - კლემენს ბრენტანოÓ, პუშკინის, ლერმონტოვისა და ბარათაშვილის ცალკეული ლექსები, ჟიულ ლაფორგი, ჯერარდ მენლი ჰოპკინსი, ვლადიმირ სოლოვიოვი, პოლ ვერლენის გვიანდელი ლირიკა; XX საუკუნეში - ფრანსის ჟამი, შარლ პეგი, პოლ კლოდელი, მაქს ჟაკობისა და უისტან ჰიუ ოდენის გვიანდელი შემოქმედება, ვიაჩესლავ ივანოვი, გერტრუდ ფონ ლე ფორტი, გაბრიელა მისტრალი, ოსიპ მანდელშტამი, ბორის პასტერნაკი (განსაკუთრებით - იური ჟივაგოს ლექსები), ანა ახმატოვა, ტომას ელიოტი (მოყოლებული ნაცრისყრის ოთხშაბათიდან), იოსიფ ბროდსკის მირქმა და საშობაო ლექსების მრავალწლიანი წყება...
“ელიტური პოეტი” დღეს სწორედ ამ ორი ალტერნატივის წინაშეა - იყოს პოეტი-მეცნიერი მეცნიერთათვის (ალექსანდრიული ტიპის ერუდიტი-პოეტის მსგავსად), სადაც მისი აუდიტორია ოდენ ინტელექტუალური ელიტით ამოიწურება, ან იყოს მედიტაციური პოეტი, რომელსაც ათვისებული აქვს ევროპული პოეზიის მთელი გამოცდილება და რომლის აუდიტორიაც პოტენციურად უსაზღვროა, რადგან ისევე როგორც ქრისტინული უწყება, მისი პოეზიაც ნებისმიერი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.
დაბოლოს, პოეზია, როგორც უკვე აღვნიშნე, იწყება როგორც ხსოვნის, მესხიერებისა და დამახსოვრების ხელოვნება - ესაა მოსახსენიებელი, რისი მეშვეობითაც ახსოვთ ჯერ ღმერთის სახელი, შემდეგ გმირის (რომელიც ღმერთი ხდება სიკდილის შემდეგ) უკვდავი სახელი, ხოლო შემდეგ თვითონ პოეტის სახელი. ამიტომაც, ჰომეროსის პოეზია “ორალური პოეზიაა” ორივე მნიშვნელობით - პოეზიის მეშვეობით იმახსოვრებენ გმირის უკვდავ სახელს და, ამავე დროს, ზეპირად იმახსოვრებენ თვითონ ტექსტს და ახსოვთ პოეტის უკვდავი სახელი.
დაზეპირებას რიტუალური მნიშვნელობა აქვს - ჩვენ ვიმახსოვრებთ და ვიზეპირებთ იმას, რაც საკრალურია. სწორედ ამიტომ ვიცით ზეპირად ლოცვები და ლექსები. როდესაც თანამედროვე სკოლამ, საზოგადოდ, ლექსების დაზეპირებაზე უარი თქვა, ამით სწორედ ის ფაქტი გაცხადდა, რომ დამთავრდა პოეტთა ეპოქა, დამთავრდა დრო, როცა პოეზია საკრალური იყო. თანამედროვე ადამიანი მოლოდ კანონებს იზეპირებს, რადგანაც დღეს საკრალური მხოლოდ კანონია (ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და ა.შ.).
ლექსი, რომელიც არ გვახსოვს, რომელსაც არ ვიზეპირებთ, აღარაა ლექსი, ლექსი, რომელიც მხოლოდ გამოკვლევისა და სტატიებისთვის იწერება ისეთივე სამუზეუმო ექსპონატია, როგორც ხელოვნების ნაწარმოები, რომელიც მხოლოდ გალერეისთვის იქმნება. მაგრამ ლექსი, რომელიც უბრუნდება თავის საწყისს - უკვდავი სახელის დამახსოვრებას - ფაქტობრივად, ისევ ლოცვა ხდება.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ლია სტურუა - ლექსები

***

ყურებიდან ამომიჩიჩქნეს
მთელი მუსიკის სიყვარული,
თვალებიდან – მთები, როგორც ხეების გაგრძელება
ჩიტის კვალი რომ დავინახო ჰაერში
და მას გავყვე?
მაგრამ ჯერ ხორცი არ დამიყრია,
სისხლი არ დამიხარჯავს
ახლობლების გაფერადებისთვის,
ერთადერთი, რაც მოვსინჯე,
პურის ნაჭერი დავდე ცაში –
შეუსაბამო სიდიდეები შევათავსე
მარტო ეს არი...

ნევროზი

მირტყამენ, სიტყვები მტკივა,
სისხლი მდის: ერთი ლიტრი – ერთი მიხაკი,
გამეტაფორებამდე – მეორე ჯგუფის, ცხელი,
ლეიკოციტებმა რომ
თეთრი დროშა არ გამოფინონ,
მერე – ლექსის მასალა,
ციროზიან ღვიძლსა და არაუშავს გულს შორის
ჩამჯდარი ღმერთის კარნახით,
ქაღალდზე გადატანილი...
იცის ვინმემ ის ფანჯარა,
ჩემი კალენდარი, რომელშიც ცა
ხან მწვანე ფეხებზე დგას,
ხან შავზე? ხეებით ვხვდები მის ფერს,
თვითონ მეორე სართულიდან არ ჩანს.
ნევროზი, პარანოია, რომ მირტყამენ
და სიტყვები მტკივა, ყველაფერი
შიგნით ხდება, ფანჯრის მინა მშვიდია,
არც დაიგრიხება, არც გაიბზარება ამის გამო
ერთადერთი, სისხლის გამიხაკება,
გარედანაც ჩანს,
ეს ხედი ზოგად ამბებს რომ დააყოლო,
რაღაც, შიდაგანათებასავით გამოგივა,
ვერც გატკენენ, ვერც გამოგირთავენ...


რევოლუცია

“კანონმოშიში მოქალაქე”
რა სიტყვები მოარგეს
ჩამქრალ ვულკანებს!
უემოციო ადამიანი, რამდენიც გინდა
საშენი მასალა კედლებისთვის, ლოზუნგებისთვის,
ჩამქრალი ვულკანები კი იღვიძებენ,
გაუფრთხილებლად, უკანონოდ,
იმ საძირკვლის შესარყევად,
მუდმივი რომ გეგონა
რა, უჩივლებ რევოლუციას?
დაიჭერ, კატალოგში ჩასვამ,
ნაივური ხელოვნების განყოფილებაში,
შეგირდებს მიუჩენ
რომ გაიგონ მისი საიდუმლო?
როგორ შეუძლია თავის აფეთქება
ისედაც, სიცხეში,
ერთი ხის გადარჩენისთვის,
ერთი ბედნიერი ლექსისთვის,
ჩემისთანა პესიმისტის ერთი აღტაცებისთვის,
თორემ კანონმოშიში მოქალაქეების
დარწმუნებას რა უნდა,
რომ რევოლუციას ვერ უჩივლებ...


***

შემოვიდა, ჩვეულებრივი, ერთი მრავალთაგანი,
მაგრამ ისეთი სახე შემოიტანა,
სულ წაშალა ფულის მთხოვნელები,
პურის, ტრამვაისგან მოჭრილი ფეხების.
(როდის იყო ტრამვაი? 100 წლის წინ?)
ამდენი ხანი მელოდა?
ორფეოსობა უკუღმა.
ლურჯი გზა, ძალიან მოლიპული...
წასვლისას, დავიხარე
და მიწიდან ჩემი სისხლი ავიღე –


თავშესაფარი

როგორ ცხოვრობენ ამერიკაში?
კონსტიტუციის მეხუთე შესწორების
ჩრდილში, როგორც მე “თუმცა”-ში და “შეიძლება”-ში?
შტატებს ვგულისხმობ, თორემ
იქვე არ მწიფდება იოკნაპატოფა?
წნევა რომ დაგარტყამს,
ფეხები სინათლეში ჩაყარე და წადი,
სპილენძის ტაშტები გაიყოლე,
შუბლი ღამეს ურტყი,
რომ არ გეტკინოს,
შთაბეჭდილება კი შეიქმნას თავგანწირვის.
მაგრამ შუქი რომ ადგეს და ჩაქრეს,
თავის აგვისტოიანად,
აბსოლუტური ყური დაიხშოს
თუნდაც, ამ უვნებელ სიყალბეზე?
ვიღა ააშენებს მსგავს ქვეყანას,
იმ მინდორივით ვრცელი პოეტის
და ვარდისფერგემოვნებიანი მაგნატის მერე?
ვინ ივლის ასე, თავის უფსკრულებით,
რუსი ეპილეპტიკის თვალის სინათლე,
იქაც, აგვისტოს შუქი,
რომ სივრცემ თავი არ მოგვაკვლევინოს...


ლობოტომია

გადააბრუნე სიტყვები,
ამოატრიალე ბელტებივით!
აუტანელია ერთი და იგივე ბალახისფერი,
გააწითლე მიწა და არავითარი გოგენი!
როგორც გინდა, ისე შეღებე
მორჩილი სიტყვები
უაზროდ, შეუსაბამოდ,
ოღონდ, მოსაწყენი არ იყოს!
გაშრა ტვინი!
ლაზარე, ლაზარე, ლაზარე!
წვიმა, ზარი, სიგიჟე ჩარჩოში,
ელექტროშოკი –
თავიდან გულის ამოღება,
დაბრუნება აი ია-სთან,
მასწავლებელი ვაჟა-ფშაველა,
მისი ხელმძღვანელობით, ისევ ია აი-სკენ,
ყველაფერი თავიდან!
არ ამართლებს ლობოტომია,
როცა უკუღმართობა გაქვს სისხლში
და იისფერი საღებავი ენაზე...


***

ერთად აღარ ვზივართ მაგიდასთან,
რომ ვუყუროთ, რა მაღალია
ჩაის ჭიქებიდან ამოსული ორთქლი,
რა მონატრებული ლაპარაკი არაფერზე,
სიტყვას რომ დილის ჭირხლი ადევს
და უფრო მეტს ნიშნავს,
ვიდრე გამოხატავს.
ეკა, მეორადი მაღაზიიდან
მოტანილ კარადაში,
სუფთა სარეცხის სუნს დებს,
ელენე ბგერა რ-ს
შოკოლადივით ღრღნის,
ფრანგულს სწავლობს,
ელგუჯა საფლავში წევს,
მე იმ დროს ვიგონებ,
ფანჯარას რომ გავაღებდი
და ოთახი პეიზაჟით ივსებოდა...

finita la comedia

კარუსელის ცხენით სახლში მოვდივარ,
პირით ბალახი მომაქვს,
ძუძუებით – დელ არტეს კომედია –
მთვარის და სევდის რძე
ნორმალური პრაგმატიზმის წინააღმდეგ
დედა მედო ენის ქვეშ
და ინფარქტს გადავრჩი,
ცეცხლს ვუსმენდი ჩალასავით,
ბოლომდე არ დამწვა,
მეთორმეტე სართულიდან გადმოვვარდი
და რომელიღაც თეატრის ლოჟამ
ხავერდი მომაგება,
ჩემი ფართე სახელოებიდან
ცვიოდნენ სევდები და მთვარეები
მათი საპირწონე ლოგიკა
მაშინაც არ იყო,
მხოლოდ ნათესავი სიგიჟე,
დედა ენის ქვეშ, ცეცხლი ტერაკოტის სასაში,
მორჩილი ჩალა...
კარუსელის ცხენით მივდივარ
დელ არტეს ქვეყანაში,
სადაც კომედიას თამაშობენ,
სახლში ბრუნდებიან
და იმდენ შვილს აკეთებენ,
რამდენი კომპლექსიც ცვივა
ჩემი სახელოებიდან...

უპასუხობა

პრესა საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე,
ყვითელი, მსუყე
და მეორე, მშიერსიტყვებიანი:
კომუნიზმი, დემოკრატია,
ბატალიები იერონიმუს ბოსხის,
ნაბიჯები ჰაერში,
როგორ უნდა გააძღო ხალხი
წითელი ნაწლავების რეპროდუქციით?
პასუხი ამა და ამ ჟურნალის
ბოლო გვერდზე, იქამდე რა მიატანს?
შეიძლება, ეპილეფსიაში გადავარდე,
ლოკოკინების წალკოტში...
ისევ გაგექცა სიტყვა სილამაზისკენ?
რაღად გინდა! შეეხიზნე კოლექტიურ არაცნობიერს,
როგორც ტყეს,
რბილად მოგექცევა ბალახი,
ამ ბალიშიდან შეხედავ პრესას
გაშუშებული თვალებით,
საუზმეს, სადილს, ვახშამს,
გასტრონომიული მაღაზიებივით გაყიდი,
ხორცს იშოვი, რომელსაც თმა ეზრდება,
ხერხემალი უმაგრდება, გამოყვასებას ცდილობს,
მტრობამდე ერთი მამლის ყივილი აქვს გასავლელი,
ბატალიები...
ბოსხს ეშინია, კომპოზიცია არ დაენგრეს,
კომპრომისი ბალახთან, მაძღარი ხალხი...
მაგრამ ჩემი კოსმოგონიური წარსული,
მზის, მთვარის და ვარსკვლავების მონაწილეობით?
ყველაზე კარგად ვერ ვპასუხობ
ამ შეკითხვაზე

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ერაზმუს როტერდამელი - სისულელის ქება


მალხაზ ხარბედია
სიბრძნე სისულელისა
ანუ, რატომ უნდა გამოვტოვოთ წიგნის კითხვისას შესავალი


ერაზმუს როტერდამელი. სისულელის ქება. ლათინურიდან თარგმნა, შესავალი წერილი და შენიშვნები დაურთო ლალი კოჭლამაზაშვილმა. რედაქტორი ნანა ტონია. თბ. "ლოგოსი", 2002.


წაკითხვა, თარგმანება და შროშანთა შრიალი

თავად ერაზმუსი ბრძანებს, "რაც უფრო ფართოდაა გავრცელებული ესა თუ ის მოვლენა, მით უფრო დასაფასებელიაო". ჰოდა, მოდით დავაფასოთ ჩვენში ასე გავრცელებული სისულელე და მივუძღვნათ ერთი პატარა ხოტბა მასა და მის "განმადიდებელს", ერაზმუს დეზიდერიუს როტერდამელს.
წიგნის მთარგმნელმა თავისი წინასიტყვაობა შტეფან ცვაიგის სიტყვებით დაასათაურა - "დიადი მივიწყებული", რომელიც მართალია მხოლოდ ერაზმუსს მიემართება, მაგრამ ამ ცნების ქვეშ ბევრი ის "უიღბლო" ავტორიც უნდა ვიგულისხმოთ, ვისაც დღემდე არ გაუმართლა და ვერ ეღირსა გადმოქართულებას. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, თუმცა ყველაზე სამწუხარო მაინც ისაა, რომ ქართველების უმრავლესობას ესა თუ წიგნი უკვე თარგმნილი ჰგონია ხოლმე და მისი პირველად გამოცემისას გაკვირვებულები კითხულობენ, "კაცო, ეს წიგნი ხომ თარგმნილი იყო?!". ასე დაემართა ჩვენს სარეცენზიო წიგნსაც და უნდა ითქვას, რომ ამგვარი ფაქტი ერთი მხრივ გულგრილობასა და ინტელექტუალურ ამნეზიაზე, მეორე მხრივ კი გარკვეულ კულტურულ თვითდაჯერებულობაზე მეტყველებს.
ჩემი აზრით, ეს წიგნი გამონაკლისია უკანასკნელი წლების გამოცემებს შორის და უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იგი შესაბამისი სამეცნიერო აპარატითაა აღჭურვილი (თუმცა, როგორც დავინახავთ, ამ გამოცემის სამეცნიერო ხასიათი გარკვეულ მიზეზთა გამო ეჭვს იწვევს). "სისულელის ქება" სათარგმნად ერთ-ერთ ურთულეს ტექსტს წარმოადგენს, ლათინური და ბერძნული ენების ფლობის გარდა იგი ისტორიულ-კულტურული კონტექსტის ღრმა ცოდნასაც გულისხმობს და მისი გადმოქართულება, ბუნებრივია, მთარგმნელისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ქალბატონმა ლალი კოჭლამაზაშვილმა მშვენივრად თარგმნა ეს წიგნი და ამომწურავი კომენტარებიც დაურთო, სადაც ვრცლად განმარტა ერაზმუსის ურთულესი ალუზიები. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა წიგნისა და არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულად განვრცობილია ეს შენიშვნები (ამგვარი განვრცობა ხშირად ვნებს ხოლმე ტექსტს), არამედ იმის გამო, რომ კომენტარები არ შემოიფარგლება მხოლოდ მითოლოგიურ გმირთა სახელების უფერული და არაფრისმთქმელი განმარტებით, რითაც ასე ვართ "განებივრებული" ქართველი მკითხველი (ვთქვათ ასე: "ჰერაკლე - ზევსისა და ალკმენას ვაჟი, სასწაული ძალის პატრონი, დაიბადა თებეში და ა.შ.").
ძველი ლიტერატურის მოყვარულებს შევახსენებ პეტრონიუსის 20-იანი წლების შესანიშნავ, იარხო-პიოტროვსკისეულ გამოცემას (ამ წიგნის რეპრინტი, თუ არ ვცდები, 1990 წელს გამოვიდა), სადაც კომენტარები თავად ტექსტზე არანაკლებ საინტერესოდ იკითხება და საერთოდაც, კლასიკური ლიტერატურის ხშირად ფრაგმენტული, ან ბუნდოვანი ტექსტების ხარვეზებს სწორედ განმარტებათა სიმწყობრე გამოასწორებს ხოლმე.
მთარგმნელმა წინასიტყვაობაც წარუმძღვარა ტექსტს, თუმცა სამწუხაროდ იმდენად "გააფართოვა" კონტექსტი, რომ მასში ერაზმუსისთვის ლამის არც დარჩა ადგილი. მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ახლა კი ისევ თარგმანს მინდა დავუბრუნდეთ.
ქალბატონი ლალი დიდხანს მუშაობდა ამ წიგნზე და შესაბამისად თარგმანსაც ეტყობა ამ მრავალწლიანი და მრავალჯერადი წაკითხვა-თარგმანების კვალი. თუმცა მხოლოდ გარჯას ვერ მივაწერთ ასეთ წარმატებულ შედეგს, აშკარაა, რომ აქაც საქმე გვაქვს მთარგმნელისთვის აუცილებელ, თანაშემოქმედების იმ "დანაშაულთან", რომლის გარეშეც ვერც ერთი კარგი თარგმანი ვერ შეიქმნებოდა.
არ შემიძლია არ დავიმოწმო სიტყვათა თამაშზე აგებული ერთი არაჩვეულებრივი ალუზიის თარგმანი, რომელსაც ჰომეროსთან მივყავართ: "ტროას კედელთან მოხუცები მიმსხდარან და მუსაიფობენ, მათი ხმა კი შროშანთა შრიალს მოჰგავს". მაინც რაში მდგომარეობს ამ ალუზიის არაჩვეულებრიობა და რითაა ამ მონაკვეთის თარგმანი განსაკუთრებული. მოგეხსენებათ, ერაზმუსის ეს ტექსტი სავსეა ძველბერძნული ფრაზებითა და გამოთქმებით (ქართულ თარგმანში ბერძნული ფრაზები განსხვავებული შრიფტითაა დაბეჭდილი) და ეს შედარებაც ძველბერძნულადაა მოყვანილი დედანში - "ტენ ლეირიოესან" (სიტყვა-სიტყვით ნიშნავს - "შროშანივით"). ჰომეროსის მთარგმნელთა უმრავლესობა გაურბის ამ უცნაური სიტყვის თარგმნას (ჰომეროსთანაა "ოპა ლეირიოესან", რომელიც დაახლოებით ითარგმნება როგორც "შროშანთა შრიალის ხმა") და იგი გადმოაქვთ როგორც "ჭიკჭიკი". ჩემი აზრით, ქალბატონმა ლალიმ ძალზე ზუსტად თარგმნა ეს ფრაზა (ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სიზუსტე თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა პოეტურ თარგმანში) და ორი თანამჟღერი სიტყვის შეხამებით აღადგინა იმ კალამბურის მოხდენილობა, რომელიც ერთ სიტყვაში გულისხმობს "ლერონ"-საც (შროშანი) და "ლეირიონ"-საც (ჭკუასუსტობას).
მეორე მაგალითი: დედანშია - Adde, quod suos ad immortalem vitam destinatos, oves appellat. როგორც ხედავთ, ლათინური ტექსტი არანაირი განსაკუთრებული კეთილხმოვანებითა და ალიტერაციულობით არ გამოირჩევა, აქ მხოლოდ რიტმი იმსახურებს ყურადღებას. მაგრამ ნახეთ, როგორ გადმოაქართულა მთარგმნელმა ეს წინადადება: "გავიხსენოთ ისიც, რომ უფალმა თავის რჩეულებს, მარადიული ცხოვრებისთვის რომ გამოარჩია, უწოდა ცხოვარნი".
ასეთი მაგალითები საკმაოდაა წიგნში, მაგრამ ახლა, მოდით ისევ ერაზმუსს მივხედოთ.

რა საერთო აქვს თვალთმაქცობასა და ღვთისმეტყველებას

ერაზმუსს რომ დიუმას ან მელვილის დროში ეცხოვრა, თავისი წიგნის შესავალ ნაწილს აუცილებლად თარიღის დასახელებით დაიწყებდა, დაახლოებით აი ასე: "1508 წელია და მივემგზავრები იტალიიდან ინგლისში....", მაგრამ იგი თავისი ეპოქის ნამდვილი შვილი იყო და მას არაფერში სჭირდებოდა ამგვარი დაზუსტებები. მაშინ ხომ სხვანაირად იწყებდნენ ნაწარმოების წერას, მისალმებით, და სხვაგვარადვე ხედავდნენ დროს, რომელშიც წერდნენ. მაგალითად, თომას მორუსი თავის წიგნში პეტრე ეგიდიუსს ესალმებოდა, თავად ერაზმუსი კი....
მაშ ასე, 1508 წელს, იტალიიდან ინგლისში გამგზავრებული ერაზმუსი "საერთო საქმეებზე" ფიქრით იმოკლებს გზას და გულს იმ მეგობრების გახსენებით იხალისებს, ვინც უძვირფასეს და უგანათლებულეს ადამიანებად მიაჩნია. ამ ფიქრსა და "ხალისობაში" კი ახალი წიგნის წახნაგები იკვეთება, რომელიც მომავალში ასევე ხალისითა და ლაღობით დაიწერება და ამ წიგნით, "სისულელის ქებით", იგი ერთ-ერთ უძვირფასეს მეგობარს, თომას მორუსს მიესალმება. მორუსის წარმოსახვით კითხვაზე კი, "ეგ აზრი რომელმა პალასმა შთაგაგონაო" (სისულელისადმი ხოტბის შესხმა იგულისხმება) - უპასუხებს, "უპირველეს ყოვლისა მორუსთა საგვარეულო ზედწოდებამ, რომელიც ჟღერადობით იმდენად წააგავს სიტყვა "მორიას", რამდენადაც პირადად შენ მისგან განსხვავდებიო." აი, ასეთი პარადოქსით იხსნება ეს შესანიშნავი წიგნი და მთელს ნაწარმოებსაც სწორედ ეს დახვეწილი ირონია გამსჭვალავს. მართლაც პარდოქსულია ერთ წინადადებაში სიბრძნის ქალღმერთის, ათენასა (პალასი) და სისულელის (მორია) ეს უცნაური, ტკბილი მეზობლობა. ასეთი თვალთმაქცობა მკითხველსაც სათამაშოდ, სამღერელად განგვაწყობს და ძველბერძნულადაც, ირონია ხომ სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა, თავის მოჩვენება.
"თუმც სისულელეს ვაქებ, მაგრამ არც თუ სულელურად", გვეუბნება ავტორი და კიდევ ერთ ხაფანგს გვიგებს, შემდეკ კი, როცა "გაუჩალხავ და შეუწონელ, მაგრამ სანაცვლოდ მართალ სიტყვას" უწოდებს თავის წიგნს, თითქოს ყველაფერი ნათელი ხდება: რომ ესაა წიგნი სისულელის სიბრძნისა, წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიცრუითა და აჩრდილით, ანუ სატირული გამონაგონით, ჭეშმარიტი საღვთისმეტყველო სიმაღლეების წვდომა.
"სისულელის ქებაში", პროტაგონისტი, ქალბატონი სისულელეა და იგი თავიდანვე პლატონურ და საღვთისმეტყველო ცნებების აურაში გვხვევს, როცა გვეუბნება: "რა ძალა მადგას, ჩემი აჩრდილი და ხატი წარმოგიდგინოთ, როცა თავად მე ვდგავარ თქვენს თვალთა წინაშეო". თუ მეხსიერება არ მღალატობს, umbra (აჩრდილი) იგივეა რაც პლატონის "ეიდოლონი", "რესპუბლიკის" მეშვიდე წიგნის გამოქვაბულის ანალოგიის ცენტრალური ცნება, imago (ხატი) კი სხვა არაფერია თუ არა ბიბლიური "ეიკონი": "და შექმნა ღმერთმა კაცი სახედ და ხატად თვისად". მოგვიანებით, ტექსტში ეს ცნებები რამდენჯერმე დაზუსტდება და ბოლოს უკვე თავად სისულელე წარმოგვიდგება სიბრძნედ და სიქველედ: "...რამხელა სიქველეა სისულელე! ჩემდამი მობაძვა, ჩემს ცრუ აჩრდილად თავის გასაღებაც კი რაოდენ საპატიოა და განსწავლულთაგან რა ქებას იმსახურებს!"
როგორც ხედავთ, აქ უკვე ყველაფერია, imitatio dei (ღვთის ბაძვა, ოღონდ ამ შემთხვევაში ინვერსიული), პლატონისეული ცრუ აჩრდილი და ის ზემოხსენებული თვალთმაქცობაც (ირონია), რის შემდეგაც ქალბატონ მორიას ეკლესიასტეს სიტყვები მოყავს: "როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელეო" და იქვე დასძენს, "გულისხმაჰყავით, სისულელეს აქ სიბრძნის მომდევნო ადგილი უჭირავს... და იმედი მაქვს თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკლესიური წესის თანახმად ის, ვინც ღირსებით პირველია, იკავებს უკანასკნელ ადგილს, რათა მუდამ ახსოვდეს სახარების მცნება".
ცხადია ავტორი აქ მათეს სიტყვებს გულისხმობს, "ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანი წინა", ანუ ხდება ადგილების შეცვლა, ირონიულ-სატირული და საღვთისმეტყველო, სიბრძნე და სისულელე უკვე ერთი ხმით გვესაუბრება და უფრო მეტიც, პლატონის სახელის ხსენებით ჩვენი, მკითხველის ჩათრევასაც აპირებს ამ თვალთმაქცობაში: "სიტყვებს ამ თავიდან (ზირაქის ერთ-ერთი თავის ერთ-ერთ მუხლს გულისხმობს (41. 15): "სჯობს კაცი, თავის სიბრიყვის დამფარველი, კაცს, რომელიც თავის სიბრძნეს მალავს."), ჰერაკლეს ვფიცავ, მოვიყვან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, ჩემს მიერ დასმულ კითხვებს სათანადოდ უპასუხებთ და ხელს შემიწყობთ, როგორც სჩადიან ამას პლატონის დიალოგებში ისინი, ვინც სოკრატეს ემსჯელებიან" - არადა მართლაც, "სათანადო პასუხის" გარეშე შეუძლებელია ერაზმუსის სიტყვების გაგება. პლატონთან ხომ პირიქითაა: მისი პროტაგონისტი, სოკრატე სწორედ თავის სიბრძნეს მალავს, თვალთმაქცობს, თავს გვაჩვენებს, ვითომ არაფერი იცის, მაშინ როცა მორიას მიხედვით, ადამიანები ყოველთვის სისულელეს ვმალავთ ხოლმე, ვუფრთხილდებით, როგორც რამე განძს. მასთან სისულელე მიამიტია, ხოლო ბრძენს თავის სწორად არავინ მიაჩნია; უგუნური მთვარესავით იცვლება - ბრძენი კი მზესავით უცვლელია. ხოლო ამას ერთ დასკვნამდე მივყავართ - "ადამიანთა მოდგმა ერთიანად სულელია, ოდენ ღმერთს შეჰფერის, იწოდებოდეს ბრძენად".
აი თურმე რაშია საქმე, თურმე რომელი საღვთისმეტყველო სიმაღლეებისკენ მივყავდით ჩრდილოელი ბრძენის ბილიკებს და საით მიაპყრობდა ჩვენს ყურადღებას ერაზმუსის სატირული კალმის ფხაჭუნი. მაგრამ სისულელე რისი სისულელეა, თუკი ისევ თავგზა არ აგვიბნია და არ გაგვიფანტა მოპოვებული სიცხადე: "ვშიშობ, ვინმემ ბრალი არ დამდოს, ვითომც იდუმალ გამეძარცვოს ჩვენთა მოძღვართა ზანდუკები, რაკი თეოლოგიური საკითხების ასეთ ღრმა ცოდნას გავამჟღავნებ. ნურც ძალიან გაიოცებენ, რამეთუ ამდენი ხნის მანძილზე მათთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა; ჰოდა, მათი ჩვეულებანიც შევითვისე ისევე, როგორც იმ ლენჩმა პრიაპუსმა დაიზუთხა ზოგიერთი ბერძნული სიტყვა, უსმინა რა თავის პატრონს; ანდა ლუკიანეს მამალივით, ადამიანებთან ხანგრძლივი თანაცხოვრების შედეგად ლაპარაკში რომ გაიწაფა."

ვისი ზანდუკები გაძარცვა ერაზმუსმა

რა თქმა უნდა, არავისი. იმათ, ვისაც ერაზმუსის ბასრი კალამი მიემართება, ვერაფერს მოპარავ, ძარცვით ვერაფერს დააკლებ. ამ ხალხს იგი ბრძენთუსულელესთ (მოროსოფუს) უწოდებს. ეს ის ტუტუცები არიან, ვინც ბრძენკაცებად და თალესებად მოაქვთ თავი, მაშინ, როცა ათეულობით წელი ღვინის სარდაფში, "შემსრუტავი ღრუბლის ცხოვრებით" გაატარეს. "ფუჭსიტყვაობენ იმ თავიანთ სკოლებში, თავი მოაქვთ მსოფლიო ეკლესიად, რომელიც თუმცაღა დასანგრევადაა გამზადებული, მაგრამ ესენი სილოგიზმების ბიჯგს, ვითარცა დედაბოძს, შეუყენებენ, მსგავსად ატლასისა, პოეტთა თქმით, მხრებით ცის თაღს რომ შესდგომია".
ახლა კი პოეზიისაც ვთქვათ, რადგან ერაზმუსი პოეტური შთაგონებით ანგრევს ზემოხსენებულ სილოგიზმებს და ამბობს კიდეც, "მუზების შემწეობით დავარღვიოთ" ესა თუ ის სილოგიზმიო. ამ მახინათა შემოქმედნი კი ისინი არიან, ვინც საიდუმლოს, ვითარცა ცვილს, სურვილისამებრ ფორმას უცვლიან; ვინც რამდენიმე სქოლასტიკოსის მოშველიებით გამოწურულ დასკვნებს ყველაფერზე მაღლა აყენებს, ქვეყნიერების კანონმდებლად მიიჩნევს თავს და განკვეთს ყველას, ვინც კი გადაუხვევს მათ მიერ ნათლად თუ ჩახლართულად ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს. ერაზმუსი "ოქროს საუკუნის" ალალ მოდგმას გვახსენებს, როცა არც გრამატიკის ცოდნა იყო საჭირო, არც დიალექტიკისა და არც რიტორიკისა, რადგან სხვის საქმეში არავინ ერეოდა. აწმყოსთვის კი ერაზმუსი შემდეგ "რეცეპტს" იძლევა: "მე თუ მკითხავთ, ქრისტიანები ერთობ გონივრულად მოიქცეოდნენ, უკეთუ თურქებისა და სარკინოზების წინააღმდეგ ჩასკვნილ ჯარისკაცთა რაზმების ნაცვლად, რა ხანია, ცვალებადი და საეჭვო წარმატებით რომ იბრძვიან, გააგზავნიდნენ მყვირალა სკოტისტებს, უჯიათ ოკამისტებს, უძლეველ ალბერტისტებს და მთელ ამ სოფისტურ მხედრიონს. ვფიქრობ ვიხილავდით ყველაზე მზაკვრულ ომს და ჯერაც არნახულ გამარჯვებას. განა ვინ უნდა იყოს ისე სისხლგათოშილი, რომ არ აანთოს მათმა უიშვიათესმა გონებამახვილობამ? ან ისე ჩლუნგი, რომ ამ ნესტარივით მჩხვლეტავმა ენამ არ ააღელვოს? ან ისე თვალგამჭრიახი, რომ ასეთ უკუნ წყვდიადში მართლა გაარჩიოს რამე?"

"არც ცას შეეხება და არც მიწას"

ერთი სიტყვით, სრულიად ნათელია თუ საითაა მიმართული ერაზმუსის მახვილი მზერა და ბასრი კალამი, თუმცა მთარგმნელის წინასიტყვაობის მიხედვით სხვა სურათი იხატება. წერილი, უხვი პუბლიციზმების გამო, სცილდება ერაზმუსს. ექსკურსი, რომელსაც 30 გვერდი აქვს დათმობილი (წინასიტყვაობის 54 გვერდიდან), ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ერთ რამეს ისახავს მიზნად, რათა მკითხველის ყურადღება ტექსტიდან გარკვეულ იდეოლოგიურ საფუძვლებზე გადაიტანოს, რაც საბოლოო ჯამში, სამეცნიერო გამოცემის სტატუსს უკარგავს წიგნს.
საბჭოთა პერიოდის გამოცემებიდან ხშირად გვახსოვს ასეთი მაგალითები, მაგრამ სამწუხაროა, რომ იგივე პათოსი აღმოჩნდა წამყვანი ამ გამოცემისთვისაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ერაზმუსის დასაცავად (მომხვდური სქოლასტიკოსებისგან) მართლმადიდებელი ავტორიტეტების ნაცვლად მარქსიზმის მამებს მიმართავდნენ.
ხსენებულ შესავალშიც ხშირად შეხვდებით იმდროინდელ ლექსიკას, საეჭვო წარმოშობის ცნებებს (მაგ. "პაპიზმი") და მოძველებულ შეფასებებს, რომელიც ხან "მოჩვენებით სამყაროდ" წარმოგვიდგენს დასავლურ ქრისტიანობას, ხან კი ჰუმანიზმს მიაწერს რაღაც წარმართულ ვნებებს: "პირველ რიგში, ეს ადამიანები - ჰუმანისტები, თავად წარმოადგენენ თითქმის უკვე გარდასული დასავლური შუასაუკუნეების, ანუ გაყალბებული ქრისტიანული სწავლების პროდუქტს. ხოლო მათ ბედისწერად იქცა, პაპიზმთან და სქოლასტიკასთან ბრძოლის მოტივით, საზოგადოდ ეკლესიისა და რწმენის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი სამუშაოს ჩატარება."
ძალზე საინტერესოდ ჟღერს ანტიკურობის დაისის ქ-ნ ლალი კოჭლამაზიშვილისეული ვერსიაც: "ძველ ბერძნებს, მიუხედავად მათი რაციონალიზმისა, გრძნობათა და ვნებათა სინაღდე ახასიათებდათ. გულწრფელი იყო აქილევსი, როცა მეგობრის მკვლელს გაენთო რისხვით შეპყრობილი; იმდენად გულწრფელი, რომ ნაწინასწარმეტყველები გარდუვალი სიკვდილიც არად ჩააგდო და ომში შევიდა. თვით მოხერხებული ოდისევსიც კი გრძნობათა სიმართლეს სცემდა პატივს. აკი ერთგულ პენელოპესაც ამისთვის მოუწყო გამოცდა. სოკრატემ ნამდვილი შხამით სავსე ფიალა გამოსცალა და ოიდიპოსმაც საკუთარი ხელით დაითხარა თვალები. ძველბერძნულმა კაცობრიობამ თავისი ნებით დათმო თვალთა ჩინი, რათა მოეპოვებინა მხედვარეობა სულისა, რათა დარღვეულიყო ძველი ტაძარი და მის ნაცვლად ახალი აღმართულიყო." ანუ ავტორი აქ ლიტერატურულ პერსონაჟთა გარკვეულ ქმედებებს სახავს მიჯნად და განმსაზღვრელად ცნობილი მოვლენებისა და საერთოდაც, შესავლის ზოგად ინტონაციასაც თუ გავითვალისწინებთ, ხელში რაღაც ქადაგებისმაგვარი ოპუსი შეგვრჩება.
შესავლის ბოლოს, ქალბატონი ლალი აღნიშნავს: "ერაზმუსს სწავლობენ, მის შესახებ იწერება და იბეჭდება მეცნიერული სტატიები, მონოგრაფიები. ყურადღებას იმსახურებს მისი ბიოგრაფია, მისი სტილი, მისი ლათინურის დახვეწილობა, მისი შეუდარებელი იუმორი, მისი სამშვიდობო მოწოდებები, ერაზმუსი და რეფორმაცია, მისი ურთიერთობა დოქტორ ლუთერთან, ანტიკური სამყაროს რემინისცენციები მის შემოქმედებაში და ა.შ. მისი სულიერი იდეალები კი ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს. ერთი სიტყვით, იგი აქციეს წარსულის რელიქვიად. კულტურის ისტორიაში კი ერაზმუსი ძირითადად ერთი წიგნის - "სისულელის ქების" ავტორად მოსჩანს." არადა ასე ნამდვილად არაა, უფრო პირიქით, ერაზმუსის ყველა სერიოზული მკვლევარი რატომღაც ნაკლებ ყურადღებას აქცევს ამ ტექსტს. მათ, როგორც წესი, ერაზმუსის სხვა წიგნები აინტერესებთ ხოლმე. ხოლო რაც შეეხება ფრაზას, "მისი სულიერი იდეალები კი ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს", აქ აშკარად ინფორმაციულ სიმწირესთან გვაქვს საქმე. ნებისმიერი რჩეული ბიბლიოგრაფიის გადათვალიერება საკმარისი აღმოჩნდება, რათა მივხვდეთ, რომ ერაზმუსის შესახებ დაწერილ წიგნებში სწორედ ეს თემატიკა ჭარბობს, დილთაიდან და ტრელჩიდან დაწყებული - მარგოლენითა და კოლსით დამთავრებული.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია მოვიაზროთ "სისულელის ქება" იმ უზარმაზარი კონტექსტის გარეშე, რომელიც ანტიკურობიდან იღებს სათავეს, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს ტექსტის საზიანოდ, რადგანაც ქალბატონი ლალის შესავალ წერილში სულ სხვა პათოსია წამყვანი, სხვა დისკურსის ხმა ისმის, რომელიც, როგორც თავად ერაზმუსი იტყოდა, ამ შემთხვევაში, "არც ცას შეეხება და არც მიწას".

"ტელოს"

ეს სიტყვა ძველბერძნულად დასასრულს ნიშნავს, ამ სიტყვით მთავრდება "სისულელის ქება" და მეც იძულებული ვხდები დროებით დავემშვიდობო მის ავტორს და დავხურო წიგნი, გვერდზე გადავდო, მაგრამ იმ იმედით, რომ ასეთ მკაფიო დასასრულს სხვა, ახალი დასაწყისები მოჰყვება. ჩვენს გულისყურიან მკითხველსაც ამ იმედით დავემშვიდობები და ერაზმუსის პერიფრაზით დავამთავრებ წერილს - მაშ ჯანმრთელად ბრძანდებოდე, იცოცხლე, იხარე და ილხინე ლიტერატურის დიდებულო, ღირსეულო მრევლო.

© “წიგნები – 24 საათი”