Sunday, August 31, 2008

გია არგანაშვილი

აქა ამბავი ქაქუცელებისა



ივანე ლიქოკელი, “ხევსურები და ქაქუცა”. თბ. “არტანუჯი”, 2006.



1922 წელს ხევსურებმა საბჭოთა ხელისუფლებას ომი გამოუცხადეს.
ასეთ ცნობას ისტორიის ვერც ერთ სახელმძღვანელოში ვერ შეხვდებით, რადგან დღემდე 1922 წლის ზაფხულში ხევსურეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმიც მონაწილეობდა, აჯანყების სახელით ვიცნობდით.
რა თქმა უნდა, საუბარია ერთსა და იმავე მოვლენაზე, ივანე ლიქოკელის წიგნი “ხევსურები და ქაქუცა” კი მხოლოდ ცდაა ამ ისტორიული მოვლენის რაობის, ფორმისა და შინარსის გარკვევისა.
ომია და ომი იყოს. შესაძლოა ასეთი განმარტება უფრო მისაღებია ისტორიული მეცნიერების მკვლევართათვის, ხოლო ჩვეულებრივი მკითხველისათვის ამას გადმწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ის კმაყოფილი დარჩება, რაც ადრე ყურმოკვრით, ზეპირგადმოცემით იცოდა, კიდევ გამდიდრდება ახალ-ახალი მასლებით და მოვლენათა სრული, შეულამაზებელი სურათი აღდგება.
წინასიტყვაში ავტორი დაგვპირდა, რომ არ გაიმეორებდა სხვადასხვა მემუარებში გამოქვეყნებულ მასალებს, აჯანყების მონაწილეთა მონათხრობით, ზეპირგადმოცემაზე დაყრდნობით ახალი ფაქტებით გაამდიდრებდა მთელი ამ მოძრაობის ისტორიას და ადგილობრივი გარემოს, ხევსურთა წეს-ჩვეულებების სათანადო ცოდნით გამოკვლევას ობიექტური ისტორიის სახელს შესძენდა.
ასეთი პირობა ამ ოციოდე წლის წინ სრულიად საკმარისი იქნებოდა მკითხველის ნდობის მოსაპოვებლად, მაგრამ დღევანდელმა სამწუხარო გამოცდილებამ მას უნდობლობა გაუმძაფრა ისტორიული ტექსტების მიმართ. ასე ადვილად აღარც ზეპირი გადმოცემებისა სჯერა და არც მოვლენების გაპოეტურების ცდა ხიბლავს, მან იცის, რომ წარსულის დავიწყება ან გაიდიალება ფასეულობათა აღრევას იწვევს და ამისთვის უანგარიშოდ არავინ ირჯება.
ასეთ მკაცრ რეალობაში მოუწევს ამ წიგნს მკითხველთან შეხვედრა, მე კი გულწრფელად ვუსურვებ მას წარმატებას, რადგან ავტორს წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი უმუშავია, კვლევა კი ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს -- ხევსურეთის აჯანყებას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნებას ეხება.
ხევსურეთის აჯანყება 1921-24 წლებში ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი ათეული წელია იმ მოვლენების კვლევა მიმდინარეობს, ჯერ კიდევ ბევრი რამ ბურუსითაა მოცული, ამის მიზეზი კი ისაა, რომ კვლევა კონკრეტული დროით იზღუდება და არ ხდება თემის სრულყოფილი განხილვა, რომელიც მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფორმატშია შესაძლებელი. დასაწერია ვრცელი ისტორიული მიმოხილვა 1801 წლიდან მოყოლებული, ვიდრე 1989 წლის აპრილამდე და კიდევ აქეთ, რომელიც ალბათ მომავალში დაიწერება. ამისთვის კი მომავალ ისტორიკოსს ხელთ სწორედ ასეთი დოკუმენტური მასალა უნდა ჰქონდეს, რომ საკითხის განხილვა გაუადვილდეს.
შეუძლებელია ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის გამიჯვნა ხევსურეთის აჯანყებისგან, თუმცა, ეს ორი სრულიად დამოუკიდებელი მოვლენაა, ერთ შემთხვევაში თუ ავსებენ ერთმანერთს, მეორე შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდიან და ავტორს უხდება მტკიცება, რომ ხევსურეთის აჯანყება მაინც დაიწყებოდა ჩოლოყაშვილის რაზმი რომ არ შესულიყო ხევსურეთში და შეფიცულთა მიერ ხევსურეთის დატოვება ობიექტური მიზეზებით იყო ნაკარნახევი.
ირკვევა, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნების ირგვლივ კითხვები მაინც არსებობს, თუმცა ჩვენი ცხოვრების უცნაურობა ისაა, რომ ამ კითხვების დასმას საზოგადოებიდან შეიძლება ისეთივე მძაფრი რეაქცია მოჰყვეს, როგორსაც ათწლეულების მანძილზე მისი სახელის ხსენება იწვევდა.
ასეთია ამ დატანჯული კაცის ბედისწერა, ბრწყინვალე არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელს, დაუდგრომელი ხასიათის გამო შინაურებმა მეტსახელად ქაქუცა რომ დარქვეს. ამ სახელით, თუნდაც კავალერიის პოლკოვნიკი მატანსაც ვერ უნდა გაცდენოდა, მაგრამ სხვანაირად ინება განგებამ, სწორედ ამ სახელით და ეროვნული გმირის მანტიით 2006 წელს ხალხმა მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პატივით მიაბარა მშობლიურ მიწას. პირველად 90-იან წლებში გაცხადდა მისი სახელი, როცა ეროვნული მოძრაობის მესვეურებმა თავდადებულთა გალერეაში ცარიელი ჩარჩოების შევსება მოიწადინეს, თუმცა მაშინ ის ჯერ კიდევ რიგითი თავგანწირული იყო, შემდგომმა თაობამ უფრო ზევით, მთაწმინდაზე მაღლა ასწია მისი სახელი და თავიანთ სულიერ წინაპრად გამოაცხადა.
წიგნში ადგილი ეთმობა აჯანყების მონაწილე, ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის მიხა ხელაშვილის პიროვნებასაც. მისი ლექსები ქრონოლოგიურად მიჰყვება მოვლენებს, თუმცა ამ თემაზე რამდენიმე ლექსი და მათ შორის, ეს ცნობილი სტრიქონებიც: “ერთი შეცდომა დავუშვი, გამოვყევ ქაქუცელებსა...” დამაკლდა თვალში...
წიგნს უხდება იშვიათი ღირებულების შავ-თეთრი ფოტოები და ფერადი ხევსურული დიალექტი: “…... ტყვიის წვიმაში შემკრთალ არვის უნახავ ის-ი, სიკვდილს ქვე არას ჩაგიხედევდ... ცხენზე ჯდომა რახელ-იცოდის, ქვეთას გვერდზეით მაევლის აი უნაგირს უზანგაის უხმარად... ქვე რახე შეშპრობა-თამაშობა იცოდა იმან, აი ფეხთ რო ცეცხლი ეკიდის, ჩოხის კალთან ქვე არ იძროდიან...” და ასე დაუსრულებლად, გმირის სახეს დანატრებული ხევსურები ფარდაგებს აქსოვენ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს სახელს.
ხევსურეთს ხომ ყოველთვის მითებით ჰყავდა განებივრებული დანარჩენი საქართველო, ჰოდა, ამჯერადაც მითიურ გარემოს ქმნიან ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის პორტრეტისათვის. მალე აქ, ფიც-ვერცხლით შეკრულ და ღვთიური ფიცით შედუღაბებული რაზმის, ღვთით მოცემულ და დამტკიცებულ, გაბელადებულ პოლკოვნიკს ისეთ საგმირო ლექსს გამოუთქვამენ, რომ როგორც ბესიკ ხარანაული ამბობს, ჰომეროსის მუზაც დაიმორცხვებს მის წინაშე...
ამიტომ სჯობს, ისევ ხევსურთა გმირულ პანთეონში დარჩეს მისი სახელი, რომ ისტორიკოსთა განმაქიქებელი სიტყვა ვერასოდეს მისწვდეს.


© “ცხელი შოკოლადი”

ბექა ქურხული

გადაღმა


სოფლის ბოლოში ისროლეს.
ახალი ჩამოსული იყო.
სახლი ცივი და ცარიელი დახვდა.
დედა თბილისში წამოსულიყო. დააგვიანდა.
შუა ოთახში იდგა. რაღაცა მაგრად გაუხარდა. სამზარეულოში შევიდა. ტაფაში როდინდელი შემწვარი კარტოფილი იყო ჩარჩენილი. გიო მობრუნდა. ჩანთა გახსნა. შოთი პური ჩამტვრეულიყო. ერთი ნატეხი ამოიღო. მერე უკანვე ჩადო. ფანჯარაში შიშველი ალვის ხეები ჩანდნენ. ისე იდგნენ, თითქოს მის ტოტებზე ჩამომხრჩვალი ხალხი ახლახან ჩამოეხსნათ.
რომც არ ჩამოეხსნათ, რაა რო?
რა ვი ერთი... წლების წინ ნანახი სიზმრები ახსენდებოდა. თან სრულიად მოულოდნელად და უცნაური სიცხადით. თითქოს ვიღაც ახვარი სარკით მზის სხივებს იჭერდა და პირდაპირ თვალებში აჭყეტავდა.
უხსენებდნენ ძველი გადაბარებული თავანივით.
ისევ ისროლეს. ცალად ისროდნენ, თითქოს წარსულიდან, ახლა ასე აღარ ისვრიან.
აივანზე გამოვიდა.
მეზობელი შეშას ჭრიდა. ჩუმად წაუსტვინა. მეზობელმა მოიხედა, ცოტა ხანს უაზროდ უყურა, მერე თვალები გაუბრწყინდა, ნაჯახი კუნძზე დაარჭო, ხელი აუწია და გაუღიმა.
- სადა ხარ ბიჭო დაკარგული?
- რა ვი, საქმე, უბედურება.
- დღეს ჩამოხველ?
- ჰო.
- გადმო საღამოს.
თავი დაუქნია. გადავიდოდა, მა რას იზამდა, უყვარდა ლოთებთან სმა. ჯიგრები არიან. ეს მით უმეტეს ჯიგარი ბიჭი იყო. მონადირე, დღე და მოსწრება ტყეში აქვს გატარებული, საცხენის ხრამს მაგის მეტი ვერავინ ახტებოდა, ყოჩაღი, ხოშიანი ბიჭი იყო. მერე გალოთდა, ახლაც ხოშიანი ბიჭია, უბრალოდ, სანადიროდ აღარ დადის.
- გაიგე?.. – და ცას ახედა. – არ დაიკარგო.
- ჰო, ღვინო გააქ?
- იშოება. კარგი პური და ყველი მაქ და შეჭანგებული ღვინო.
მოენატრა აქაურობა. შეჭანგებული ზაფხულის ღვინოც, ფრთასავით რო გაკრავს სიმჟავე, მაგრამ დალევა არ უნდოდა...
არც არასოდეს უნდებოდა.
ცივი სახლი ნელა, ძნელად თბებოდა. შეშაც ცოტა იყო. ასანთის ღერებიც უთავდებოდა. ისევ შუა ოთახში იდგა. ცარიელ კედლებს შეჰხედა. შავი ტუშით იყო წაწერილი მაგარი სენტენციები, რომლებსაც ბებიამისი უწერდა ბავშვობიდან, კაი ტიპი რომ გამოსულიყო: "სილბო გქონდეს ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა"... და ეგეთი რამეები, კირკეგორი და ამბავი.
"რა ბედნიერები იყვნენ ტო, ბებიაჩემიც კი... რა თავისუფლად უყურებდნენ და რამდენად იოლი ეგონათ ყველაფერი". – გაიფიქრა და გაეცინა. "ე, ბებო, მანდ რომ მიხვედი, მაშინ მაინც გითხრეს, სად რა და როგორ?.. რო ცხოვრება სავსეა ჭეშმარიტებებით და სკანდინავიურ ბურუსში მობორიალე კირკეგორის გარეშეც ცხადზე ცხადია ყველაფერი". მერე წარწერებს თვალი ჩაუკრა და მიტოვებული ოთახები დაიარა.
სამარადიოროდ შემოსული მარბიელი ჯარისკაცის არხეინი და მსუბუქი, რაღაცნაირი მოწყვეტილი ნაბიჯებით დაალაჯებდა, რომელმაც გრძელი და სახიფათო გზა გამოიარა, მდიდარი დავლისა და ალაფის მოლოდინში, მაგრამ შეცდომით საკუთარ სახლში ამოყო თავი. გულიც არ დასწყვეტია. ყოველ წამს შეეძლო, კარი გაეხურა და გზა გაეგრძელებინა.
არც არსად ეჩქარებოდა. პატარა ოთახში შევიდა და წიგნი გადმოიღო.
სავარძელში ჩაჯდა. ფეხები ფანჯრის რაფაზე შემოაწყო და კითხვა დაიწყო. დროდადრო თავის ტალახიან ბათინკებს შეავლებდა თვალს, და ისევ აგრძელებდა კითხვას. ციოდა. ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი და მარტო ფურცლის გადაშლისას იღებდა.
მიშკინი ეპანჩინების გოგოებს აბამდა. სისულელეებს ლაპარაკობდა, მაგრამ ის ბებერი ეპილეპტიკი ესარჩლებოდა.
"ვსე ანი ბილი როსლიე, გრუდასტიე ი კრასივიე". სამივე ერთად მოუნდა. მაგრამ მიშკინს მაგარი კაცი აძლევდა მასტს და ყველაფერი მას რჩებოდა: ეპანჩინების ქალები ამას მოუტეხა და რაგოჟინს – მგელს – ნასტასია ფილიპოვნა. ეგრეა, მგლობა იდიოტობასთან რას მოვა, მგელი სუ შუაზე გახეული რჩება. მანამდე კი დაშლიგინებს უღრანი ტყის ნაგლეჯ-ნაგლეჯ მიმობნეულ თოვლში უჩინარი და თავისთვის მოფიქრალი.
ყოველდღე ელის დღის დასასრულს და იმ დღის დაწყებას, რომელსაც ნადავლი მოჰყვება, მაგრამ ნადავლიც ნადირია, ასწრებს და ისევ აქეთ-იქით აწყდება მუცელგალასტული. გააფთრებისაგან მიწის ჭამას იწყებს. მიწას ჩასაფრება და ლოდინი არ სჭირდება, აქვეა, შენს ფეხქვეშ.
მერე ამდენ წოწიალში ხაფანგს გადაეყრება და ღრუბელს შეფარებული მთვარის ქვეშ მოიღრღნის საკუთარ თათს, თან ცალ თვალს ისევ არ მოაშორებს ნადავლის ნაკვალევს, რომ შემორჩენილი სამი თათით უკანასკნელი ნახტომი მოჭიმოს.
არ შეიძლება ეგრე, მა რა, ეგ ყველამ იცის, იდიოტებმაც, მგლებმაც და ისე ხალხმაც.
ღუმელი გახურდა და ცოტა დათბა. იჯდა, კითხულობდა და აპარსულ კეფაზე ისვამდა ხელს.
აქ წამოსვლამდე, თბილისში თმა შეიჭრა. გვერდითა სკამთან ერთი სომეხი პარიკმახერი გადაბრუნდა და მოკვდა. ხალხი მიეხვია. ვიღაცამ წნევის გაზომვა დაუწყო, მაგრამ უკვე გათანგული იყო. უცებ დამძიმდა და გაქრა, თითქოს თავისი ბარგი სხვას დაუტოვა გადასატანად.
გაქრა.
მისმა პარიკმახერმა თმის შეჭრა გააგრძელა, თან უყვებოდა, რა კარგი კაცი იყო და რა მურტალი ბედი ჰქონდა. – "ამის გოგო ვიღაც აფერისტმა რუსეთში წაიყვანა, მთელი ფული შეუჭამა, იქ გალოთდა და გოგო უკან გამოაბრუნა. ეგრე დაუნგრია ოჯახი. კაცმაც, ამ უბედურმა, ინერვიულა და აჰა, აღარ არი, რა ცუდი დრო მოვიდა"...
აღარ უსმენდა, არც თავიდან უსმენდა, უბრალოდ, ესმოდა. გამოსვლისას მაინც დახვდა კორიდორში დასვენებული. ნაცრისფერი იყო, ზუსტად თავისი ხალათის ფერი. ზედა ტუჩი ასწეოდა და ყვითელი კბილები გამხელილი ცოდვასავით უჩანდა.
გზაშივე დაავიწყდა ეს ამბავი. ახლა კეფა რომ მოიფხანა, იმან გაახსენა.
"სხვაგან რომ ვიყო და სხვა რამეს რომ ვაკეთებდე, გამახსენდებოდა? საერთოდ რაზე ვიფიქრებდი ახლა, სხვაგან რომ ვიყო?.. კაროჩე, მე მიშკინზე იდიოტი ვარ". – გაიფიქრა და ისევ საკუთარ ბათინკებს გახედა. ბათინკებს ტალახი ნაცრისფრად ახმებოდა.
კითხვა განაგრძო. წიგნის ფურცლები სავსე იყო სიტყვებით, რომელსაც ჯიუტად წერდა ვიღაცა.
კითხულობდა. მერე დაბნელდა. საღამოს ბინდმა ძმაკაცივით მოაკითხა. ეზოში მდგარი ხეებიც სიბნელეს აფრქვევდნენ, მყუდროდ ღამდებოდა. მობეზრდა მიშკინის ჭიჭყინი. ამათი გულისთვის ლამფის ანთება ნამდვილად არ ღირდა.
ადგა, დიდ, ნახევრად გახსნილ შავ ჩანთას გადმოაბიჯა და გარეთ გამოვიდა.
ცოტა ხანს აივანზე იდგა. მეზობლის სახლში ლამფა აენთოთ და ჭურჭლის ჩხრიალი ისმოდა.
ჭიშკრიდან მოვლა დაეზარა. ღობეს გადაახტა და მეზობლის ტალახიან ეზოში ჩაჭყაპუნდა.
მეზობელმა სათონიდან გამოყო თავი.
- მოხველ?.. ეგე მაქედან ხახვი გამოაყოლე.
ბნელოდა. ერთმანეთს ვერ არჩევდნენ.
და სუ ფეხებზე ეკიდათ, თუ არც გათენდებოდა.

1998 წელი



მაღლა მიწაში


მდინარის პირას წითელი ფორდი იდგა. კოლხეთის დაბლობს ცა ზევიდან გადმოსწოლოდა. ჰაერი დახუთული იყო. მანქანასთან ხუთი კაცი ჩაცუცქულიყო. ორი ორმოც-ორმოცდახუთ წლამდე, ერთი ოცდაცხრა და ორიც – ოცი-ოცდაორი წლისები.
პლანს აკეთებდნენ...
მზე მთელ ცაზე გაშლილ ღრუბლებში იხლართებოდა.
- არ იცი ეგა ტო? – ყვებოდა გობია, თან ხელის გულზე პლანს იფშვნიდა ცერა თითით. – თავისი მოწყობილობით რამე, ეგრე ახდი ყუთს, ამოიღებ, იწევა რა, მამენტ შეგიძლია გადაყლაპო – "კალიოსას" პონტში.
- ეგრე ყველაფერი იწევა, ჰაშიშიც, ოპიუმიც და რა ვი ტო – ბაგომ სიგარასავით მსხვილად გადაახვია ქაღალდი და შიგ პლანის ჩაყრა დაიწყო.
- რას შვრები, დაგვბრიდავს – შეიცხადა ერთ-ერთმა.
გობიამ და ბაგომ ერთმანეთს ღიმილით გადახედეს.
- მერე? – ჰკითხა ბაგომ.
- რა მერე? – გობიამ.
- როგორი იყო ისა, ყუთს რო გახსნიდი...
- ჰო... გახსნიდი, ამოიღებდი, შუშის პონტი იყო. ჩილიმივით, ოღონდ სხვანაირი და პატარა. მოსაწევი იყო, მაგრამ თუ გინდოდა, გაიკეთებდი. კაროჩე, გაკეთებაც შეიძლებოდა, მოწევაც.
პირველი მასტერკა ჩამოტარდა.
როგორც იქნა, ნიავი დაიძრა.
ბაგომ ღრმა ნაფაზი დაარტყა, ბოლი ფილტვებში გაიჩერა, მკლავები გამოშალა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიძახა:
- როგორი იყო?
- უბედური. – თქვა გობიამ – უბედურება იყო. ლენინგრადში ვიყავით მე და ქოშინა. თითოს ოც-ოცი ათასი შეგვხვდა. რა უნდა გვექნა ამდენი ფულისთვის?.. კომუნისტების დროს ოცი ათასი მაყუთად ითვლებოდა...
- როგორი კაიფი ჰქონდა? – ისევ იკითხა ბაგომ.
- სუფთა ჰალუცინაცია... კაროჩე, რაც მოგინდებოდა, იმას დაინახავდი და რაც გაგისწორდებოდა, იმას იგრძნობდი...
- კაი, ბოიშვილი ვიყო. – ბაგომ უცბად გააჭყიტა მილულული თვალები: - რაც მოგინდებოდა? სამოთხე განა სხვა რამეა ტო...
- არა. – გობიამ თავი გადაიქნია. – მერე ცუდი იწყებოდა, პატარავდებოდი.
- მაიცაა...
- ბოიშვილი ვიყო, ქოშინა ტიროდა, ეგეთი ვახტანგა ძიას – მამაჩემს რა – ვახტანგა ძიას ეგეთი როგორ ჩავუყვანოო ტო, ეგეთი დაპატარავებულიო.
- მაგრა? – ჰკითხა ბაგიამ.
კასიაკიც წამოვიდა.
- რა მაგრა? – ჰკითხა ბაგიამ, ხველას რომ მორჩა.
- მაგრა დაპატარავდი?
- მაგრა ტოო, დავპატარავდი, დავპატარავდი, აი ეგრე, თაგვისხელა გავხდი, ქოშინა გაგიჟდა, რაღა ვქნაო. მერე სული ამომივიდა, დავინახე, როგორ ამომივიდა სული, ფანჯრიდან გაფრინდა და ნევას აჰყვა, აეგრე აიფრიალა შხუილით.
- დაბრედილხარ რა – თქვა ოცდაცხრა წლისამ.
- არა – თავი გადააქნია გობიამ. აზრზე ვიყავი, პროსტო დავპატარავდი და სული აღარ მქონდა. მაგრა გამიტყდა, რო დავბრედილიყავი, შეიძლება ეგრე არ გამტყდომოდა. იჯდა ქოშინა, ტიროდა. მერე სული უკან მოფრინდა და ისევ გავიზარდე.
- ისევ ფანჯრიდან შემოფრინდა?
გობიამ მხრები აიჩეჩა. ნაფაზი დაარტყა. ამოისუნთქა და თქვა:
- საიდანღაც მოფრინდა. გავიზარდე. ახლა უბრალოდ მაგარ კაიფში ვიყავი...
"Бог создал вора, а черт прокурора" – უბერავდა მაგნიტოფონში ვიღაც ახალგაზრდა ურკა.
- მაგარ კაიფში ვიყავი, მოვკიდე ქოშინას ხელი და გარეთ გამოვედი. ზამთარი იყო, თოვლი, ქარი უბერავდა, ყინვა, "Метель" რამე... შიშველ ტანზე ერთი საროჩკა ბოლომდე ჩახსნილი, ამ საროჩკაზე პირდაპირ დუბლიონკა, ისიც ბოლომდე ჩახსნილი და ეგრე გიჟივით... წავედით ფეხით, მანქანაში ვერ ვჯდებოდი, მეთქი არ დავდნე. ვიარეთ ფეხით, ნევის პროსპექტზე ერთ ადგილას ტაქსების სტაიანკა იყო, პუტანკები იკრიბებოდნენ. ისხდნენ მანქანებში, მიხვიდოდი, ორმოცდაათ მანეთს გადაიხდიდი და მთელი ღამით წაიყვანდი. თან მაგარი ქალები...
- აბა, ახლა გადაიხდი მაყუთს და თან წამზომს გირთავენ, ამათი სუტენიორი დედაც... – ბაგო თვალდახუჭული ბაზრობდა.
- არა ტო, კომუნისტების დროს, რას ლაპარაკობ... თან ვევასებოდით.
- ე, კი ტო...
- მაგრა, ძაან, ახლა ამათ "პაკალენიას" ჭკუაში არ მოსდით ეგ ბაზარი, რას ვევასებით, გვბრიდავენო, მაგრამ მართლა ეგრე იყო, თქვენ ქართველებს სხვანაირი შიკი გაქვთო, ტო, თან ხო "გალავერეზები" ხართ, მაგრამ თან სხვანაირი კეთილებიო.
- თუ კეთილ...
- ჰო რა, ორივე, ორივენაირები ხართო და ეგ ევასებოდათ.
- მივედი, ქალი დავითრიე, ვუთხარი: აჰა, შენ სიმონ ასი მანეთი და შენი არაფერი მინდა, მარტო მეთქი მთელი ღამე მელაპარაკე. თან მეთქი კაის გაჭმევ და გასმევ. ევასებათ ჭამა-სმა. წამოვიდა კუნტრუშით. ეს ქალიც ფეხით ვატარე. იარა ხოშიანად, სუფთა ჰაერიაო. ქოშინა უფრო ვეღარ მოდიოდა, გაიყინა. მერე ერთი შენიცო და სადღაც შეძვრა.
ვისხედით მე და ის ქალი მთელი ღამე კაი ბრატებივით. ის არაყს სვამდა, მე ჩაის. მაგარი ჩაი მომითუხთუხა, მაგარი, "პაჩტი" ჩეფირი რა, მე ეგრე გემრიელად ჩაი არ მისვია. და ვიბაზრეთ და ვიბაზრეთ მთელი ღამე.
- მართლა არაფერი ტო?...
- არა, დილით ჰო, მეთქი არ გაუტყდეს, კაი გოგო იყო, რაზე მეწყენინებინა. ძაან ჯიგრულად ვიბაზრეთ რა და სხვანაირად გამეპრანჭა, ვიფიქრე, გული არ დაწყდეს, რა ვი, ცოდოა...
- ან არ ეფიქრა, ტიპი ვერ არიო... – თქვა ყველაზე პატარამ. თვალებდაჭყეტილი იჯდა და ისეთ კაიფში იყო, ტუჩები ეფანტებოდა.
გობიამ და ბაგომ ისევ ღიმილით გადახედეს ერთმანეთს.
ბაგომ ცას ახედა.
- ე, ნახე რას შვრება!..
ცა და მიწა ცუდად მიუახლოვდა ერთმანეთს.
მანქანაში ჩასხდნენ, რო არ გაჭყლეტილიყვნენ.
"С собаками жить по собачьи лаять",
გმინავდა ნოგოვიცინი. მერე უცებ ამოიხრიალა:
"Но я волк..."
- წამო, სასაფლაოზე გავიდეთ, ბიჭები ვნახოთ. – თქვა ბაგომ.
გობიამ მანქანა დაქოქა.
დაღამდა:
...И буду по волчьи выть!
ანთებულმა ფარებმა სიბნელე გაჭრა.
შუქის ორი სვეტი უხმოდ მისრიალებდა სასაფლაოსკენ.

2004 წ. 25 აგვისტო

© “წიგნები – 24 საათი”

ახალი წიგნები (აგვისტო-სექტემბერი, 2007)

ოთარ ჭილაძე, ”ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (რომანი). მეოთხე გამოცემა. თბ. ”არეტე”, 2007.

ნეტავ, რა სჭირს ადამიანს? ან რა შეაყოლა ღმერთმა ტალახს ასეთი მოურჩენელი? - კითხვები, რომელთა პასუხადაც სქელტანიანი რომანები იწერება, ფერწერული ტილოები იხატება, მუსიკალური ბგერების ჰარმონია იქმნება. მართალია, შეკითხვა დღემდე პასუხგაუცემელია, მაგრამ, სამაგიეროდ, გვრჩება შედევრები, რომლებიც სამუდამოდ გვამახსოვრებენ თავს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ოთარ ჭილაძის “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” - რომანი მოურჩენელი პერსონაჟებით, განუკურნებელი სახეებით, ყველა დროისა და თაობის საყვარელი მწერლის წიგნი. რომანის ახალი გამოცემა ერთგულ მკითხველს კიდევ ერთხელ გაახსენებს დაუვიწყარ პერსონაჟებს, მათ კი, ვინც წიგნს აწი უნდა გაეცნონ, წინ პირველად წაკითხვის დიდი სიამოვნება ელით.


აკა მორჩილაძე ”ძველი გულებისა და ხმლისა” (რომანი) თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007.


ბადუნა ფანველი ციხიდან გამოდის - რა ესაქმებოდა იქ, ან მერე რატომღა გაათავისუფლეს - დანამდვილებით კაციშვილმა არ იცის... არც იმის ამხსნელ-განმმარტებელია ვინმე, გამუდმებით რატომ იკარგება ბადუნას მუნჯი და ჭკუანაკლული უმცროსი ძმა თედია, რატომ მიიწევს ზღვისკენ... ან კიდევ სად გაქრა ბიჭების დედა, მიწამ ჩაყლაპა თუ ქარმა გაიტაცა... გმირების ტრაგიკული ისტორია, რომელსაც ფონად რუსეთ-თურქეთის ომი გასდევს, მწერლის ახალი რომანის სიუჟეტად იქცა. წიგნი ნამდვილი სიურპრიზია აკა მორჩილაძის პროზის მოყვარულთათვის, ხოლო მათ კი, ვინც აკას ჯერ არ იცნობს, ეს სევდიანი და საინტერესო ისტორია მისი სხვა ნაწარმოებების წაკითხვას მოანდომებს.


გრიგოლ აბაშიძე ”100 ლექსი”; ლექსები; შემდგენელი დავით აბაშიძე; თბ. ”ინტელექტი”, 2007.


ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხანდახან შავ ზღვაზე თეთრი ლექსები იწერება, ნურც ის მოგეჩვენებათ უცნაურად, თუ საქართველოს დაუძინებელი მტრები ლამაზი ლექსების მუზები ხდებიან, და არც იმან გაგაოცოთ, როცა საუკუნეებით დადუმებული აკლდამებისგან ვინმე ყურადღებას ითხოვს - პოეტებს რას გაუგებ... გრიგოლ აბაშიძის “100 ლექსი” კიდევ ერთხელ გაახსენებს პოეზიის მოყვარულებს ნაცნობ რითმებს, საყვარელ ტექსტებს, სტროფებს, რომლებიც ზეპირად იცოდნენ... ქართველი მკითხველის ის ნაწილი კი, რომელიც გრიგოლ აბაშიძეს მეტწილად მისი ისტორიული რომანებით (”ლაშარელა”, ”თეთრი ღამე”) იცნობს, მწერალს ახალ, განსხვავებულ ჟანრში იხილავს.


კამილო ხოსე სელა, ”პასკუალე დუარტეს ოჯახი” (რომანი). მთარგმნელი ლამარა თურმანიძე. თბ. ”ინტელექტი”, 2007.


გაუგონარი სისასტიკე, დაუნდობელი მკვლელობების სერია, სასიკვდილო განაჩენი, უპრინციპო ძალადობა, სისხლი - ნაკადებად, და ეს ყველაფერი ერთ რომანში თავმოყრილი, ერთი შავბნელი ადამიანის თავგადასავლად შეკრული. ესპანელი ავტორის, კამილო ხოსე სელას პირველი რომანი არგენტინაში გამოიცა (1942) - ესპანეთი შოკში ჩააგდო ნატურალიზმის ასეთმა ფორმამ და ამხელა დოზამ. თუმცა, მალე ესპანელმა მწერალმა არა მარტო სამშობლოში, მსოფლიო ლიტერატურაშიც მოიპოვა აღიარება და 1989 წელს ნობელის პრემიაც მიიღო. წიგნში ”პასკუალე დუარტეს ოჯახის” გარდა მისი რამდენიმე მოთხრობაცაა შესული.


ჯემალ ქარჩხაძე, მაკა მიქელაძე, ”ბერძნულ-რომაული მითები და მათთან დაკავშირებული ფრთიანი გამოთქმები”. ილუსტრატორი ნინო ჩაკვეტაძე, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, თბ. 2007.


სიტყვები, რომლებიც ხშირად ესმის თქვენს პატარებს, ფრაზები, რომლებსაც ბევრჯერ გადაყრიხართ ბავშვებთან ერთად წიგნების კითხვისას, ან კიდევ ტელევიზორის ეკრანებთან მიმსხდრებს გაუგონიათ სხვადასხვა მყარი შესიტყვებები და მერე არაერთხელ დაუყენებიხართ პატარა ონავრებს იმ სირთულის წინაშე, აგეხსნათ მათს ენაზე, რას ნიშნავს ”სიზიფეს ქვა”, ”არიადნას გორგალი”, ტროას ცხენი”... ახალი წიგნი კი ერთგვარი სახალისო მასწავლებელია; ბერძნულ-რომაული მითოლოგიის პერსონაჟების ზღაპრად მოყოლილი თავგადასავლები, მათთან დაკავშირებული ხატოვანი გამოთქმები და განმარტებები პატარებს სამყაროს აღქმას გაუადვილებს და შეამზადებს მათ სამომავლოდ უფრო დიდი და ღრმა ცოდნის მისაღებად.


ლორან გოდე, ”სკორტების მზე” (რომანი). მთარგმნელი ნინო ახვლედიანი. თბ. ”აგორა”, 2007.


გამარჯვებისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ უფრო ხშირად აგებდა. უნდოდა გმირი ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ დამნაშავე და ანტიგმირი გახდა. ოცნებობდა, ლამაზი ცხოვრება ჰქონოდა, მაგრამ 15 წელი ციხეში გაატარა. და ყველა ამ მარცხის, წარუმატებლობის მიუხედავად, მაინც არ წყვეტდა გამარჯვებაზე ფიქრს და ბედნიერებისკენ სწრაფვას. შინ დაბრუნებულს კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედები - საყვარელმა ქალმა აჩუქა შვილი, რომელსაც ზუსტად იგივე ბედი ეწია, რაც მამამისს - სკორტების კლანის მორიგი წარმომადგენელი გახდა და ვერ ასცდა წინა თაობის წყევლას, ყოფილიყო ”უცხო თავისიანებს შორის”. როგორია მანკიერი ადამიანის ბედი, რომელიც გამუდმებით ცდილობს, გააღწიოს სიბნელიდან, მაგრამ საბოლოოდ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს... რომანისათვის ”სკორტერების მზე” ლორან გოდეს გონკურის პრემია მიენიჭა და წიგნი მსოფლიოს 34 ენაზე ითარგმნა.


© “ცხელი შოკოლადი”

Saturday, August 30, 2008

ოლდოს ჰაქსლი



ფერუმარილი



ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან მახათაძემ



უკვე თითქმის ორმოც წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა ეს აყალმაყალი. დერეფნის ბოლოდან ყრუ და გაურკვეველი ხმები გამოდიოდა. ხელსაქმეზე დახრილ სოფის ეს ამბავი დიდად კი არ ანაღვლებდა, მაგრამ დროდადრო მაინც მიუგდებდა ხოლმე ყურს ამ ალიაქოთს. უმეტესად ქალის ყვირილი არღვევდა მყუდროებას. ჭირვეულობისაგან გაჟინიანებულ და ცრემლნარევი აღშფოთებით სავსე მის ხმას სულ უფრო და უფრო ემატებოდა გააფთრება და სიანჩხლე. ბატონი კი შედარებით თავდაჭერილი იყო და ამიტომ მისი მკერდისმიერი, დაბალი ხმა არც თუ ისე იოლად სწვდებოდა დაკეტილ კარსა და დერეფანს. ეს დაკა-დაკა სოფის პატარა, ცივ ოთახამდე აღწევდა და ქალს ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს ქალბატონის მონოლოგებს ისმენდა, რასაც ზოგჯერ უცნაური, ავის მომასწავებელი დუმილი ცვლიდა. მაგრამ თანდათან აშკარა შეიქნა, რომ ბატონს მოთმინების ძაფი უწყდებოდა და ახლა უკვე ქალბატონის თითოეულ გამოხტომას დუმილით კი არა, სასტიკი, შეუბრალებელი, ბრაზიანი ყვირილით ეპასუხებოდა. ქალბატონის დაუოკებელი მძვინვარება კი არა და არ ცხრებოდა. თვით უკიდურესი გაგულისების წუთებში უცნაური, გულის წამღები ერთფეროვნება მსჭვალავდა მის ხმას. ბატონი კი ხმას ხან აუწევდა, ხანაც დაუწევდა. იგი ახლა უკვე მკაფიოდ გამოთქვამდა სიტყვებს და ოდნავი ცვლილებაც კი მისი ხმის ჟღერადობაში გრძნობათა უეცარ მოზღვავებაზე მეტყველებდა. ასე რომ, ყოველ მის მცდელობას, ყველაფრისათვის უბრალო კინკლაობის ელფერი მიეცა, მსმენელი ისე აღიქვამდა, როგორც წუთიერ აფეთქებათა ერთობლიობას; ბაუ, ოუ, ოუ, აუ-აუ, აუ, - თითქოს ძაღლი აწკმუტუნებულიყო.
ბოლოს და ბოლოს სოფის მობეზრდა ამ აურზაურის ყურისგდება. იგი ქალბატონის რომელიღაც კამზოლს კემსავდა და ამ საქმეს მთელი შუადღე მოანდომა. გრძნობდა, ქანცი გამოლეოდა; მთელი სხეული სტკიოდა. დღეს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა. თუმცა განა ასე არ იყო გუშინაც, გუშინწინაც?! ყოველი დღე წინასა ჰგავდა; არადა, ახალგაზრდა კი აღარ იყო - ორი წელიც და, ორმოცდაათს გადააბიჯებდა. რაც თავი ახსოვს, სიღარიბეში ამოსდიოდა სული. კარტოფილის ტომარა გაახსენდა, სოფლის შარაზე რომ დაათრევდა პატარაობისას. ნელ-ნელა მიუყვებოდა მტვრიან შარაგზას მხარზე ტომარაგადაკიდებული. ნაბიჯებს ითვლიდა; ერთი, ორი, ათი... ჰა და ჰა! ცოტას კიდევ გაუძლებდა; მაგრამ, ვაი რომ, არსად იყო საშველი, მის ჯახირს ბოლო აღარ უჩანდა...
საკერავს მზერა მოსწყვიტა, თავი გაიქნია, თვალები მილულა. უცებ თვალწინ შუქწერტილები და ფერადი ლაქები აუთამაშდა; ამ ბოლო დროს ასეთი რამ ხშირად ემართებოდა. რაღაც ღია მოყვითალო ფერის მატლი მიიკლაკნებოდა მარჯვენა კუთხისაკენ მისი მხედველობის არეში; ვითომ სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა და მაინც მუდამ ერთ ალაგს დაჰკვდომოდა თითქოს. მატლის ირგვლივ კი წითელი და მწვანე ვარსკვლავები იმსხვრეოდნენ, ინთებოდნენ და ქრებოდნენ. ისინი მასა და მის ხელსაქმეს შორის დასრიალებდნენ და მაშინ თუ აციმციმდებოდნენ მხოლოდ, თვალებს რომ მილულავდა.
წუთიც და, სოფიმ ხელახლა საქმეს მოჰკიდა ხელი. ქალბატონს უსათუოდ ხვალ დილისათვის სჭირდებოდა კამზოლი. ეს მატლი კი სულ ერთთავად თვალებში ებლანდებოდა.
უეცრად დერეფნის მეორე ბოლოში ხმაურმა კიდევ უფრო იმატა. კარი გაღებულიყო, სიტყვებიც გარკვევით ისმოდა.
- ...Bien tort, mon ami, si tu crois que je suis esclave. Je ferai ce que je voudrai*.
- Moi aussi,** - უმოწყალო, გესლიანი სიცილით მიუგო ბატონმა. დერეფანში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა, საკიდი ზათქით მიენარცხა რაღაცას და წინა კარიც გაჯახუნდა.
სოფი კვლავ თავის ხელსაქმეს მიუბრუნდა. ოჰ, ისევ ეს მატლი, ისევ ეს ფერადი ვარსკვლავები და მტკივნეული დაღლილობა, ასე რომ იგრძნობა ყოველ სახსარში! ნეტავი კი შეიძლებოდეს და მთელ დღეს, მთელ დღეს ისე გაატარებდა, თავს არ წამოსწევდა ლოგინიდან - გემრიელი, ჩაბუმბლული, თბილი და ფუმფულა ლოგინიდან..
უცებ ზარის ხმამ შეაკრთო. ამ ზუზუნზე, მჭახედ რომ ხვდებოდა მის ყურს, უნებურად შეხტებოდა ხოლმე. ადგა, ხელსაქმე მაგიდაზე დადო, წინსაფარი შეისწორა, ქუდი მოირგო და დერეფანში გავიდა. ზარმა კიდევ ერთხელ დარეკა ჟინიანად. ქალბატონს მოთმინება ელეოდა.
- როგორც იქნა, სოფი. აღარ მეგონა, თუ მოხვიდოდი.
სოფის ხმა არ ამოუღია, ან კი რას იტყოდა. ქალბატონი ღია გარდერობის წინ იდგა. კაბები მკლავზე გადაეკიდა, ზოგიც საწოლზე ეყარა გროვად.
"Une beaute a la Rubens," *** - ასე ეძახდა მეუღლე, ოდეს სიყვარული გაუტკბებოდა. მას ასეთი დიდი, ჯიშიანი, ლაზათიანი ქალები მოსდიოდა თვალში. სულაც არ ეპიტნავებოდა ეს თქვენი ნარნარა "drain-pipes."**** "Helene Fourment" გახლდათ მისთვის ცოლის საალერსო სახელი.
- ერთხელაც იქნება, დიახ, ერთხელაც იქნება, მართლა წავალ ლუვრში და ჩემს პორტრეტს ვნახავ, აი იმას, რუბენსმა რომ დახატა. აბა, სასწაული არ არის, შენი დღე და მოსწრება პარიზში გაატარო და ლუვრი ნანახი არ გქონდეს?! მითხარით, მართალი არა ვარ?! - ხშირ-ხშირად იმეორებდა ქალბატონი მეგობრების წრეში.
დიდებული სანახავი გახლდათ იგი იმ საღამოს; ღაწვები შეფაკვლოდა, გრძელი წამწამების მიღმა უჩვეულო ელვარებით უბრწყინავდა ცისფერი თვალები, მოკლედ შეჭრილი მოწითალო-წაბლისფერი თმა კი ასწეწ-დასწეწვოდა.
- სოფი, ხვალ, ხვალ დილით, რომისაკენ გზას გავუდგებით, - მოჭარბებული გზნებით წარმოთქვა ქალმა.
ამ ლაპარაკში გარდერობიდან კიდევ ერთი კაბა ჩამოხსნა და საწოლზე მოისროლა; მოძრაობაზე ღამის პერანგი გადაეხსნა და ამოქარგული საცვალი და თეთრი, ხორციანი სხეული გამოუჩნდა.
- ახლავე უნდა ჩავალაგოთ ბარგი.
- რამდენ ხანს დავრჩებით, ქალბატონო?
- რა ვიცი, რამდენ ხანს! ორ კვირას, სამ თვეს... სულ ერთი არ არის?
- კი მაგრამ, სულ ერთი როგორ არის, ქალბატონო?
- ჩემთვის მთავარია, აქედან წავიდე. იმის მერე, რაც წეღან აქ მაკადრეს, სანამ არ დამიჩოქებენ, სახლში ფეხს არ შემოვადგამ!
- მაშინ, ალბათ, აჯობებს, დიდი ჩემოდანი წავიღოთ, ქალბატონო; წავალ, მოვიტან.
საკუჭნაოში მძიმე ჰაერი იდგა - მტვრისა და ტყავის სუნი ტრიალებდა. დიდი ჩემოდანი შორეულ კუთხეში მიეგდოთ, ძლივძლივობით გამოათრია სოფიმ. იმ მატლმა და ფერადმა ვარსკვლავებმა კვლავ თვალწინ გაუელვა. წელში რომ გაიმართა, სისუსტე იგრძნო; თავბრუ ეხვეოდა.
- ჩალაგებაში მე მოგეხმარები, სოფი, - უთხრა ქალბატონმა მოახლეს, რომელიც მძიმე ჩემოდანს მოათრევდა. სულ მთლად სამარიდან ამოღებულს არ დაემსგავსა ეს დედაბერი?! არადა, ვერასგზით ვერ ეგუებოდა ბებრებსა და უჯიშოებს! ეგაა, რომ სოფი ძალიან მარჯვე იყო; ნამდვილი სიბრიყვე იქნებოდა მისი ხელიდან გაშვება!
- თქვენ ნუ შეწუხდებით, ქალბატონო.
იცოდა სოფიმ, ქალბატონი უჯრების გამოწევასა და ნივთების ამოყრას რომ მოჰყვებოდა, საშველი აღარ დაადგებოდა ჩალაგებას.
- ქალბატონო, თქვენ, ჯობია, დაიძინოთ. უკვე გვიანაა.
არა, არა, ისეა გადაქანცული, ვეღარც დაიძინებს. ოჰ, ეს კაცები!.. მაინც რა პირუტყვობაა! ვითომ რატომ უნდა იყოს მაგათი მონა-მორჩილი?! დაიცა, უჩვენებს სეირს, ასწავლის, როგორ მოეპყრან ისე, მას რომ ეკადრება! სოფი ბარგს ალაგებდა. ერთი დღით მაინც რომ შეეძლოს ლოგინში, გემრიელ, ფუმულა ლოგინში ჩაწოლა - აი, ისეთში, ქალბატონს რომ უდგას... ჩათვლემს, წუთით გამოფხიზლდება, კვლავ თვალს მოატყუებს...
- ესეც მისი მორიგი ოინი, - აღშფოთებას ვერ მალავდა ქალბატონი. - ბრძანა, ფული არა მაქვსო. ის კი არადა, გამომიცხადა, მორჩა, ძონძებს ვეღარ ეღირსები ჩემგანო. ეს კი უკვე მეტისმეტია! დედიშობილა ხომ ვერ ვივლი?! - ხელები გაასავსავა. - აქაოდა, სადა მაქვს მაგდენი ფულიო; წარმოგიდგენია, რაებს ჩმახავს?! მე არ ვიცი?! ძალიანაც კარგადა აქვს; მაგრამ ძუნწია, დამწვარი, ნამდვილი წუწურაქი! მაგას, თავისივე ხარჯით გამოქვეყნებული იმ ტუტუცური ლექსების ჯღაბნის ნაცვლად, გინდაც ტყუილუბრალოდ, თავშესაქცევად, ცოტა უფრო სერიოზული საქმისთვის რომ მოეკიდებინა ხელი, მაშინ ხომ ფულიც ჩეჩქივით ექნებოდა! - ქალი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. - ესეც არ იყოს, - განაგრძობდა იგი, - ის გადაღძუებული მამამისი რიღას მაქნისია, ერთი ეს გამაგებინა! ასე გამომიცხადა, თავი უნდა მოგქონდეს იმით, შენი ქმარი პოეტი რომააო, - აკანკალებული ხმით წარმოთქვა მოხუცის გამოსაჯავრებლად. - ჯერ ის რად მიღირს, პირში მიხლას რომ ვერიდები და ასე ჩუმ-ჩუმად ვკენწლავ ბერიკაცს. "რა შესანიშნავი ლექსები აქვს ჰეგესიფს შენზე! რა ვნება, რა ცეცხლია მათში!" - მოხუცის გახსენებაზე სახე დაემანჭა, თავი გაატოკა, თითი გაიქნია, შებარბაცდა. - და ამ დროს, როგორია იმის გაფიქრებაც კი, რომ ეს უბადრუკი ჰეგესიფი თავმოტვლეპილი და გაქუცულია და იმ ძლივს შერჩენილ ორ ღერ თამასაც იღებავს, - ჩაიხითხითა ქალმა. - ხოლო რაც შეეხება ვნებას, რომელზეც ამდენს ლაყბობს თავის პირუტყვულ ლექსებში, თავიდან ბოლომდე ყურით მოთრეული მონაჩმახია, - კვლავ ჩაიცინა მან. - კი მაგრამ, ნეტა რაზე ფიქრობ, ჩემო კარგო სოფი? რად გინდა ეს საშინელი მწვანე კაბა, ჩემოდანში რომ დებ?
სოფიმ სიტყვის შეუბრუნებლად უკანვე ამოაცოცა კაბა. რაღა ამ საღამოს გამოიყურება ეს დედაკაცი ასე საშინლად? სახე გამოყვითლებია, კბილები ჩაშავებია. ქალბატონს გააჟრჟოლა; შეაძრწუნებდა კაცს მისი დანახვა. წესით ახლა დასაძინებლად უნდა უშვებდეს. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მოსახდენი ხომ უნდა მოხდეს! რას იზამ?! ქალბატონი მართლაც უჩვეულოდ აფორიაქებულიყო.
- საშინელებაა ამნაირი ყოფა, - ამოიოხრა და მძიმედ დაეშვა საწოლის კიდეზე. ზამბარებმა ერთი-ორჯერ ნაზად შეანჯღრია...
- როგორი ასატანია ასეთი კაცის ცოლობა! სულ მალე დამაბერებს და გამასიებს! მუდამ მისი ერთგული ვიყავი და, აი, ბატონო, მადლობის მაგიერია?! - კვლავ წამოდგა და ოთახში უაზრო ბორიალს მოჰყვა. - აღარ მსურს ამდენის ატანა, - აღმოხდა მას და სარკის წინ შედგა; ერთხანს თავისი გამოსახულების დიდებულებითა და ტრაგიკულობით ტკბებოდა. ჰა-ჰა, ოცდაათისა თუ ეთქმოდა. ამ მშვენიერი ტრაგიკოსის გვერდით კი, სარკეში, ჩემოდანთან ჩაცუცქული საცოდავი არსება მოჩანდა. ხანმოყრილსა და გაძვალტყავებულ ქალს კბილები ჩაშავებოდა და სახე გაყვითლებოდა. მართლაც რომ მეტად უსიამო შესახედავი გახლდათ. სოფი იმ ღვთის ანაბარად დარჩენილი დედაკაცებივით გამოიყურებოდა, ცივ ამინდში თხრილებს რომ მიაშურებენ ხოლმე თავის შესაფარებლად. ზოგი გამვლელი ნაბიჯსაც კი აუჩქარებს ამნაირების დანახვისას და თვალის არიდებას ლამობს. ზოგიც შეჩერდება, ჯიბეზე ხელს გაიკრავს და, თუ ვინიცობაა, წვრილი ფული არ აღმოაჩნდა, სპილენძის ფულს, ან კიდევ, ხუთცენტიანს გაიმეტებს; ეს კი თითქმის ორი ფრანკია. მაგრამ, ასეა თუ ისე, ქურქებში გახვეულ გამვლელებს როგორღაც უხერხულობის გრძნობა იპყრობს და ყველას თითქოს თავის გამართლების სურვილი ეუფლება მათ გვერდით ჩავლისას. აი, მანქანა რომ ჰყოლოდა... მაგრამ ჰეგესიფის წუწურაქობის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, - ისე ჩაუქროლებდა ცხვირწინ, მათი არსებობა არც კი გაახსენდებოდა!.. ქალმა სარკეს ზურგი აქცია.
- ამდენს ვეღარ ავიტან, - ამბობდა ის და თან ცდილობდა, როგორმე თავიდან ამოეგდო ლუკმაპურისათვის ხელგაწვდილი დედაკაცების გაყვითლებული სახეები და ჩაშავებული კბილები. - ვეღარ ავიტან, - და სკამზე მიესვენა.
აბა, როგორი წარმოსადგენია სატრფო, რომელსაც სახე გაყვითლებია და კბილები ჩაშავებია! ქალმა თვალები მინაბა, ტანში გასცრა. ამის მარტო გაფიქრებაც კი ძრწოლასა ჰგვრიდა. უცებ ჟინმა წამოუარა, სოფისათვის კიდევ ერთხელ შეევლო თვალი: მოახლის თვალებს მომწვანო ტყვიისფერი გადაჰკრავდა, სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. ქალბატონმა აღარ იცოდა, რა ეღონა. სოფის მაყვედრებლისა და ბრალმდებლის გამომეტყველება აღჰბეჭდვოდა სახეზე. უფრო მეტიც, ამ სახისათვის თვალის შევლებაც კი სულს უშფოთებდა და ავადა ხდიდა. მთლად ასე დაუძლურებული უწინ არასოდეს ენახა.
სოფიმ ნელა, გაჭირვებით აითრია წელი; სახე დაუმანჭა ტკივილმა. ძლივს წალასლასდა უჯრებიანი კარადისაკენ. უნიათოდ და უგულოდ გადათვალა ექვსი წყვილი აბრეშუმისყელიანი წინდა. ჩემოდნისაკენ მიტრიალდა. მიცვალებულსა ჰგავდა, ფეხადგმულ მიცვალებულს!
- აუტანელია ცხოვრება, - დაეჟინებინა ქალბატონს. - საშინელია, საშინელი, აუტანელი.
არა, ახლა სულის მოსათქმელად უნდა უშვებდეს ამ დედაკაცს, მაგრამ მარტო რომ ვერ მოაბამს თავს ბარგის ჩალაგებას?! მით უმეტეს, რომ უსათუოდ ხვალ დილით უნდა გაემგზავროს. ასე დაიქადნა ჰეგესიფთან. მან კი მასხრად აიგდო; ასეთი რამ ვერც კი წარმოედგინა. მაგრამ ამჯერად უთუოდ სეირს უჩვენებს! რომში ლუიჯინოს შეხვდება. მომხიბვლელი ყმაწვილია და, თანაც, მარკიზი. ვინ იცის...
თუმცა ქალბატონს ძალა არ შესწევდა, სხვაგან წასულიყო ფიქრებით. თვალწინ სულ სოფის სახე უტრიალებდა; გამოციებული თვალები, ჩაშავებული კბილები, გაყვითლებული სახის კანი.
- სოფი, - ქალმა ძლივს შეიკავა თავი, რომ არ წამოეყვირა. - ერთი ნახე, ჩემს ტუალეტის მაგიდაზე ფერ-უმარილის კოლოფი დევს, დორინი ოცდაოთხი ნომერი. მოდი, ცოტა წაიცხე ლოყებზე. მარჯვენა უჯრაში კი ტუჩის სამკურნალო მალამოა.
ქალმა მაგრად დახუჭა თვალები და ასე იდგა, სანამ სოფი ძვალ-სახსრის გაუსაძლისი ჭახაჭუხით ტუალეტის მაგიდას მიუახლოვდებოდა. აქ ერთხანს შეყოვნდა. მისი დუნე, უსიცოცხლო მოძრაობის მიღმა მარადისობა იმალებოდა. რა ყოფაა, ღმერთო ჩემო, რა ცხოვრებაა! კვლავ ნელი ნაბიჯით წამოჩანჩალდა უკან. ახლა კი ინება და მიაპყრო მზერა ქალბატონმა. აი, რა ჭკვიანურად მოიფიქრა; ასე მართლაც გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა!
- გმადლობთ, სოფი, - თქვა და შემართებით გაემართა კარადისაკენ. - ღმერთო ჩემო, - წამოიძახა უცებ და ხელები ზე- აღაპყრო. - ჩემი საგარეო კაბა რომ დაგვიწყებია... რა სულელი ხარ, სოფი!


შენიშვნები

* ძალიან შემცდარხარ, ჩემო მეგობარო, შენი მონა თუ გგონივარ; ისე მოვიქცევი, როგორც მომეპრინება /ფრანგ./
** მეც /ფრანგ./
*** "რუბენსის მზეთუნახავი" /ფრანგ./
**** წყლის მილები /ინგლ./ აქ: გამხდარი, გაძვალტყავებული /ქალები/.



© “წიგნები – 24 საათი”

შოთა იათაშვილი

ქალაქში, მტვერში, წაიქცა კაცი


ბესიკ ხარანაულს


რა კარგია, რომ მიხვდი,
რომ დღეს ბედნიერი ხარ,
დღეს,
გადატყავებული ხელისგულებით,
ჩაჭრილი მაჯით,
დასერილი შუბლით,
ჩალურჯებული იდაყვით და მუხლით,
ბედნიერი ხარ,
რადგან ბოლოს და ბოლოს
ჭეშმარიტად დაეცი,
დაეცი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -
დაეცი შენი ქალაქის მტვრიან ქუჩებში,
დაეცი შენი ქვეყნის პირველი პოეტის ბინიდან
ფორიაქით და ბორძიკით გამოსული,
დაეცი და მიხვდი -
მიხვდი, რომ ჭეშმარიტად დაეცი -
დაჰყურებ გადატყავებულ ხელისგულებს,
სისხლი, ვით მელანი,
თითებისაკენ ჩაედინება,
კალმისტრისაკენ იკვლევს გზას,
და შენც წერ ლექსს,
ახალ, უცნაურ ლექსს და
ბედნიერი ხარ,
რადგან პირველად ცხოვრებაში
ჭეშმარიტად დაეცი და იცი უკვე,
რას ნიშნავს ეს -
დაეცე -
დაეცე შენს ქალაქში,
შენს ქუჩაში,
შენი ხალხის თვალწინ,
შენი ხალხის ფეხებთან,
დაეცე,
დაეცე,
დაეცე...
რათა წამოგაყენონ,
რათა მიგიყვანონ სახლში,
რათა მოგიარონ,
რათა მოგეფერონ,
და შენც, - ერთხელ ჭეშმარიტად დაცემულმა, -
ადგე და მშვიდად განაგრძო
დაცემულთა მარადი გზა...

19 მაისი, 2007 წელი.




ფანქარი მიწაში



დღეს ფანქარი დავასაფლავე…...

ჩემი ერთგული,
დაკუტებული,
ხანდაზმული,
ბრძენი ფანქარი...

ოთხი დღის წინ ხელში ჩამაკვდა...

არ გეგონოთ, რომ ლექსსა ვწერდი...
ვიჯექი და ქვეშმიწერით
გადასახადის, ვალების და
პურისა და სიგარეტის ხარჯებს ვკრიბავდი...

მოღრღნილ ბოლოზე პირი ვტაცე,
მაგრამ უკვე გვიანი იყო:
არ უშველა ხელოვნურმა სუნთქვამ, არადა
მთელი ცხოვრება გაჭვარტლული ჩემი ფილტვების
შხამიანი სიო იყო
მისეული შთაგონების უცვლელი წყარო...

ჩემმა ძველმა კრებულებმა,
საქაღალდეთა ზვინებმა და
კომპიუტერის კლავიშებმა
დაიტირეს იგი, იგლოვეს…...

ხალვათი სასახლე შევურჩიე:
ჩემი საწერი მაგიდის უჯრა;
გადასახადის, ვალების და
პურისა და სიგარეტის
მწარე ციფრებით აჭრელებული
ფურცელი სუდარად გამოვიყენე...

ჩავატანე სათლელები, საშლელები
და ორი ლექსი:
"ფანქარი ცაში" და "ფანქარი არაცაში",
და ნივთების მუხათგვერდში დავასაფლავე…...

ახლა ვზივარ, - მარტოსული, სევდიანი, -
მომცრო გორაკთან,
ხელში ჯოხი მიჭირავს და
დედამიწის ზედაპირზე,
მცირე ხნით მაინც, -
სანამ წვიმა გადარეცხავს
ან ვიღაცის ჩექმა გადაგლესს, -
აღვბეჭდო, ვცდილობ,
გარდაცვლილი ჩემი ფანქრის ეპიტაფია...

ჯოხი...
ხელჯოხი...
აწი უთუოდ იგი უნდა დამიმეგობრდეს.
როცა ფანქარი მიწაში გიწევს,
ჯოხიღაა შენი მეგზური.
ჩიჩქნე,
კაწრე,
დაეყრდენი,
უფრო მძაფრად შეიგრძენი
ასოების გამოყვანის წარმავალობა…...

ხოლო ბოლოს,
როდესაც იგრძნობ
აღსასრულის მოახლოებას,
მოიკრიბე ერთხელაც ღონე,
გადატეხე ეგ ხელჯოხი,
ჯვრად შეკარი შენი ჭაღარით,
დაასე საფლავს და ექეცი
საკუთარ ფანქარს
მარადიულ თანამეცხედრედ...

3-4/VII. 2007.



სახე



დაეღალა სახე.
გაღიმებებისაგან.
მოწყენებისაგან.
ნაძალადევი მიმიკებისაგან.
სარკეში ჩახედვებისაგან…...
დაეღალა.
ხელი ჰქონდა,
რომელიც სულ მუდამ იღლებოდა და ისვენებდა.
ფეხიც ჰქონდა,
რომელიც არანაკლებ იღლებოდა და
მაინც სულ მუდამ ისვენებდა.
დაღლილი გულიც კი ისვენებდა უპრობლემოდ
და დაღლილი ტვინიც.
სახე კი, აქამდე მოუღლელი,
უცებ, ერთ წამში მიუსავათდა,
მოექანცა.
დადო თავი ბალიშზე და მიხვდა,
ვეღარასოდეს მომჯობინდებოდა,
ვეღარასოდეს აღიდგენდა ძალებს
მისი სახე.
და დახუჭა თვალები და მოკვდა:
ჯანმრთელი გულ-ღვიძლით,
ჯანიანი ხელ-ფეხით,
ნათელი გონებით…...

სახემ უმტყუნა.
სულ რომ არ ელოდა, მაშინ უმტყუნა.

"ჩემო ბიჭო, ჩემო ბიჭო,
ლამაზო ბიჭო…..." -
დასტიროდა რამდენიმე დღე
სახითმკვდარს დედა...

2/VII. 2007.


დასაწყისი



მამა იოანეს



ეხლა ღმერთზე გელაპარაკები.
მერე რა, რომ შენ ახლა პოეტი ხარ,
მე ეხლა ღმერთზე გელაპარაკები.
ნაღმმა გუშინწინ მკლავი მომაწყვიტა,
ბერად აღვიკვეცე გუშინ,
დღეს კი თითებით არარსებულით პირჯვარს გადაგსახავ
და მშვიდი სიჯიუტით გეტყვი:
ეხლა, ეხლა, აი, ეხლა,
მე შენ ღმერთზე გელაპარაკები.
ვთქვათ, პიანისტი ვიყავი ოთხი დღის წინ,
ვთქვათ, მხატვარი - სამი დღის უკან,
მაგრამ ორი დღის წინ კეთილმა ნაღმმა
მკლავი წამგლიჯა და
დღეს მე შენ, პოეტო, თავქარიანო,
მხოლოდ და მხოლოდ ღმერთზე გელაპარაკები.
ნუ გეშინია, დარჩებით თქვენ, პოეტები ამქვეყნად,
დარჩებიან მხატვრებიც და გადარჩებიან პიანისტებიც -
მე ხომ ისინი, ვთქვათ, ბოროტი ნაღმისაგან დავიცავი,
ამ ბოროტმა ნაღმმა კი კეთილად წამაწყვიტა ხელი,
და ვდგავარ ახლა თქვენს წინაშე,
პირჯვარს გსახავთ და ჯიუტი სიმშვიდით გიმეორებთ:
მე თქვენ ეხლა, ყველას,
მხოლოდ და მხოლოდ ხელთუქმნელზე გელაპარაკებით!
სადღაა ჩემი მკლავი,
სადღაა ან იდაყვი, ან მაჯა, ან ხელის მტევანი...
არსადაა -
მაგრამ ჩემი მთავარი საფიქრალი
სამი თითივით ერთდება ჩემს შუბლთან და მოძრაობს:
ზემოდან ქვემოთ,
ქვემოდან მარჯვნივ,
მარჯვნიდან მარცხნივ -
მას შემდეგ, რაც
ნაღმმა ამ გზაზე დააყენა ჩემი Fფიქრები,
ვარ ასეთი - ფიქრებით პირჯვრისმსახავი და
სადაც შემხვდებით,
გეუბნებით,
მერე რა, ახლა ვინ ხართ,
მე თქვენ ეხლა,
მე თქვენ ეხლა ღმერთზე გელაპარაკებით!

1-2.02.2007.


© “ცხელი შოკოლადი”

დავით პაიჭაძე

ეროტიკა ქართულად


სიტყვა, თქმული გოეთეს ინსტიტუტში გამართულ სემინარზე, რომელიც მიეძღვნა ეროტიკას უახლეს ქართულ სიტყვიერებაში


ამ თემაზე ლაპარაკი ლაშა ბაქრაძემ ერთი კვირის წინ შემომთავაზა. დავთანხმდი და მივხვდი, რომ დარჩენილ დროში ვერ მოვასწრებდი აქამდე წაუკითხავი ყველა იმ ტექსტის გაცნობას, რომელიც ბოლო 10-11 წლის მანძილზე შეიქმნა და რომელშიც, ალბათ, შესაძლებელია ეროტიკული თემის, პასაჟების, მოტივების, ეპიზოდების, მიმართებების და ა.შ. დაძებნა. ამიტომაც ვჯერდები უკვე წაკითხულს, რაც, ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ ცოტაა და ყველა შენიშვნას, ყოველი, ჩემთვის უცნობი ახალი მოთხრობისა თუ რომანის სათაურს მოვისმენ სიხარულით.
მწირი ცოდნის გარდა სირთულეს ქმნის ეროტიკისა და ეროტიკულის განსაზღვრება ლიტერატურაში. ნათელია, რომ წმინდა ლიტერატურათმცოდნეობითი მსჯელობა აქ მოთხოვნილი არ არის და, გულახდილად გითხრათ, ხელიც არ მიმიწვდება. მაქსიმუმი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ, ნახევრადპროფესიონალი მკითხველის დაკვირვებებია.
ლიტერატურაში ეროტიკის განსაზღვრებას რაც შეეხება, ესეც ფუჭი საქმეა. იურისტები მრავალგზის დაშვრნენ ნაბეჭდ, ვიდეო თუ აუდიო პროდუქციაში ეროტიკისა და პორნოგრაფიის დეფინიციათა ჩამოყალიბებისას, შეეცადნენ ამ ორ ფენომენს შორის მიჯნის დადებას. არსებობს რამდენიმე ათეული განსაზღვრება. და მაინც, კაზმულ სიტყვაში ასეთი მიჯნა მოუხელთებელია. ამიტომაც, ლიტერატურაში ეროტიკაზე ლაპარაკისას ვეყრდნობით არა ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს, არამედ ისეთ პირობით, არასაიმედო და სუბიექტურ რამეს, როგორიცაა ესთეტიკური სენსორიკა.
ეროსი, მოგეხსენებათ, ღვთაებაა და ღვთაებაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ როგორც კატაფატიკურად, ისე აპოფატიკურად. მე დავიწყებ აპოფატიკური ეროსისმეტყველებით, ანუ შევეცდები მოვნიშნო, სად არ არის და რა არ არის ეროტიკული ახალ ქართულ ლიტერატურაში.
წესისამებრ, ეროტიკა უფრო მძაფრია და მხურვალე, როცა ის აღმოცენდება ერთმანეთისთვის მანამდე უცხო პერსონაჟებს შორის. ეროტიკა ცოცხალია, სანამ არსებობს უცხოობა. ამასთან, აუცილებელი ელემენტია უბიწოების არარსებობა. სხვისი ქალი, თუ გნებავთ, სხვისი ცოლი სასურველია. ეს საუკუნეების ტრადიციაა ლიტერატურაში და უახლესი ქართული პროზაც ამ ტრადიციას ეხმიანება. ეროტიკული მუხტი ხშირად ჩნდება შორეული ქალის მიმართ, "აი ახლობლის ბიძაშვილის ცოლის უფროსი და რომ არის ხოლმე შარაფში" (აკა მორჩილაძე, "აგვისტოს პასეანსი")... საერთოდ, აკა მორჩილაძესთან ეროტიკული თემა თითქოს არ იშლება, მაგრამ ხშირია ეროტიკული დაძაბულობა, ან დაძაბულობა ეროტიკის "ნიადაგზე". მის ტექსტებში ეროტიკა შეკავებულია და ცოცხლობს ნართაულებითა და ძუნწი დეტალებით. მოგეხსენებათ, ესეც საუკუნეებში შემონახული ხერხი გახლავთ ეროტიკის გამოსახვისთვის. უცხოობა, იდუმალება, იმორალურობა – აკა მორჩილაძესთან გამიზნულია ეროტიკის დემონიზებისათვის, რაც მან ერთი წიგნის სათაურშიც კი გამოიტანა ("შობა ღამის ალქაჯები"). უცხოობა და სიშორე, როგორც ეროტიკის აუცილებელი და საკმარისი პირობა, ჩანს "ტერცო მონდოშიც": ამ მოთხრობაში ერთ პერსონაჟს მეგობრის უცხოელი ქალი იზიდავს, ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ ეს ქალი ქართველია. მეგობარი და ქალი ერთად ცხოვრობენ, მაგრამ – არა საქართველოში. საქართველო ახალ ქართულ ლიტერატურაში ჯერ არ არის ის ადგილი, სადაც არაფორმალიზებულმა ეროტიკულმა ურთიერთობებმა შეიძლება დიდხანს გაძლონ გაუნელებლად. კიდევ ერთი ნიუანსი უცხოობის არგუმენტისთვის: თუ უცხოა, ეგებ მნიშვნელობა არც ჰქონდეს, როგორია ქალი: ზაზა ბურჭულაძის "წერილი დედას" პერსონაჟის პარტნიორი მისი ჰეტეროსექსუალური დებიუტის დროს, რბილად რომ ვთქვათ, შეუხედავი გარეგნობის ქალია, მაგრამ თბილისელი რუსი. ამ ქალის იერის და თითქოს უგემური კოიტუსის მიუხედავად, პერსონაჟი ბედნიერია. ვფიქრობ, ეს არის ზაზა ბურჭულაძის მრავალ პასუხთაგან ერთ-ერთი, გაცემული ქართული ლიტერატურის ახალი სტერეოტიპებისათვის. ბოლო 10-12 წლის ქართულ პროზაში პერსონაჟებს ხშირად ემართებათ ფრუსტრაცია ქალთან პირველი შეხების შემდეგ. ბურჭულაძის ტექსტში კი პირიქითაა.
და მაინც, უახლესი ქართული პროზის პერსონაჟი მამაკაცები თანდათან მთლიანად ერთვებიან ქართველ პერსონაჟ ქალებზე. დაბრუნება სულაც არ მიმდინარეობს მშვიდად და გლუვად. ის კონფლიქტურია, აღბეჭდილია ახალი მიმართებებით, თავისებური სიტლანქით, დაუხვეწავი მოძრაობებით.
მოკლედ, სად არ არის ეროტიკა ქართულ პროზაში? ის არ არის ოჯახში. და ამას აქვს ასევე ხანგრძლივი ტრადიცია, როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ლიტერატურაში. მეტიც, ოჯახი ეროტიკის უარყოფაა და ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებად მე სამ ტექსტს შეგახსენებთ სახელდახელოდ: "კაცია-ადამიანს", "ჯაყოს ხიზნებს" და "ამბრნი, უმბრნი და არაბნი"-ს. ნაირა გელაშვილის ამ მოთხრობის პერსონაჟი მამაკაცი ოჯახურ ცხოვრებას, ცოლთან ცხოვრებას "დაკანონებულ მრუშობას" უწოდებს. წინა თაობებიდან მგონი, ერთადერთი მწერალი, ვინც შეეცადა (და მოახერხა) ეროტიკის ელემენტი შეეტანა ქართულ ოჯახში, რეზო ინანიშვილია. და ამ შემთხვევაშიც შეიძლება ვილაპარაკოთ არა სექსზე, არამედ მსუბუქ ეროტიკაზე, ინტიმზე, გამჭვირვალე, ოსტატურ ნართაულებსა და იშვიათ ზუსტ დეტალებზე.
უახლესი ქართული ტექსტები კი საერთოდ განძარცულია ოჯახური ეროტიკისაგან. თუ ეროტიკული იმპულსი იღვიძებს დაოჯახებულ პერსონაჟებში, აუცილებლად სხვა, არა ოჯახის წევრის, ანუ მეუღლის მიმართ. ამ აზრით, ეროტიკული ტალღა (მე უფრო მას მოზაიკას ვუწოდებდი) უახლეს ქართულ პროზაში უაღრესად ტრადიციონალისტურია. და აქ უნდა ვახსენოთ ზაზა ბურჭულაძის კიდევ ერთი პასუხი ასეთი ტრადიციისა თუ სტერეოტიპისადმი: ესაა სიმფსონების ქართული ოჯახი.
ჰომეროს და მარჯ სიმფსონების ცნობილი ეპიზოდი, ვფიქრობ, გამოწვევაა ქართული მწერლობისათვის, რომელსაც ეუხერხულებოდა, ელაპარაკა ოჯახისა და სექსის კავშირზე. ვიცი, რომ ვაჭარბებ და მაინც ვამბობ: ქართული პროზის ოჯახებში მთელი 15 საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე შეგუბებულმა ვნებამ ამ ორი, კრეტინი პროტოტიპების მქონე პერსონაჟის ერთქმნაში ამოხეთქა. ამიერიდან ცოლ-ქმარს შორის სისხლსავსე და ინტენსიური სექსი შესაძლებელია ქართულ ტექსტშიც. ოღონდ ეგ არის, რომ ეროტიკული აფეთქება მეუღლეებს შორის ხდება მაშინ, როცა უკიდურეს ზღვარს აღწევს მათი ურთიერთგაუცხოება. ანუ სიმფსონების ეპიზოდი – ეს არის შემთხვევითი, ერთჯერადი განმუხტვა და მეამბოხური შერიგება ეროტიკის გამოსახვის ნაცად ხერხებთან. სწორედ ეს ეპიზოდი აქცევს მოუხელთებლად ზღვარს ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის. ეს ძალიან გულმოდგინედ დაწერილი პაროდიული ტექსტია. პაროდიულია იმიტომ, რომ შეუძლებელია, შეეხმიანო დიდი ხნის ისტორიის მქონე ეროტიკულ მოტივებს ლიტერატურაში და სერიოზული სახით შემოიტანო ისინი ეროვნულ სიტყვიერებაში ისე, თითქოს მანამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. ამ მხრივ, ქართულ ხელოვნებაში ეროტიკის ყველაზე ადეკვატურ განსხეულებად მიმაჩნია არა, ვთქვათ, ია ფარულავა, არამედ ხათუნა იოსელიანი – ქალბატონი, ბებია, პირველი ქართველი სექს-სიმბოლო კინოში – როგორც ნიშანი იმისა, რომ ეროტიკის მანიფესტაციას ჩვენში გვარიანად დააგვიანდა.
ახლა შევეცდები, ვუპასუხო მეორე კითხვას: რა, უკეთ, ვინ არის ეროტიკული უახლეს ქართულ ლიტერატურაში? ზემოთ მოგახსენეთ, რომ ქართველი პერსონაჟი მამაკაცები უბრუნდებიან ქართველ პერსონაჟ ქალებს (გამონაკლისი, რომელიც წესს ადასტურებს: აკა მორჩილაძის ჯორჯ ჯეფერსი და შერილი, "შენი თავგადასავლიდან"). ჩემი დაკვირვებით, ბოლო ათწლეულის ქართულ პროზაში ქალი საკმარისად არის აღქმული და ნაგრძნობი საიმისოდ, რომ ვთქვათ: ეს არ არის უსქესო ლიტერატურა. მკვეთრი პერსონაჟი ქალი ამ ლიტერატურას აკლია, მაგრამ არ აკლია ქალთან დაკავშირებული ეროტიკული განცდები თუ მიმართებები. ქალი ტექსტებში ჩანს და ჩვენ ვხვდებით, რატომ შეიძლება მოუნდეთ მასთან სიახლოვე. იმავეს ვერ ვიტყვი პერსონაჟ მამაკაცებზე: ისინი მოქმედებენ, სურთ, ისწრაფიან, მაგრამ ჯერ არ ჩანს, რას წარმოადგენენ კაცები ქართული ლიტერატურის პერსონაჟი ქალებისათვის. ამ დროს სულერთია, ვინ ქმნის ლიტერატურას – მამაკაცი თუ ქალი ავტორი. დასამახსოვრებელი პერსონაჟი კაცები არიან – მაგრამ მათ იმახსოვრებ არა როგორც ეროტიზმით მარკირებულ პერსონაჟებს. არიან პერსონაჟი ქალები, რომელთაც მამაკაცები ჰყავთ, მამაკაცებს ეტანებიან ან კაცებმა უკვე მიატოვეს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში მკაფიოდ არ ჩანს, რა ეროტიკული ღირებულება აქვს მათთვის მამაკაცს. რუსი მწერალი და ლოგიკოსი, ალექსანდრ ზინოვიევი იხსენებს, როგორ დასცინოდა მარქსიზმის დებულებებს სტუდენტობაში: მაგ., ქალი – ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც მოცემულია ჩვენს შეგრძნებებში. მსგავს რაღაცას ვერ იტყვი ახალი ქართული ტექსტების პერსონაჟ კაცებზე: როცა საქმე ეხება ეროტიკულს ლიტერატურაში, მათი სახეები ბუნდოვანია. ჩვენ ვერ ვიგებთ, რატომ, როგორ ან რით აღძრავს მამაკაცი ეროტიკულ იმპულსს. რაც შეეხება განცდებს – კაცები მოცემულნი არიან პოსტეროტიკულ განცდებში (სოფიო კირვალიძის პროზა).
და აქ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო ზაზა ბურჭულაძე და მისი ჰომეროს სიმფსონი. "სიმფსონების" ყველაზე ცნობილი თავი მიმაჩნია მცდელობად, მხატვრულ ტექსტში მამაკაცი აღდგეს თავის უფლებებში: აჩვენოს, რატომ არის კაცი სხვისთვის მიმზიდველი, რა აღიძვრის კაცში სექსის დროს ან სექსის სახელით, მოკლედ, გამოიკვეთოს მამრი, როგორც ეროტიკული ერთეული. სხვა საქმეა, რომ ეს კეთდება ჰომოსექსუალური ვნების აღწერით ანუ უკიდურესად პაროდიული პათოსით.
მე ვცდილობ, შორს ვიყო იმ აზრისაგან, რომ ლიტერატურა სინამდვილის მხატვრული ასახვაა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეროტიკულ ტალღას უახლეს ქართულ პროზაში სწორედ გამონაგონი აკლია.
დასასრულს, მინდა კიდევ ერთი ეროტიკული მიმართების გაქრობა აღვნიშნო ახალი თაობის ქართული ლიტერატურიდან: ეს არის საკუთარი ქვეყნისადმი ინცესტუალური სიყვარულის მინავლება. არ ვიცი, რა ხდება მთლიანად პოეზიაში, მაგრამ ვის ტექსტებსაც (პროზაულსაც და პოეტურსაც) მე ვეცნობი, მასთან ვერ ვაწყდები ჩვენთვის კარგად ნაცნობ პატრიოტულ ხატებსა თუ კლიშეებს. ახალი თაობის მწერლებმა და, იმედი მაქვს, მათმა მკითხველებმაც უკვე ვიცით, რომ სანამ საქართველო დედა-სამშობლოა, დღევანდელი პატრიოტები მას ყოველთვის იხმარენ. მე მივესალმები სამშობლოსადმი ეროტიზმის დაშრეტას ქართულ სიტყვიერებაში.

© “წიგნები – 24 საათი”

უისტან ჰიუ ოდენი


Table Talk


ჩა­ი­წე­რა ალ­ან ან­სენ­მა


თარგმნა მიხო ხარაძემ



8 იან­ვა­რი, 1947 წ.
ოდ­ე­ნი. შე­ლი ერ­თა­დერ­თი ინგ­ლი­სე­ლი პო­ე­ტია, რო­მე­ლიც მარ­თ­ლა არ მიყ­ვარს. შე­სა­ნიშ­ნა­ვი რიტ­მით ხა­სი­ათ­დე­ბა, მაგ­რამ აუტ­ა­ნე­ლი დიქ­ცია აქვს, პირ­და­პირ კოშ­მა­რუ­ლი. ბრა­უ­ნინ­გი არაა ჩე­მი პო­ე­ტი, მაგ­რამ მი­სი ლექ­სე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ინც მა­ნი­ჭებს. სა­ში­ნე­ლი ლი­რი­კა აქვს, მაგ­რამ გრძელ პო­ე­მებს არა უშ­ავს. “ეპ­ის­კო­პოს ბლუგ­რა­მის აპ­ო­ლო­გია” უდ­ი­დე­სი ნა­წარ­მო­ე­ბია. ბრა­უ­ნინ­გი სა­შუ­ა­ლო­ზე ცო­ტა­თი და­ბა­ლი დო­ნის პო­ე­ტია. დრა­მის “ბე­ჭე­დი და წიგ­ნი” სა­ფუძ­ველ­ში მი­თი არ დევს და სა­ერ­თო­დაც, დოს­ტო­ევ­ს­კი გა­ცი­ლე­ბით უკ­ეთ და­წერ­და ყვე­ლა­ფერ ამ­ას. კითხუ­ლობ ბრა­უ­ნინგს და ტკბე­ბი პრო­სო­დი­ით, იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მაგ­რამ რა­ღაც მა­ინც აკ­ლია.
ბლე­ი­კის დი­დი პო­ე­მე­ბიც მო­ი­კოჭ­ლე­ბენ, მთე­ლი თა­ვი­სი ფან­ტას­ტი­კუ­რი შიგ­თავ­სით. ვორ­დ­ს­ვორთს არა უშ­ავს. მომ­წონს მი­სი დი­დი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. “პრე­ლუ­დია” შე­სა­ნიშ­ნა­ვია. მეც იგ­ი­ვე მხა­რე­ე­ბი მი­ტა­ცებს, რაც ვორ­დ­ს­ვორთს, უბ­რა­ლოდ მას სხვა ად­გი­ლე­ბი მოს­წონს. ჩე­მი პე­ი­ზა­ჟე­ბი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ვორ­დ­ს­ვორ­თის­გან. ეს პე­ი­ზა­ჟე­ბი - მე მგო­ნი, ამ­ის შე­სა­ხებ ჯერ არ­ას­დ­როს მით­ქ­ვამს - პირ­ვე­ლად წიგ­ნე­ბი­დან ავ­ი­ღე.
სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ინგ­ლი­სუ­რი პო­ე­ზი­ი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ალ­ექ­სანდრ პო­უ­პით იზ­ო­მე­ბა. იგი ღრმა აზ­როვ­ნე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი, უმშ­ვე­ნი­ე­რე­სი ენა აქვს. “კუ­ლუ­ლის მო­ტა­ცე­ბა” ინგ­ლი­სურ ენ­ა­ზე და­წე­რი­ლი იდ­ე­ა­ლუ­რი ლექ­სია.
სხვა­თა შო­რის, ვინ თარ­გ­მ­ნი­და ყვე­ლა­ზე კარ­გად კა­ტუ­ლუსს? მე მგო­ნი, კა­მინ­გ­სი.
ან­სე­ნი. ვი­თომ რილ­კე ვერ გა­არ­თ­მევ­და თავს?
ოდ­ე­ნი. რილ­კე ზედ­მე­ტად schongeistik-აა. იგი ვე­რას­დ­როს თარ­გ­მ­ნი­და “Paedicabo ego vos et irrumabo“.
ან­სე­ნი. იგი მხო­ლოდ “Odi et amo“-ს თარ­გ­მ­ნი­და კარ­გად.
ოდ­ე­ნი. დი­ახ, თუმ­ცა პა­უნდს რომ არ გა­ეფ­რი­ნა, მარ­ცი­ალს კარ­გად თარ­გ­მ­ნი­და. მი­სი კა­ტუ­ლუ­სი კი რა­ღაც ბან­ჯ­გ­ვ­ლი­ან ტორსს და­ემ­ს­გავ­სა.
ვერ­დი და მო­ცარ­ტი სა­უ­კე­თე­სო კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი არ­ი­ან. ორ­ი­ვეს ხუ­თი­ანს და­ვუ­წერ­დი პლუ­სით. ბა­ხი, ბეთ­ჰო­ვე­ნი და ჰა­იდ­ნიც ხუ­თი­ან­ზე ქა­ჩა­ვენ. ვერ­დის სა­უ­კე­თე­სო ქმნი­ლე­ბა - “რექ­ვი­ე­მია”. მე მგო­ნი, მო­ცარ­ტის რექ­ვი­ემ­საც სჯო­ბია. ამ­ბო­ბენ, რომ “რექ­ვი­ე­მი” სიკ­ვ­დილ­ზე მოგ­ვითხ­რობს, მაგ­რამ იგი ხომ ცოცხალ ად­ა­მი­ან­თა სმე­ნის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. რო­გორც სიმ­ფო­ნის­ტი, ჰა­იდ­ნი მო­ცარ­ტ­ზე ძლი­ე­რია. მო­ცარ­ტ­თან სა­უ­კე­თე­სო ოპ­ე­რე­ბი და კონ­ცერ­ტე­ბია. მე მაქვს “ფი­გა­რო”, “დონ ჟუ­ა­ნი”, “ჯა­დოს­ნუ­რი ფლე­ი­ტა” და “კო­ზი”. “კო­ზი” სრუ­ლი სა­ოც­რე­ბაა.
უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ხუ­თი წე­ლი ვერ­დის აღ­მო­ჩე­ნას მო­ვუნ­დი. მი­სი სა­მი უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ოპ­ე­რის გარ­და “ბალ-მას­კა­რა­დიც” ძა­ლი­ან მიყ­ვარს. “ტრა­ვი­ა­ტა” სო­ცი­ა­ლუ­რი იდ­ე­ე­ბის მიღ­მა და­მა­ლუ­ლი დი­დი ნა­წარ­მო­ე­ბია. “პარ­სი­ფა­ლის” მე­ო­რე აქ­ტი შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მეყ­ვა­ვი­ლეს სცე­ნის გა­მოკ­ლე­ბით. არ მიყ­ვარს “ნი­ურ­ნ­ბერ­გე­ლი მა­ის­ტერ­ზინ­გე­რე­ბის” სი­უ­ჟე­ტი - ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და სხვა რა­ღა­ცე­ბის ქა­და­გე­ბის გა­მო. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მხო­ლოდ “ვალ­კი­რია”, “ღმერ­თე­ბის და­ღუპ­ვა” და “ტრის­ტან და იზ­ოლ­და” მიყ­ვარს. სა­ერ­თოდ, “ნი­ბე­ლუნ­გე­ბის” ციკ­ლ­შიც “ვალ­კი­რი­ა­სა” და “ღმერ­თე­ბის და­ღუპ­ვას” ვამ­ჯო­ბი­ნებ… შე­სა­ნიშ­ნა­ვია შუბ­ზე ფი­ცის და­დე­ბის სცე­ნა, ას­ე­ვე ბრუნ­ჰილ­და­სა და ვალ­ტ­რა­ტის დუ­ე­ტი. სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეა, სოპ­რა­ნო მაღ­ლა-მაღ­ლა რომ მი­ი­წევს: “Das ist kein Mann“. “პარ­სი­ფალ­ში” მხო­ლოდ ერ­თი რამ არ მომ­წონს - ქალ­წუ­ლო­ბა­ზე აქ­ცენ­ტი. გარ­შე­მო ყვე­ლამ რომ უბ­ი­წო­ე­ბის აღთ­ქ­მა და­დოს, ერ­თა­დერ­თი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი მოკ­ვე­თი­ლი რო­დი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან. მთე­ლი ეს სპექ­ტაკ­ლი “პარ­სი­ფალ­ში”, თა­ვი­სი დი­დი პა­რას­კე­ვით, უბ­რა­ლოდ სა­ში­ნე­ლე­ბაა. ნამ­დ­ვი­ლად არა ვარ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მ­დე­გი (იტ­ა­ლი­ურ ოპ­ე­რებ­ში ზა­რებს ისე არ­ის­ხე­ბენ, სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი გე­გო­ნე­ბა), მაგ­რამ “პარ­სი­ფალ­ში” ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია. აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის აკრ­ძალ­ვა და ა.შ. ძა­ლი­ან ცუ­დი რა­მეა. სა­ინ­ტე­რე­სოა, თავ­და­პირ­ვე­ლი ჩა­ნა­ფიქ­რით “ტრის­ტა­ნი” რა­ღაც უბ­რა­ლო და ყვე­ლას­თ­ვის მი­საწ­ვ­დო­მი ნა­წარ­მო­ე­ბი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.
იც­ით, სა­ერ­თოდ, “ტრის­ტა­ნი” მე მგო­ნი, უნ­და შე­ას­რუ­ლოს ორ­მა ლეს­ბო­სელ­მა, რო­მელ­თაც სამ­ყა­რო ვერ გა­უყ­ვი­ათ. იზ­ოლ­და - ინგ­ლი­სე­ლი პრან­ჭია ქალ­ბა­ტო­ნი იქ­ნე­ბა, ტრის­ტა­ნი კი სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბის აქ­ტი­უ­რი გო­გო­ნა.
სა­ო­პე­რო “დონ-ჟუ­ა­ნი” ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლის­ტი მა­მა­კა­ცის ტი­პია. შე­უძ­ლე­ბე­ლია ტრის­ტა­ნი­სა და დონ-ჟუ­ა­ნის წარ­მოდ­გე­ნა ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლურ სიყ­ვა­რულ­ში.
კარ­გი იქ­ნე­ბო­და, კირ­კე­გო­რი “ტრის­ტანს” რომ მოს­წ­რე­ბო­და. შე­საძ­ლოა, არც მოს­წო­ნე­ბო­და, მაგ­რამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ნამ­დ­ვი­ლად მო­ახ­დენ­და. ამ­ის შემ­დეგ რა­ღაც ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო­საც და­წერ­და.
სი-მი­ნო­რულ მე­სა­ში არ­ის რა­ღაც არ­ა­მი­წი­ე­რი, მაგ­რამ საკ­მა­ოდ მო­საწყე­ნი­ცაა. ბახ­თან თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მხო­ლოდ “მა­თეს ვნე­ბა­ნი” მომ­წონს. ბახ­ზე გა­ვი­ზარ­დე, მთე­ლი ბავ­შ­ვო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­სი მუ­სი­კა მეს­მო­და. უკ­ვე მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ “ჩა­კო­ნა” მო­საწყე­ნი რა­მეა. უკ­ე­თე­სია, ბახს თა­ვად უკ­რავ­დე, ვიდ­რე უს­მენ­დე. 48 პრე­ლუ­დია და ფუ­გა, მა­გა­ლი­თად.
მე მგო­ნი, ბეთ­ჰო­ვე­ნის “სად­ღე­სას­წა­უ­ლო მე­სა” გე­ნი­ა­ლუ­რი ქმნი­ლე­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად იმ მო­ნაკ­ვე­თი­სა, “აღდ­გო­მას” რომ მოს­დევს. ერთხელ, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის და­სას­რულს, ვაგ­ნერ­მა თქვა: “ძა­ლი­ან მიყ­ვარს რო­სი­ნი, მაგ­რამ გთხოვთ, ნუ ეტყ­ვით ამ­ას ჩემს თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებს”-ო.
ან­სე­ნი. მე “კარ­მე­ნით” და­ვიწყე. შემ­დეგ კი უკ­ვე გერ­მა­ნე­ლებ­ზე გა­და­ვე­დი.
ოდ­ე­ნი. “კარ­მე­ნი” უდ­ი­დე­სი ნა­წარ­მო­ე­ბია. უბ­რა­ლოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ ლის­ტ­ში, ჰოფ­მან­ს­ტა­ლი კი ერ­თა­დერ­თი ლიბ­რე­ტის­ტია, რომ­ლის ლიბ­რე­ტო­საც უბ­რა­ლოდ წა­ი­კითხავ, მუ­სი­კის გა­რე­შე. მარ­შა­ლი­ნის მო­ნო­ლო­გი, მა­გა­ლი­თად.
სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გა­ნიც­დი­ან ხოლ­მე ამ­ე­რი­კე­ლი კრი­ტი­კო­სე­ბი, რო­ცა აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე ბრწყინ­ვა­ლე მწე­რა­ლი სა­ში­ნე­ლი ად­ა­მი­ა­ნია. იგ­ი­ვე და­ე­მარ­თა კურ­ციო მა­ლა­პარ­ტეს და მის რო­მანს “კა­პუტ”. აქ­ა­ო­და, თუ ფა­შის­ტი არ იყო, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა მა­სა­ლა თა­ვი­სი რო­მა­ნის­თ­ვი­სო?
სე­მუ­ელ ჯონ­სონს შტა­ტებ­ში არ სწყა­ლო­ბენ. არ­ა­და, ჯონ­სო­ნი სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში დი­დი რო­მან­ტი­კო­სი და მე­ლან­ქო­ლი­კი იყო და მის კა­ლამს რამ­დე­ნი­მე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნა­წარ­მო­ე­ბი ეკ­უთ­ვ­ნის. რაც შე­ე­ხე­ბა ბენ ჯონ­სონს, მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს “ალ­ქი­მი­კო­სი” და “ბარ­თ­ლო­მეს ბაზ­რო­ბა”. “ვილ­პი­ნე, ანუ მე­ლა” ნაკ­ლე­ბად მომ­წონს. ახ­ლა მე ნიღ­ბებ­ში ვარ გა­და­ვარ­დ­ნი­ლი.
15 იან­ვა­რი, 1947 წ.
ოდ­ე­ნი. რენ­დალ ჯა­რელს უნ­და, რო­მის პაპს აჯ­ო­ბოს. ფაქ­ტობ­რივ დო­ნე­ზეც კი ცდე­ბა! კარ­გია, ასე მო­ხერ­ხე­ბუ­ლად რომ გა­მო­ი­ჭი­რეთ “არ­ჩე­ვა­ნის მო­მენ­ტ­ზე”. იგი ხომ არ­სე­ბი­თად, ძა­ლი­ან კარ­გი ად­ა­მი­ა­ნია, ამ­ი­ტო­მაც მი­სი შეც­დო­მე­ბი ას­ე­თი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია. თქვენ სწო­რად გა­ი­გეთ ლექ­სი “მითხა­რი სი­მარ­თ­ლე სიყ­ვა­რულ­ზე”. ჩემ­თ­ვის ეს ლექ­სი ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას დავ­წე­რე, 1938 წელს, ჩი­ნეთ­ში რომ მივ­დი­ო­დი. კრის­ტო­ფე­რი მა­შინ­ვე მიხ­ვ­და, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ლექ­სი დავ­წე­რე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს ესა თუ ის ნა­წარ­მო­ე­ბი. ეს ლექ­სი მცი­რე ხნით ად­რე დავ­წე­რე, მა­ნამ, სა­ნამ შევ­ხ­ვ­დე­ბო­დი ად­ა­მი­ანს, ვინც მთელ ჩემს სამ­ყა­როს ყი­რა­ზე და­ა­ყე­ნებ­და.
იგ­ი­ვე და­ე­მარ­თა ჩემს სხვა ლექ­სებ­საც, რო­ცა ჯერ კი­დევ ოც­და­ა­თი­ან წლებ­ში ვსა­უბ­რობ­დი არ­ამ­ხო­ლოდ ჰიტ­ლერ­ზე, მუ­სო­ლი­ნი­ზე და რუზ­ველ­ტ­ზე, არ­ა­მედ ჩერ­ჩილ­ზეც. არ­ა­და, მა­შინ იგი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან როლს თა­მა­შობ­და პო­ლი­ტი­კურ არ­ე­ნა­ზე, თუმ­ცა უკ­ვე გა­ე­მარ­ჯ­ვე­ბი­ნა და­მა­ტე­ბით არ­ჩევ­ნებ­ში.
სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მე სან­გ­ვი­ნი­კი ვარ. ყო­ველ­თ­ვის ვტკბე­ბო­დი ცხოვ­რე­ბით. შე­საძ­ლოა სა­ში­ნელ ტკი­ვილს გა­ნიც­დი­დე, სიმ­წ­რის­გან ღრი­ა­ლებ­დე, მაგ­რამ არ­სე­ბი­თად მა­ინც გა­გი­მარ­თ­ლა, რად­გა­ნაც ჯერ კი­დევ შე­გიძ­ლია ღრი­ა­ლი.
საკ­მა­რი­სი ფუ­ლი რომ მქო­ნო­და, ამ­ე­რი­კა­ში არ ვიცხოვ­რებ­დი. აქ სა­ში­ნე­ლი კლი­მა­ტია. სად­ღაც სამ­ხ­რეთ ევ­რო­პა­ში დავ­სახ­ლ­დე­ბო­დი. ად­რე ძა­ლი­ან მომ­წონ­და ბალ­კა­ნე­ბი, კარ­პა­ტე­ბი, რო­მე­ლი­მე ცი­ხე-სი­მაგ­რე ტრან­სილ­ვა­ნი­ა­ში. ბევრს ვი­მოგ­ზა­უ­რებ­დი. არა, სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა ცხოვ­რე­ბა და თა­ნაც ცხე­ლა. სი­ა­მოვ­ნე­ბით გავ­ლევ­დი ჩემს უკ­ა­ნას­კ­ნელ დღე­ებს ჰა­მერ­ფეს­ტ­ში… მაგ­რამ მე ხომ არ­ას­დ­როს მყოფ­ნის ამ­ის­თ­ვის ფუ­ლი. რას არ ვას­წავ­ლი­დი: არ­ით­მე­ტი­კას (სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის წე­რაც და­ვა­პი­რე), ხატ­ვას, ფრან­გულ ენ­ას, ლა­თი­ნურს, ის­ტო­რი­ას. სამ­სა­ხურ­ში რომ და­წი­ნა­ურ­დე, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ცოლს უნ­და ეარ­ში­ყო, გოლ­ფი უნ­და ეთ­ა­მა­შო ხოლ­მე, თან სულ უნ­და აგ­ებ­დე და ა.შ. ერ­თი სიტყ­ვით, სკო­ლის მას­ხა­რად უნ­და იქ­ცე. მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან ბევრს მო­ითხოვს ად­ა­მი­ა­ნის­გან, მა­ინც ვნა­ნობ, რომ მი­ვა­ტო­ვე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, თორ­მე­ტი წლის ბი­ჭუ­ნე­ბი ხომ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ე­ბი არ­ი­ან. ეს გამ­ჭ­რი­ა­ხი ყმაწ­ვი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ხუ­თი წუ­თით გა­ი­ტა­ცო, მაგ­რამ ცო­ტა ხან­ში სა­ერ­თოდ და­ა­ვიწყ­დე­ბათ, რა­ზე ეს­ა­უბ­რე­ბო­დი.
ჩვენს დრო­ში მშობ­ლებ­მა ან ფი­ზი­კა უნ­და ას­წავ­ლონ შვი­ლებს, ან სა­ბა­ლე­ტო ხე­ლოვ­ნე­ბა. სხვაგ­ვა­რად ფულს ვერ იშ­ო­ვი. მეც­ნი­ე­რე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპ­რინ­ცი­პო­ე­ბი გახ­დ­ნენ, მა­გარ მა­ყუთ­საც ღუ­ნა­ვენ, ერთ მხა­რე­ზეც მუ­შა­ო­ბენ და მე­ო­რე­ზეც. პო­ე­ტო­ბა ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა. მუ­სი­კო­სებ­საც უჭ­ირთ.
პო­ე­ზი­ის დი­დი პრო­ფე­სო­რე­ბი მე­ტიუ არ­ნოლ­დი და ვ.პ.კე­რი იყვ­ნენ. დე სე­ლინ­კუ­რი კარ­გი მკვლე­ვა­რი იყო. ყო­ველ­თ­ვის პა­ტივს ვცემ­დი მეც­ნი­ე­რებს. მათ ხომ ამ­დე­ნი რა­მე იც­ი­ან თა­ვი­ანთ სფე­რო­ში. ზოგ­ჯერ, რო­ცა მარ­თა­ლი ვარ და სხვა ცდე­ბა, სა­ჭი­რო სიტყ­ვებს ვერ ვპო­უ­ლობ ხოლ­მე, რა­თა სი­მარ­თ­ლე და­ვა­სა­ბუ­თო. ცუ­დია, რომ მათ ელ­ი­ოტს არ მის­ცეს ნო­ბე­ლი, მარ­თ­ლაც რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცი­ის ად­ა­მი­ანს. ვგიჟ­დე­ბი, რო­გორ მის­ცეს პრე­მია იმ ვი­ღაც პერლ ბაკს. არ ვი­ცი. სინ­კ­ლერ ლუ­ი­სი რა­ღა­ცას მა­ინც წარ­მო­ად­გენს. შე­საძ­ლოა არ იყო პრე­მი­ის ღირ­სი, მაგ­რამ ხომ და­წე­რა “ბე­ბი­ტი”, “დოდ­ს­ვორ­დი”, “ერ­ო­უს­მი­ტი”. პერლ ბაკ­მა კი…
ელ­ი­ო­ტი აც­ნო­ბი­ე­რებ­და სხე­უ­ლის მა­ნი­ქე­ვე­ლუ­რი გმო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას. მაგ­რამ პო­ე­ზია ხომ ჩვე­ნი გრძნო­ბე­ბის პრო­დუქ­ტია. არ­სე­ბობს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ან­ეკ­დო­ტი ელ­ი­ო­ტის შე­სა­ხებ. ერთ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მე­ლიც მის გვერ­დით იჯ­და მა­გი­დას­თან, ჰკითხა ელ­ი­ოტს: “შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ღა­მოა, არა?” “დი­ახ, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც მის მიღ­მაა და­ფა­რუ­ლი” - უპ­ა­სუ­ხა ელ­ი­ოტ­მა.
ამ­ე­რი­კა­ში ჩა­მო­ვე­დი, რად­გან აქ უფ­რო ად­ვი­ლია ფუ­ლის კე­თე­ბა, სა­კუ­თა­რი ნი­ჭი­თა და უნ­ა­რით ცხოვ­რე­ბა. ბე­ნეტ ცერ­ფი მიყ­ვე­ბო­და, ერთხელ, ოც­ი­ან წლებ­ში, რო­გორ წა­რად­გი­ნა სა­დილ­ზე პლა­ზა­ში ერ­თი ევ­რო­პე­ლი მწე­რა­ლი. სა­დი­ლამ­დე ცერ­ფ­მა რა­ღაც აქ­ცია იყ­ი­და, სა­დი­ლის შემ­დეგ გა­ყი­და, მე­ო­რე დღეს კი სა­მა­სი დო­ლა­რის ქვი­თა­რი გა­უგ­ზავ­ნა იმ ევ­რო­პელ მწე­რალს. კარ­გია არა, რო­ცა არ მუ­შა­ობ და ფუ­ლი გაქვს. თუნ­დაც ის ად­ა­მი­ა­ნი ავ­ი­ღოთ, 1923 წელს სა­მა­სი დო­ლა­რით რომ და­იწყო საქ­მე და 10 მი­ლი­ო­ნი გა­ა­კე­თა. შემ­დეგ, რა თქმა უნ­და, მი­სი საქ­მე კრა­ხით დამ­თავ­რ­და, მა­გამ 3 მი­ლი­ო­ნი მა­ინც და­ი­ტო­ვა. სა­მი ყელ­ში ამ­ო­მი­ვი­დო­და. მა­შინ ბევრს ეშ­ი­ნო­და, რომ კრი­ზი­სი და­იწყე­ბო­და და ფულს იშ­ო­ვიდ­ნენ თუ არა, უც­ებ ამ­თავ­რებ­დ­ნენ საქ­მეს. კა­პი­ტა­ლის ჩა­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი უბ­რა­ლოდ სა­ოც­რე­ბაა. არ­ა­ნა­ირ ბალ­ზაკს არ მო­ა­ფიქ­რ­დე­ბა ას­ე­თი რამ. ახ­ლა მეც კა­პი­ტა­ლის­ტი ვარ. სახ­ლის გი­რავ­ნო­ბის სი­გე­ლი მაქვს სიკ­ლიფ­ში, ჩრდი­ლო­ეთ სა­ნა­პი­რო­ზე.
მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში, იბ­სე­ნის გა­მოკ­ლე­ბით, დრა­მა არ არ­სე­ბობ­და. სა­მა­გი­ე­როდ, ოპ­ე­რა ყვა­ო­და! ვერ­დი, დო­ნი­ცე­ტი, ვაგ­ნე­რი. ახ­ლა­ხან ვი­ყი­დე “დონ პას­კუ­ა­ლეს” ფირ­ფი­ტა. სა­ოც­რე­ბაა… ცუ­დია, რომ მას ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად დგა­მენ. შე­საძ­ლოა დო­ნი­ცე­ტი იაფ­ფა­სი­ან რა­ღა­ცე­ებს წერ­და მა­სე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ მე ეს არ მა­ინ­ტე­რე­სებს. რა სჯო­ბია “ლუ­ჩი­ა­სა” და “დონ პას­კუ­ა­ლეს”.
ორი იდეა-ფიქ­სი მაქვს: ად­გი­ლი და­ვიმ­კ­ვიდ­რო ინგ­ლი­სუ­რი პრო­სო­დი­ის ის­ტო­რი­ა­ში და ინგ­ლი­სუ­რი ენ­ის ოქს­ფორ­დის ლექ­სი­კონ­ში მოვ­ხ­ვ­დე, ანუ ახ­ა­ლი სიტყ­ვე­ბის გან­სა­მარ­ტა­ვად ჩე­მი ცი­ტა­ტე­ბი მოჰ­ყავ­დეთ. ჩემ­და სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ, ინ­ვერ­სი­ებს ისე კარ­გად ვერ ვი­ყე­ნებ, რო­გორც ეს ფლექ­სი­ურ ის­ლან­დი­ურ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.
ოდ­ეს­ღაც კრის­ტო­ფერ­თან ერ­თად პი­ე­სა დავ­წე­რე და თა­ვის დრო­ზე არ გა­მოგ­ვიქ­ვეყ­ნე­ბია. მე­რე რა, რომ კრის­ტო­ფე­რი ახ­ლა ჰო­ლი­ვუ­დის მწე­რა­ლია - სა­მა­გი­ე­როდ, მა­გა­რი ბი­ჭია. მე უფ­რო მი­სი თა­მა­შე­ბი მა­დარ­დებს ვე­დან­ტას­თან. ამ­ის თა­ო­ბა­ზე მივ­წე­რე კი­დეც, მაგ­რამ წე­რილ­ში ყვე­ლა­ფერს ხომ არ იტყ­ვი. ახ­ლა ჩვენ დავ­შორ­დით ერთ­მა­ნეთს და ისე გან­ვ­ს­ხ­ვავ­დე­ბით, რო­გორც სტო­ი­კო­სი და ეპ­ი­კუ­რე­ლი. კი­დევ ერ­თი პი­კან­ტუ­რი დე­ტა­ლი - კრის­ტო­ფე­რი ახ­ლა ოპ­ო­ზი­ცი­ა­ში ჩა­უდ­გა ყვე­ლა­ფერ ინგ­ლი­სურს.

მარ­ტი, 1947 წ.
ოდ­ე­ნი. რო­გორც იც­ით, ყვე­ლა­ფე­რი “ფრან­გუ­ლი” მე­ზიზ­ღე­ბა. ბოდ­ლე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი იყო, რო­ცა “l‘esprit de Voltaire“-ზე ლა­პა­რა­კობ­და. რა თქმა უნ­და, ვოლ­ტერ­მა და სხვებ­მა თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი რო­ლი ით­ა­მა­შეს, მაგ­რამ ნა­ხეთ, რო­გო­რი ვულ­გა­რუ­ლე­ბი არ­ი­ან ის­ი­ნი! საფ­რან­გე­თი სხვა ქვეყ­ნებ­ზე მე­ტად ჰგავს რომს. არა ვა­ტი­კანს, არ­ა­მედ რო­მის იმ­პე­რი­ას. ბი­ზან­ტია კი­დევ მეს­მის, მაგ­რამ რო­მი…
რა­ტომ ვერ ვი­ტან ფრან­გებს? იმ­ი­ტომ, რომ ომ­ის დროს იმ­ა­ლე­ბოდ­ნენ და დამ­თავ­რ­და თუ არა ომი, გა­აფ­თ­რე­ბუ­ლე­ბი შუ­რის­ძი­ე­ბას ით­ხოვ­დ­ნენ. ინგ­ლის­ში ხალ­ხი შო­კი­რე­ბუ­ლი იყო საფ­რან­გე­თის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ით. ის­ი­ნიც, ვინც მათ ამ­არ­თ­ლებ­და. რა თქმა უნ­და, ფრან­გებ­მა იმ­ი­ტომ წა­ა­გეს ომი, რომ ძა­ლი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რე­ბი იყვ­ნენ. გახ­სოვთ პა­რი­ზი ომ­ის წინ? სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო! ამ ხალხს უბ­რა­ლოდ სწყუ­რო­და გერ­მა­ნე­ლე­ბი, ერ­თი სუ­ლი ჰქონ­დათ, რო­დის და­იპყ­რობ­დ­ნენ - არ­ა­ფე­რია უფ­რო სა­ზიზ­ღა­რი, ვიდ­რე ფრან­გუ­ლი petit bourgeois. შემ­დეგ კი გერ­მა­ნელ ტყვე­ებს მო­ნე­ბი­ვით ექ­ცე­ოდ­ნენ. ინგ­ლის­ში ას­ეთ რა­ღა­ცე­ებ­ზე პრო­ტესტს მა­ინც გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ.
ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლის­ტე­ბი კაი თაღ­ლი­თი ხალ­ხი აღ­მოჩ­ნ­და… ინგ­ლის­ში მათ ძალ­ზე ცო­ტა მიმ­დე­ვა­რი გა­მო­უჩ­ნ­დათ. საფ­რან­გეთ­ში კი ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლის­ტე­ბი ან და­ბერ­დ­ნენ, ან­და სა­ერ­თოდ, მოკ­ვ­დ­ნენ. სულ ფე­ხებ­ზე მკი­დია ელ­უ­ა­რი. კა­მიუ სარ­ტ­რ­ზე ათი თა­ვით მაღ­ლა დგას. სა­ერ­თოდ, ინგ­ლის­ში რე­აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი ის­ე­თი გამ­ძ­ლე­ე­ბი ვერ არ­ი­ან, რო­გორც საფ­რან­გეთ­ში. რო­ცა გარ­დაქ­მ­ნე­ბი და­იწყე­ბა, ცო­ტას გა­იბ­რ­ძო­ლე­ბენ, მაგ­რამ შემ­დეგ მა­ინც შე­ე­გუ­ე­ბი­ან სი­ტუ­ა­ცი­ას. საფ­რან­გეთ­ში კი გარ­დაქ­მ­ნე­ბი და­სას­რულს ნიშ­ნავს. მათ, უბ­რა­ლოდ, არ შე­უძ­ლი­ათ წარ­მო­იდ­გი­ნონ სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი და არც იუმ­ო­რის­ტე­ბი ჰყავთ. საფ­რან­გეთ­ში არ­ა­ვი­ნაა სმი­ტის ან შო­უს მსგავ­სი. მა­გა­ლი­თად, ან­ა­ტოლ ფრან­სი ვერ გა­დავ­ხარ­შე, რაბ­ლეც ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა. მათ არ ჰყავთ თა­ვი­სი ნიც­შე, რო­მე­ლიც ხან­და­ხან ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო, - ერ­თა­დერ­თი სა­სა­ცი­ლო მწე­რა­ლი მთელ გერ­მა­ნი­ა­ში. მონ­ტე­ნი ძა­ლი­ან პირ­ქუ­ში ვინ­მეა, ჟი­დიც. მონ­ტე­ნი არ მომ­წონს. საქ­მე იმ­ა­შია, რომ თქვენ საფ­რან­გეთს ის­ე­ვე უყ­უ­რებთ, რო­გორც მე ირ­ლან­დი­ას - ანუ, ესაა ბუ­კო­ლი­კუ­რი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა.
ახ­ლა ლექ­ცი­ებს ვკითხუ­ლობ ძი­ე­ბის მო­ტი­ვის შე­სა­ხებ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მაგ­რამ არა ბარ­ნარ­დ­ში, არ­ა­მედ კო­ლუმ­ბი­ის უნ­ი­ვერ­სი­ტეტ­ში. არ­გო­ნავ­ტე­ბით ვიწყებ, შემ­დეგ მო­დის ოდ­ი­სევ­სი (პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ძი­ე­ბა), “ენ­ე­ი­და”. ხვალ გრა­ა­ლის შე­სა­ხებ ვკითხუ­ლობ. მა­ლე დონ-კი­ხოტ­ზე გა­და­ვალ. სტუ­დენ­ტებს კი ძი­რი­თა­დად ფე­ხებ­ზე კი­დი­ათ ყვე­ლა­ფე­რი ეს.
კა­თო­ლი­კებ­მა კარ­გად ვერ გა­ნა­ვი­თა­რეს ქრის­ტი­ა­ნო­ბის ეს­თე­ტი­კა. მათ არ­ის­ტო­ტე­ლეს მე­ტა­ფი­ზი­კაც ვერ აით­ვი­სეს, წარ­მარ­თო­ბის ეს­თე­ტი­კა­ზე რომ არ­ა­ფე­რი ვთქვათ. თუმ­ცა ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი მათ მა­ინც არ მი­აჩ­ნი­ათ არ­აქ­რის­ტი­ა­ნულ ობ­ი­ექ­ტად. თო­მა აქ­ვი­ნე­ლიც კი არ­ის­ტო­ტე­ლეს ეს­თე­ტი­კას ეფ­უძ­ნე­ბა. ზოგ­ჯერ თავს ვე­კითხე­ბი ხოლ­მე - იყო კი თო­მა ქრის­ტი­ა­ნი? სა­ო­ცა­რია, სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს მთე­ლი თა­ვი­სი summa-ს შე­სა­ხებ უთქ­ვამს: “სი­სუ­ლე­ლეა ეს ყვე­ლა­ფე­რი”-ო. გახ­სოვთ, რა თქვა კირ­კე­გორ­მა ჰე­გე­ლის შე­სა­ხებ? “ჰე­გელს რომ თა­ვი­სი ნაშ­რო­მე­ბი თაღ­ლი­თო­ბად და ოინ­ბა­ზო­ბად მო­ე­ნათ­ლა, ყვე­ლა­ზე დი­დი ად­ა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­დაო კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში”.
იც­ით, რაც დრო გა­დის, მგო­ნია, რომ დან­ტეც არაა მთლად ქრის­ტი­ა­ნი ავ­ტო­რი. იგი სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში უდ­ი­დე­სი პო­ე­ტია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ უჭ­ირს ად­ა­მი­ანს, რო­ცა საგ­ნებს ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­იქ­ვამს. მა­ნამ, სა­ნამ მორ­წ­მუ­ნე გავ­ხ­დე­ბო­დი, უფ­რო ად­ვი­ლი იყო მი­მე­ღო დან­ტეს თე­ო­ლო­გია. ახ­ლა კი ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა… იყო კი იგი სა­ერ­თოდ ქრის­ტი­ა­ნი? იგი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რომ ღმერ­თი იტ­ან­ჯე­ბა. დან­ტეს ჯო­ჯო­ხეთ­ში ცოდ­ვი­ლებს გა­რე­გა­ნი ძა­ლა სჯის და არა მა­თი ცოდ­ვი­ლო­ბა, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დოგ­მა გვე­უბ­ნე­ბა. სხვა მხრივ კი, არ ვი­ცი, რო­გორ გა­ი­გებს არ­აქ­რის­ტი­ა­ნი “დონ კი­ხო­ტის” საზ­რისს. თუ­კი ქრის­ტეს ორ­ბუ­ნე­ბოვ­ნე­ბა ნონ­სენ­სი გგო­ნია, მა­შინ დონ კი­ხო­ტი­სა და სან­ჩოს წყვი­ლი შენ­თ­ვის არ­ა­ფერს ნიშ­ნავს. სა­ერ­თო­დაც, ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, სა­ჭი­როა თუ არა რე­ლი­გი­უ­რი პო­ე­ზია. რო­ცა რო­მან­ტი­ულ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ლი­რი­კას წერ, გეს­მის მი­სი უპ­ა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ხო­ლო რო­ცა რე­ლი­გი­ურ ლექ­სებს თხზავ, არა ხარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ამ­ა­ში, ამ­ი­ტო­მაც, ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ან­ი­ჭებ მას. აუც­ი­ლე­ბე­ლი არაა, მე­სამ ემ­ო­ცი­უ­რად შეგ­ძ­რას. თე­ო­ლო­გი­უ­რი გრძნო­ბა, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა გრძნო­ბა, არაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ურ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას­თან. არა, მე არ ვფიქ­რობ, რომ რე­ლი­გი­უ­რი ლექ­სე­ბის წე­რას აზ­რი არა აქვს. უბ­რა­ლოდ, ამ ლექ­სე­ბის წე­რი­სას იმ­დე­ნად დი­დია და­ძა­ბუ­ლო­ბა, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის გიკ­ვირს ხოლ­მე…


© “არილი”

Friday, August 29, 2008

ჰარუკი მურაკამი






















მწვანე მხეცი



თარგმნა ზურაბ ქემოკლიძემ


ქმარი ჩვეულებისამებრ სამსახურში წავიდა და შინ მარტო დავრჩი. გულხელდაკრეფილი ვიჯექი. მერე მზერა ფანჯარაში, შტორებს შორის გავაპარე, მარადმწვანე მუხას მივაჩერდი, ჩემი გულის მესაიდუმლეს. ჩვენ ხომ ერთად ვიზრდებოდით. მე ისე ვესაუბრებოდი ხოლმე მას, როგორც უახლოეს მეგობარს.მაშინაც ფიქრში წასული ვესაუბრებოდი, რაზე - აღარ მახსოვს. აღარც ის მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს საუბარი. როცა ბაღს უყურებ, დრო წყალივით მიედინება. ფანჯრებს მიღმა სიბნელე ჩამოწვა. მიწის შემარყეველმა ყრუ ხმამ გამომაღვიძა. ჯერ მომეჩვენა, თითქოს ეს ხმა ჩემივე სხეულის სიღრმიდან იძვროდა. სმენითი ჰალუცინაცია ხომ არ იყო? მძიმე წინათგრძნობამ მომიცვა. სუნთქვა შემეკრა და გავირინდე. გუგუნი ნელა, თანდათანობით მატულობდა. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. გავქვავდი.უეცრად მუხის ფესვებს ირგვლივ მიწა აფუვდა, გაირღვა და ნაგლეჯებად დაქუცმაცდა - სიღრმეში ბასრი ბრჭყალისმაგვარი რაღაც გამოჩნდა. მე ერთიანად დავიძაგრე და გამიელვა: "მოსახდენი ახლა მოხდება!" ბრჭყალმა უსწრაფესად ამოთხარა მიწა და სოროდან მწვანე მხეცმა ამოყო თავი.ამ უცნაურმა არსებამ მიწის ნაფშვენები დაიბერტყა და სასწაულებრივად გრძელი ცხვირი შოლტივით მოიქნია. ადამიანის თვალები ჰქონდა. თვალების დანახვისთანავე უნებურად შევკრთი: მათ სიღრმეში ფიქრი მოძრაობდა, მოუსვენარი ფიქრი. ამ ნიშნით ეს ცხოველი მეც მგავდა და თქვენც.ცხოველი მოუახლოვდა სახლს და ცხვირის წვერით კარზე დააკაკუნა. "კაკ-კუკ, "კაკ-კუკ" - გაისმა ყრუ კაკუნი. მალულად გავყევი კედელს და სხვა ოთახში გავედი. ყვირილს აზრი არ ჰქონდა: ირგვლივ ძე-ხორციელი არ ჭაჭანებდა, ქმარი კი კარგა ხნის მერე აპირებდა მოსვლას. გასაქცევი აღარსად მქონდა: უცნაური არსება ერთადერთ კარებს მოადგა და აკაკუნებდა. ისღა დამრჩენოდა, გავრინდულიყავი, რათა ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს შინ არავინ იყო. როცა არავინ გეპასუხება, იძულებული ხარ უკან გაბრუნდე. ჩვეულებრივ ასეა, მაგრამ ეს ნაძრახი ცხოველი არსად არ აპირებდა წასვლას. მან ცხვირის წვერი მოღუნა, საკეტში შეყო. საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი გაიღო. ცხოველი ოთახში შემოვიდა, თავი გველივით ზეაღმართა და აქეთ-იქით ცქერა დაიწყო. კართან რომ ვიდგე, კარგი იქნებოდა, კუდს უმალვე მოვაჭრიდი", - სამზარეულოში უამრავი მჭრელი დანა იდო. მაგრამ ცხოველმა, გეგონებოდა ჩემი ჩანაფიქრი ამოიცნოო, ჩაიფხუკუნა: "ეს ცხვირი თუ კუდი ხვლიკისას წააგავს, რამდენჯერაც არ უნდა მოჭრა, მაინც გაიზრდება".ღმერთო ჩემო! უცნაური არსება ფიქრებს კითხულობს. ეს უკვე მეტისმეტია! არავის არ მივცემ უფლებას ჩემს ტვინში აფათუროს ხელები. მით უმეტეს, ამ საზიზღრობას. ცივმა ოფლმა დამასხა. რა უნდა ჩემგან? შემჭამოს? მიწის ქვეშ ჩამიყოლიებს? ჯანდაბას! რაც არის, არის! არცთუ ისე მახინჯია: თათებზე წამოზრდილი ბრჭყალებიც არა აქვს მთლად საშინელი! და თან არც ისე აგრესიულია...- რაღა თქმა უნდა, - წარმოთქვა მან და კისერი წაიგრძელა, - ნუთუ გგონიათ, რომ შეგჭამთ? არა! არა და არა! მე თქვენ არაფერს გერჩით! მე არც ისეთი ბარბაროსი ვარ!ღმერთმანი, ყველაფერი ეყურება, რასაც კი გავიფიქრებ!- ეი, დიასახლისო! მე მოვედი, რათა ხელი გთხოვოთ. განზრახ ამოვძვერი მიწისქვეშეთიდან. ეს უბრალო საქმე არ გეგონოთ: დიდძალი მიწის ქანები გამოვარღვიე. ბრჭყალები დამელეწა! მე თქვენ მომწონხართ! აი, ამისთვის მოვედი აქ! თქვენზე ვფიქრობდი ღრმა მიწისქვეშეთში. ვეღარ გავძელი და აქ ამოვედი. არ მირჩევდნენ ამოსვლას, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და ამოვედი. ძალა მოვიკრიბე და თავი გავიმხნევე. ვიცი, რასაც გაიფიქრებთ: "აჰ, შე ცხოველო, შე თავხედო, რამ გაგაბედვინა ხელის თხოვნა!"- განა ასე არ არის? შემოიჭრა თავხედი ცხოველი და სიყვარულს მოითხოვს!ამის თქმა იყო და ცხოველს სახე მოექუფრა, ემოციების მოძალებასთან ერთად იისფერმა გადაჰკრა. ერთიანად დაპატარავდა, დაჩიავდა. მე გულხელი დავიკრიფე და ამ უცნაურობას მივაჩერდი. იქნებ მისი სხეული გრძნობათა შეცვლასთან ერთად იცვლება? ან იქნებ ამ მახინჯი გარეგნობის მიღმა ნაზი და მგრძნობიარე გული იმალება? რაკი ასეა, მე მაქვს გამარჯვების შანსი! "კიდევ ერთხელ ვცადოთ. მაგრამ შენ ხომ უმსგავსი ცხოველი ხარ!" - გავიფიქრე და შინაგანი ხმით გავახმიანე კიდეც გულში სათქმელი. ამის გაფიქრება იყო და მწვანე ცხოველს ჯერ თვალები გაუფართოვდა. მერე კი მსხვილი ცრემლები წამოსცვივდა.შიში გამინელდა და სწორედ ამის შემდეგ წარმოვისახე ყველაზე საშინელი სცენა. ფიქრში მჭიდროდ შევბოჭე მწვანე ცხოველი და პინცეტით სათითაოდ წავაცალე მწვანე ქერცლი. დანით ვჩხვლეტდი და სარჩილავით შეშუპებულ თვალებს ვუღიზიანებდი. მე ზედიზედ წარმოვიდგინე ეს სცენები, ცხოველი კი ტკივილისგან დროდადრო მწარედ ტიროდა. წამოიყვირებდა ხოლმე, თითქოს ნამდვილად ემართებოდა ყოველივე... ფერადი ცრემლი სდიოდა, დორბლი ენთხეოდა, ყურებიდან გაზს აფრქვევდა, თვალებიდან გამჭოლ მზერას ასხივებდა... "ეი, დიასახლისო! გთხოვთ, ღვთის გულისათვის, მოიშორეთ, განაგდეთ ეს სასტიკი ფიქრები! გეხვეწებით, გემუდარებით ნუ გაივლებთ ჩემზე ცუდს ნურაფერს! თქვენს მიმართ ავი ზრახვა არ მქონია, მე მხოლოდ და მხოლოდ ვფიქრობდი თქვენზე"."რაც გინდა, ის ილაპარაკე! შენ მოულოდნელად შემოიჭერი ჩემს სახლში, არავის დაუპატიჟიხარ. ამიტომ მე რასაც მინდა, იმას გავიფიქრებ". ამის თქმა იყო და გონებაში უფრო და უფრო საშინელი წარმოსახვები ამოტივტივდა. მე ვაწამებდი, ვჩხვლეტდი და ვშანთავდი ცხოველის სხეულს სხვადასხვა მექანიზმებით და ინსტრუმენტებით: დათრგუნვის არანაირი საშუალება არ გამიშვია ხელიდან. "მისმინე, მხეცო! შენ ხომ არ იცი, რა არის ქალი! და რადგან ასეა, მე შენ დაგსჯი, ათასგვარ წარმოსახვებში გადაგადნობ და ათას ფიქრში გაგატარებ!" ამის პასუხად ცხოველის კონტურები დაირღვა, ის დაპატარავდა, როგორც ნაწვიმარი ჭიაყელა, თითქოს მარტო წაგრძელებული ცხვირიღა დარჩა. მერე ტუჩები ააცმაცუნა, ალბათ ბოლო სიტყვის თქმას აპირებდა. გეგონებოდა, რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი, დავიწყებული სათქმელი უნდა თქვასო. პირი მოერღვა, გამომეტყველება დაკარგა, და მთლიანად გაიბნა, გაუჩინარდა. ცხოველის ადგილას საღამოს მკრთალი ჩრდილიღა დარჩა, თუმცა ჰაერში მისი გადმოკარკლული თვალები ელავდა. "ასეთი ხუმრობები ჩემთან არ გამოგივა, შენი საქმე წასულია". ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ თვალებიც გაიფანტა სიცარიელეში, გარინდებული ოთახი ღამის წყვდიადმა მოიცვა.


© “არილი”

Thursday, August 28, 2008

ანტონიო მაჩადო ი რუისი

ლიტერატურისა და ხელოვნებისათვის



ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ



"არასდროს უძებნია სახელი და დიდება. მეოცნებე, ფილოსოფოსი, განდეგილი, მარტოობასთან შეხმატკბილებული, სიტყვაძუნწი, დაღუპული სიყვარულის მომღერალი, პროვინციის თავმდაბალი მასწავლებელი, მუდამ ძველმოდურად ჩაცმულ-დახურული, დაღვრემილი... ნელა დაუყვებოდა ქუჩას ფიქრებში ჩაფლული, მთვარეულივით მიაბიჯებდა, გეგონებოდათ სადღაც სხვაგან იყო, ვერ ამჩნევდა ვერც მშვენიერ დილას, ვერც ქუჩას, არ ესმოდა ჩიტების ჟივილ-ხივილი", - ანტონიო მაჩადოს ეს პორტრეტი დაგვიხატა რაფაელ ალბერტიმ, ასეთი დაამახსოვრდათ იგი გარსია ლორკას, მიგელ დე უნამუნოს, ხუან რამონ ხიმენესს. ყველამ იცოდა მისი ჩვევა, უყვარდა ქალაქის ქუჩებსა და გარეუბნებში ხეტიალი და ამ ხეტიალში იკვერებოდა ცნობილი განდეგილის ლირიკული გმირი და იკვეთებოდა მისი მრწამსი - "ოცნება მხოლოდ ფხიზელი მწამს, ჩვენ არ უნდა ვქმნიდეთ რაღაც განსაკუთრებულ სამყაროს, სადაც ეგოისტურად დავტკბებოდით ჩვენივე საკუთარი თავით, არ უნდა ვქმნიდეთ განსაკუთრებულ ცხოვრებას, სხვათათვის რომ მიუწვდომელი იქნებოდა..." თავდაპირველად თავის გზამკვლევად ფრანგ სიმბოლისტებსა და მოდერნისტ რუბენ დარიოს მიიჩნევდა, მაგრამ მის სამშობლოს მძიმე ჟამი რომ დაუდგა, ამ გოლიათისგან მხოლოდ ჩონჩხიღა შემორჩა, მისი პოეზიის ცაზე გაიფანტა მისტიკური ღრუბლები და ხმა აღიმაღლა: "დადგა დრო, ან შეიძლება ჯერ არ წასულა დრო, როცა ჩვენ, ესპანელებმა საფუძვლიანად უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი შემეცნება, საით მივდივართ? საით მივდიოდით? ამ კითხვებს კი ასეთი კითხვაც მოსდევს: ვისთან ერთად მივდივართ? ვინ გახდება მომავალში ჩვენი თანამგზავრი ისტორიის გზაზე?.." მის პოეზიაში უკვე გაისმა განგაშის ზარები: "...გაიყიდა ესპანეთი, ხარბი გადამთიელები დაეპატრონებიან ცას, მიწას და წიაღს მისას. სულ ერთიანად გაიყიდა... ჩვენი რეაქციონერების ტრაგიკული ფუქსავატობის წყალობით. ჭეშმარიტად რომ მწირია მოღალატის გასამრჯელო, თუ მას შევადარებთ გაწეულ რისკსა და ამ ბოროტების შემაძრწუნებელ შედეგებს..." მის პოეზიაში და უფრო მკვეთრად პროზაში ჩამოყალიბდა კონცეფცია, რომ ისტორია არ არის მხოლოდ ეპოქათა უბრალო მონაცვლეობა და დროის ჩვეულებრივი დინება, რომ ეს არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიანობა, რომ გუშინდელი დღე ებღაუჭება დღევანდელს და უკვე ეპოტინება ხვალინდელს, ამიტომ მკაცრად განსაზღვრა მომავალი თაობის გეზიც: "მე გავბედავ და ვურჩევ მათ, რაც შეიძლება მეტი სიმკაცრე გამოიჩინონ საკუთარი თავის მიმართ, მწვავედ და ნათლად გაიაზრონ თავიანთი ხელოვნების პრობლემები".ანტონიო მაჩადოს მკითხველი უფრო პოეზიით იცნობს. თვით ესპანეთშიც გვიან დაიწყეს მისი ფილოსოფიური, ესთეტიკური, პოლიტიკური თუ ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლა.დღეს დიდი გულისყურით კითხულობენ მის პროზაულ ნაწარმოებს "ხუან დე მაირენა, მახვილგონივრული სენტენციები, ესკიზები და მოგონებები ერთი აპოკრიფული პროფესორისა", რომელიც ცალკე წიგნად 1936 წ. გამოიცა. ძირითადი თემა შეიძლება ასეთი ფრაზით გამოიხატოს: "მთავარი ის კი არ არის, რომ პოეტმა საკუთარ "მე"-ს სძლიოს, არამედ მან "შენ" უნდა ეძებოს, ჩვენს სარკეში უნდა ვეძებოთ სხვა, ის, ვინც გვერდით გვიდგას".* * *ფრანგულ სიმბოლიზმს რომანტიკული სუბიექტივიზმის აშკარა დაცემა მოჰყვება; მწიფდება XIX საუკუნის იდეების ნაგვიანევი, ანდა დროგადასული ნაყოფები. მხედველობაში მყავს მარსელ პრუსტი საფრანგეთში და ჯეიმს ჯოისი ინგლისში. ვერც პრუსტსა და ვერც ჯოისს პოეტებს ვერ ვუწოდებდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ განა ყველა სანაქებო პოემა, მთელს ეპოქას რომ მოიცავს, ლექსთამთხზველებს შეუქმნიათ?"დაკარგული დროის ძიებაში", ასე ეწოდება მარსელ პრუსტის უსასრულო რომანს, რომლის აურაცხელი ფურცელი ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს წიგნი ოქროს გასაღებივით გვიხსნის XIX საუკუნის ფრანგული ბურჟუაზიული რომანების ფართო წრეს. ამ პოემაში ისმის მთელი საუკუნის მელოდიის ექო. პოეტი თითქოს იკვლევს საკუთარ ისტორიას, ჰეროიზმსა და იდეალებს მოკლებულ თავის სანიადაგდღეო არსებობას და ამ ცხოვრების ყოველ მოძრაობაში აღმოაჩენს წარმავალი შიშისა და იმედის უკიდეგანო რიგს. პრუსტის პოემა თუ რომანი (ეგებ რომანი არის კიდეც სახეშეცვლილი პოემა), რომანტიკული საუკუნის ამ უკანასკნელი მოჰიკანის ეს წიგნი იბადება მოგონებებიდან და არა წარმოსახვიდან, მისი თემაა მეხსიერებით შემონახული წარსული, რომელსაც არ ეღირსება მომავალი და ამდენად იგი სასიკვდილოდაა განწირული, თუმცა მოგონებებით გადარჩენა. თუ რომანს ლიტერატურული ცრურწმენების გარეშე განვიხილავთ, ნათელი გახდება, რომ მისი მთავარი გმირი არის დრო, დრო გარდასული საუკუნის ნიშნით დაღდასმული, იმ დრომოჭმული საუკუნისა, მღელვარებით რომ უგდებს ყურს თავისივე თავს. პერსონაჟი, თავისი საწყალობელი, სნობის ცხოვრების ამბავს რომ მოგვითხრობს, უკვე საკმაოდ დაშორებია სტენდალის გმირს - ნაპოლეონის ეპოქის ემანსიპირებული ბურჟუაზიის ცოცხალ განსახიერებას, თუმცა კი ბევრი რამ უანდერძებია მისთვის ცინიკოსსა და მწვალებელ ჟიულიენ სორელს, ბანოვანთა კერპსა და ჰერცოგინიათა გულთამპყრობელს, მისი ცხოვრების მომხიბლაობის წყალობით, მაგრამ იმდენად მაინც არ დაშორებია, რომ ძირეულად გარდაქმნილიყო; ისიც იგივე ჟიულიენ სორელია, ოღონდ დაბერებული და გაცრეცილი, საკუთარ თავში რწმენადაკარგული, ვნება და ნებაგამოცლილი, თუმცა ფიქრისა და განსჯის უნარი კი შეუძენია. ბალზაკისეულ ახალ ბურჟუაზიას პრუსტი აკვირდება დაცემის ჟამს, როცა იგი თავდამსხმელი კი აღარ არის, არამედ თავდამცველია, როცა ცდილობს შექმნას თავისი საკუთარი ტრადიციები და გადაიქცეს არისტოკრატიად; მას უკვე აღარ გააჩნია ილუზიები, ოდენ ღრმა სევდა თუ შემორჩენია. პრუსტი დიდებული ფსიქოლოგია, მეტისმეტად ფაქიზი და ნატიფი; იგი გახლავთ ხსოვნის პოეტი, რომელმაც შესძლო ერთი თვალის გადავლებით, ვითარცა აგონიის ჟამს, მოეცვა ეპოქის მთლიანი სურათი. პრუსტი გახლავთ ავტორი ისეთი ლიტერატურული ძეგლისა, რომელიც თავის მხრივ, საბოლოო წერტილი აღმოჩნდა; იგი ამთავრებს მთელ საუკუნეს და გვტოვებს იმ კეთილშობილი მსახურივით, რომელსაც თან მიაქვს ოქროს გასაღები.* * *"ულისეც", ირლანდიელი ჯეიმს ჯოისის წიგნი, პოეტის ქმნილებაა, მაგრამ თავისებურად დემონური. მე მას ვთვლი XIX საუკუნის ნაგვიანევ ნაყოფად და ასე მგონია, თუ რომანტიზმის ეპოქის წყალქვეშა დინებები არ შეგისწავლია, ერთ ფურცელსაც ვერას გაუგებ. ნეტავი გიჟმა ხომ არ დაწერა? მაგრამ სიგიჟე ხომ გონების სენია, ჯოისის მონოლოგს კი განზრახ, გულგრილად და ოსტატურად აქვს გამოცლილი გონი. მთელ წიგნში გონების ნატამალსაც ვერსად წააწყდებით, შეუძლებელია რაიმემ დაგაავადოთ, რამეთუ ავტორმა ადამიანის ბუნების მთავარი ნიშანი, გონი, თამამად მოისროლა სანაგვე ყუთში. დაუჯერებელია, ეს გონებასუსტობის შედეგი ყოფილიყო, რომლის დროსაც გახლეჩილი ცნობიერება აზრებს მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ალაგებს გონივრულად; ასეთი წიგნი რომ დაწერო, მართლაც მძლავრი გონება უნდა გქონდეს, რათა თანმიმდევრობით და ზედმიწევნით გაწმინდო ათასობით ფურცელი ყოველგვარი ლოგიკური კავშირისგან. თუ პრუსტის წიგნი ხსოვნის პოემაა, მაშინ ჯოისის წიგნისთვის შეგვეძლო აღქმის პოემა გვეწოდებინა, რომელიც არ არის შებოჭილი ლოგიკური სქემით, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, თავისუფალია შეუწყობელი, ქაოტური შეგრძნებებისა და შინაგანი ასოციაციების ასევე ხმაშეუწყობელი ქოროს უშუალოდ გამოხატვაში. უაზრობაა, მოვითხოვოთ, რომ ეს წიგნი გასაგები იყოს, არც ერთი მისი სიტყვა არაფერს გვამცნობს. ზოგჯერ სიტყვები ფრაზებადაც ლაგდება და გვეჩვენება, თითქოს ისინი ლოგიკურად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ მალევე ვხვდებით, რომ შემთხვევით მოხვედრილან გვერდი-გვერდ, ანდა რაღაც ეშმაკეული მექანიზმით შეერთებულან. ამ წიგნში ენა წარმოადგენს ერთ-ერთ ელემენტს, რომელიც ქმნის გონებრივ ქაოსს, ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს პოეტისავე მომზადებულ დომხალში.პრუსტის რომანი, როგორც ეპილოგი, მთელი ლიტერატურული საუკუნის დამაგვირგვინებელია, ჯოისის წიგნი კი არის გზა არსაით, XIX საუკუნის ლირიკული სოლიფსიზმის ჩიხი. პიროვნების უკიდურესი ინდივიდუალიზაცია და ჰერმეტიზაცია არ ვარაუდობს რაიმე წინასწარდადგენილ ჰარმონიას, ეს გახლავთ მოაზროვნე სუბიექტის მიხრწნილების დასტური, მისი გედის სიმღერა, რომელიც - ნურც ამას დავმალავთ, - უმალ ყვავის ჩხავილს გვაგონებს.გერმანელმა კურციუსმა "ულისეს" ანტიქრისტიანული უწოდა და მართლაც, ისეთ წიგნს, რომელშიც ლოგიკის ჭაჭანებაც არ არის, არ არის და ვერც მიაგნებთ ეთიკას, ამ თვალსაზრისით, შეიძლება კიდეც ვუწოდოთ სატანური. და სულ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მორალური ფასეულობანი და იდეები ერთსა და იმავე სფეროში არსებობენ, ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და ერთის გაქრობას გარდაუვლად მოჰყვება მეორის ნგრევაც.თანამედროვე ლიტერატურის ეს ერთი ნაწარმოები "ულისე" სრულ წარმოდგენას გვიქმნის მოვლენაზე, დღეს რომ სიურრეალიზმად იწოდება (ეს მცდარი სახელწოდება ცოტას კი გვაბნევს), მის არსზე, ინდივიდუალობის სრულ დაშლაზე გონებრივი ჰორიზონტის უზომო შეზღუდვის შედეგად. სუბიექტივიზმის ეს არაჯანსაღი განვითარება ხლეჩს ცნობიერებას და არ შეიძლება პიროვნებამ თავისი თავი არ ამოწუროს. ერთმანეთთან დაუკავშირებელ სახეთა ეს უთავბოლო ქარაშოტი უკვე ვეღარ ერთდება ცნობიერების ნაკადში; ერთნი ამოიზრდებიან არსების სიღრმიდან, მეორენი მოგვევლინებიან გარედან, მაგრამ ორივე ცდილობს გაცალკევებას და თავისთავში ჩაკეტვას, ისინი არ ქმნიან ფიქრისა და ჭვრეტის რაიმე ობიექტს, თუმცა კი ობიექტურის უსიამო სიცივეს ინარჩუნებენ.ჯოისის გაკვალულ გზაზე სიარული, ერთი შეხედვით, უფრო ძნელია, ვიდრე "დაკარგული დროის ძიებაში" წაკითხვის მერე რომანების წერა და მასაც ამ წიგნში, მისი უკიდურესობისა და აბსურდულობის მიუხედავად, ანდა შეიძლება სულაც მათი წყალობითაც კი, არის რაღაც მომავლისკენ მიმართული; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ესთეტიკური კოშმარი გაუსაძლისი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლოსაა გამოღვიძება; იგი დადგება და პოეტი დაბრუნდება ჯოჯოხეთის ჯურღმულებიდან, რათა დანტეს კვალად "იხილოს ვარსკვლავები" და მას, შინაგან სამყაროთა მარადიულ აღმომჩენს, კვლავაც გაეხსნება ბუნების სამყარო და გონების სასწაული.* * *იტყვიან ხოლმე, თითქოს ჩვენ არაპოეტურ ეპოქაში ვცხოვრობდეთ, რომ მეტისმეტად დავშორდით ყველაზე უფრო ლირიკულ XIX საუკუნეს. მაგრამ აკი ყოველი საუკუნე უცილობლად ატარებს თავის წიაღში წინა საუკუნეების მემკვიდრეობას და თუ მის განსჯას მოვინდომებთ, ალბათ გაგვიჭირდება ერთი რომელიმე დამახასიათებელი ნიშანი გამოვაცალკევოთ. ვთქვათ XIX საუკუნის განხილვისას, ადვილი მოსალოდნელია, ყველაზე უფრო გამჭრიახი გონების კაციც კი შეცდეს, ისეთი, ჭეშმარიტი ხედვის უნარი რომ აქვს და ეს სულაც არ არის გასაკვირი. როგორც არ უნდა იყოს დავალებული XIX საუკუნე თავისი დროის ადამიანებისგან, მაინც უფრო მეტადაა დავალებული განმანათლებლობისა და ბაროკოს ეპოქისაგან, კიდევ უფრო მეტად აღორძინების უდიდესი მემკვიდრეობისგან და განუზომლად - ანტიკური სიბრძნისაგან. მცირედნი თუ მოიძებნებიან, ვისაც ძალუძს შეაფასოს თითოეული ამ საუკუნის წვლილი საერთო საკაცობრიო კულტურაში და ამოიცნოს მათ მიერ განაწილებული აქცენტები.თავად მე უყოყმანოდ ვაცხადებ, რომ სხვა ყველაფრის გარდა, XIX საუკუნე ლირიკისა და ხელოვნების სუბიექტური ფორმების თვალსაზრისით, განსაკუთრებით კეთილსასურველი იყო.XIX საუკუნის ადამიანს, კარნოს დიდებული ეპოქის ადამიანს, კარნოსი, ვინც ბუნების საყოველთაო კანონად დრო აღიარა, - უჩნდება თავისი საუკუნის გრძნობა, უსმენს მას, იტანჯება მისთვის, უყვარს იგი და საუკუნეც ადამიანისთვის მისივე წარმავლობის სიმბოლოდ იქცევა. ამ ეპოქის ადამიანი თავს გრძნობს "საუკუნის პირმშოდ", შეპყრობილია "საუკუნის სენით", სწორედ მას ეკუთვნის და ჰმართებს კიდეც გამოაცალკევოს იგი წინა საუკუნეებიდან, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ თვითონვე ცხოვრობს და კვდება მასთან ერთად. ყველა დროის ადამიანებს შორის შეიძლება იგი ყველაზე ნაკლებად მივიჩნიოთ ადამიანის კლასიკურ ნიმუშად, რამეთუ საკუთარ ინდივიდუალურ შემეცნებაშია ჩაკეტილი და არც ძალუძს თავისი შემოქმედება ობიექტურობის კანონს მიუსადაგოს, მისი ღრმა თავისებურება კი სწორედ ის არის, რომ დრო იქცევა მისთვის ერთ ყველაზე მაღალ ინტიმურ ფასეულობად; მისი მეტაფიზიკა ცოტა მოგვიანებით ჩამოაყალიბა ანრი ბერგსონმა: du vecu de l'absolu. ცხოვრება არის არსებობა დროში, მხოლოდ ის ცხოვრობს, ვინც არსებობს. XX საუკუნეში ბერგსონისა და ზოგიერთი მისი მიმდევრის ნაშრომებში დიდებული რომანტიკული საუკუნის მსოფლშეგრძნება ბოლოს და ბოლოს მიდის საკუთარი თავის შეცნობამდე.იტყვიან ხოლმე, ლირიკული პოეზია იმიტომ კვდება, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო გაღარიბდაო. ამას თავისი საფუძველი აქვს, თუმცა ეს ყველას როდი ესმის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი შინაგანი სამყაროს, ადამიანის ინდივიდუალური შემეცნების ცნება გვიან გაჩნდა, იგი ტანჯვით გამოიტანა XIX საუკუნემ. ბერძნებისათვის, ცნობილი დელფოსური გამონათქვამის მიუხედავად, ეს ცნება უცხო იყო, არ იცოდა იგი აღორძინების ეპოქამაც, თუმცა ამის გამო, სხვათა შორის, მათ არც ადამიანურობა აკლდათ და არც სიღრმე. სინამდვილეში დაცემას განიცდის XIX საუკუნის ბრწყინვალე და სწორუპოვარი რომანტიკული პოეზია მხოლოდ და მხოლოდ, მისმავე ეგზალტაციამ შეიყვანა იგი ჩიხში, რაც არცთუ იშვიათი მოვლენაა ხელოვნების სფეროში. ეს დღესაც შეიმჩნევა რომანტიზმის ეპიგონებს შორის.თუკი თვალს მივადევნებთ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს, არ შეიძლება არ შევამჩნიოთ ურიცხვი მიმდინარეობა, რომელთაც ალბათ არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან, საკმაოდ განსხვავებულებიც არიან, მაგრამ ერთი რამით კი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს - ყველა ერთხმად ომს უცხადებს გონებას და გრძნობას, ანუ ადამიანთა ურთიერთობის როგორც ერთ, ისე მეორე ფორმას.* * *დადგება დღე, როცა პოეტები და ფილოსოფოსები როლებს გაუცვლიან ერთმანეთს, პოეტები ხოტბას შეასხამენ ფილოსოფოსთა დიდებულ მეტაფიზიკურ ქმედებებს და მათს ბრწყინვალე მიღწევებს, ანუ ყოფიერებას გაიაზრებენ დროის გარეშე, არსს არსებობის გარეშე. ანდა, როგორც იტყვიან, წარმოიდგენენ ისეთ თევზს, რომელიც ხმელეთზეც იცოცხლებდა, ხოლო წყალს - თევზის ილუზიად მიიჩნევენ. ადამიანთა ფანტაზიის ამ სასწაულებზე რომ იმღერონ, პოეტები თავიანთ ლირას ყვავილების წნულებით მორთავდნენ, ხოლო ფილოსოფოსები სამგლოვიარო ბაფთებს შემოაგრაგნიდნენ თავიანთ ვიოლებს და პოეტებივით დაიწყებდნენ ფიქრს fugit irreparabile tempus-ზე, და, როცა ამ რომანტიკულ თავდაღმართზე დაეშვებოდნენ, მიადგებოდნენ ეგზისტენციალურ მეტაფიზიკას, რომელიც ეფუძნება დროს, ოღონდ უფრო პოეზიისკენ გადაიხრებოდნენ, ვიდრე ფილოსოფიისკენ. მაშინ კი ფილოსოფოსები გვამცნობდნენ იმ სევდის ამბავს, რაც თავისი არსით პოეტურია და რასაც განიცდის ცოცხალი არსება არარას წინაშე, ხოლო პოეტი სინათლისა და მაღალფარდოვანი გამოთქმებით გაოგნებული გამოგვეცხადებოდა და ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ პოეტი და ფილოსოფოსი - მაგრამ არა როგორც მტრები - და თითოეული მათგანი დასჯერდებოდა იმ სფეროში მოღვაწეობას, რომელსაც მეორე დაუთმობდა.ამას იტყოდა მაირეხა, როცა იგი ჭვრეტდა მომავალს და ოცნებით წარმოადგენდა პოეტს, რომელიც ემსგავსებოდა პოლ ვალერის, ხოლო ფილოსოფოსს, რომელიც ემსგავსებოდა მარტინ ჰაიდეგერს.* * *ერთხელ, კარგა ხნის წინათ, მკითხეს, როგორ ფიქრობთ, პოეტმა ხალხისთვის უნდა წეროს, თუ "სპილოსძვლის კოშკში" ჩაიკეტოს (მაშინ დიდი გასავალი ჰქონდა ამ გამოთქმას) და კულტურის მაღალ სფეროებში არისტოკრატულ მოღვაწეობას მიეცეს, მხოლოდ რჩეულთა უმცირესობისთვის რომაა მისაწვდომიო. მე ისეთი პასუხი გავეცი, რომ ზოგიერთს ორჭოფული ანდა გულუბრყვილოც კი მოეჩვენა: "ხალხისთვის წერა! ამაზე უკეთესი რა შეიძლება ვისურვოო, იტყოდა ხოლმე ჩემი მასწავლებელი. ხალხისთვის რომ მინდოდა წერა, სწორედ ამიტომ ვისწავლე მისგან ყველაფერი, რაც შემეძლო, თუმცა მხოლოდ მცირედი თუ შევითვისე იმისა, რაც მან იცის. ხალხისთვის წერა იმას ნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა წერდე ადამიანისთვის, ჩვენი ტომის, ჩვენი მიწის, ჩვენი ენის ადამიანისთვის, ეს არის ის სამი ამოუწურავი წყარო, რომლის სიღრმეში ვერასოდეს ჩავაღწევთ და ვერასოდეს შევიცნობთ ბოლომდე; უფრო მეტიც, ხალხისთვის წერა იმას ნიშნავს, რომ გავცდეთ ჩვენი სამშობლოს საზღვრებს და სხვა ტომის, სხვა მიწის, სხვა ენის ხალხისთვისაც ვწეროთ. ხალხისთვის წერა იმას ნიშნავს, რომ იყო სერვანტესი ესპანეთში, შექსპირი - ინგლისში, ტოლსტოი - რუსეთში. ეს ის სასწაულია, რომელიც მხოლოდ გენიოსისთვისაა მისაწვდომი. ეგებ სხვებმაც შესძლეს ეს თავისდაუნებურად, სულ რომ არ უფიქრიათ. დადგება დღე, როცა ხალხისთვის წერა პოეტის უპირველესი მოთხოვნილება გახდება, მისი უმაღლესი და გააზრებული მისწრაფება იქნება. მე კი ერთი უბრალო შეგირდი გახლავარ პოეზიის მხიარული მეცნიერებისა და ასევე დავრჩები ფოლკლორისტად, ხალხური სიბრძნის სკოლის თავისებურ შეგირდად.მე ისე ვუპასუხე, როგორც მართებდა ესპანელს, ვინც თავისი ესპანური ეროვნულობის შეგრძნებითაა გამსჭვალული, ვისაც კარგად ესმის, ანდა აუცილებლად უნდა ესმოდეს, რომ ესპანეთში ყველაფერი ბრწყინვალე და დიდებული შექმნილია ხალხისთვის ან ხალხის მიერ, რომ ესპანეთში ყველაფერი, რაც არისტოკრატულია, გარკვეულწილად ხალხურიცაა.* * *ერიდეთ ლიტერატურულ მანერულობას, თვითმყოფადობის ამ უბოროტეს მტერს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ წერთ უკვე კარგად დაღვინებულ, ფოლკლორითა და ხალხური სიბრძნით გაჯერებულ ენაზე; სწორედ ეს ფოლკლორი იყო ის წმინდა თიხა, რომლისგანაც გამოძერწა სერვანტესმა ყველაზე უფრო თვითმყოფადი ლიტერატურული ქმნილება, ყველა დროის კუთვნილება. მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ მანერულობის მიმდევრებს, ზედაპირულსა და გარეგნულად ვითომ განსხვავებულს რომ ეტანებიან, საბაბი მიეცემოდათ თქვენთან კამათისა, თუ თქვენს შემოქმედებაში არ ჩასდებდით მთელს თქვენს გულსა და გონებას და მხოლოდ ეროვნულობით არ მოიწონებდით თავს.* * * თუ ოდესმე ისეთ ალყაში აღმოჩნდებით, როგორშიც ნუმანსიელები მოაქციეს რომაელებმა, ერთადერთი გონივრული გამოსავალი ისევ და ისევ ნუმანსიური უნდა იყოს, რასაც ისტორია გვიამბობს და ლეგენდებიც ადასტურებს.აღსასრული რომ დადგება, გაიხსენეთ, რას გვეუბნება ესპანური ანდაზა: "ლაჩრებზე არასოდეს არაფერი დაუწერიათ", ამიტომ მთელი ცხოვრება იმაზე უნდა იფიქროთ, რომ ურიგო არ იქნებოდა, თქვენზეც დაეწერათ რამე".* * *ელ გრეკო არის მიქელანჯელოს აზროვნება. რაც კი დინამიურია ბაროკოში, ბუონაროტისგან იწყება და დომენიკო თეო ტოკოპულოსთან მთავრდება. თუ ბაროკოში კიდევ იყო სხვა რამ დინამიური, ეს გახლდათ თეატრი, სადაც დინამიზმი ყველაზე ბრწყინვალედ კალდერონის შემოქმედებაში წარმოჩინდა.* * *ერთ მშვენიერ დღეს შეიყრებიან დიდი ერები, რათა მსოფლიოში მშვიდობა დაამყარონ, მაგრამ ნეტავ თუ შესწევთ იმის ძალა და უნარი სისრულეში მოიყვანონ ეს თავიანთი განზრახვა! - ასე სჯიდა მაირენა კაფეში. - თუმცა მთავარი ეს სულაც არ არის. მთავარი სულ სხვა რამაა და აი, რა: ნებისმიერ შემთხვევაში პრესტიჟი შეუნარჩუნონ ერთა ლიგას. ვთქვათ ორ მცირე ერს შორის წარმოიშვა კონფლიქტი; ასეთ დროს დიდი სახელმწიფოები მამობრივ რჩევას მისცემდნენ მათ, უნდა შერიგდეთო. ახლა დავუშვათ, რომ მცირე ერები გაჯიუტდნენ და მათ რჩევას ყურიც არ ათხოვეს, მაშინ, რა გაეწყობა, დიდი სახელმწიფოები იტყვიან, "ჩვენ თუ განზე არ დავდგებით, ამ პიგმეების ეს პატარა ომი შეიძლება დიდ ომში გადაიზარდოს და გოლიათებიც ჩაითრიოსო". და რაკი სრული მშვიდობის ჩამოგდება ვერ მოხერხდება, ერთა ლიგა იმას მაინც ეცდება, როგორმე მაქსიმალურად შეზღუდოს ომი, რითაც თავისი პრესტიჟის შენარჩუნებასაც მოახერხებს. ახლა დავუშვათ ისიც, რომ დიდ სახელმწიფოებს შორის მოხდა კონფლიქტი, მაშინ ერთა ლიგა შეაჩერებს თავის არსებობას და რასაკვირველია, არარსებული ორგანიზაციის პრესტიჟის დაკარგვის საშიშროებაც აღარ იქნება.- მაგრამ ჩემო მეგობარო მაირენა, როცა კონფლიქტის მიზანი ის არის, რომ დიდმა ერმა მოინდომა მცირე ერის გადასანსვლა, მაშინ სხვა დიდი ერები ანუ ლიგის წევრები, რას მოიმოქმედებენ?- ეცდებიან, როგორმე ხელი შეუშალონ და ასეთი ბოროტმოქმედება აღკვეცონ, ძვირფასო კოსმე.- მაგრამ თუ დიდი ერები მაინც თავისას დაიჩემებენ და ეცდებიან თავისი პატარა მეზობლის გადასანსვლით უფრო მომაგრდნენ და ჯანი შეიმატონ!..- მაშინ, სხვა დიდი ერები კიდეც წააქეზებენ, გადასანსლეთ, მაგრამ საერთო სახელითო. აი, ასე და ამგვარად, კვლავაც გადარჩება ერთა ლიგა.* * *მუდამ იმას გიკიჟინებდით (და არც მოვიშლი ამას -, როგორებიც ხართ, იმაზე უკეთესები გახდით-მეთქი, მაგრამ ესპანელობაზე რომ ხელი აიღოთ, ამას არასოდეს გეტყვით. ჩემი ქვეყნის სიყვარულში ვერავინ შემეჯიბრება და არც ბევრი მეგულება ჩემზე მეტად ამაყობდეს ჩვენი მოდგომის ხალხითა და მისი ღირსებებით, თუნდაც ასე დაუნდობლად ვკიცხავდეთ საკუთარ თავს და მეტისმეტ ლმობიერებას ვიჩენდეთ ჩვენი მეზობლების მიმართ. მართლაც ესპანელი უნდა იყო, რომ ესპანეთსა და მის ნაკლოვანებებზე ისე ილაპარაკო, როგორც დღეს ლაპარაკობენ. ამაში არაფერია გაუგებარი ან არაბუნებრივი, რამეთუ არ არსებობს მანკიერება, რაც თავად არ გააჩნდეს და არ არსებობს ტანჯვა, რაც თავად არ განეცადოს ადამიანს. აზრთა ასეთი მდინარება პატიოსანიცაა, გულწრფელიც და ღრმად ადამიანურიც. გთხოვთ, სიცოცხლის ბოლომდე გახსოვდეთ ეს და ერთგულად იცავდეთ.ისინი, ვინც ესპანეთზე ისე ლაპარაკობს, როგორც სავაჭრო ფირმაზე, რომლის პრესტიჟი მსოფლიო ბაზარზე უნდა დაიცვა, რაც არ უნდა დაგიჯდეს, ისინი, ვისთვისაც პატრიოტული ვალი მდგომარეობს რეკლამაში, ხინჯის დამალვაში, იმსახურებს ნამდვილი პატრიოტის წოდებას, - ამას დავუშვებ, - მაგრამ მათ არავითარ შემთხვევაში არ ვუწოდებთ ნამდვილ ესპანელებს. მე ვამბობ, ისინი შეიძლება იყვნენ კიდეც ნამდვილი პატრიოტები, რამეთუ მათთვის ესპანეთი, სხვა ევროპული ქვეყნების მიხედვით, წარმოადგენს ერთგვარ კორპორაციას, რომელსაც კიდეც ევალება მთელი ფსონი ერთ სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებაში ჩამოვიდეს და ამიტომაც არც მის მტკივნეულ მხარეებს გაამჟღავნებს, პირიქით, ხელსაც შეუწყობს და არც ეროვნული სიამაყის გრძნობა დაავიწყდება. თუმცა ასეთი აზრები ღრმად ანტიესპანურია. ესპანეთს არასოდეს უბრძოლია ეროვნული სიამაყის, ანდა რასობრივი უპირატესობის დროშით, იგი მუდამ იბრძოდა ადამიანური ღირსების სახელით, ანდა ღმერთის სიყვარულის სახელით, რაც ბოლოს და ბოლოს, ერთი და იგივეა, მაგრამ ამაზე უფრო დაწვრილებით სხვა დროს ვისაუბროთ.* * * პოეზია არის დიალოგი ადამიანისა თავის დროსთან, - იტყოდა ხოლმე მაირენა. პოეზია არის ის, რასაც პოეტი დროის დინებიდან ამოზიდავს და უკვდავჰყოფს; ძალზე ძნელი საქმეა ეს და დროც საკმაოდ სჭირდება, ლამის მთელი ის დრო, რაც პოეტს აქვს განკუთვნილი. პოეტი მებადურსა ჰგავს, ოღონდ იგი ჩვეულებრივ თევზს როდი იჭერს, იგი იჭერს ისეთ თევზს, წყლიდან რომ ამოიყვან და მაინც იცოცხლებს, ანუ უკვდავს, ამის თქმა მინდოდა.* * *ჩვენ, ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ პოეტი სხვებზე ცხადად უნდა ხედავდეს მომავალს, "into the seed of time", როგორც უთქვამს შექსპირს, ამასთან, მუდამ გოეთეს გულისხმობენ, თუმცა ადამიანურისა და ღვთაებრივისთვის მისი წინასწარმეტყველება, ცოტა არ იყოს, კიდეც გვღლის თავისი აბსოლუტური და უდავო ჭეშმარიტებით. თუმცა გოეთე არ ყოფილა ერთადერთი პოეტი, მასზე უფრო დიდებიც ყოფილან დიდი ნათელმხილველები, მაგრამ ისინი ყველაზე ადრე წარსულს ჭვრეტდნენ ცხადად. პოეზია კი უპირატესად ხედვაა, ეს კი მხოლოდ მანძილიდან შეიძლება. ამიტომ მივუტევოთ პოეტს, თუ მომავლისა და წარსულისკენ უფრო აქვს მიპყრობილი თვალი და თითქმის ვერასოდეს ხედავს აწმყოს, ვერ ამჩნევს სახეებს, ლამის თვალებში რომ ეჩხირება და რომელსაც ჩვენ ვეპოტინებით.ქარი, ბრმა ჰომეროსს რომ სახეში სცემდა, ზღვის ბორგვა, მის ყურებში რომ ხმიანობდა, ამას ჰქვია სწორედ თანამედროვეობა.ლირიკული პოეზიის სახეებიასე გეგონებათ, ჩვენს დროში ხელოვნებამ თავისი მნიშვნელობის რწმენა დაკარგაო და ეს თითქმის ყველაფერში ვლინდება. იმ რწმენაზე მოგახსენებთ, ახალი დროის პირველ ათწლეულში რომ დაიბადა (არიოსტო იტალიაში, სერვანტესი ესპანეთსა და მთელს მსოფლიოში), მაგრამ XIX საუკუნის რომანტიკოსებისა და მოგვიანებით სიმბოლისტთა ლირიკაში, განსაკუთრებით ვაგნერის მუსიკაში თავი იჩინა ერთგვარმა მედიდურობამ, ხოლო ჩვენს დროში, წარმოიდგინეთ, ხელოვნება აღარც ხელში შემყურეს მდგომარეობას თაკილობს. დღეს ხელოვნება უკვე აღარც მოითხოვს ყურადღება მომაპყარითო; ეს შეიძლება გაუცნობიერებელი ხერხი თუ ეშმაკობაც კი იყოს, ოღონდ კი თავი როგორმე გადაირჩინოს, რაკი პირმშოს უფლებებზე ხელს აიღებს, მაგრამ ჯერ ფაქტზე ვთქვათ, ამ მოვლენამ, ესოდენ თვალსაჩინო რომ გახდა ბოლო ხანებში მოღვაწეთა შორის, ერთობ საყურადღებო შედეგიც გამოიღო ლირიკულ პოეზიაში. საკმარისია პოეტს ეჭვი გაუჩნდეს, ეგებ მართლა ჩემს გულშია სამყაროს ცენტრი, სული კი მჩქეფარე წყარო შემოქმედებითი ენერგიის შემკრები ფოკუსიაო, რომელსაც ძალუძს კიდეც შექმნას და კიდეც დაანგრიოს ეს სამყარო, მისი სული კვლავ დაიწყებს საგანთა ირგვლივ ბორიალს. პოეტი ეჭვის თვალით დაუწყებს ყურებას საკუთარი ემოციების მნიშვნელობას და რაკი ემოციები ფასს კარგავს, ნივთის გაფეტიშებას დაიწყებს. სახეები აღარ გამოხატავენ პოეტის შინაგან სამყაროს, რაკი თავად პოეტი არად მიიჩნევს საკუთარ, ღრმა პირად გრძნობებს, ისკიარადა, კიდეც ერცხვინება მათი გამჟღავნება. სახეები ტრანსსუბიექტურ და საგანთა თვისებებსაც შეიძენს. მაგრამ თუ პოეტი მაინც გააცნობიერებს საკუთარი შინაგანი სამყაროს ასეთ გაუფასურებას, იგი იმასაც მიხვდება, რომ ასევე გაუფასურდება გარე სამყაროც, რამეთუ სწორედ პოეტის გრძნობები ანიჭებდა თუ ანიჭებდა მომხიბლაობას გარე სამყაროს, ახლა უკვე დაღუპული ანდა გადაგვარებული სახეები განიცდიან მატერიალიზაციას, გათითოვდებიან, თავისუფლდებიან გულის ხუნდებისგან, რაც მანამდე აკავებდა და პოეტს ეჩვენება, რომ ისინი თავზე ემხობა, კედელთან მიიმწყვდევს, აღარც ემორჩილება და კიდეც დასცინიან. სახეთა ამ სიმართლეში პოეტი უკვე შეიგრძნობს თავის შინაგან მარცხს, თვითონვე ეცინება საკუთარ თავზე და საკუთარი თვალით ხედავს თავის ქმნილებებში იმ მექანიკურ სათამაშოებს, რომელიც მხოლოდ ბავშვის გასართობად ივარგებს.უახლესი ლიტერატურა მხოლოდ გარეგნული ნიშანია იმ სიღრმისეული მოვლენებისა, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს და ეს მოვლენა სხვა არაფერია, თუ არა სულიერ ფასეულობათა ევოლუცია. ჩვენ ვცხოვრობთ ღრმა კრიზისის ეპოქაში. ჩვენი გულების რიტმი დარღვეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გულები ეძებენ რაღაც სხვა, ახალ რიტმებს. ასეთ ეპოქაში ხელოვანის შემოქმედებითი შრომა, მით უფრო ლირიკული პოეტისა, გარდაუვალად მიექანება იქით, რომ გახდეს, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც, რაღაც სხვა, მეორეხარისხოვანი ანდა ჩამორჩენილი, საუკუნეს რომ ვერ დაეწევა.* * *უწინარეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ პოეზია, განსაკუთრებით ლირიკული პოეზია დიდი პრობლემა გახდა; ავია თუ კარგი, ასეა; მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ პოეტები და უმალ პოეტები, თვითონვე დაიკავებენ ხოლმე კრიტიკულ პოზიციას საკუთარი შემოქმედების მიმართ, თვითონვე გაიაზრებენ თავიანთ შემოქმედებას და ეჭვქვეშაც თავადვე აყენებენ. ეს მოვლენა ხშირი კი არ არის ლიტერატურის ისტორიაში, მაგრამ არც იშვიათია. თუმცა ისეთი დღეებიც გამოერევა ხოლმე, როცა პოეტს რწმენა უბრუნდება და თავისი ნაღვაწის უკვდავების იმედიც უჩნდება. პოეტს ხომ აზრად არ მოუვა დასვას კითხვა, თუ რა არის პოეზია, არც იმის კვლევას მოჰყვება, ბოლოს და ბოლოს, რას წარმოადგენს ეს პოეზია, ანდა წარმოადგენს საერთოდ რაიმეს, თუ არა; ხოლო ასეთი პოზიცია საკუთარი თავის, ანუ პოეტის მიმართ, იმას მოწმობს, რომ იგი ცხოვრობს მისთვის უცხო სულიერ ატმოსფეროში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ პოეტები - ისინი კი არცთუ უკანასკნელნი შეიგრძნობენ კულტურის სიღრმისეულ დინებებს, - ბუნდოვნად მაინც ხვდებიან, რომ მათი შემოქმედება დროის დინებას ვერ მიჰყვება. ნურც ის დაგვავიწყდება, სხვათა შორის, რომ თითქმის არ არსებობენ პოეტები, რომლებიც თავიანთი შემოქმედების დამქანცველ ადვოკატურას არ ეწეოდნენ, თუნდაც გუმანით არ ხვდებოდნენ, რასაც იქმნიან, ანდა ეჭვი არ ეპარებოდეთ, რომ მათი ხელოვნება უმრავლესობისთვის მეორეხარისხოვანი გახდა. ეს მტანჯველი წუხილი მათ ზოგჯერ მცდარი გზისკენ უბიძგებს, ან მახინჯ ფორმებსაც კი იღებს, მაშინ პოეტი ან უარყოფს ყველაფრის ესთეტიკურ ღირებულებას, რაც მანამდე შეუქმნია, ანდა თავის ნაღვაწს სიტყვაში განხორციელებულ სასწაულად, სწორუპოვარ, უებრო ქმნილებად აცხადებს და ამით არად აგდებს განსჯის ყველაზე ელემენტარულ ნორმებს. არც ისეთი პოეტების ნაკლებობას განვიცდით, ცინიკოსის პოეზიას რომ დაიკავებენ, - ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით - და არც იმათსას, რაღაცეებს რომ მიედ-მოედებიან.


© “არილი”